კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რის გამო მიჰყავდა „კურიერი“ ნელი აგირბას ატირებულს და რატომ აღმოჩნდა ილო ბეროშვილთან მისი განშორება სამყაროს ნგრევის ტოლფასი

ტელეწამყვანი ნელი აგირბა უკვე მეორე წელია, რაც „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვების, „კურიერის“ წამყვანია. მანამდე იყო „ლოტოს“ გათამაშება ამავე არხზე და კიდევ არაერთი გადაცემა თუ არხი წარსულში.  მისი სატელევიზიო მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები კი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება.
ტელეწამყვანი ორი წლის წინ მეუღლეს, ილო ბეროშვილს დაშორდა. მათ ორი ქალიშვილი – ექვსი წლის სესილი და ორწლინახევრის ევა ჰყავთ.
– ნელი, თითქმის ორი წელია, „კურიერის“ წამყვანი ხარ. როგორ გახსენდება დასაწყისი, თუ უყურებ ხოლმე პირველ გადაცემებს?
– სხვათა შორის, არ მინახავს პირველი გადაცემები. საინტერესო იდეაა, უნდა ვნახო. ალბათ, ძალიან შემრცხვება (იცინის). დასაწყისში ძალიან მეშინოდა და საკუთარი თავის მიკვირდა. პირდაპირი ეთერის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მქონდა, მაგრამ, „კურიერი” კიდევ სხვა პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. თუმცა, თვისობრივად განსხვავება არაა – შინაარსობრივად პასუხისმგებელი ხარ, როგორც შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე, ისე საინფორმაციო გამოშვებაზე. პირდაპირი ეთერი ერთი სპეციფიკისაა – შეცდომის უფლება არ გაქვს.
– თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, შეცდომები მაინც ხდება.
– ასეა და მათ შორის ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან აქტიურად გაავრცელეს (იცინის). ეთერში უცებ ნიუსების თანმიმდევრობა შეიცვალა და ტექნიკურად დრო დასჭირდა იმას, რომ მე გამეგო, რა იყო მომდევნო ამბავი. რამდენჯერმე ვცადე დაწყება, მაგრამ მითხრეს, ეგ არ არისო და ბოლოს სიცილი ამიტყდა. ჯერ ეს დაბნეულობა იყო სასაცილო და შემდეგ მომდევნო ნიუსის გრაფიკული გადაფარვა – ცხვარი (იცინის). პირიქითაც მომხდარა, რამდენჯერმე ეთერში ტირილის შეკავება ვერ შევძელი. ერთ-ერთ პირველ ეთერში ბავშვთან დაკავშირებულ ძალიან მძიმე ტრაგედიას ვკითხულობდი. ინტერვიუ, რომელიც მანამდე მოსმენილი არ მქონდა ძალიან დეტალური და ემოციური აღმოჩნდა. თვითმხილველი ნანახს აღწერდა, რაც იმდენად მძიმე იყო, რომ თავის შეკავება გამიჭირდა და მომდევნო რამდენიმე ნიუსი სლუკუნით წავიკითხე. „კურიერი“ ატირებულს მიმყავდა.
– ახლა შენი სამსახური თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა. „კურიერამდე“ თუ იყავი ამ სფეროში ჩახედული?
– ორსულობის დროს, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში იმდენად განვიცდიდი ამ ამბებს, რომ საერთოდ, შევწყვიტე  საინფორმაციოს ყურება. შესაბამისად, ამ პერიოდის ამბები საერთოდ გამოვტოვე. თუმცა, სამსახურებრივი შეხება ამ სფეროსთან მანამდეც მქონდა. სხვა მხრივ, ბავშვობიდან მაინტერესებდა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება, მხოლოდ ანალიტიკური თვალსაზრისით. რატომღაც მეგონა, რომ პოლიტიკოსი უნდა ვყოფილიყავი. სტუდენტობისას გარკვეული შეხება მქონდა ამ სფეროსთან და მივხვდი, ეს საქმე მაშინ უნდა აკეთო, როცა მორალურად ხარ ძალიან მდგრადი, ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა გაქვს და უკვე შეგიძლია, გასცე. ამისთვის ფილოსოფოსის ასაკი და გარკვეული გამოცდილებაა საჭირო.
– ელოდი, „კურიერის” წამყვანობას თუ შემოგთავაზებდნენ?
– აბსოლუტურად არა. ჩემი შვილი სამი-ოთხი თვის იყო, მისი დატოვება არ მინდოდა, თან, პარალელურად, ვსწავლობდი. ამიტომ, ვოცნებობდი სამსახურზე სახლთან ახლოს, რომელიც ძალიან ცოტა დროს წამართმევდა. როცა ლატარიის გათამაშების წამყვანობა შემომთავაზეს, აღმოჩნდა, რომ ეს სამსახური ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. შემდეგ ლატარიის კომპანიაშიც შემომთავაზეს პიარის გაძღოლა, რაც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი გამოცდილება აღმოჩნდა. მერე, მოულოდნელად, მითხრეს, მეცადა, როგორ გამომივიდოდა „კურიერი“. სინჯი ჩავწერეთ და აღმოჩნდა, რომ გამოვდექი (იცინის).
– საერთოდ, როგორ დაიწყო შენს ცხოვრებაში ტელევიზია?
– აბსულუტურად შემთხვევით. ვიყავი ძალიან აქტიური სტუდენტი. მეგობრებმა დავაფუძნეთ სტუდენტური ასოციაცია და ვცდილობდით, უნივერსიტეტში რაღაცეები უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მთლად „აუდიტორია 115“ ვერ შევქმენით, მაგრამ სტუდენტური თვითმმართველობისკენ ვილაშქრებდით ჩვენც (იცინის). ვითხოვდით ხარისხიან განათლებას  და ასე შემდეგ. დაგვიკავშირდა „თავისუფლების ინსტიტუტი“ და შემოგვთავაზა, მათი თავისუფალი სივრცე გამოგვეყენებინა მედიასთან ურთიერთობისთვის. ვიფიქრეთ, დავთანხმდით და დავიწყეთ თანამშრომლობა. აქტიურად ვმუშაობდით, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მშობლები სწავლისა და ცხოვრების ფულს ვეღარ მიგზავნიდნენ. არჩევანი მქონდა – ან ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი, სახლში, ან დამეწყო მუშაობა. ეს „თავისუფლების ინსტიტუტში“ ვთქვი. ამ დროს, ისე დაემთხვა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი თამრიკო კინწურაშვილი გახდა „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ და თანაშემწედ გაყოლა შემომთავაზა. სიხარულით წავედი, მაგრამ, მე რომ თანაშემწე მეგონა, სინამდვილეში ის მდივანი აღმოჩნდა. მაშინ სუპერამბიციური გოგოსთვის რთული იყო ეს – ცოტა გამიჭირდა ყავის მოდუღება, როცა მსოფლიოს დირექტორობას ვუმიზნებდი (იცინის). თუმცა, გავეცანი დიდი ორგანიზაციის მუშაობის პროცესს, საერთო საქმის პასუხისმგებლობა ვისწავლე და კიდევ ბევრი რამ. თუმცა, უნივერსიტეტის გამო სამსახურიდან წამოვედი. შემდეგ დილის გადაცემაში მოვხვდი ქასთინგით – სტაჟიორად და სამთვიანი უხელფასო, 24-საათიანი მუშაობის შემდეგ, ნახევარ განაკვეთზე ამიყვანეს. იქედან დაიწყო და ნელ-ნელა ტელევიზიას შემოვრჩი.
– როცა ოჯახი შექმენი და შვილები გაჩნდნენ, იყო პაუზა, თუ არ შეჩერებულხარ?
– პაუზა იყო, მაგრამ იძულებითი, რადგან როცა ორსულად ვიყავი  სამსახურიდან მიშვებდნენ (იცინის). პირველზე „ალიონიდან“ შვიდი-რვა თვის ფეხმძიმე გოგოები გამოგვიშვეს. მეორეზე – „მეცხრე არხზე“ ვიყავი, რომელიც იმ დროს დაიხურა. მოკლედ, იძულებით დეკრეტებში გავდიოდი.
– შვილების შესახებაც მიამბე.
– უფროსი ექვსი წლისაა და სექტემბერში უკვე სკოლაში მიდის. მეორე ორწლინახევრისაა, მაგრამ ჯერჯერობით ბაღში არ ვუშვებ. გადაწყდა „ვალდორფის“ ბაღი, რომელიც დაამთავრა უფროსმა და სკოლაშიც იქ მიდის. მაგრამ, ბაღში დღის ძილის საშუალება არაა, ამიტომ პატარას მოგვიანებით მივიყვან, როცა დღის ძილს დათმობს. ძილი მყარი ფსიქიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, გრაფიკი ისე დავალაგო, რომ მათთან მაქსიმალური დრო გავატარო. რადგან ახლა არასრულ ოჯახში იზრდებიან, მგონია, რომ ცოტა მეტი მომეთხოვება. თუმცა, რა თქმა უნდა, დანაშაულის შეგრძნების კულტივირებას საკუთარ თავში არ ვახდენ (იცინის). ვცდილობ, ყველა საკითხს მაქსიმალურად მსუბუქად შევხედო. მივხვდი, რომ ყოველთვის შეიძლება, რაღაცის უკეთ გაკეთება და თუ ამაზე ჩაიციკლე, საკუთარ თავსაც შეჭამ და შეიძლება, ბავშვებიც დისკომფორტში გყავდეს. ამიტომ, ერთადერთი სწორი მეთოდი მათი აღზრდისთვის, სიყვარული მგონია. თუ ყველაფერს სიყვარულითა და მადლიერებით აკეთებ, შედეგიც უკეთესია. შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება, ტრავმებს ვერ გავექცევით, მაგრამ სიყვარულზე უკეთესი გზა მაინც არ არსებობს.
– როცა შენ და ილო დაშორდით, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე სტატუსი, სადაც წერდი: ბავშვი მეკითხება, რატომ არ მოდის მამაო. რთული გადასატანი იქნებოდა პატარებისთვის ეს ამბავი.
– ჰო, ეგ სტატუსი იყო სრული სასოწარკვეთა (იცინის). ძალიან დაგვეძაბა მაშინ ურთიერთობა, კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებდით და ეს იყო მასთან ლაპარაკის ფორმა. იმ პერიოდში მეჩვენებოდა, რომ სხვა გზა არ არსებობდა. ალბათ, არც იყო, რადგან მე ვიყავი ძალიან ცუდად. ანუ, იმ მდგომარეობაში ობიექტურად, თორემ თუ ნორმალურად ვიქნებოდი, ცხადია, ამას არ გავაკეთებდი. კი, მაშინ ბავშვი მეკითხებოდა მამის შესახებ. მისთვისაც რთული გასაგები და გადასატანი გახლდათ. უფროსი ოთხი წლის იყო, პატარა – ექვსი თვის. ჩემთვის და ილოსთვის იყო რთული გადასახარში ეს ამბავი და პატარასთვის – მით უმეტეს. მაგრამ, მგონი, დავალაგეთ ყველაფერი და ვცდილობთ, მაქსიმალურად მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს. პერიოდულად მეგობრობაც გამოგვდის. ზოგჯერ არ გამოგვდის, მაგრამ ვცდილობ და მინდა, რომ როგორღაც მხარში დავუდგე. ილოც ასეა, როცა ამის საშუალება არის. რაც მთავარია, ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლებს უყვართ.
– ბავშვებთან როგორი ურთიერთობა აქვს მამას?
– როგორც ვახერხებთ დროის ამბავში. იმასაც ძალიან რთული გრაფიკი აქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ ერთმანეთს.
– ამაზე შენ არ გისაუბრია, მაგრამ ილო, ყოველთვის, როცა შერიგებასა და შენდამი გრძნობებზე ეკითხებიან, ამბობს, ნელი დღემდე მიყვარს და ამიტომ სერიოზული ურთიერთობები არ გამომდისო.
– ამისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ რომ, მშობლები ვართ.
– როცა „კურიერის” წამყვანი გახდი, გაჩნდა შეფასება – „კურიერს” კიდევ ერთი ლამაზმანი შეემატა“. ახლა ეს ლამაზმანი თავისუფალია და თან, ყოფილ მეუღლესთან შერიგებაზე არ საუბრობს. შესაბამისად, ვიღაცეები ალბათ გააქტიურდნენ.
– ოჰ, მადლობა (იცინის). სხვათა შორის, ძალიან მშვიდობიანად ვარსებობ. არ ვიცი, ამას რა განაპირობებს. ალბათ, ისიც, რომ ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი ვარ, რაც იგრძნობა. თან, პრინციპში, დიდად არ მცალია ამისთვის. თინეიჯერობისას, შეიძლება, შევეწუხებინე თაყვანისმცემლებს. საქორწინო ბეჭედსაც ვატარებდი არათითზე, რომ როგორმე მომეგერიებინა ისინი და მშვიდად ვყოფილიყავი, იმიტომ რომ, მე ეს მაწუხებს (იცინის). ზოგს პირიქით – სიამოვნებს და მე მშურს მათი, რადგან მარტივი რაღაცეებისგან იღებენ დადებით ენერგიას. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ. ზოგადად, კეთილგანწყობილი ვარ ადამიანების მიმართ. შეიძლება, რაღაცეებს ვერ ვამჩნევ ან მეგობრობა მგონია – არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, რადგან ეგეთებიც მომხდარა. მაგრამ, აქცენტს ამ საკითხზე საერთოდ არ ვაკეთებ (იცინის). 
– განქორწინების შემდეგ რა შეიცვალა შენში ან შენს შეხედულებებში?
– მე და ილოს ოფიციალურად ხელი არ გვქონდა მოწერილი. იმდენად კარგად ვიყავით და ბედნიერად ვგრძნობდით თავს, რომ ამის გაფორმებით შეიძლებოდა, რამე გაგვეფუჭებინა – რადგან დავიწყებდით ცოლისა და ქმრის როლების თამაშს. ვგრძნობდით, რომ ბედნიერები ვართ, ერთმანეთს ვეკუთვნით და ოჯახი გვაქვს. ოფიციალურობა ზედმეტი რისკი იყო, რომელსაც შეიძლებოდა, რაღაც გავლენა მოეხდინა. რაც შეეხება განშორების შემდეგ ცვლილებას, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასრულება ფსიქიკისთვის, დაახლოებით, სიკვდილის, სამყაროს ნგრევის ტოლფასია და რთული შესაგუებელია. გიწევს მთლიანად გადაწყობა, ოცნებებთან განშორება, რაც ყველაზე მტკივნეულია. როცა გგონია, რომ ეს რაღაც სულ იქნება და მერე, აღარ არის – გეშინია, ახლა ყველაფერი არ დაგეგნგრეს. სამყაროს ნდობა დავკარგე და მისი ხელახლა სწავლა დამჭირდა – პრინციპში, ახლაც პროცესში ვარ. მთავარია, როგორც ნებისმიერ საკითხში, აქაც წარუმატებლობა განვითარების საშუალება იყოს. დასკვნები უნდა გამოიტანო, მადლიერი იყო გამოცდილებისთვის და ისწავლო.
– შვილებზე გკითხე, შენ როგორი ბავშვი იყავი?
– მაქსიმალისტი და ხუთოსნის კომპლექსით შეპყრობილი. თუ ხუთს არ მივიღებდი, ვამბობდი, ოთხი არ დამიწეროთ-მეთქი – ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო და პირდაპირ ორიანს ვითხოვდი (იცინის). დედა მთხოვდა, არ გინდა ხუთებიო, იმიტომ რომ, ღამეებს ვათენებდი, მქონდა თავის ტკივილები და ასე შემდეგ. მოკლედ, ცოტა შეშლილი ვიყავი სწავლაზე და ზოგადად, ფანატიკოსი ვარ ყველა საკითხში. მოგვიანებით, დებატებში ვიღებდი მონაწილეობას და ამან ჩემი მაქსიმალიზმი შეამცირა. დავინახე, რომ საიდანაც გინდა, იქიდან შეხედავ მოვლენას და მაინც მართალი იქნები, რადგან აღქმა ძალიან სუბიექტურია. მანამდე ძალიან სწორხაზოვნად მივდიოდი და ეს რომ გავაცნობიერე, ყველაფერი თავზე დამემხო, შემდეგ კი ცოტა მოვეშვი. მეცადინეობასთან ერთად მუსიკოსობაც მინდოდა. როცა მას თავი დავანებე, ბავშვებს გაუხარდათ – ცოტა ვერ იყავიო. ინსტრუმენტებს ვესაუბრებოდი (იცინის). სამეცადინოდ ღამე ვჯდებოდი, რამე საკითხის გარშემო არსებულ ყველა ლიტერატურას ვკითხულობდი. ღამე კითხვისას გვერდზე წიგნები მქონდა დაწყობილი, რომ, როცა დამეძინებოდა, თავი წიგნზე დამერტყა და გამღვიძებოდა. მაღვიძარა რომ ვერ მაღვიძებდა, მოვიფიქრე: წიგნს ვდებდი მაგიდის კიდეზე, ზედ კი მაღვიძარას. როცა მას გამოსართავად ვიღებდი, წიგნი ვარდებოდა, ფეხზე მეცემოდა და ვფხიზლდებოდი (იცინის). მოკლედ, გიჟი ფანატიკოსი  ვიყავი.
– გოგოსთვის ჩვეული მომენტები: გაპრანჭვა, ბიჭების ყურადღების მიქცევის მცდელობები, არ გქონდა?
– არა. 15 წლის ვიყავი, როცა პირველი სიყვარული მეწვია (იცინის). მანამდე, პირიქით, ყოველგვარი ქალური გამოვლინებისა და სქესის ნიშნებისადმი პროტესტი მქონდა. ძირითადად, ახლაც ასე ვარ, ასექსუალურ არსებად ვგრძნობ თავს. დედა სულ ცდილობდა, გავეპრანჭე და მეც მინდოდა, მისთვის გული არ გამეტეხა. მაგრამ, განსაკუთრებით მეცხრე კლასში მქონდა თინეიჯერული პროტესტი. დავიწყე  დანით და „კაპიშონკით“ სიარული და ბიჭებს ვცემდი. გარეგნულად, შეიძლება, გოგოს ვგავდი, მაგრამ... (იცინის) მოკლედ, მოძველბიჭო ხუთოსანი ვიყავი.
– ბოლოს... შენი გეგმებისა და მიზნების შესახებ მითხარი?
– ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მქონდეს გეგმები და მიზნები, მაგრამ არ მაქვს (იცინის). მინდა, მქონდეს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი გზის განვითარების ძალიან ბევრი ალბათობა არსებობს. ამ ეტაპზე ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ავირჩიო რომელიმე კონკრეტული – ნელ-ნელა მივდივარ რაღაც მიმართულებით. შეგრძნებებს მივყვები, სადაც კომფორტულად და კარგად ვგრძნობ თავს და იმედია, ჰორიზონტზე გზა გამოჩნდება.

скачать dle 11.3