კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა თბილისში გველებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი

გველი, როგორც მიწისქვეშეთის უმთავრესი სიმბოლო, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართულ ტრადიციებში, მითებში, კულტში, რიტუალებში, ხელოვნებაში, ხალხურ შემოქმედებაში და სხვა. თავად სიტყვა „გველი,” საქართველოში რამდენიმე ფონეტიკური სახესხვაობითაა წარმოდგენილი: მეგრული – გვერი, სვანური – ჰერწამ, ჰერწემ, უიჯ, შიხულდ. საყოველთაოდ გავრცელებულია, რომ გველის ნაცვლად, მას უსახელოს ან უხსენებელს უწოდებენ. ქართული მითოლოგიიდან საინტერესო ცნობები გვაქვს შემონახული „ფუძის ანგელოზის” შესახებ. გავრცელებული რწმენების მიხედვით, ყველა სახლს ჰყავდა თავისი გველი, რომელიც იცავდა კერას. განარჩევდნენ „ალალ” და „არამ” გველს. ფუძის გველს „ალალს” ეძახდნენ. ოჯახის გველის ფერთან, ძირითადად: შავი, წითელი ან რუხი ასოცირდებოდა, რომელიც კეთილდღეობისა და სიმდიდრის მფარველი იყო. საინტერესოა, თუ როგორ უვლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ფუძის ანგელოზს”. ოჯახში გველს შემთხვევით თუ მოკლავდნენ, მაშინ გამოსასყიდი უნდა გადაეხადათ. კახეთში ეს ეგრეთ წოდებული „დედა-მდებიარეს” სუფრა გახლდათ. იშლებოდა სუფრა, სპეციალურად ყიდულობდნენ იხვს, აკმევდნენ საკმეველს,  ანთებდნენ სანთლებს და წარმოთქვამდნენ მისატევებელ ტექსტს. ხანდახან იგივე რიტუალს წინასწარ ასრულებდნენ, თავის დაზღვევის მიზნით. ადგილობრივების რწმენა ამ ქვეწარმავალთან დაკავშირებით ასეთი იყო: „პატივი ეცი გველს და ის კიდევ უფრო მეტ პატივს გცემს”. ასევე, საინტერესოა დასავლეთ საქართველოში „ნერჩის ხვამის,” იგივე – „ფუძის ანგელოზის” რიტუალი. ეს რიტუალი ორი დღისგან შედგებოდა. აღნიშნულ დღეს ოჯახის უფროსი დიასახლისი აცხობდა ოთხ პურს. ჩაიკეტებოდა მარტო და სხვებისაგან მალულად ასრულებდა ლოცვას. თან, ორ სანთელს შემოსასვლელ კარებთან აანთებდა, ორს – გასასვლელთან. ვიდრე სანთლები ჩაიწვებოდა, პურები უნდა ეჭამა. რიტუალის პირველი ნაწილი ამით სრულდებოდა. რიტულის მეორე ნაწილი იწყებოდა კვერის ცხობით, რომელსაც ლობიოს სართავს უკეთებდნენ. შემდეგ მას სახლის კუთხეში დადებდნენ და ოჯახის უფროსები დაჩოქილი სცემდნენ თაყვანს სიტყვებით: „ნერჩი პატენს”, რომელიც დედა ღვთაებას აღნიშნავდა.
გველებთან ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო ისტორია გვსმენია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ანაგის მთავარანგელოზში (კახეთში) ყოფილა დედა თებრო, წმიდა ქალი, რომელსაც „მდებიერის დედა თებროს” ეძახდნენ. გადმოცემით მას გველები ესეოდნენ და როგორც ამბობენ, ის იყო საუკეთესო მკურნალი. „მისი ორთქლი, წყალი და ორი სიტყვა, ყველას არჩენდაო”. 
დღეს გველის დანახვა ყველას აშინებს. ადრე პირიქით, ოჯახში მისი გამოჩენა ბედნიერების მომასწავებელი იყო. ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეწარმავლებიც გამოდიან თავიანთი სოროებიდან და ნადირობას იწყებენ. თბილისში, ბოლო პერიოდია, გველები არა მხოლოდ გარეუბნებსა და ეზოებში გვხვდება, არამედ სადარბაზოებსა და ცენტრალურ უბნებშიც. რა ვითარებაა ქვეწარმავლებთან დაკავშირებით წელს დედაქალაქში, ამ საკითხზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.
– შეინიშნება თუ არა გველების სიმრავლე და რა უნდა მოვიმოქმედოთ ქვეწარმავალის დანახვის შემთხვევაში?
– დიახ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, იმატებს გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მაღალი ტემპერატურა ააქტიურებს ქვეწარმავლებს და უფრო შესამჩნევი ხდებიან. როცა მოსახლეობა დააფიქსირებს ქვეწარმავალს, სააგენტოს ოპერატიული ჯგუფი უწევს მათ დახმარებას. სააგენტოს ჰყავს კარგი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გველდამჭერი ბრიგადები, რომლებსაც თანამედროვე ხელსაწყოები აქვთ და 24 საათის განმავლობაში მობილიზებულები არიან დახმარების გასაწევად.
– გველის დანახვისას ადამიანი იბნევა და მაშინვე ვერ იძახებს დამხმარე ბრიგადას. ამ დროს რა უნდა მოვიმოქმედოთ?
– ყველაზე საუკეთესო რჩევაა, გველის დაფიქსირების შემთხვევაში, თავი  შეიკავონ აქტიური ქმედებისა და თვითნებურად დაჭერისგან, თუ ამას უკიდურესი შემთხვევითობა არ მოითხოვს.
– დაგესლვის შემთხვევაში რა უნდა ვიცოდეთ?
– უპირველეს ყოვლისა, კარგია, თუ საპნით ჩამოიბანთ ნაკბენ ადგილს, ჭრილობას. ამ დროს ნაკლებად უნდა იაქტიუროთ, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს.
– სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ამ ეტაპისთვის რამდენი გამოძახებაა დაფიქსირებული ქვეწარმავლებთან დაკავშირებით?
– 319 გამოძახება დაფიქსირდა ბოლო ერთი თვისა და 10 დღის განმავლობაში. სხვათა შორის, წინა წელს უფრო მეტი იყო. შარშან უფრო ცხელოდა და იმიტომ. ახლა წვიმიანი ამინდებია და  ნაკლებად აქტიურობენ ქვეწარმავლები.
– თუმცა, 319 გამოძახებაც არ არის ცოტა. პანიკის საფუძველი არსებობს მოსახლეობისთვის?
– პანიკის საფუძველი არ არის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტემპერატურა რომ იმატებს, გველები სოროებიდან გამოდიან და იწყებენ აქტიურ ცხოვრებას.
– წელს, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში, ან სადარბაზოში უნახავთ ქვეწარმავალი?
– კი, იყო მსგავსი შემთხვევა, სადარბაზოში დააფიქსირეს, თუმცა წელს გველს არავისთვის უკბენია.
– რომელ უბნებში შეინიშნება ყველაზე ხშირად ქვეწარმავლები?
– თბილისის თითქმის ყველა უბანშია დაფიქსირებული, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება ისეთი უბნის მცხოვრებთ მართებთ, სადაც  შარშან რამდენჯერმე შხამიანი ქვეწარმავლები და გიურზაც იპოვეს. ეს უბნებია: კრწანისის რაიონი, აფრიკის მიმდებარე ტერიტორია, ორთაჭალა და თბილისის რამდენიმე ცენტრალური უბანი.
– სულ გველის რამდენი სახეობაა თბილისში და მათ შორის რამდენია შხამიანი?
– დაახლოებით 12-14 სახეობის გველი ფიქსირდება, მაგრამ ამათგან შხამიანი მხოლოდ ორი სახეობაა. ეს არის გიურზა და ცხვირქოსანა გველგესლა.
– გოგირდისა და რეზინის დაწვა თუა ეფექტური მეთოდი?
– ეს არის ძველი მეთოდი, რომელიც არ მოქმედებს და არაეფექტურია. უპირველესად, საჭიროა, მივხედოთ იმ ტერიტორიას, სადაც ვცხოვრობთ. ბალახი მინიმალურ დონემდე უნდა გავთიბოთ, რომ გველს არ შევუქმნათ იქ დაბუდების პირობა. გველი არ სეირნობს, გველი ნადირობს. უნდა ვეცადოთ, ეზოში ნაკლებად იყოს გველისთვის საინტერესო ობიექტები. ანუ, ამ შემთხვევაში იგულისხმება თაგვები, ვირთხები – ის არსებები, რითაც იკვებება. ბოლოს ეზო უნდა დავამუშაოთ სპეციალური სითხით, რომელიც იყიდება. თუმცა, ისიც მეტ-ნაკლებად იცავს ტერიტორიას.
– შხამი რამდენ ხანში იწყებს მოქმედებას?
– სპეციალისტების გადმოცემით, თუ შხამიანმა გველმა უკბინა ადამიანს რამდენიმე საათი აქვს, რომ ექიმს მიმართოს. კარგია თუ ის გაარჩევს ნაკბენს. შხამიანი გველის ნაკბენი განსხვავდება უშხამო გველის ნაკბენისგან. შხამიანი გველი, როცა გკბენს, ჭრილობა რჩება ორი პატარა წერტილის სახით. უშხამო გველი პატარა წერტილოვან ჭრილობას ტოვებს. თუ გიკბენთ გველი, გავიმეორებ, უპირველესად, ნაკლებად უნდა ინერვიულოთ და იმოძრაოთ, რომ სისხლი არ აჩქარდეს და შხამი არ გავრცელდეს ორგანიზმში. არის მოსაზრება, რომ დაგესვლის შემთხვევაში, ლახტი უნდა გადაიჭიროთ. ეს მცდარია და კატეგორიულად აკრძალული. ყველაზე კარგი ვარიანტია ამ დროს, სპორტული ბინტის გადახვევა.
– თუ შესაძლებელია შხამიანი და არაშხამიანი გველის ფიზიკურად გარჩევა?
– დიახ, შესაძლებელია. შხამიანი გველი  იმით განსხვავდება, რომ კისერი აქვს ვიწრო და თავი სამკუთხედისმაგვარი ფორმის. შხამიან გველს კისერი და კუდი ერთბაშად უვიწროვდება. გველი, რომელიც არ არის შხამიანი, კისრიდან მოყოლებული, კუდამდე, ფაქტობრივად, ერთი სიგანისაა.
– გველებს რომ იჭერთ, სად გადაგყავთ?
– უსაფრთხო ადგილზე, ცენტრიდან მოშორებულ ტერიტორიაზე.
– რომელ პერიოდშია ყველაზე აგრესიული გველი?
– შეჯვარების პერიოდში, რომელიც მაისიდან ივნისის დასასრულამდე გრძელდება.

скачать dle 11.3