კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ უნდა გავიგოთ, აქვს თუ არა ადამიანს ჯანმრთელი სული

დღეს ადამიანების უმრავლესობა თავს უბედურად გრძნობს, იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაშიც დადიან და საეკლესიო საიდუმლოებებშიც იღებენ მონაწილეობას. როგორ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი ტანჯვისგან, რა უნდა დაუპირისპიროს მან უბედურებას, – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 –  მამაო, დღეს დავდივართ ეკლესიაში, ბევრი კითხვა გვაქვს, ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ გვერიდება კითხვის დასმის. ბევრ საიტზე ამოიკითხავთ გინებას, ცილისწამებას მართლმადიდებლური ეკლესიის, სარწმუნოების მისამართით. ბევრგან პირდაპირ წერია, რომ ქრისტე არ არსებობს, რომ ქრისტე არ მოსულა ამქვეყნად, ყველაფერი ტყუილია, არანაირი ჯვარცმა არ ყოფილა... რას იტყვით ამის შესახებ?
– ამიტომაც უნდა ვიცოდეთ რატომ არის მაცხოვარი – იესო ქრისტე. მუსლიმანები დღეს წერენ და ამბობენ კიდეც: თქვენ კი ამბობთ, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ ქრისტე ამბობს სადმე, რომ ღმერთია? ქრისტე ძალიან ბევრგან ამბობს ამას. ჩვენი სარწმუნეობა, ეკლესია ქრისტოცენტრულია – რომ არა ქრისტეს ღვთაებრიობა, არც აღდგომა იქნებოდა, არც ამაღლება, არც ზიარება და არც ეკლესია იარსებებდა. მაგრამ, დღეს ჩვენში ბევრი სიბრმავე, ბევრი მცდარი იდეოლოგია და ბრმა შეხედულებაა. თუ თვალები არ აგვეხილება, იმ ბრმაზე უარესი ბრმები ვიქნებით, რომელსაც ხორციელი თვალები ჰქონდა დახუჭული. მაგრამ, სულიერი თვალების დახუჭვა უფრო მძიმეა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვეხება, რადგან გვგონია, რომ ჩვენ კარგები ვართ, სხვები – ცუდები; რომ ქართველი მართლმადიდებლები სასუფეველში შევალთ პირველები, სომხები, აზერბაიჯენლები და სხვა ეროვნების ხალხი ჯოჯოხეთში წავა.
– დღეს ძალიან ბევრი ამბობს: ძალიან უბედური ვარ და არ ვიცი, როგორ ვუშველო თავსო. რა უნდა დაუპირისპიროს ადამიანმა უბედურებას?
– მიუხედავად იმისა, რომ დღეს მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს უბედურად, ისინი არ ამბობენ, არ ამხელენ ამას. უყვართ ეკლესია, ქრისტე... ინერციით დადიან ეკლესიაში, უბედურებას შეჩვეული ფიქრობს: უბედური ჯვარი მარგუნა ღმერთმა, ასე უნდა ვიარო, მაგრამ იმქვეყნად გავიხარებო. ეს არასწორი სწავლებაა – თუ ამქვეყნად უბედური ხარ, იმქვეყნად ბედნიერი ვერ იქნები. აქ თუ შენში არ არის ბედნიერება, ჭეშმარიტი რწმენა, არავითარი იქაური ბედნიერება არ არსებობს. დიდი მამა სიმონ ათონელი ამ კითხვას ასეთ პასუხს სცემს: უბედურების წამალი არის სიხარული. იესო ქრისტე ჩვენში მადლით, ზიარებით, აღსარებით შემოდის. შენი სისხლი და ხორცი უერთდება ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ეს არის ყველაზე დიდი მადლი, სიხარული, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს. რა მდგომარეობაშიც უნდა იყო, თუ წარმოიდგენ, რამხელა მადლი მიიღე, მაშინ როგორ შეიძლება, თავი უბედურად იგრძნო? შენ ხარ ბედნიერი მაშინ, როცა შენში, შენ გარშემო, შენზე არის სულიწმიდის მადლი და შენ ხარ მასთან სუფთა სინდისით, რწმენით. მე, როცა სული და გული მაქვს სუფთა, სინდისი არ მასამართლებს, შემიძლია, მივიღო ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომლითაც ჩემში სიხარული შემოვა და რომელიც არის დამამხობელი ყველანაირი უბედურებისა. ხანდახან, რომ გვგონია, ბედნიერები ვართ, პირიქით, უბედურები ვართ და როცა უბედური გვგონია თავი, პირიქით – ბედნიერები ვართ. როცა ადამიანი შეჭირვებულია, განსაცდელებშია, ასეთ დროს პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ: როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი. ღმერთი ამ დროს უფრო ახლოსაა შენთან და არა იმ დროს, როცა არაფერი გაწუხებს, არ ლოცულობ, არ ეზიარები, გგონია, რომ ბედნიერი ხარ, სწორედ მაშინ არ ხარ ღმერთთან და ამ დროს ხარ ეშმაკთან.
– როგორ უნდა სძლიოს ადამიანმა ტანჯვას, რომელიც მის სულს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს და ხშირად თავსაც ვერ აღწევს.
– უამრავი რამ არსებობს, რაც დღეს ადამიანს ტანჯავს. ეკლესია ტანჯვას უპირისპირებს მოთმინებას. ბევრი ითმენს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის. თუმცა, თანამედროვე შეხედულებებით: რატომ უნდა მოვითმონო ანჩხლი ცოლი, ნარკომანი ქმარი, თავხედი შვილი, ეს მთავრობა, ან ის მთავრობა. რომ არ ვითმენთ, მოთმინება რომ აღარ გვაქვს, მარტივად ვანგრევთ, ვუშვებთ, ახალს ვირჩევთ, ვჩხუბობთ, რევოლუციას ვაწყობთ, ამიტომაც მიდის ჩვენი ცხოვრება „კარგად“ – მოუთმენელები რომ ვართ. იოანეს გამოცხადებიდან მინდა, შეგახსენოთ – იოანემ როდესაც იხილა კრავის ტახტთან უამრავი ხალხი, ჰკითხა ქრისტეს: ეს ხალხი ვინ არისო. მან უპასუხა: ესენი დიდი გასაჭირიდან მოსული ხალხიაო. ის ხალხი შევა სასუფეველში, ვინც გაჭირვებას, უბედურებას, სისასტიკეს, უგუნურებას მოითმენს და თავმდაბლობით, ლოცვით, სიყვარულით გაუმკლავდება მას.  
– როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, თავად როგორია?
– სამწუხაროდ, საკუთარ თავზე მეტად სხვების შეფასება გვიყვარს: ეს უვარგისია, ეს შტერია, ბოროტია, არადა, ხშირად თავად ვართ ასეთები და სხვებზე ვლაპარაკობთ. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანს ჯანმრთელი სული აქვს? თუ ადამიანს ჯანმრთელი სული აქვს, ესე იგი, მას სწორი რწმენა აქვს. იესო ქრისტე ორ შემთხვევაში ან აქებს, ან აძაგებს ადამიანს. როცა ადამიანს სწორი რწმენა აქვს – აქებს და როცა რწმენა არ აქვს – აძაგებს. ანუ, ადამიანი უნდა შეაფასო იმის მიხედვით, როგორი რწმენა აქვს. როგორ შეიძლება, ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც განკაცებულ იესო ქრისტეს არ აღიარებს?! ის ხომ უმადურია, ბრმაა, უგუნურია, ურწმუნოზე უარესი. დააკვირდით და შეაფასეთ ასეთი ადამიანები; ჰკითხეთ, როგორია მათი რწმენა. ოღონდ, ისე კი არა, რომ, მე ჯვარი მაქვს და მართლმადიდებელი ვარ – ეს ფარისევლობაა. ჯვრის ტარება არ არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა არის მოთმინება, სიყვარული, არა სხვის განკითხვა; როცა ყველა ეროვნება გიყვარს და არავის გზავნი ჯოჯოხეთში. თუ საღი, მაცხოვნებელი რწმენა არ გაქვს, შენი სული სნეულებაშია, ისევე, როგორც შენი სხეული.
– რა არის ავადმყოფური სულის მანიშნებელი?
– ბევრი ადამიანი გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ მას ავადმყოფი სული აქვს, ამის მანიშნებელი კი მისი უიმედობაა. ნახეთ, როგორ მომრავლდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თავს იკლავენ; რამდენი ადამიანია უიმედო მდგომარეობაში. თუ შენ უიმედო მდგომარეობაში ხარ, არაფრის გჯერა და არაფრის იმედი არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენი სული ძალიან დასნეულებულია. უიმედობის წამალი იმედია, რომელიც ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან მოდის. ხშირად ადამიანებს მუშაობის დროს აწუხებთ კითხვა: სწორად მოვიქეცი თუ არა? ჩემი საქმე კეთილს ემსახურება თუ ბოროტს? თუ შენ რამეს აკეთებ და გაღიზიანებული ხარ, ესე იგი, არასწორად იქცევი. მაგალითად, უფროსი მთელი დღე ჩხუბობს სამსახურში; ქმარი ჩხუბობს ოჯახში; ცოლი, მასწავლებელი ჩხუბით აკეთებენ ყველაფერს. შენ თუ ჩხუბით მოქმედებ, ესე იგი, არასწორად იქცევი, რადგან, თუ სწორად იქცევი, მაშინ, რაღა გაჩხუბებს? თუ არასწორად იქცევი, მაშინ, მით უმეტეს, არ უნდა იჩხუბო, რადგან, თავად ხარ დამნაშავე. იგივე ითქმის მოძღვარზეც – დღეს ძალიან ბევრი მოძღვარი ჩხუბობს, რაც ძალიან ცუდია. თუ რამეს კარგს აკეთებ, თავმდაბლობითა და სიყვარულით აკეთე და არა ჩხუბით. კიდევ ერთი საკითხი – როგორ შევაფასოთ საკუთარი თავი: ძლიერი ვარ თუ არა? სულიერი ვარ თუ არა? ჩემი ქრისტიანობა კარგია თუ არა? ვინ არის ძლიერი? – ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს დაამარცხებს. ნებისმიერი ჩვენი აღსარება საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ და არა მოძღვარს, რადგან, თუ გინდა, რომ ძლიერი იყო, აღმოაჩინე საკუთარ თავში ნაკლი, ვნებები და შემდეგ გამოასწორე, დაამარცხე ისინი.

скачать dle 11.3