კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ეუბნებიან განო მელითაურს უარს სამსახურზე და რატომ უმტკიცებენ მას, რომ კოტე ცოცხალია

 უკვე ერთი წელი და სამი თვე გავიდა მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან. ტკივილზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ორი შვილი და ახალი სიცოცხლე სხეულში, მეგობრები და მშობლები, მის მეუღლეს, განო მელითაურს, უფლებას არ აძლევდნენ, ემოციებსა და გრძნობებს დანებებოდა. რთულად, მაგრამ ცხოვრების ეს ეტაპი დახურა და სიცოცხლე თავიდან დაიწყო.
ფეხზე წამომდგარი ახალ პრობლემებს შეეჯახა: განათლებისა და დიდი გამოცდილების მიუხედავად, დღეს შესაფერისი სამსახურის პოვნა უჭირს. ბევრისგან მიიღო უარი, მიზეზად კი გადატანილი ტრაგედია და სამი შვილის დედობა დაუსახელეს. არადა, უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ ის ცოცხალია და შეუძლია, მოვალეობებს გაართვას თავი. გარდა ამისა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურის გარეშე არსებობას, უბრალოდ, ვერ შეძლებს. 

– განო, ცოტა ხნის წინ შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ წერდი, რომ უცხო ადამიანები გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რომ კოტე ცოცხალია.
– ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში  მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. არ ვიცი, ამას საერთოდ რა ჰქვია. ეს ისეთი თემაა, ოხუნჯობას ნამდვილად ვერ ვუწოდებ. კოტეს დაღუპვიდან წელიწადი და სამი თვე გავიდა, ჩემთან კი ახლაც ძალიან ხშირია მსგავსი შინაარსის ზარები. თავიდან უფრო ხშირად მირეკავდნენ, რაღაც პერიოდი გაჩერდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისევ განაგრძეს. მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კოტე ქუჩაში დაინახეს, რომ ის დანამდვილებით ცოცხალია და თბილისშია. ზოგჯერ მეუბნებიან, გინდა თუ არა, დაუძახე, რატომ არ გვალაპარაკებო.
– წარმომიდგენია, რა მძიმე იქნებოდა ეს შენთვის, როცა პირველად დაგირეკეს.
– წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ვარ ექვსი, შვიდი, რვა თუ ცხრა თვის მუცლით, აბსოლუტურ კოშმარში, როცა მირეკავს უცხო ადამიანი და მეუბნება, რომ კოტე ცოცხალია. თავიდან, როცა ეს პირველად ხდებოდა, ძალიან გულახდილად გეტყვი, მიამიტურად და ბავშვურად ვიწყებდი კვლევას – ვაიმე, მართლა ხომ არ არის შესაძლებელი, რომ კოტე ცოცხალი იყოს-მეთქი და ილუზიებში ვიყავი. თუმცა მალევე ვხვდებოდი, რომ ეს აბსურდი იყო და ემოციურად უარეს მდგომარეობაში ვვარდებოდი. ბოლოს ისეთი ზარი იყო, რომ ხმამაღლა თქმაც არ მინდა. რამდენჯერმე „ონლაინ-კრედიტიდანაც“ დამირეკეს„  – რატომ გვიმალავ კოტეს, გინდა თუ არა, დაგვალაპარაკეო. ახლა ნელ-ნელა იმუნიტეტს ვიმუშავებ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს.
– მთელმა საქართვეელომ აღიარა, რომ უძლიერესი ადამიანი ხარ და შენ ფეხზე წამოდგომა შეძელი. თუმცა, ბუნებრივია, გქონდა ძალიან რთული პერიოდები, თუნდაც ღამით სასაფლაოზე გაქცევა.
– ეს ისეთი პირადი და ინტიმური დეტალებია, რომელზეც საჭიროდ არ მიმაჩნია, ხმამაღლა ვილაპარაკო. რა თქმა უნდა, მე ახალ წელსაც იქ ვიყავი, სასაფლაოზე, ჩემს ერთ არაჩვეულებრივ მეგობართან ერთად, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც ვიცნობ, უდიდესი თანადგომა გამომიცხადა. ის მართლაც რომ ღვთის საჩუქარია. ჰო, სასაფლაოზე ვიყავი, მერე რა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე სასაფლაოს მიმართ შიში არ მაქვს. თავიდან საერთოდ ვერ ავდიოდი კოტესთან, მერე, პირიქით – მეძახდა. იყო პერიოდები, როცა გიჟივით გავრბოდი; იყო პერიოდები, როცა მთელ დღეებს იქ ვატარებდი, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი და, იყო დღეები, როცა საერთოდ ვერ მივდიოდი. ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი მგონია, რადგან ეს ჩემი, ძალიან პირადი და სანუკვარი სივრცეა. არა მგონია, ამაზე ბევრი ლაპარაკი ღირდეს. ისიც საკმარისია, რაც თავის დროზე მე და კოტემ გავასაჯაროვეთ. სიმართლე რომ გითხრა, ვნანობ ყოველ წამს, რომელიც რაღაცეებში დავკარგეთ. თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში რამე მოხდება, ეს იქნება მხოლოდ ჩემი. თუმცა, არ დავიღლები იმ ადამიანებისთვის მადლობის გადახდით, ვისგანაც ძალიან დიდ გულშემატკივრობასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი.
– ის, რომ ყველაფერი კოტეს გახსენებს, ბედნიერებას განიჭებს თუ, პირიქით – გტკივა? იმიტომ გეკითხები, რომ, მახსოვს, როცა კოტე გარდაიცვალა, შენ დატოვე თქვენი სახლი, რადგან, როგორც თქვი, შენთვის იქ ყოფნა ძალიან მტკივნეული იყო.
– იმ სახლში ჩემი მიბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. გულწრფელად ვამბობ, ჩემს განცდებზე საუბარი შეუძლებელია, ვერ მოგიყვები, რას განვიცდიდი. წლების წინ  მე გარდამეცვალა 13 წლის და, ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი გამოვიარე, მაგრამ კოტეს შემთხვევა კიდევ სხვა იყო. მე ყველაფერი ერთად დავკარგე და, იმის გადმოცემა და ახსნა, რა და რატომ გავაკეთე შეუძლებელია. არის ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც ჩვენზე მაღლა დგას და ამაზე ფიქრი და სხვებთან ლაპარაკი, უბრალოდ, განადგურებს. კოტეს ზოგ მეგობარსა და ნათესავს, ზოგიერთ ჩემს მეგობარსაც კი, არ ესმოდათ, რომ მე არ შემეძლო პირველ დღეებში იქ მისვლა და გაჩერება. ეს გვესმოდა მარტო მე, ჩემს მშობლებს და კოტეს იქ, სადაც არის. ის, დარწმუნებული ვარ, კარგად ხვდებოდა, რაც დამემართა იმ მომენტში. არის დატყმა და ტკივილი, რომელსაც, უბრალოდ, შეუძლებელია, გაუძლო. მაგრამ, როდესაც მუცელში ცოცხალი ნაყოფი გიზის, ვალდებული ხარ, გაუძლო. ამიტომ იგონებ ამასთან ბრძოლის მეთოდებს. დღეისთვის მე უკვე მეორეჯერ დავხურე ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამაყობდა, როცა მე მის გვერდით ვიყავი და, იმაშიც დარწმუნებული ვარ, მე რომ ამ კონდიციას მივაღწიე, ამაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი. ყველაფერი მქონდა და სამომავლოდ გეგმებს ვაწყობდით, მაგრამ ყველაფერი თავზე ჩამომემხო. ახლა ვცდილობ, ახალი ცხოვრება დავიწყო, ამიტომაც ჩავაბარე მაგისტრატურაში, იმ პროფილით, რომელშიც უკვე რვა წელია, ვმუშაობ.
–  ერთია განათლების გაღმავების სურვილი, მაგრამ, ამასთან ერთად, წერდი იმასაც, რომ სწავლა იქნებოდა თვითმკვლელობაზე ფიქრებისგან თავის დაღწევის საშუალება.
– თვითმკვლელობაზე ფიქრი ცოტა გააფეტიშეს, თუმცა რეალურად ეს იყო იმ მომენტში გადარჩენის ერთადერთი გზა. ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი და თვითონ პიარაკადემია ძალიან დამეხმარა რეაბილიტაციაში. აუცილებლად მჭირდებოდა სრულიად ახალი სივრცე, სადაც მე ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი გოგო, ჩემი ისტორიის გარეშე და ეს სწორედ აქ ვიპოვე. გარდა ამისა, იქ არაჩვეულებრივი სწავლაა და ამაზე გადავერთე, რაც ძალიან დამეხმარა ძალების აღდგენაში.
– თუმცა, როგორც ვიცი, მიუხედავად შენი გამოცდილებისა და განათლებისა, ახლა შესაფერისი სამსახურის პოვნა გიჭირს.
– ასეა. მინდა ყველას გავაგებინო, რომ მე ცოცხალი ვარ, ისევ აქტიურად ვცხოვრობ და ისევ ისე კარგად შემიძლია ჩემი საქმის კეთება. როცა ეს ტრაგედია მოხდა, მე ყველა სამსახურიდან წამოვედი, მერე ტელეკომპანია „იმედიდან“ მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან იმ პერიოდში ცხრა თვის მუცლით ვიყავი. ახლა ცხოვრებაში მაქვს ეტაპი, როცა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვარ, რომ დავიწყო ნორმალური სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ცუდი ტენდენცია დავინახე. რამდენიმე კომპანიამ ძალიან გახსნილად მითხრა: შენ გლოვობ, ქმარი გარდაგეცვალა, ასეთი ისტორია გადაგხდა, გყავს სამი შვილი, პატარა ახლახან გაგიჩნდა და, ალბათ, ჯერ არ ხარ მზად, რომ სამსახური დაიწყოო. კომპანიები, რომლებიც წელიწად-ნახევრის წინ ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ, ახლა ამ მიზეზებს მისახელებენ, რამაც ცოტა დამთრგუნა. დღეს ძალიან აქტიურად ვეძებ სამსახურს და ძალიან მინდა, რომ უახლოეს მომავალში რამე გამოჩნდეს, თორემ, ძალიან მალე აღმოვჩნდები რეალური პრობლემების წინაშე.
– იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. შვილების შესახებაც მინდა გკითხო, რომელთა წინაშეც განსაკუთრებული მოვალეობა დაგეკისრა.
– ტასო ექვსი წლის იყო, როცა ეს უბედურება დაგვემართა, თარაში კი – სამის. ჩვენ ოთხივე იმდენად შეკრულები ვიყავით და კოტე ისეთი გადამკვდარი მამა იყო, რომ ბავშვებმა, უბრალოდ, ვერ წარმოიდგინეს ეს ყველაფერი. მე ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე რაციონალური გადაწყვეტილება და, სანამ კოტეს ჩამოიყვანდნენ, ტასოს ყველაფერი მოვუყევი. ძალიან ცუდად გახდა, გაითიშა და ორი საათი უგონოდ იყო. ჩვენ იძულებულები ვიყავით, ერთად გვესწავლა, რას ნიშნავს ცხოვრება კოტეს გარეშე, იმ დღესასწაულების გარეშე, რომლებიც ჩვენს ერთად ყოფნას ახლდა თან. რაც შეეხება თარაშს, მასთან ყველაფერი უფრო რთული იყო. თარაშმა, უბრალოდ, ვერ გაიგო, მამა რატომ აღარ მოვიდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საბავშვო ბაღს – „წიგნიერს“, რომელმაც თარაში აიყვანა და იქ ფანტასტიკური გარემო შეუქმნა ამ მდგომარეობის გადასალახავად. ეს ბაღი მე და კოტემ ერთად შევარჩიეთ მისთვის და კოტეს გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე დავრეკეთ კიდეც. მომხდარის შემდეგ მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თარაშს ექვს წლამდე უფასოდ აღზრდიდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვები ყოველდღე განიცდიან უმამობას, თუმცა მე მაქსიმალურად ვცდილობ, ცხოვრება გავუფერადო. მეტსაც გეტყვი: ორსულობისას იყო დღეები, როცა ისე ცუდად ვიყავი, სავარძლიდან ვერ ვდგებოდი. ამ დროს სულ პაწაწინა თარაში მეჯდა კალთაში და ეფერებოდა ჩემს მუცელს – ის ერთადერთი მამაკაცი იყო, ვინც ჩემს მუცელს ეფერებოდა და ლოლიტას ელაპარაკებოდა. არის დღეები, როცა ძალიან მოწყენილები არიან; არის დღეები, როცა ერთად გვეტირება. კვირაობით კოტეს დედასთან მივდივართ – მას ბევრი ჩანაწერი აქვს და ვუყურებთ. მოკლედ, ჩვენთან ამ თემას ტაბუ არ ადევს. უბრალოდ, ვცდილობ, ბავშვებს თავს არ მოვახვიო, რომ უბედურება მოხდა. პირიქით, დილაობით ერთად ვლოცულობთ და მამას ველაპარაკებით. მე ყველაფერს ვაკეთებ, ვცდილობ, მამაც ვიყო და დედაც, მშობლებიც ყველანაირად მეხმარებიან, მაგრამ მამას მაინც ვერავინ შეუცვლით. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც უძლურები ვართ. კიდევ ცალკე თემაა ლოლიტა. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ბარიერი გამეკეთებინა განცდებსა და ფეხმძიმობას შორის. მის დაბადებას ეიფორია და პეპლები არ მოჰყოლია. სტრესმა ბოლოს ქანცი გამიწყვიტა, სიარულიც აღარ შემეძლო, დამჭირდა საკეისრო და  სამშობიარო ბლოკში პირველად აღმოვჩნდი მარტო, კოტეს გარეშე. ოპერაციამ რთულად ჩაიარა, არც სამშობიაროდან გამოყვანის დღე დამავიწყდება არასდროს, რადგან ტრავმა მეორედ მივიღე, როცა მარტო დავრჩი – ახალნამშობიარევს ვირუსი შემეყარა და ბავშვები ჩემმა მშობლებმა წაიყვანეს. ამ დროს ისევ მეგობრები დამიდგნენ გვერდით.

скачать dle 11.3