კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

მოულოდნელი შეხვედრა უშიშროების დახვრეტილი შეფის ქალიშვილთან

ძველი საქაღალდეების ჩხრეკისას ჩემი მინიატურული წიგნაკი შემრჩა ხელთ. ინტერესით გადავათვალიერე მრავალი წლის წინანდელი ჩანაწერები და ჩემი ყურადღება ამ მოგონების სათაურში გატანილმა ჩანაწერმა მიიპყრო. უსინათლობით გაწელილ ისედაც გრძელ ღამეებს ფიქრი და მოგონება თუ გადაგატანინებს და ჩემს მეხსიერებაშიც თანდათან, ნაწილ-ნაწილ ამოტივტივდა, შედარებით სრულყოფილი სახე მიიღო მოგონებამ, რომლის შესახებაც გადავწყვიტე თქვენთან საუბარი:
მაშინ გარდაბანში ვმუშაობდი და მეძლეოდა საშუალება, შვებულება გამეტარებინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერ კურორტზე. ასეთი ადგილი ჩემთვის კისლოვოდსკი იყო. ამ კურორტზე მყავს გაცნობილი ბევრი კარგი ქართველი მამულიშვილი: გიორგი კავთიაშვილი, გივი ჩოხელი, გიორგი თურმანიძე, მედიცინის დარგის სოხუმელი პროფესორი მიმინოშვილი და სხვა მრავალი. იქაურ ქართველებთანაც მქონდა კონტაქტები. ვყოფილვარ ნალჩიკში და სხვა,  ქართველებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ვცდილობდი მათ დარწმუნებას, დაბრუნებოდნენ სამშობლოს და ზოგჯერ მიზნისთვისაც მიმიღწევია.
ჩემი საკურორტო ცხოვრების მესამე თუ მეოთხე დღე იყო, როცა სანატორიუმის სასადილო დარბაზში სადილობისას თეთრხალათიანმა მორიგე ქალმა, ჩემ პირდაპირ დასვა ახალგაზრდა, საშუალო სიმაღლის, ფერმკრთალი, წაბლისფერთმიანი, კარგი ტანადობის, ლამაზნაკვთებიანი ქალბატონი. ასეა ყოველთვის, როცა ახალი ვინმე ჩამოდის დასასვენებლად, მით უმეტეს ახალგაზრდა, ყველას აინტერესებს შეიტყოს, ვინაა, საიდანაა, რა პროფესიისაა და ასე შემდეგ... ამას ვერც ახალმოსული აცდა და თეთრხალათიანმა მეზობელ მაგიდასთან მჯდარ ერთ ხანშიშესულ მანდილოსანს ჩემ გასაგონად ჩაუკაკლა: კიეველია, ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, უკრაინელი – თამარ დიმკო.
სახელი თამარის გაგონება მესიამოვნა და თეთრხალათიანისკენ მოღიმარი სახით მივბრუნდი რაღაცის სათქმელად, რომ თავად დამასწრო:
– ესეც შენ – ახალგაზრდა დამსვენებელი, გაგიმართლა, – ეშმაკური ღიმილით გადმომკრა მე.
მისი სინაზე თვალში საცემი გახლდათ. ორი დღე სანატორიუმში არ გამოვჩენილვარ, „დომბაიზე“ წამიყვანეს იქაურმა ქართველებმა. იალბუზის ძირშიც ვიდექი რამდენიმე წუთი. შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. ერთ დღეს, ვახშმობისას გულწრფელი და გონებაში მტკიცედ გადაწყვეტილი ნაბიჯებით მომიახლოვდა ის სასადილო მაგიდასთან მჯდომს და ოდნავ შიშნარევი ხმით „საღამო მშვიდობის“ რომ მითხრა, შემდეგ მთხოვა, მის ნომერში ვწვეოდი სალაპარაკოდ. ორსაწოლიან ნომერში მარტო ცხოვრობდა. ერთმანეთს კვლავ მივესალმეთ. დარცხვენილ-დაბნეულს დაბრძანდის თქმაც დაავიწყდა. თვალი რომ შევავლე მის სახეს, ოდნავი სიწითლის კვალი შევამჩნიე. ღელავდა: უთქმელად ჩამოვჯექი სკამზე, ნობათი მაგიდაზე დავდე და თავად ვთხოვე, დაბრძანებულიყო.
– მე ქართველი ვარ, – წარმოთქვა აკანკალებული ხმით და მაგიდის მეორე მხარეს, სკამზე ნაზად ჩამოჯდა.
მოულოდნელობისგან ენა დამება. პაუზა, ალბათ, ერთი-ორი წუთი გაგრძელდა.
– ძალიან სასიამოვნოა, –  ვუთხარი და პირდაპირ შევხედე, – ძალიან კარგი და კეთილი, – განვაგრძე მე, – ქართული იცით?
– არც ქართული ვიცი, არც საქართველოში ვყოფილვარ ოდესმე და რაც თავი მახსოვს, არც ქართველთან მისაუბრია არასოდეს, – აკანკალებული ხმით მეუბნებოდა ის, – აი, ასეთი ქართველი ვარ მე, – თავი მაღლა ასწია, შემდეგ უეცრად მკლავებში თავი ჩარგო და ზლუქუნი ამოუშვა. კარგა ხნის შემდეგ, თავი ასწია, ბოდიში მომიხადა და კვლავ გამიმეორა:
– ასეთი ქართველი ვარ მე. გინდათ ჩემი გაცნობა? – ცრემლგარეული ღიმილით შემეკითხა.
– დიახაც მინდა და უფრო მეტად, ვიდრე მინდოდა. ახლა ჩემი დიდი თხოვნაა, დაწყნარდეთ და დაწვრილებით მიამბოთ თქვენ შესახებ, – ვუთხარი მე.
– დაწვრილებით? დაწვრილებით ვერა, რადგან არც მე ვიცი ზოგი რამ, მაგრამ მთავარს გეტყვით. ეს თქვენა ხართ პირველი, ვინც ჩემს წარსულს გაიგებს, თორემ ჩემს შესახებ თვით ჩემმა მეგობრებმაც კი არაფერი იციან.
ის ფრთხილად წამოდგა. კონვერტი ამოიღო, შიგნიდან სურათი გამოაცურა, მომიახლოვდა და გამომიწოდა. სურათი ჩამოვართვი. სურათიდან შუახნის წარმოსადეგი, მხარბეჭიანი, წელზევით შიშველი და მხრებზე აბანოს პირსახოცგადაგდებული, ხშირი და ფართოულვაშიანი, ოდნავ მოღიმარი ქართველი ვაჟკაცი იმზირებოდა. სურათს მეორე მხარეს გადაშლილი წარწერის კვალი აჩნდა.
– ალბათ, გაგონილი გექნებათ, ბერიასთან ერთად სხვა ქართველებიც რომ დახვრიტეს. მათ შორის იყო უკრაინის სახელმწიფო უშიშროების მაშინდელი შეფი – გვარად გოგლიძე. მე მისი ერთადერთი ქალიშვილი გახლავართ. დიმკო ჩემი მამინაცვლის გვარია. მამაჩემის დახვრეტის შემდეგ, გაწამებული დედაჩემი იძულებული გახდა, მალე გათხოვილიყო – გვარი შეგვეცვალა და საცხოვრებელი რაიონიც. მყავს ორი ბიჭი, სკოლაში სწავლობენ. ერთს შორეული ნაოსნობის კაპიტნად გახდომა სურს, ორივე ბაბუას ჰგავს, მაგრამ მის შესახებ არაფერი იციან. მხოლოდ ერთხელ წამოსცდა დედას – ბიძია გყავს თბილისში, კარგი კაციო, – თქვა თამარმა და ერთხანს დადუმდა, – ერთი დიდი სურვილი მაქვს და ამიტომაც გაგენდეთ, – დასძინა ბოლოს: ბიძაჩემი მინდა ვნახო და ჩავეხუტო. იქნებ ცოტათი მაინც მომეშვას მარტოობისა და უთვისტომობის სევდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ სჭირდება ჩემს სულს მისი სითბო.
მივხვდი, რომ ბიძის პოვნას მთხოვდა და აღსარების თქმაც ამ მიზანს ისახავდა. შევპირდი დახმარებას. მან სამსახურის ტელეფონი დამაწერინა, მე კიდევ, ჩემთან დაკავშირება რომ გაიოლებოდა, გარდაბნის რაიკომის პირველი მდივნის ტელეფონი ჩავაწერინე. შემდეგ მისი ნამდვილი ვინაობის გაუმხელლად, რამდენჯერმე ქართველთა შეხვედრაზე წავიყვანე. იჯდა წყნარად, გვაკვირდებოდა, ეღიმებოდა.
.თბილისში თითქმის ხუთი თვე მოვუნდი თამარის უცნობი ბიძის ძებნას და როგორც იქნა, დავაზუსტე მისი სამსახური –  თბილისის ერთ-ერთი სამშენებლო სამმართველოს უფროსი გახლდათ. დავურეკე და ვაცნობე თამარს ეს სასიხარულო ამბავი. ყურმილში მესმოდა, როგორ ახრჩობდა სიხარულის ცრემლები... მადლობა გადამიხადა. შვებულებას გავაფორმებ და თვითმფრინავის ბილეთს რომ ავიღებ, დაგირეკავო, მითხრა...
ერთ დღეს სამსახურში მითხრეს, რაიკომის პირველი მდივანი გკითხულობსო. სასწრაფოდ შევუღე კარი ბატონ ალექსი ბექაურს, მოუსვენარ, პატრიოტ ქართველს, რომელიც ყველგან და ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა.
– კიევიდან დაგირეკეს, სასიამოვნო ხმის ქალბატონი იყო, მაგრამ ძალზე აღელვებული მეჩვენა. ხვალ მოფრინავს, – თან, ჩაწერილი რეისის ნომერი გამომიწოდა.
ბატონ ალექსის მოკლედ ვუთხარი, ვინც იყო ის ქალი და რისთვისაც მოფრინავდა.
– მაშინ მანქანა დაგჭირდება. ხვალ ჩემი მანქანა შენთან იქნება.
თვითმფრინავი გვიან ღამით ჩამოფრინდა თბილისის აეროპორტში. მანქანით დავხვდით მე და ჩემი მეგობარი, დავაბინავეთ. ბიძის სამსახურის მისამართი მივეცი და შევთანხმდით – უჩემოდ, ტაქსით მივიდოდა ბიძის სამსახურში და ოცნებას აისრულებდა. მერე კი თუ მოახერხებდა, საღამოს შევხვდებოდით ერთმანეთს.
ჩემდა გასაკვირად, ბინაზე მიბრუნებულს თამარი მოსული დამიხვდა. მოწყენილი, მაგრამ არა სევდიანი. თვალები უბრწყინავდა. ბიძამისი წინა დღით, მეუღლესთან ერთად ლვოვში გამგზავრებულიყო სანატორიუმის საგზურით. ყველაფერი დაეზუსტებინა, უკან, კიევში გასაფრენი ბილეთიც აეღო, რომ იქ შეხვედროდა ბიძას.
სადილობის დრო იყო. ბიძამისი წყლის დასალევად გასულა. მწერდა, როგორ ელოდა სანატორიუმის ეზოში უცნობი ბიძის გამოჩენას. უამრავ დამსვენებელში მისი ცნობა სრულიად არ გასჭირვებია. უხილავ ძალას მისკენ გაუქანებია და „ბიძიას“ შეძახილით კისერზე ჩამოჰკიდებია. მკერდში ჩაუფსკვნია და გულამომჯდარი ქვითინით ირგვლივ მყოფთა გაკვირვება გამოუწვევია. მოულოდნელობისგან გაოგნებულ ბიძას: „თამარ, შვილოს“ – ხმამაღალი ძახილითა და დაუფარავი ცრემლებით ამ საოცარი შეხვედრის მომსწრეთა (და მეუღლის) ინტერესი დაუცხრია. თამარი სამი დღე დარჩენილა ბიძასთან ტრუსკავეცში. შემდეგ თბილისში მომავალ ბიძას კიევში გამოუვლია საჩუქრებით დახუნძლულს ძმის შვილიშვილების სანახავად და გასაცნობად.
გაბედნიერებული კიეველი ქართველი ქალის ამ სამადლობელო წერილის შემდეგ, ჩემი ადამიანური მისია ამოწურულად ჩავთვალე. მას მერე ერთმანეთს არ შევხმიანებივართ. ვიცი, კიევში დააბიჯებს ქართველი ქალისაგან ნაშობი ორი უკრაინელი ვაჟკაცი – ივლიან მათი შვილები, შვილიშვილები...
გოგლიძეებო, თამარის ბიძაშვილებო, მამიდაშვილებო! ადამიანურად მაინტერესებს, როგორ წარიმართა თქვენი შემდგომი დაახლოება თქვენს სისხლთან და ხორცთან. თუ არ შეწუხდებით, გთხოვთ, დამირეკოთ: 276-88-28.

მეცნიერ-ისტორიკოსი,
ფილოლოგი და პოეტი

скачать dle 11.3