კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლიათ თუ არა საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტებს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და რა სიახლეებია წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე

პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. 2016 წელს პირველად, ეს გამოცდები ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსაცდელი ტესტის მოცემულობას ინდივიდუალურ ეკრანზე წაიკითხავს, პასუხს კი ძველებურად, პასუხების ფურცელზე დააფიქსირებს. საინტერესოა, რა უპირატესობა აქვს ამ ფორმატს, არიან თუ არა მისთვის მზად აბიტურიენტები და კიდევ რა სიახლეებია წლევანდელ გამოცდებზე.
ივან მინდაძე (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე): ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით და გაგრძელდება 22 ივლისამდე. ამ პერიოდში გამოცდებს ჩააბარებენ, როგორც აბიტურიენტები, ისე მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები, რომელთაც უნდათ გრანტის გაუმჯობესება და საგნის გამოცდებს – პედაგოგები. წელს დიდი სიახლე გვაქვს, გამოცდები ჩატარდება ნახევრად ელექტრონული სახით. ნახევრად ელექტრონული ნიშნავს, რომ კანდიდატი დავალებას წაიკითხავს ეკრანზე, რომელიც თითოეულ მაგიდაზე იქნება დამონტაჟებული და პასუხს გასცემს პასუხების ფურცელზე. ასევე, ექნებათ ფურცელი შავი სამუშაოსთვის.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ სიახლის შემოტანა, რა უპირატესობები აქვს მას?
– ნახევრად ელექტრონული სახის ტესტირება პირველი ნაბიჯია სრულად ელექტრონული ტესტირებისკენ. რაც არ მოხდება არც წელს და არც მომავალ წელს, მაგრამ გვინდა, რამდენიმე წელიწადში ეს მეთოდი დავნერგოთ. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს. დავიწყოთ ტესტის ფორმატით. სრულფასოვანი კომპიუტერის ეკრანი საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ყველა ციფრული ტექნოლოგია: სივრცე, ანიმაცია, ფერები... შესაბამისად, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის ტესტები შეიძლება, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ადეკვატური გავხადოთ.
– ეს გამოსაცდელს გაუადვილებს გამოცდის ჩაბარებას?
– გამარტივებაზე არაა საუბარი, მთავარია, რომ ტესტის მოცემულობა იქნება სრულყოფილი, მრავალფეროვანი და ადეკვატური. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ზოგადი უნარების პასუხებისთვის დაახლოებით ერთი თვეა საჭირო, ელექტრონული გამოცდის შემთხვევაში, პასუხი იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც იქნება, რადგან ეს ფორმატი დააჩქარებს დახურული დავალებების გასწორებას. თუმცა, წელს ასე ვერ მოხდება, რადგან ჯერ ისევ პასუხების ფურცელზე გვექნება პასუხები და მის გასწორებას დრო დასჭირდება. ალბათ, იცით, რომ დავალებების ბუკლეტი უცხოეთში იბეჭდებოდა, ლურჯ პარკებში იფუთებოდა და გამოცდის დროს იხსნებოდა. მათი დამზადება, ჩამოტანა, ბანკის საცავებში შენახვა და საგამოცდო ცენტრში ტრანსპორტირება, საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ბოლო წელს ეს პროცესი დაახლოებით 800 000 ლარი დაჯდა, რაც ნახევრად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შედეგად, საჭირო აღარაა. ვინმე იკითხავს, კი მაგრამ ლეპტოპი ქაღალდზე ძვირი არ ჯდებაო? არა, რადგან ჩვენ ლეპტოპებს არ ვყიდულობთ. მათ სახელმწიფო ყიდულობს ყოველ წელს გარკვეული რაოდენობით. ჩვენ, უბრალოდ, ცოტა ხნით გამოვიყენებთ და შემდეგ დავუბრუნებთ. ასე რომ, ეს სიახლე ფინანსურ მოგებას მოგვიტანს.
– ეს ფორმატი ხომ არ დააკარგვინებს აბიტურიენტს დროს?
– ამაზე, ცხადია, ჩვენც ვიფიქრეთ. რაში შეიძლება დაკარგოს კანდიდატმა დრო? მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტსში არის ტექსტი, რომელსაც უნდა გაუკეთო რედაქტირება, იპოვო შეცდომები. როგორც წესი კანდიდატი უშუალოდ მოცემულ ტექსტში მუშაობდა და მისი გადაწერა არ სჭირდებოდა. ელექტრონულ ფორმატზე ამას ვერ მოახერხებს. ბევრი, ალბათ, მას ჯერ შავ ფურცელზე გადმოიტანს და შემდეგ პასუხების ფურცელზე გადაათეთრებს. მათემატიკაში შეიძლება გარკვეული ნახაზის გადმოტანა დასჭირდეს ეკრანიდან შავ ფურცელზე, ფიზიკაშიც და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს კანდიდატს ცოტ-ცოტა დროს ნამდვილად წაართმევს, ამიტომ ეს დრო საგამოცდო დროს დაემატა.
– აქვე მითხარით, რომელი გამოცდის ხანგრძლივობა გაიზარდა და რამდენით?
– ზოგად უნარებს დაემატა 10 წუთი, ქართულს – 15 წუთი, მათემატიკას – 10 წუთი. მაგალითად, ბიოლოგიას არ დამატებია, მაგრამ თვითონ დავალების ფორმატი შეიცვალა – მათი რაოდენობა შემცირდა, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ დრო გაიზარდა. შინაარსობრივად, სირთულისა და შეფასების მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა.
– ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას მოჰყვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, საქართველოში ყველა სკოლის მოსწავლეს არ ჰქონდეს კომპიუტერის შესაბამისი ცოდნა, რომ ეროვნულ გამოცდებზე შეძლოს მისი გამოყენება.
– ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში ტარდება გამოსაშვები გამოცდები, რომელიც ასევე, ელექტრონული ფორმატისაა.
– მაგრამ, იქ ძალიან მარტივი ფორმატია.
– აქ კიდევ უფრო მარტივი ფორმატია. თუ იქ კანდიდატმა ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა მონიშნოს, აქ მხოლოდ ორი ღილაკის წინ და უკან გამოყენება უწევს – რომლის საშუალებითაც გადავა მომდევნო დავალებაზე ან დაბრუნდება წინაზე. ანუ, ამას კომპიუტერის განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება. მით უმეტეს, რომ მათი გამოყენების წესები თავფურცელშიც მოცემულია და მეთვალყურეც მიაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას.
– როდესაც საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ამჯერად თუა ბოლომდე გამართული და გამოცდილი ეს სისტემა და ხარვეზის შემთხვევაში, რა ზომებს მიიღებთ ან დაკარგული დრო თუ დაემატება აბიტურიენტებს?
– ეს გამოცდა, ცხადია, დამოკიდებულია დენსა და ინტერნეტზე, ანუ ისეთ ფაქტორებზე, რომელიც გარკვეულ რისკს შეიცავს. თვითონ სისტემა გამართულად მუშაობს, ორჯერ გვქონდა პილოტირება თბილისსა და კახეთში. ყველაფერი უზრუნველყოფილია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დენის ან ინტერნეტის წყვეტა, გვაქვს გარკვეული სტრატეგიები, როგორ მოხდეს ალტერნატიური წყაროს ჩართვა. იმედია, არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, აბიტურიენტს დაკარგული დრო არ დააკლდება. მაგალითად, როგორც საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დახმარების დრო უნაზღაურდება, ისევე აუნაზღაურდება აღნიშნული ტექნიკური ხარვეზით დაკარგული დრო. პირველად ვატარებთ ამ ფორმატით გამოცდას და ცხადია, ჩვენც ვღელავთ. ეს საკმაოდ შრომატევად და რთულ წინამოსამზადებელ პერიოდს მოითხოვს. მაგრამ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
გარდა ამისა, სიახლე იყო რეგისტრაციის პროცესში. წელს პირველად შეეძლოთ საგნების შეცვლა, აქამდე რეგისტრაციის შემდეგ საგნების ჩამონათვალში ცვლილება ვერ შეჰქონდათ. მხოლოდ უნივერსიტეტის ჩამონათვალის ცვლილების უფლება ჰქონდათ, რაც ახლაც შეუძლიათ შედეგების გამოცხადების შემდეგაც, აპელაციამდე, პრაქტიკულად, აგვისტოს დასასრულამდე.
კიდევ ერთი სიახლეა მოსაწვევთან დაკავშირებით. წინათ ჩვენ ვბეჭდავდით, ვახარისხებდით რესურსცენტრების მიხედვით და ვაგზავნიდით იქ. რესურსცენტრი უგზავნიდა სკოლას, სკოლა გადასცემდა აბიტურიენტს. წელს აბიტურიენტი საკუთარ გვერდზე მიიღებს მოსაწვევს და ივნისის მეორე დეკადიდან თვითონვე შეეძლებათ, მისი ამობეჭდვა.
– უნივერსიტეტებში მიღება და აბიტურიენტების რაოდენობა რამდენია წელს?
– 2005 წელს ეროვნული გამოცდები რომ დაიწყო, 16-17 ათასი საუნივერსიტეტო ადგილი და  32-33 ათასი აბიტურიენტი იყო. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, ბევრმა უნივერსიტეტმა გაიარა აკრედიტაცია, მიიღო სტუდენტების მიღების უფლება. ბევრმა უნივერსიტეტმა ახალი კორპუსი დაამატა, ზოგი გაერთიანდა, მოკლედ, ბევრი მიზეზია და შედეგად, დღეს არის 44 ათასამდე საუნივერსიტეტო ადგილი და 38 ათასზე ოდნავ მეტი აბიტურიენტი. ანუ, აპრიორი ვიცით, რომ ვაკანტური ადგილები დარჩება.
– როგორი მაჩვენებელი იყო წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე?
– წელს 47 ათასზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა. მათი ნაწილი იყო მეთორმეტეკლასელები, ნაწილი – ექსტერნი, ვინც გადმოვიდა მეთორმეტეში და მათთან ერთად ამთავრებენ; ისინი, ვინც შარშან მეთერთმეტე კლასში ვერ ჩააბარა ორი, სამი ან ოთხივე გამოცდა და ისინიც, ვისაც ორი-სამი წლის წინ უნდა დაემთავრებინა სკოლა, მაგრამ თავის დროზე ვერ ჩააბარეს. გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ კანდიდატებს ყველაზე მეტად მათემატიკა და უცხო ენები გაუჭირდათ. დაახლოებით 85-მა პროცენტმა გადალახა ზღვარი უცხო ენაში, 86-მა – მათემატიკაში. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შორის 2 900 გამოეთიშა კონკურსს. შარშანაც – დაახლოებით ამდენივე, შეიძლება ოდნავ ნაკლები მაჩვენებელი იყო, 2011-2012 წლებში კი უფრო მაღალი. ამაში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ.
– საბუნებისმეტყველო საგნებში როგორი მდგომარეობა გვაქვს?
– საბუნებისმეტყველო საგნები მეთერთმეტე კლასში ჩააბარეს. ვინც ვერ გადალახა, ისინი ახლა მეორედ აბარებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა საგნებთან შედარება არ იქნებოდა ობიექტური, რადგან 40 000 აბარებდა  უცხო ენას და 5 000 ფიზიკას, არათანაბარი შედარეებაა და ამიტომ მოვერიდები. ისე, საბუნებისმეტყველო საგნებში რომ არ გვილხინს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ.
– უკვე მეოთხე წელია, უფასო ფაკულტეტები გამოცხადდა, რამაც მათ მიმართ ინტერესი გაზარდა. ხომ არ დაემატა მათ რიცხვს ან გამოაკლდა რომელიმე ფაკულტეტი და როგორია მათზე მოთხოვნა ახლა?
– უფასო ფაკულტეტების რაოდენობა არ შეცვლილა, შეიცვალა ის, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე მოთხოვნა გაიზარდა. მიზანიც სწორედ იმ საგნების ირიბი წახალისებაა, როგორიცაა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, აგრარული. ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მიმართულებებია, არადა, ბოლო პერიოდში მოთხოვნილება აღარ იყო. ბოლო ორი-სამი წელია, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს დასაქმებამაც განაპირობა, როგორც ჩანს, გარკვეული დასაქმების პერსპექტივაც გამოჩნდა და ამას აბიტურიენტები ხედავენ.
– ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებზე თუ შეიცვალა რამე?
– ამ ფაკულტეტს სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა სახელი აქვს: ეკონომიკა, ბიზნესი, ბიზნესის ადმინისტრაცია და ასე შემდეგ, რაც ყველაზე მოთხოვნადია. მოთხოვნა იზრდება ისევ სამედიცინო მიმართულებაზე, რამაც ერთი პერიოდი თითქმის მოიკლო. მოთხოვნადია ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და იურისპრუდენცია. ძირითადად, აქაა ყველაზე მაღალი კონკურენცია.
– სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს თუ შეეხო რაიმე ცვლილება ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის გარდა?
– წელს პირველად დაგვემატება მასწავლებელთა გამოცდებში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის, მუსიკის მასწავლებლების გამოცდა.
– მასწავლებლების გამოცდების შედეგები ყოველთვის აჟიოტაჟთანაა დაკავშირებული.
– ამ მხრივ, ჟურნალისტების დამსახურება მაღალია.
– რატომ, უსაფუძვლო აჟიოტაჟია?
– არა, გეტყვით. როცა ამბობენ, რომ გარკვეულმა პროცენტმა ვერ გადალახა გამოცდის ზღვარიო და შემდეგ ეს შედეგები ყველა მასწავლებელზე გადააქვთ, რაც სწორად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი, გამოცდაზე, სიტყვაზე, ქიმიის 300 მასწავლებელი გამოვიდა და აქედან ნაწილმა გადალახა, ნაწილმა – ვერა. თუ ვერგადალახულთა რაოდენობა მაღალია, ეს ხდება აჟიოტაჟის საგანი და შედეგების განზოგადება ყველა მასწავლებელზე. საქართველოში ორი ათასი სკოლაა და უხეშად, მინიმუმ ამდენივე ქიმიის მასწავლებელი მაინცაა. სამასი ადამიანის შედეგის ორი ათასზე განზოგადება სწორი არ მგონია.
– მასწავლებლებისთვის რომელი საგნებია ყველაზე რთული?
– ზოგადად, შეიძლება ითქვას, უცხო ენების მასწავლებლებს უფრო უადვილდებათ გამოცდის ჩაბარება. აქ რამდენიმე მეზიზია: რუსული ბევრისთვის დღესაც მეორე ენაა, სახლშიც რუსულად ლაპარაკობენ და შესაბამისად, ეს ენა კარგად იციან. ინგლისური ბევრმა იცის, რადგან ძლიერი მოტივაცია აქვთ მის სასწავლებლად და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ მასთან დაკავშირებით. შედეგებისთვის მნიშვნელობა აქვს სტაჟს, ასაკს და ასე შემდეგ. ძირითადი პრობლემა მაინც საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებშია, თუ საერთოდ შეიძლება ასე განზოგადება და უხეში შედარება. 
– მაგისტრობის მსურველთა რაოდენობა როგორია?
– მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. წელს 12 ათასამდე მაგისტრობის მსურველი გვყავს.
– რამდენადაც ვიცი, ეროვნულ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად საჭირო ფიქსირებული გადასახადის დაბრუნება ხდება წელს პირველად.
– აქამდე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდებოდა, რადგან თითოეული აბიტურიენტისთვის ტესტის დამზადება და ჩამოტანა თანხებს უკავშირდებოდა. ათი ლარი მხოლოდ ნაწილია რეალურად საჭირო თანხისა, ლომის წილს სახელმწიფო ფარავს. წელს ჩავთვალეთ, რომ არის შესაძლებლობა, აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები, გადახდილი  თანხა უკან დაუბრუნდეთ. მათ შეუძლიათ, ამ თვის განმავლობაში მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება და ასეც მოხდება. მაგისტრანტებს ეს არ ეხება, თუ, რა თქმა უნდა, ახლავე არ გადაიფიქრა ვინმემ გამოცდაზე გასვლა.
ბოლოს, მინდა, ყველა კანდიდატს წარმატება და სიმშვიდე ვუსურვო, რადგან მშვიდად ყოფნა სტრესს ამცირებს, სტრესი კი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის გამოვლენაში უშლის ხელს.

скачать dle 11.3