კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო გოგონა, რომელიც ნიკალამ საჰაერო ბუშტით დახატა და რა კავშირი აქვს მასთან გია ალუღიშვილს, რომლის ნამუშევრები ვატიკანში და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთა კაბინეტებში ინახება

„წარმოშობით ქიზიყიდან ვართ, დედოფლისწყაროდან, სოფელ ანაგიდან მოდის ჩვენი გვარი. ხის დამმუშავებლები იყვნენ ჩემი წინაპრები. „ალუხი“ ძელქვა ხეა, ძვირფასი ჯიში, რომელსაც ჩემი წინაპრები ამუშავებდნენ, რის შემდეგაც დაურქმევიათ – ალუხიშვილები. თუმცა, დროთა განმავლობაში ხ ღ-დ გადაკეთდა და ასე გავხდით ალუღიშვილები,“ – ეს სიტყვები მხატვარ-დიზაინერ გია ალუღიშვილს ეკუთვნის, რომლის ულამაზესი, ქართულ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები არაერთ კერძო კოლექციასა და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთა კაბინეტებში ინახება. ბატონი გია ხისგან ძალიან ლამაზ ნამუშევრებს ქმნის. გარდა ამისა, უკვე ბუნებრივი მასალით ამზადებს სამკაულებსა და სათამაშოებს.
გია ალუღიშვილი: ჩემი ფესვები ფიროსმანთან არის დაკავშირებული. ჩემმა პაპამ, დიმიტრი ალუღიშვილმა მირზაანში იპოვა ნიკალა, რომელიც მწყემსი იყო და ჩამოიყვანა ქალაქში. რძის წერტი აჩუქა – ამით იცხოვრეო, მაგრამ ნიკალამ – ჩემი საქმე არ არისო, გაყიდა და იმ ფულით ერთი ფაეტონი ვარდები აჩუქა აქტრისა მარგალიტას. ნიკალას ჩემი ბებია, ლამარა, რომელიც მისი ნათლული იყო, შლიაპითა და ბუშტით ჰყავს დახატული. ბებია სულ იხსენებდა: ასეთი მხატვარი გვყავდა სანათესაოში, დამხატაო და მეც სულ ასეთ ისტორიებზე ვიზრდებოდი. ყოველ წელს ვმონაწილეობ ფიროსმანობაზე. უკვე მეექვსე წელია, საპატრიარქოს სკოლა-პანსიონში საინგილოდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან, მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ ბავშვებს, პატრიარქის კურთხევით, ქართულ ჩუქურთმას ვასწავლი. მამა მირიანისა და კახაბერ ვარდუკაძის ხელშეწყობით, ვაკეთებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს. პლუს ამას 1987 წლიდან სამხატვრო აკადემიაშიც ვასწავლი, ჩემი მეუღლეც მხატვარია, ჩემი ორი ქალიშვილიც. სკოლის შემდეგ მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელში ჩავაბარე ხის მხატვრული დამუშავების განხრით. უდიდესი პედაგოგი მყავდა – ვასო საალიანი, მან შემასწავლა ყველაფერი. დღემდე ვსწავლობ, დღემდე ძიებაში ვარ. 1987 წელს ცისფერ გალერეაში მქონდა გამოფენა და იქ პირველად გაიყიდა ჩემი ნამუშევარი – პირდაპირ საგამოფენო სივრციდან. მაშინ მივიღე პირველი ჰონორარი, თან, საკმაოდ კარგი თანხა, რადგან იმ ფულით ავტომობილი ვიყიდე.
– როგორც ვიცი, ევროპის ქვეყნების ბევრი პრეზიდენტის კაბინეტებში ეკიდა თქვენი ნამუშევრები. როგორ აღმოჩნდა იქ?
– როდესაც ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი იყო, იმ დროს არსებობდა პრეზიდენტის ფონდი, სადაც მიჰქონდათ ჩემი ნამუშევრები და პირად შეხვედრებზე ასაჩუქრებდნენ პრეზიდენტებს, სტუმრებს. იმ დროს ბზაზე ვმუშაობდი – ბარელიეფებს ვაკეთებდი ქართულ თემებზე. გამოფენაზე მოეწონათ ჩემი ნამუშევარი და დამიკავშირდა არჩილ ქურდიანი – „საჩუქრების შემრჩევი კომისიის“ თავმჯდომარე. ამის მერე წამოვიდა შეკვეთები. თითქმის სამი წლის განმავლობაში იღებდნენ ჩემს ნამუშევრებს და პრეზიდენტი პირად შეხვედრებზე გადასცემდა მათ სხვადასხვა სტუმარს – ჰეიდარ ალიევს, უზბეკეთის პრეზიდენტს, რომის პაპის პირად წარმომადგენელს  და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, პარიზის მერს... ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი იყო საქართველოში ჩამოსული და მშობლების საფლავთან გადასცა პრეზიდენტმა მას ჩემი ნამუშევარი – „იავნანა“. მოგვიანებით ტელევიზორში ვნახე მასზე დოკუმენტური ფილმი. კედელზე ეკიდა ჩემი „იავნანა” და ამბობდა: საქართველოში მაჩუქესო. დაახლოებით 100-მდე საჩუქარი მაქვს შექმნილი. შემდეგ მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი, ამ სეკვესტრში მოვხვდი და ამის მერე ამ მხრივ არავინ დაინტერესებულა. ძალიან ბევრი ნამუშევარია, ასევე, კერძო კოლექციებში.
ერთი ამბავი მინდა გიამბობთ. 1995 წელს იალტაში გავაკეთე ქართული რესტორანი „ნაციონალი“ – სუფთა ქართულ სტილში, დიდი შრომა ჩავდე. ზუსტად იმ დროს იალტაში ელცინი და კუჩმა – რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მოსალაპარაკებლად იყვნენ ჩამოსულები და ამ რესტორანში, გახსნას უნდა დასწრებოდნენ. მე იმ დროს კუჭის წყლული გამისკდა, ცუდად ვიყავი, თითქმის გარდაცვლილი და ოპერაციას მიკეთებდნენ. როგორც მერე მითხრეს: კუჩმას მოუთხოვია, ამის ავტორი მომიყვანეთ, ყანწით უნდა დავლიო მისი სადღეგრძელოო. უთხრეს: ცუდად არის, ოპერაცის იკეთებს, ან გადარჩება, ან არაო. კუჩმას კი უთქვამს: სასწრაფოდ გადაარჩინეთ, თუ გინდათ, მომავალში აქ იმუშაოთო. თან, ყანწით ჩემი სადღეგრძელო დაულევიათ. მოკლედ, შეშინდა ხალხი, ყირიმის მთავარი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ქირურგი, გვარად კანიევი იყო, სასწრაფოდ თვითმფრინავით ჩამოაფრინეს. იალტის რესპუბლიკური საავადმყოფოს თავზე დასვეს, შემოარტყეს დაცვა. ხალხი გაგიჟდა, რა ხდებაო. ქართველის სისხლი მონახეს, სამი ლიტრი გადამისხეს. გონზე რომ მოვედი, ქირურგმა მითხრა: იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადე, კუჩმა რომ არ ყოფილიყო, შენ ვერ გადარჩებოდი და მე კიდევ სამსახურიდან მომხსნიდნენო. საქართველოში რომ ჩამოვედი, გოგი დოლიძე იყო ჩემი მეგობარი, მასთან მივედი სახლში. თამრიკო ჭოხონელიძეს ფილმ „იავნანაში“ სიმღერისთვის ლაურეატის წოდება მისცეს და გოგიმ მითხრა, იქნებ რამე გამიკეთო, რომ ვაჩუქოო. ბზაში გაკეთებული იავნანას კომპოზიცია გავუკეთე: ეს გადაეცი-მეთქი. გაგიჟდა გოგი. 31 დეკემბერი იყო, გოგისთან ვიყავი: შამპანურები გამოიტანა, ერთად შევხვდეთ ახალ წელსო. ვერა – ოპერაცია გავიკეთე იალტაში-მეთქი. აუ, შენ დიეტაზე იქნებიო და გავარდა ეზოში, მეზობლებს დაუძახა: ვისაც რა გაქვთ დიეტური, მომიტანეთ, გია დიეტაზე ყოფილაო. მეზობლების რიგი დადგა – თეფშებით შემოჰქონდათ კერძები. იმ ღამეს გოგიმ მოგვილოცა ტელევიზიიდან მთელ საქართველოს ახალი წელი. წლების წინ სამხატვრო აკადემიის ანსამბლ „ოპიზაში“ ვმღეროდი, რომლის ხელმძღვანელი იუზა კუბლაშვილი იყო. ხუთი კაცი ამოგვარჩია და ჰამლეტ გონაშვილთან სტუდიაში, სიმღერა „დაიგვიანეს“ ჩაწერაზე წაგვიყვანა. მოვიდა ბატონი ჰამლეტი, მოგვესალმა, ხელი ჩამოგვართვა. გუნდმა დაიწყო სიმღერა და შემდეგ ბატონი ჰამლეტი შემოვიდა. დაარტყა ბგერა და მიკროფონმა დაიწყო მოძრაობა. დღემდე მახსოვს ის ემოციები.
– საქართველოს პატრიარქისთვისაც თუ გაგიკეთებიათ რამე?
– მშრალ ხიდზე ნამუშევრები მქონდა გამოფენილი, გავარდა ხმა: უწმიდესი მობრძანდებაო. კუთხეში მივიმალე. რომ წავიდა, მერე უცებ შეჩერდა, უკან დაიხია და ჩემს ნამუშევრებთან გაჩერდა. იკითხა: ვისი ნამუშევარიაო. დამიძახეს, მივედი მეც დიდი მოწიწებით. მითხრა: მე ამის ფასი ვიცი და საპატრიარქოში მობრძანდითო. მივედი და პატრიარქის სავარძლის მაკეტიც მივუტანე, რომლის მიხედვითაც შემდეგ ის სავარძელი გაკეთდა, დღეს რომ სამებაშია. ის ჩემი სიმამრისა და ჩემი დიპლომანტების ერთობლივი ნამუშევარია. სანამ სამება აშენდებოდა, მანამდე, სვეტიცხოველში იდგა ეს სავარძელი. უწმიდესს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, კარგად ერკვევა ხელოვნებაში. მას შემდეგ, რაც სკოლა არსებობს, სამჯერ გვქონდა საპატრიარქოში გამოფენა. დაახლოებით სამი წლის წინ, ვაჟაობაზე ვაჩუქეთ ხეში გაკეთებული კომპოზიცია „არწივი ვნახე დაჭრილი“, ძალიან მოეწონა.
– საეკლესიო ინვენტარზეც მუშაობთ, ხატის კიოტებზე, ჯვრებზე, რომლებიც ძალიან ბევრ ეკლესიაში ინახება.
– სანამ საეკლესიო ინვენტარს გავაკეთებდი, ლევან მეტრეველის სახელოსნოში ზარებს ვასხამდით ძველი, მამაპაპური წესით. ჩემი მუშაობის პერიოდში 600-მდე ზარი გვაქვს ჩამოსხმული და საქართველოს ბევრ კუთხეში, ეკლესიებში კიდია. ლევანი ახლაც აგრძელებს ამ საქმეს. შემდეგ გადავედი ხის ინვენტარზე, ესენია: ტაძრის ჯვრები, კიოტები, ანალოღიები, მეუფეთა სავარძლები და ასე შემდეგ. ლაგოდეხში არის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ყაზანის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. თუნუქზეა დაწერილი, რომელიც დაჭმუჭნულია. როდესაც ვიკითხე ისტორია, ასეთი საოცარი რამ მითხრეს: საქართველოში ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, ვიღაცას ხატი დაუხვევია და ღუმელის „ტრუბად“ გამოუყენებია. იმ მომენტში ხატს კვნესა დაუწყია, იმ კაცს კი მეტყველება წართმევია, გული წასვლია. ამის შემდეგ ეს ხატი დაუმალავთ და მოგვიანებით გამოუჩენიათ. ჩვენ რესტავრაცია გავუკეთეთ, ტიხრული მინანქრით შევმოსეთ პერანგი, ქართული ორნამენტიც შევიტანეთ, კიოტიც გავუკეთეთ – რუსული კიოტი იყო, მაგრამ ქართულ სტილში წავიყვანეთ. მამა დავითის ეკლესიაში ხატების კიოტების დიდი ნაწილი ჩემი გაკეთებულია, ასევე, სამებაში, ღირს არსის სასწაულმოქმედი ხატის კიოტი და ძალიან ბევრი. მიხარია, რომ ამ ყველაფერზე მისი უწმიდესობისგან მაქვს კურთხევა. არასდროს ვიმეორებ ნამუშევარს, შემოქმედებითად ვუდგები – ამაზეც მოგვცა პატრიარქმა კურთხევა.
– სამკაულებსა და სათამაშოებზეც მუშაობთ, რომლებიც გარდა იმისა, რომ ნატურალური ნედლეულისგან მზადდება, ძალიან ლამაზებია.
– სამკაულების კეთებისკენ უფრო ჩემმა შვილმა მიბიძგა. ძვირფასი ხეებისგან მზადდება: ბზა, კაკალი, ნეკერჩხალი, რომელთა შიგნით მთელი სამყაროა. უკვე იყიდება საიტის საშუალებით. ბუნებრივ ქვებსაც ვიყენებ, კლდეებზე მონატეხს, დაუმუშავებელ, ასევე, ძვირფას ქვებსაც. გააჩნია, რა დიზაინს შეურჩევ. ჩანთების აქსესუარებსაც ვაკეთებთ. ხის ისეთ აქსესუარებსაც, რაც შეიძლება, სამოსს მოუხდეს – ბროშები, ღილები. რაც შეეხება სათამაშოებს, შვილიშვილებმა მომცეს სტიმული. 6 წლის იოანე ისე აზროვნებს, ძერწავს, აკეთებს რაღაცეებს და ის მეხმარება ფორმის მიცემაში. ბუნებრივი ხის სათამაშოები გავაკეთე – ცხოველები, ზღაპრის გმირები. კახური კომბლე გავაკეთეთ კომბლითა და ცხვრებით. მერე გადავედით მანქანებზე, თვითმფრინავებზე. ბატი ტასიკო გავაკეთეთ. ბორბალზე რეზინი აქვს დაკრული და რომ დადის, ატყაპუნებს, ხმას გამოსცმეს. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ქართული ზღაპრის გმირები ხეში გავაცოცხლოთ, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. მინდა, სათამაშოების პატარა ქართული საწარმო გავაკეთო. სპონსორს ვეძებ, ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3