კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „ეკრძალება“ სამხედრო მფრინავს, ეკატერინე ქვლივიძეს, ეკლესიის თავზე გადაფრენა

ეკატერინე ქვლივიძე  საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.  ცოტა ხნის წინ მას თავდაცვის მინისტრმა კაპიტნის წოდება მიანიჭა.  მას შემდეგ, რაც სამხედრო ავიაციაში მისი „ნათლობა” შედგა, ცხრა წელი გავიდა და დღეს ეკატერინე ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი სწორად გააკეთა, ხოლო საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, მისი ცხოვრების მთავარ სწორებად იქცა. 
ეკატერინე ქვლივიძე:  შეკითხვა, თუ რატომ გავხდი სამხედრო მფრინავი, საკმაოდ  ბევრ ადამიანს უჩნდება ჩემთან.  გაგიკვირდებათ, მაგრამ, მართლაც საკმაოდ პატარა  ასაკში გადავწყვიტე, გავმხდარიყავი სამხედრო პირი.  ვერ ვიტყვი, რომ ოჯახში ვინმე მყავდა სამხედრო (ჩემი მშობლები ეკონომისტები არიან), თუმცა, ჩვენს სახლში მაღალ ღირებულებებზე, სამშობლოს სიყვარულზე საუბარი უცხო არ ყოფილა. ასეთ გარემოში გაზრდილს, მუნდირის ჩაცმა მეც საამაყო საქმედ მიმაჩნდა. მაშინ, როდესაც პროფესიული არჩევნის გაკეთების დრო დადგა, თავდაცვის აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, თუმცა იმ დროს საქართველოში გოგონების მიღება არ იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე შევსულიყავი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გოგონებს არც იქ იღებდნენ. ამავე უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე საცდელი ვადით მიმიღეს. ყველას ეგონა, მეორე კურსიდან სწავლას შევწყვეტდი და სხვა, უფრო ქალურ პროფესიას ავირჩევდი. ძალიან მალე ჩემი მეგობარი ბიჭებისგან გავიგე, რომ ალექსეევკის შერეულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო მფრინავის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა და წავედი. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო – 60-70 ბიჭი იღებდა მონაწილეობას. ფიზიკური გამოცდების გარდა, ბევრი თეორიული და ფსიქოლოგიური გამოცდა ჩავაბარე.   ყველა მეუბნებოდა: ამას ვერ შეძლებ, ეს არაა ქალის საქმე, გართულდება შენი ცხოვრება, იქნებ გადაიფიქროო. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მით მეტად მიმძაფრდებოდა ინტერესი და   სურვილი.   პირველი კურსი ისე დავასრულე, ოჯახის წევრების გარდა თითქმის  არავინ  იცოდა, სად ვსწავლობდი – მშობლებს ვთხოვე, საიდუმლოდ შეენახათ. პაპამ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო ყველაფერი, რაც პირველი დამოუკიდებელი ფრენა შევასრულე, მანამდე მხოლოდ ის  იცოდა, რომ საინჟინრო ფაკულტეტზე ვსწავლობდი.  ყოფილა შემთხვევები,  თვეობით არ მივსულვარ სახლში, თუმცა დღეს ამას ოჯახის წევრები შეეჩვივნენ. წლების წინ სხვა სიტუაცია იყო –  მეშინოდა საზოგადოებრივი აზრის; რამდენჯერმე ვცადე, ხმამაღლა მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ, ისეთი  არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა ყველას, ვიცოდი, ამის გამო გაკიცხვას არ ავცდებოდი.  
– საგარეჯოში, სადაც  ცხოვრობდი, წლების წინ ეს  ნამდვილად არ  იქნებოდა სტანდარტული გადაწყვეტილება; ალბათ,   თანატოლებისგან განსხვავებული მოზარდიც იყავი.   
– ახლა ყველა ამბობს, რომ მე მათგან განსხვავებული ვიყავი, თუმცა  მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ვერც ვგრძნობდი.  პატარაობიდან  მიყვარდა ომობანას თამაში, ბიჭებთან ერთად ვიპყრობდი „მოწინააღმდეგის” შტაბებს. ხშირად  ჩვენს „სტრატეგიულ მიზნებში”  სხვა უბნის შტაბებიც  ხვდებოდა. გოგონების უმეტესობას თოჯინებით თამაში, ფრიალა კაბები იტაცებს, ეს ჩემს ბავშვობაში  თითქმის არ არსებობდა.   სპორტული, აქტიური ბავშვი ვიყავი, იმ გატაცებებით, რაც ბიჭებს აქვთ. დედა მუდმივად ცდილობდა ჩემში ქალური ბუნება გაემძაფრებინა. ახლაც სულ ამბობს: ყველაზე დიდი ხიბლი მაშინ გექნება, თუ ასეთ ვაჟკაცურ პროფესიაშიც შენს ქალურ სინაზეს შეინარჩუნებო.  მთელი ჩემი ძალა სწორედ ისაა, რომ, ასეთი პროფესიის მიუხედავად, ვარ ქალი და ეს ძალიან მომწონს.     როდესაც სტუდენტი გავხდი,  ჯგუფში ერთადერთი გოგონა ვიყავი,  თუმცა ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა.
– როგორ შედგა  შენი  პირველი დამოუკიდებელი ფრენა და ნათლობა სამხედრო ავიაციაში?
–  ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძაფრი ემოცია,  რაც არასდროს დამავიწყდება. მფრინავები ამ დღეს ისე აღნიშნავენ, როგორც მეორე დაბადების დღეს.  საკმაოდ პატარა, 20 წლის ვიყავი, როდესაც  ნატახტარის აეროდრომზე, სადაც თეორიულ და  პრაქტიკულ  კურსს გავდიოდით, პირველი დამოუკიდებელი ფრენა განვახორციელე – „ბეკასის” თვითმფრინავით ვიფრინე.  დღევანდელი   გადმოსახედიდან, „ბეკასით” ფრენა ძალიან იოლია, თუმცა მაშინ ადვილი არ მეჩვენებოდა.  ფრენა 15-20 წუთი გაგრძელდა, მაგრამ, მარტო რომ მართავ თვითმფრინავს, საოცარი შეგრძნებაა. იმის მიუხედავად, რომ არც სმენა მაქვს და არც ხმა,  ბედნიერებისგან სიმღერა დავიწყე (იცინის). 
–  უკვე კაპიტანი ხარ, ის სამხედრო  ტექნიკა, რომელსაც  დღეს  მართავ, „ბეკასის” ფონზე, „მიმინოს” პერსონაჟს თუ გავიხსენებთ, პეპელაა. სამხედრო საიდუმლოებების  გამხელას არ გთხოვ, მაგრამ, შენს ფუნქციებში რა შედის?
–  კაპიტნის ჩინი ახლახან მომანიჭეს, ეს დიდი ბედნიერებაა. კაპიტნობა  ყველაზე ლამაზი წოდება მგონია. გენერალი და სხვა ჩინები ასაკთან, გამოცდილებასთან ასოცირდება, კაპიტნობა კი მაინც სხვაა. როდესაც ნამდვილ სამხედრო ტექნიკაზე დავჯექი, ვფიქრობდი, ნეტავ როგორ დავფრინავდი „ბეკასით”, რომელიც  ამის ფონზე ფარფატა იყო. ეს სამხედრო ტექნიკა, თავისი აღჭურვილობით, მეტი  თავდაჯერებულობისა და დაცულობის შეგრძნებას გმატებს. „ალბატროსი 39” მორიდების,  პატივისცემის განცდას იწვევს მფრინავში, ისეთს, რაც გაქვს  უფროსი ადამიანის მიმართ. დღეს ის  საიმედო მეგობარია ჩემთვის. მას, ვისაც უკვირს ქალის ყოფნა სამხედრო ავიაციაში,  შევახსენებ, რომ ქართველი ქალის გენეტიკაში ეს ყოველთვის იყო.  რის საშუალებასაც აძლევდა  ქართველ ქალს  დრო, მას აუცილებლად  იყენებდა. ჩვენ  გვყავდა მებრძოლი ქალები, რომლებიც იყვნენ საუკეთესო მოისრები, ცხენოსნები, დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგია  სხვა  საშუალებებს იძლევა. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ, ქალის ფაქტორს, თუნდაც, როცა ასეთ იშვიათ და განსაკუთრებულ საქმეში ხარ,  ბევრი უპირატესობაც აქვს. ცხოვრებაშიც ხომ ასეა – ქალს უფრო მეტი მოთმინება შეუძლია, ვიდრე კაცს. მამაკაცი თავისი ბუნებითაა მებრძოლი, ქალი კი პრობლემის გადაწყვეტას მშვიდობიანად ცდილობს; გარდა ამისა, ბევრ სიტუაციაში ქალი უფრო გამძლეა, ვიდრე მამაკაცი.     
–  თუმცა, როცა საქმე სამხედრო თვითმფრინავის მართვას ეხება, ეს ტესტად ვერ გამოდგება. რა წესების დაცვა გიწევთ მფრინავებს? 
–  რა თქმა უნდა, წესები არსებობს. ნათქვამია, რომ ავიაციაში ყველა წესი, სტანდარტი და კანონი, სამწუხაროდ, სისხლით არის დაწერილი. პირველი ფრენიდან დღემდე, რაც კი დედამიწაზე განხორციელებულა,   წესები ყალიბდებოდა რთული გარემოებებიდან, კატასტროფებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, არაა მარტივი.   არსებობს სხვა  წესებიც, მაგალითად,    ფრენის წინ განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა გვიწევს: მინიმუმ რვა საათი უნდა გეძინოს; ორგანიზმი ისე არ უნდა გადატვირთო, რომ მეორე დღეს ფრენა ვერ შეძლო.  მფრინავები ვიცავთ ეგრეთ წოდებულ „დაუწერელ წესებს”, რაც ლეგენდებივით  გადაეცემა  თაობიდან თაობას, მაგალითად: ფრენის დროს არც ერთი ქართველი მფრინავი ტაძარს  არ გადაუფრენს – ეს არის ჩვენი რელიგიის პატივისცემა და უფლისადმი ქედის მოხრის ნიშანი. ღმერთი გვაძლევს იმის საშუალებას, მის ცის კაბადონზე ვიფრინოთ; შესაბამისად, მის მიმართ რიდი და მოკრძალება რომ  გამოვხატოთ, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა.
– სამხედრო მფრინავს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა რომ არ უნდა ჰქონდეს თან, ვიცით, მაგრამ, ქალი სამხედრო მფრინავის „ეკიპირებაში” პომადა რომ აღმოაჩინონ, სტანდარტის დარღვევაა?  
–  დიახ,  აკრძალული გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მანამდე კოსმეტიკის  დიდი მოყვარული ვიყავი, მაგრამ, რაც სამხედრო ფორმა ჩავიცვი, აკრძალული მაქვს მანიკიური, მაკიაჟი, სამკაული. გრძელმა ფრჩხილმა შესაძლოა, ფრენის დროს პრობლემები შეგიქმნას – საფრენ აპარატში იმდენი ჩამრთველია, შეიძლება, გრძელი ფრჩხილით სხვა რამ ჩართო, ან, პირიქით – ვერ ჩართო. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მკაცრი რეგულაციების დაცვა გვიწევს.  შევეგუე, რომ კოსმეტიკის ყიდვას აზრი არ აქვს (იცინის).
– ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბევრჯერ მოხვედრილხარ? სულ ახლახან დასრულდა შენი  უკრაინელი კოლეგის, ნადია სავჩენკოს რთული და მძიმე  პატიმრობა. კოლეგის ამ მძიმე ისტორიამ არ შეგაშინა?
– არა, რას ამბობთ, პირიქით, მეტი ძალა შემმატა. ფორსმაჟორში ყოველთვის მოხვდები, მაგრამ ეს თავიდანვე გაქვს გაცნობიერებული. ეს არის  ჩემი არჩევანი. რაც შეიძლება სწრაფად მიიღო სწორი გადაწყვეტილება; შესაძლოა,  სრულიად დაუგეგმავად  აღმოჩნდე ისეთ განზომილებაში, რასაც ვერ წარმოიდგენ –  ეს უზარმაზარი ადრენალინია.  სამხედრო მფრინავი  ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. მე მომწონს  ჩემი პროფესია, რომელიც ცხოვრებაშიც მკაცრ წესებს გიწესებს. მე ნებით ვამბობ უარს ბევრ რამეზე: ნაკლებ თავისუფალ დროზე, მეგობრებთან ერთად ყოფნაზე. მუდმივად ვარ მზადყოფნაში და ეს არის   ჩემი ცხოვრების  გზა, რომლის გარეშეც ვეღარ  წარმომიდგენია არსებობა. მერე რა მოხდა, თუ პაემანზე წასული, შეიძლება, უკან დაბრუნდე? (იცინის) თუ მოინდომებ, ყველაფერს მოახერხებ. ჩემი მეგობრები გაოცებულები არიან იმით, რომ, ერთ თავისუფალ კვირა დღეს, შეიძლება, მოვხვდე თბილისიდან ძალიან შორს, ლაშქრობაში და დილით  არ დავაგვიანო.  სამხედრო მფრინავი ვარ, მაგრამ, ყველაფერს ვასწრებ: მივდევ  სოფლის მეურნეობას, ვუვლი  ბაღ-ბოსტანს, ღამით ფარნის შუქზე ვრგავ  ყვავილებს.
– სამხედრო თვითმფრინავით, შენ რომ მართავ,  რა დრო დაგჭირდება საგარეჯომდე?
– არა, სამხედრო თვითმფრინავს პირადი მიზნებისთვის ვერ გამოიყენებ, მაგრამ ახლა ვერტმფრენის სწავლა დავიწყე და გავითვალისწინებ თქვენს „რჩევას“ (იცინის). მანქანისა და თვითმფრინავის მართვა ერთდროულად დავიწყე. საკმაოდ დიდხანს მიჭირდა რეაგირება სიჩქარეების სხვაობაზე.  თეორიულად მთელი დღე ვსწავლობდი, რომ ფრენის დროს სიჩქარის ნორმა იყო  350-700 კილომეტრ-საათი, ამ სიჩქარით დავფრინავდი და ავტომობილის  სიჩქარეზე გადმორთვა მიჭირდა. ჩემ გვერდით მყოფების ხარჯზე ჩამოვყალიბდი კარგ მძღოლად,  თორემ, იმდენად ვიყავი მაღალ სიჩქარეს მიჩვეული, მეგონა, რომ 180 კილომეტრ-საათი სიჩქარე მანქანისთვის ნორმა იყო. მადლობა ღმერთს, დროზე მივხვდი, რომ მიწაზე სხვა წესებს უნდა დავემორჩილო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული მძღოლი ვარ  (იცინის).  
–  კაპიტნის ჩინი  თაყვანისმცემლებზე  არ მოქმედებს? ხომ არ აშინებთ მამაკაცებს სამხედრო მფრინავ ქალთან ურთიერთობა?
–  ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცებს აშინებთ ჩემი ჩინი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს ორბიტაზე საკმაოდ ბევრი თანამგზავრია; თუმცა, არჩევანი არ მაქვს გაკეთებული (იცინის) –  მივხვდი, რომ სამოქალაქო პირებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა დამოკიდებულება და მიმართულებები მაქვს ცხოვრებაში და, შესაძლოა, მამაკაცის შეფასების ჩემეული სტანდარტი საკმაოდ მკაცრია. როდესაც მაქვს თავისუფალი დრო,  მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ საქართველოს სხვადასახვა  კუთხეში და იქ  ვხვდები, რომ მე და ჩემს კოლეგებს  სხვანაირი ქცევა  გვაქვს, სამოქალაქო პირებს – სხვანაირი. მაგალითად, არ გვაქვს საშუალება, დავანთოთ  ცეცხლი? მაინც უნდა დავანთოთ! გავაოცეთ ტურისტები, რადგან, ყველაფერი გავაჩინეთ, რისი გაჩენაც იქ საჭირო გახდა.    ამას წინათ მე და ჩემმა მეგობრებმა ექსკურსიის  მთელი ჯგუფი ვატარეთ, რადგან მათ სიმაღლეზე  გზის გაგრძელება და ფეხით სიარული გაუჭირდათ. 
– სამხედრო მუნდირის მიღმა როგორ მიდის  შენი ცხოვრება?
–  საინტერესოდ. ვასწრებ ბევრ რამეს: მიყვარს დიასახლისობა, ქსოვა, რაც ძალიან კარგად გამომდის კიდეც; ქალური კოპწიაობა, სახლის მოწყობა, ლამაზ-ლამაზი ნივთები – ეს ყველაფერი  ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. როცა  შემიძლია, ვიყო  სამოქალაქო ფორმაში,  ვცდილობ, ჩავიცვა კაბა, რადგან შარვალი უკვე მობეზრებული მაქვს.   არ გეგონოთ, რომ ჩემი გარდერობი ქალური ატრიბუტიკით არ არის სავსე. საკმაოდ ხელმარჯვეც ვარ: დავუშვათ, სახლში რამე გაფუჭდა. შემიძლია, გავაკეთო ტექნიკური საქმე – შევაკეთო ჩამრთველი, მაგრამ, არ ვაკეთებ – ეს საქმე  ოჯახის წევრ მამაკაცებზე  გადადის. სახლში მინაზებული ქალი ვარ, კერვით, რეცხვით, სადილის მომზადებით დაკავებული, რაზეც  ჩემები  ხუმრობენ ხოლმე:  ოჰ, დაეწყო  ქალობის საათიო! (იცინი).

скачать dle 11.3