კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა გიორგი გელაძე პრეზიდენტთან ერთად სიკვდილმისჯილთა კამერაში და რაზე არ წაჰყვა ის აზერბაიჯანის ციხეში აჯანყებულ გენერალს

6 ივნისს გლდანის ციხიდან გათავისუფლდა  უვადო პატიმარი გიორგი გელაძე. პატიმრობაში გატარებული თითქმის ოცი წელიწადი, საბედისწერო ოპერაცია აზერბაიჯანში და ყველაზე სასტიკ ციხეებში გატარებული დღეები... ძნელია, ემოციების გარეშე მოუსმინო ყოფილ პატიმარს, რომელიც გისოსებს მიღმა 24 წლის ასაკში აღმოჩნდა. მისი ისტორია კინოსცენარის კადრებს ჰგავს, მაგრამ ეს კინო არ არის, ესაა  ერთი ისტორია ერთი ადამიანისა, მისი ორად გაყოფილი ცხოვრება და თავისუფლების მძიმე ფასი –  ავტოკატასტროფაში დაღუპული, შვილთან პაემანზე მიმავალი დედა; შვილი, რომელიც პირველად 19 წლის ასაკში უნდა ნახოს და ემოციები სიკვდილმისჯილთა კორპუსში, რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ.  
გიორგი გელაძე: ციხეში გატარებულმა წლებმა ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო: ის, რაც იყო ციხემდე და, ალბათ,  ის, რაც იქნება მომავალში. ჩემი ისტორია ციხემდე ერთი   თბილისელი ბიჭის ცხოვრებაა – 145-ე სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკლუტეტზე   ჩავაბარე.   90-იან წლებში პოლიციაში  სამუშაოდ არავინ მიდიოდა, პირიქით, „მხედრიონისა” და „გვარდიის” თარეშის გამო იქიდან გამორბოდა ხალხი,  მე კი  პოლიციაში შევედი.  როგორც   შინაგანი  ჯარის წარმომადგენელი, აფხაზეთის ომშიც ვიბრძოდი.   როდესაც შოთა კვირაია სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს,   უშიშროებაში  გაიხსნა კონტრაბანდასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის განყოფილება.  დაიწყო ახალი კადრების მოძიება და მათ შორის აღმოვჩნდი მეც – შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ოფიცერი, რომელსაც ოპერატიულ სამსახურში  მუშაობის კარგი გამოცდილება ჰქონდა.  მაშინ 22 წლის ვიყავი, თუმცა უკვე მქონდა ნამუშევარი ეგრეთ წოდებულ „არაყიშვილის პოლიციის” ოპერატიულ სამსახურში და კიდევ სხვა განყოფილებებში.  იმ დროს   ჩემივე  თანატოლები იყვნენ ეგრეთ წოდებული  „ვერის საძმოსა” და  „ვაკის საძმოს” წევრები; მე კუკარაჩას როლში ვიყავი,  ისინი – თავიანთ როლში და ყველამ ვიცოდით ჩვენ-ჩვენი გზა.  ჩვენ  უამრავი საერთო ახლობელი გვყავდა. მათ იცოდნენ, რომ რაღაც საკითხში შემეძლო თვალის დახუჭვა, მაგრამ, იყო საკითხები, სადაც არ დავთმობდი. მაშინ ძალიან მძიმე დრო იყო: პროფესორები და აკადემიკოსები კრიმინალებს მიმართავდნენ ვალების ამოსაღებად; მანქანიდან მანქანაში ცხრილავდნენ ერთმანეთს, „გრანატამიოტებითა” და „მუხებით” დადიოდა ხალხი  და, ამ დროს, შენ ხდები პოლიციელი! ძალიან მონდომებული ვიყავი. თუმცა მე არ ვიყავი  „ჰოლივუდის“ პოლიციელი ან სტალონე –  ასეთი იყო დროც და ჩვენი საქმეც.
შოთა კვირაიას ჩემზე ინფორმაცია ჰქონდა. როდესაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერაციები – „ბადე 1” და „ბადე 2” ჩატარდა,  ერთი ტომარა მარიხუანა ამოვიღე რეალიზატორთან და შემსყიდველებთან ერთად. თუმცა, ამ სახელის მიუხედავად, მაინც მომიწია  გამოცდის ჩაბარება –  ეს იყო წესი, სანამ უშიშროებაში დაინიშნებოდი,  რომ დარწმუნებულიყვნენ,  რამდენად კარგად გაართმევდი თავს საქმეს.   პირველი დავალება უნდა შემესრულებინა აზერბაიჯანში, საიდანაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკი შემოდიოდა.  ჩემამდე დილერს „შეახვედრეს” რამდენიმე პიროვნება, ვინც უნდა ყოფილიყო შუამავალი და პასუხისმგებელი  ნარკოტიკზე საქართველოში,  მაგრამ დილერი არცერთთან თანამშრომლობაზე არ წამოვიდა.  დილერს მე „მოვეწონე” –  ისეთი გარეგნობა მქონდა ვაკეში მუშაობის დროს, როცა ბინის ჩხრეკაზე მიდიოდნენ,  უფროსები მეხუმრებოდნენ: ვაკელებს  ორდერიც რომ დავანახვოთ, კარს არ გვიღებენ, შენს დანახვაზე კი კარს ეგრევე ხსნიან; მოდი ჩვენ დავიმალებით და  „გლაზოკთან” შენ დადექიო (იცინის). მოკლედ,  ნარკომოვაჭრეები ვერ მიხვდნენ, რომ მე ვიყავი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი და ასე აღმოვჩნდი ამ საქმეში, რომელიც  წარმატებით შევასრულე.   
– როგორ მოხვდით დავალებაზე, რომელიც  თქვენთვის  საბედისწერო აღმოჩნდა?
–  მე უკვე მქონდა ჩემი აგენტურული ქსელი მეზობელ ქვეყნებში – ამის გარეშე უშიშროებაში ვერ იმუშავებ.  სულ იყო ინფორმაცია, რომ შემოდიოდა კონტრაბანდული ტვირთი. საზღვარი ისეთი დაუცველი იყო, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გარდა, შემოდიოდა სხვა კონტრაბანდა:  ასეტრინა, ხიზილალა, ცხვრის ქურქი; იმ ტრაილერებში იარაღიც იყო, თუმცა მე პირადად იარაღი არ ამომიღია. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე უშიშროებაში, მერე იყო საქმე – საბედისწერო საქმე  აზერბაიჯანში. არ ვიცი, რატომ  და როგორ მოხდა, ალბათ, გამოცდილებაც არ მეყო – მე ხომ 24 წლის ბიჭი ვიყავი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, იმ პერიოდში აზერბაიჯანში ხშირად მიწევდა ჩასვლა,   თავს არ ვიშურებდი. ძირითადად ვხვდებოდი ხოლმე აგენტურულ ქსელს და, ხან რესტორანში დავპატიჟებდი, ხან პატივს ვცემდი,  რომ ურთიერთობები   დამელაგებინა. ერთ-ერთი ჩასვლის დროს ჩემმა მასპინძელმა მითხრა: აქ ადამიანებით ვაჭრობაც მიდის,  სხვებთან ერთად, ქართველი გოგოებიც ჩამოჰყავთ და  აქედან  დუბაიში გადაჰყავთო.   ამას ისიც მოაყოლა, ერთხელ საზღვარზე რომ შეგვხვდი და ქალებს  დაელაპარაკე, ის ქალბატონებიც გვყავს ამ საქმეში შემჩნეულიო.  წლები გავიდა და იმ ქალების ვინაობა არ დამისახელებია, თუმცა, იმ დროს იმ ქალების ხსენება, რომლებთანაც მე საკმაოდ ახლო  ურთიერთობა მქონდა, ჩემთვის შოკი აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი. ჩემი აგენტი მიხვდა, რომ  რაღაც ისეთი მითხრა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.    ის ბაქოში ცხოვრობდა, მაგრამ  ჩვენს საზღვრისპირა რეგიონთანაც ჰქონდა აქტიური კავშირი. აგენტის საქმე ასეა – რაღაცაში აუცილებლად გყავს დაჭერილი; ეს საქმე  იქვე გაქვს, ახლოს და, როგორც კი რაღაცას „გააფუჭებს’, მაშინვე ამოქექავ. მან ეს კარგად იცოდა.  ჩემს აგენტს ვთხოვე, რომ წავეყვანე   იმ ხალხთან, ვინც ადამიანებით ვაჭრობდა. გადავწყვიტე, რომ მათ გავცნობოდი როგორც ჩეჩენი კლიენტი, რომელსაც დასვენება-გართობაც  სურდა და, ამ საქმით, როგორც ბიზნესითაც იყო დაინტერესებული. მასკიროვკისთვის გარეგნობაც წინასწარ მქონდა ხოლმე შემზადებული – წვერს ან   ულვაშს ვატარებდი. ჩვენ წავედით საროსკიპოში. მე მახლდა ორი ადამიანი, საროსკიპოში სამნი დაგვხვდნენ, მათ შორის – საროსკიპოს ხელმძღვანელი ქალი, რომელსაც ქსელი ჰქონდა და მასთან ერთად იყო მამაკაცი, რომელიც ამ საქმეს აკონტროლებდა. ჩვენ დავიწყეთ საუბარი, სუფრაც გაიშალა. მე ძალიან ბევრი შეკითხვა დავუსვი მათ, ვინც საროსკიპოში დამხვდა. აქცენტს ვაკეთებდი ქართველ ქალებზე, ვეკითხებოდი, ვისი ჩამოყვანა შეეძლოთ, ქართველებთან როგორ მუშაობენ და ასე შემდეგ. როდესაც დადასტურდა ჩემი ინფორმაცია, რაც ჩემმა აგენტებმა მომაწოდეს, ძალიან გავბრაზდი. ემოციური ხასიათი მქონდა, ცოტა ნასვამიც ვიყავი და, ვაღიარებ, რომ გამოცდილებაც არ მეყო. ახლანდელი პერიოდი რომ ყოფილიყო, იქ იარაღით კი არ წავიდოდი, მოსასმენ აპარატს დავიმაგრებდი, მაგრამ, რაც იყო, იყო.  არც მათი სუბკულტურა ვიცოდი. თბილისშიც იყო საროსკიპოები, მივსულვარ კეკელიძეზე ღამით, დამიკეტავს საროსკიპო – მეზობლები ჩივიან-მეთქი, მაგრამ იქ სხვა სიტუაცია იყო.  როგორც ჩანს, შეკითხვები ზომაზე მეტი მომივიდა. ასეთ საქმეში ჩართული კაცი  უშიშროების მუშაკზე ნაკლები გამოცდილი კი არაა, მოკლედ, გავიშიფრე. წაკინკლავებას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი,  მე იარაღი ამოვიღე – ვიფიქრე, დავაშინებდი, მაგრამ  ჩემმა მასპინძელმა შამპანურის ბოთლს წამოავლო ხელი და მე მას ვესროლე. მერე იმ ქალმა დაიწყო კივილი, ტელეფონი აიღო დასარეკად, წავართვი ტელეფონი და დავამტვრიე და  მასაც ვესროლე.  შეიძლებოდა, არ მესროლა, მაგრამ ასე მოხდა.  მე იქაურობა დავტოვე. იმ ხალხს ვთხოვე: მანიაკი კი არ ვარ, ყველა დაგხოცოთ, თითს არ დაგაკარებთ, მთავარია, აქედან გავიდე-მეთქი.    მე გამოვედი ბაქოდან, მაგრამ საქართველოში გადმოსვლა ვეღარ მოვახერხე – საზღვარი ჩემთვის უკვე დაკეტილი იყო, მერე დაღესტნიდან ჩეჩნეთში  გადავწყვიტე  გადასვლა, მაგრამ ვერც დაღესტანში გადავედი, რადგან პასპორტი არ მქონდა.    ყველა გზა დაკეტილი იყო ჩემთვის. დავრეკე საქართველოში და მითხრეს, აქ ისეთი შეტყობინება მოვიდა, რომც ჩამოხვიდე, მაინც დაგაკავებენო. სხვა გზა აღარ მქონდა და მილიციას ჩავბარდი. ქალაქის სამმართველოს გენერალი  მაგარან ალიევი ხელმძღვანელობდა, ძალიან კარგი კაცი იყო. მე მას ჩავბარდი ჩემი პირობებით: ჩემ გარდა არავის დაიჭერდნენ; არ უნდა გამოაშკარავებულიყო, რომელ ქართველ ქალებზე იყო საუბარი და რა კავშირში იყვნენ ისინი ჩემთან და მე  ორ წელიწადში უნდა დამეტოვებინა ციხე.  ასეთი იყო  მაგარან ალიევის სიტყვა, რომელსაც ის ნამდვილად შეასრულებდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა:  1997 წელს ქალაქის სასამართლომ  15 წელი მომისაჯა. როდესაც ციხეში შევედი, ჩემი საქმე უკვე გახმაურებული იყო.  პატიმრები მლოცავდნენ, რომ  ჩემი ისტორიის გამო  საროსკიპო დაკეტეს, რადგან  გამოაშკარავდა, რა უბედურებებიც ხდებოდა იქ. მე  საავადმყოფოში გამატარეს სპეციალური კომისია და მზადდებოდა საბუთები ჩემ  „ჩამოსაწერად”, რომ ორ წელიწადში გამოვსულიყავი. წყნარად, მშვიდად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ციხეში მხოლოდ ორი წლის გატარება მომიწევდა.   პატიმრებმა არ იცოდნენ, რომ მე  უშიშროების თანამშრომელი ვიყავი, თავიდან  კრიმინალების კამერაში ვიჯექი და მათთან უცებ დავალაგე ყველაფერი – თბილისში  კრიმინალების მეტი  რა მყავდა ნანახი. ცოტა ხანში ცენტრალური ციხის მაყურებელმა ჩემს კამერას უთხრა: შენ უნდა გახდე მაყურებელი და გია გელაძე გასწავლის ყველაფერსო (იცინის). მერე, როდესაც  მეორე სასამართლოდან დავბრუნდი კამერაში, ციხის ადმინისტრაციას საკანში გაზეთები ჰქონდა შეყრილი, სადაც ეწერა, რომ მე  ყოფილი პოლიციელი ვიყავი. პატიმრები მეკითხებოდნენ, რაში იყო საქმე,   ისინი დავარწმუნე, რომ პოლიციელის მოწმობა ყალბი იყო და მას საზღვრის გადასაკვეთად ვიყენებდი.
– რატომ შეგიცვალეს 15-წლიანი სასჯელი უვადო პატიმრობით?
–  1998 წელს აზერბაიჯანში გაუქმდა სიკვდილით დასჯა და შემოიღეს უვადო პატიმრობა. იმავე პერიოდში, 1998 წლის აპრილში  ჩემთან საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ჩამოვიდნენ და საუბარი იყო  ექსტრადიციაზე.   აზერბაიჯანის მხარე,  იმის მაგივრად, რომ ქართული მხარისთვის გადაეცა ჩემი თავი, იმავე საქმეზე მასამართლებს თავიდან და მისჯის უვადო სასჯელს,  ქართულ მხარეს კი  უგზავნის წერილს, რომ მე სასჯელი  აზერბაიჯანში უნდა მოვიხადო.  1997 წელი ის პერიოდია, როდესაც  გარდაბანი-მარნეულის რეგიონში ჩასახლებულმა სვანებმა რამდენიმე ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მოკლეს და  ოჯახები აიძულეს, აზერბაიჯანში გადასახლებულიყვნენ, მათ შორის იყო ჩემი საქმის პროკურორიც. მაშინ ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე საუბარი არ იყო, სამი-ოთხი წლის შემდეგ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება.  ციხეში პატივს მცემდნენ მანამდე, სანამ მაგარან ალიევის სიტყვას ფასი ჰქონდა,  მერე კი ყველაფერი შეიცვალა – ის ორგანოდან გაუშვეს. შუალანის ციხის ადმინისტრაციამ დენი შემიერთა გენერატორის მეშვეობით, მე კი   დაბმული ვიყავი. იმ პერიოდში  ადმინისტრაცია ცემით მკლავდა. როდესაც უვადო სასჯელი მომისაჯეს, მიმიყვანეს  ბაილოვის  ციხეში, სიკვდილმისჯილთა კორპუსში და  ჩამაცვეს განსხვავებული ფორმა. ეს იყო ცნობილი ციხე, სადაც თავის დროზე სტალინი იჯდა.  სასამართლო პროცესზე, როდესაც უვადო პატიმრობა გამომიცხადეს, ჩემ ირგვლივ უცბად ყველაფერი შეიცვალა: თუ მანამდე ბადრაგი ბორკილების გარეშე მატარებდა და მაძლევდა საშუალებას, გავსაუბრებოდი ჩემებს სასამართლო პროცესზე,  უცებ შემოლაგდა  ჯარი, რაც გაგრძნობინებს, რომ განსხვავებული პატიმარი ხარ.  მახსოვს სიტყვები, რაც მითხრა ბადრაგის უფროსმა: ხომ იცი შენ მაინც დააღწევ თავს და  აქედან გახვალო! ამდენი წელი გავიდა და ეს არ მავიწყდება. პატიმრები ისე მემშვიდობებოდნენ გადაყვანის დროს, თითქოს  სასიკვდილოდ გავყავდი. ცოცხალ ადამიანს პანაშვიდი მომიწყვეს. არავინ იცის, სად მიდიხარ. კორპუსი,  რომელშიც მე გადამიყვანეს, ყველაზე გასაიდუმლოებული იყო. ქვეშ ჰქონდა სარდაფი, სადაც  პატიმრებს  ხვრეტდნენ.  როცა კორპუსში შემიყვანეს, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დიდ მაცივარში მოვხვდი. ისეთი სიწყნარე იყო, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, მხოლოდ დიდი ვენტილატორების ხმა  და ცივი ჰაერი არღვევდა სიჩუმეს.  სრული იზოლაცია იყო.   შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილს, გამახდევინეს ტანსაცმელი და ჩამაცვეს „კატარჟანი” – სპეციალური ფორმა, რაც სიკვდილმისჯილებს ეცვათ. საკანში დამხვდა ერთი პატიმარი ალექრამ გუმბატოვი, რომელიც აზერბაიჯანში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად აცხადებდა თავს, სეპარატისტად მიაჩნდათ და მასაც უვადო პატიმრობა ჰქონდა.  საკანში არ იყო განათება,  მხოლოდ კარის თავზე, „ფორტოჩკიდან” ანათებდა მბჟუტავი ნათურა. ფანჯარა ისე იყო დაგმანული,   მზის შუქი სხივად შემოდიოდა.  დღეში ორჯერ, ათი წუთით გვიშვებდნენ წყალს მილიდან, რომელიც ტუალეტში იყო. კვირაში ერთხელ გაძლევდნენ საშუალებას, წვეთ-წვეთად წამოსული წყლით დაგებანა. დღეში სამჯერ გვაძლევდნენ საკვებს, დღეში ორჯერ – ანადუღარ წყალს. 
– ალბათ, ძალიან ძნელი იყო, არ დანებებოდით რეჟიმს. როგორ იპოვეთ ძალა, დაგეწყოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის? 
– პირველივე დღეებიდან დავიწყე წერა. ციხეში ისეთი სიმკაცრე იყო, იმის გამო, რომ  საკასაციო საჩივარი დავწერე,  გამიყვანეს საკნიდან და მაგრად მცემეს.  მაინც არ  გავჩერდი და მას მერე იმდენი საჩივარი მაქვს დაწერილი,  დახვრეტილი უნდა ვიყო.  როდესაც გაბუსტანის ციხეში გადამიყვანეს, სადაც დღესაც უვადო პატიმრები ჰყავთ და ირგვლივ სულ სტეპია, ფანჯრიდან რომ გაიხედავდი, ირგვლივ ორმეტრიანი გველები  მოჩანდა. აი, ამ ციხეში დაიწყო ჩემი ახალი ისტორია: „გელაძე გიორგი,  უვადო პატიმარი, საქმე ¹...“ ეს იყო ჩემი პატიმრობის ახალი ეტაპი. დავიწყე სამართლებრივი ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად.  ძალიან მალე ვიპოვე ჩემი თავი, რაშიც დამეხმარა რწმენა და სახარება!   აბსოლუტურად შევიცვალე. ჯერ კიდევ შუალანის ციხეში რომ ვიყავი, საკანში ჩემთან ერთად ერთი  მოწესრიგებული პატიმარი იყო, რომელიც ყოველ საღამოს გადაშლიდა რაღაც წიგნს და კითხულობდა. ერთ დღეს დავინტერესდი, რას კითხულობ-მეთქი. ეს ყურანია, ჩვენი წმიდა წიგნიო. დავფიქრდი და  ჩემს თავს ვუთხარი: არ იცი, ხვალ რა გელის, ამხელა სასჯელზე ხარ,   სახარება როგორ არ უნდა გქონდეს წაკითხული-მეთქი. ჩემს ახალგაზრდობაში რელიგია ასე აქტიურად ხომ არ იყო. კომუნისტების დრო ყველას გვახსოვს – 90-იან წლებში მღვდლები ავტომატებით დარბოდნენ, რომელ  წირვაზე  და ქადაგებაზე იყო საუბარი?!  ჩემს მშობლებს ვთხოვე,  სახარება შემომიტანეთ-მეთქი. მომიტანეს. აღარ მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე ციხეში სახარება, თან სხვა პატიმრებს ვუხსნიდი და ვუთარგმნიდი. აზერბაიჯანული უკვე კარგად ვიცოდი.  აზერბაიჯანულად ისე ვსაუბრობ, მეკითხებოდნენ, რომელი რაიონიდან ხარო. მაშინ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბევრი რამ გავიგე და ბევრ რამეზე დავფიქრდი. რასაც ვიგებდი, იმას ვაკეთებდი კიდეც.  1999 წლის 7 ივნისს გაბუსტანის ციხე გაიხსნა.  სამხედრო გენერალმა, რომელიც დაკავებული ჰყავდათ როგორც პოლიტპატიმარი, ომონის ბიჭებთან ერთად მოახდინა გადატრიალება. დაიპყრო მთელი ციხე და გახსნა საკნები. მეც სხვებთან ერთად გამოვედი დერეფანში. გენერალმა უვადო პატიმრებს შემოგვთავაზა: მე დერეფანს გაგიკეთებთ და გაიქეცითო. გამოუცდელი  კაცი ამ შემოთავაზებას აუცილებლად აჰყვებოდა. ირგვლივ რომ მივიხედ-მოვიხედე, ჩვენგან მხოლოდ ოთხი კაცი ვიდექით ფეხზე, დანარჩენები ცოცხალ-მკვდრები იყვნენ.   იმწუთში რაც გამახსენდა, იყო  ბიბლიის ფრაზა – არ გქონდეს საქმე მოჯანყეებთანო – ეს სოლომონ ბრძენის იგავშია ნათქვამი.  არ გავყევი იმ ხალხს და კარგიც ვქენი – გავიდნენ თუ არა ციხიდან, ყველა ერთად ჩაცხრილეს.  როცა გაბუსტანის ციხეში გადამიყვანეს,  ჩემთან მოვიდა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი. საათნახევრიანი საუბრის შემდეგ მან ციხის დირექტორს ჩემი საბუთების  მოწესრიგება  მოსთხოვა, რომ შეწყალებაზე შეეტანათ. ჩემებს დავურეკე თბილისში – ჩამოდით და საბუთები ჩამომიტანეთ-მეთქი. სამი დღე ველოდი მშობლებს. 1998 წლის 7 ივნისი იყო. საღამოს ოფიცერი ამბობს: ტელევიზორში გამოაცხადეს, გიორგი თენგიზის ძე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და, შენ აქ არ ხარო? გულმა  რეჩხი მიყო.  დიდხანს მიმალავდნენ, მაგრამ მერე გავიგე, რომ ჩემი ოჯახი  ავტოკატასტროფაში მოყვა, დედა ადგილზე გარდაიცვალა,  ჩემს ძმას ხელი მოსწყდა, მამაჩემი და  ჩემი მეგობარი კი დაიმტვრნენ. ჩემი შეწყალება რამდენიმე თვით გადაიდო და ახალი კანონიც მიიღეს, რომ, სანამ უვადო პატიმარი 10 წელს არ მოიხდიდა, მას არ შეიწყალებდნენ – ასე დაიწყო ჩემი პატიმრობის ახალი ეტაპი. მე მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. იურიდიული განათლება მქონდა, ციხეში დავიწყე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების შესწავლა. თავი უკანონო პატიმრად მიმაჩნდა და ამას ვეუბნებოდი იქაურ მხარეს.  ავიყოლიე ყველა უვადო პატიმარი, მოვაწყვე შიმშილობის აქციები,  შემოვიყვანე ციხეში წამების კომიტეტი, გამოვდიოდი მთავარ მოწმედ  ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, დავალაგე კორუფციის და წამების ფაქტები, ჩემი საქმე მოხვდა ჰუმან  ვრაითს ვოჩის მოხსენებაში 2007 წელს. 
- დღეს ყველაზე მეტად რას ნანობთ წარსულიდან?
–  ძალიან მძიმე ცოდვა ავიღე ჩემს თავზე, როდესაც ის ადამიანი მოვკალი. უამრავი გამოსავალი შეიძლებოდა, მეპოვა იმ სიტუაციიდან.  ძალიან განვიცდი, რომ  აღარ დამხვდა დედა – ის ჩემს სასჯელს შეეწირა.  დედაჩემი ისეთი ქალი იყო, ოთარაანთ ქვრივივით დაიწყო სიარული  ერთი უწყებიდან მეორეში ჩემს გასათავისუფლებლად; შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ძალიან ბევრი იწვალა. ჰპირდებოდნენ, რომ მალე შემიწყალებდნენ,  მაგრამ დედა  მაინც  არ ეპუებოდა.   ძალიან ვნანობ იმას, რომ  ჩემი შვილი ისე გაიზარდა და ისე გახდა 19 წლის, ხელი არ დამიკარებია მისთვის.    მახსოვს, როგორ ვუყიდე დისშვილს სასკოლო ფორმა – იმ წელს სკოლაში მიდიოდა, მერე მე სასჯელზე წავედი და, რომ გამოვედი,  ის პატარა ბიჭი ახლა სამი შვილის მამაა. ეს იყო დიდი წყვეტა ცხოვრებაში. ძალიან სერიოზული ტანჯვის დერეფანი გავიარე,  ორი  ქვეყანა, ოთხი ხელისუფლება, 6 ციხე და 12 რეჟიმი ხუმრობა არ არის (იცინის). შევძელი, ეს გზა ღირსეულად გამევლო. დღემდე მირეკავნ პატიმრები და   ციხის თანამშრომლები. 14 წლის და ექვსი თვის შემდეგ, როდესაც გადაწყდა საქართველოში ჩემი  გადმოყვანა, აზერბაიჯანელებმა ციხიდან დოლ-გარმონით გამომაცილეს.  2011 წელი იყო. მახსოვს, ციხეში მეუბნებოდნენ: ახლა საქართველოს ციხეებში საშინელება ხდება, სად მიდიხარო. მე ვუპასუხე: აქ, აზერბაიჯანულ ციხეში ვერაფერი დამაკელით,  ჩემები რას მიზამენ-მეთქი (იცინის).  
– არ გიჭირთ  20 წლის შემდეგ  ამ რეალობასთან შეგუება?
–  ბევრი რამ არის შეცვლილი, მაგრამ მიჩვევა არ მიჭირს. ფასადებია შეღებილი, ბევრი ახალი შენობაა, მეტი რეკლამა და მანქანაა  ქუჩაში.   ხალხიც შეცვლილი დამხვდა და გული დამწყდა – აღარ არიან ისეთი თბილები და ყურადღებიანები, როგორებიც ადრე იყვნენ,  ყველა ყოფით პრობლემებზეა გადასული. ციხეში ყოფნის დროს  არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე და ამ მიმართულებით ვაპირებ მუშაობას – დავეხმარები ყველა იმ  პატიმარს, ვინც რეჟიმმორჩილია და საზოგადოებაში რესოციალიზაცია სურს. 3-4 კანონპროექტის ავტორი ვარ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში; ასევე, რეაბილიტაციის პროგრამის თანაავტორიც ვარ.  ადაპტირებას  იოლად  ვახდენ,  ერთადერთი, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა მიჭირს, მაგრამ ამაშიც გავერკვევი. ციხეში კომპიუტერის კურსებიც  გავიარე, ბევრი რამ დავნერგე. თავს არ შევიქებ, მაგრამ, ნახეთ, დღეს როგორი ვითარებაა ჩვენს ციხეებში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. აზერბაიჯანში მოვახდინე ადაპტირება და  ჩემს ქალაქში, რა დროც არ უნდა გავიდეს, რა  უნდა  გამიჭირდეს?! მთავარია, დავბრუნდი!

скачать dle 11.3