კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გახსენებია ნინო ლეჟავა კარგა ხანს არავის და როგორ არ მოჰყვა მის „ვაზელინს“ ინსტრუქცია

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა, ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა მომღერალ ნაილა ხუნწარიას როლში, რომელიც მეოთხედ, კატო კირვალიძის ყოფილ ქმარზე, ნიკაზე გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი თეატრშიც აქტიურადაა დაკავებული, რასაც ახლა სერიალიც დაემატა,  როგორც ამბობს, მისი მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან ოთხი შვილის აღზრდა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ნინო ლეჟავა: „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მოულოდნელად დამირეკეს და კონკრეტული პერსონაჟის როლი შემომთავაზეს. კარგა ხანია, სერიალებიდან არავის გავხსენებივარ. მიკვირდა, კიდევ ორსულად ხომ არ ვგონივარ და ფიქრობენ, მეხუთე შვილს აჩენსო (იცინის). სიხარულით დავთანხმდი, თან საინტერესო, არასტანდარტული გმირია. უპირველესად, მისმა სახელმა მომხიბლა – ნაილა ხუნწარია (იცინის). თავიდან მეგონა, ამ ქალის ბედი კაკაჩიას დაუკავშირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ტანდემი ნიკასთან შედგა. ვფიქრობ, მოუხდა ორი, თავისებურად არანორმალური ადამიანის შერწყმა.
– თეატრში ხართ, ახლა სერიალშიც გამოჩნდით, თუმცა ინტერვიუმდე საუბრისას აღნიშნეთ, რომ გარკვეული მატერიალური პრობლემები არსებობს...
– ზოგი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ არასდროს არ უნდა იწუწუნო. თუმცა, მარტო თეატრი და სერიალში ეპიზოდურ როლში აღებული მცირე თანხა არ შველის ოჯახის ბიუჯეტს. დაუზარელი და ჩემი საქმის მოყვარული ვარ. დამატებით სამსახურს ყოველთვის დავეძებ, მაგრამ, უპირველესად, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ მე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ. უკვე 11 წელია, ასეა  და სადაც არ უნდა წავიდე, არ უნდა ეწყინოთ, თუ პირველ ადგილზე სწორედ ამ თეატრს დავაყენებ. მას პარალელური სამსახურის გამო ვერ დავაზარალებ, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. ოთხი შვილის დედა ვარ და ბუნებრივია, ყველაფერზე ვარ წამსვლელი, რასაც პატიოსანი შრომა ჰქვია და რაც მესმის. ბანკში ვერასდროს ვიმუშავებ, რადგან ჩემი მათემატიკური მონაცემებით ერთ წუთში გავაკოტრებ ყველაფერს. დანარჩენი – ყველაფერზე თანახმა ვარ, ნორმალური შემოსავლისთვის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ჩემი ოჯახის გამოკვებით, თეატრს ხელი არ შევუშალო. სხვა ქვეყნიდან რომ ამიყვანონ როლზე და მომცენ დიდი შემოსავალი, თუ ამისთვის თუნდაც ექვსი თვე მომიწევს ქვეყნის დატოვება, თეატრიდან უხელფასო შვებულებას ავიღებ. ამით ან ის მსახიობი ისარგებლებს, ვინც ამ პერიოდში ჩემს როლზე შევა, ან თვითონ თეატრის ბიუჯეტი. ეს ზღაპარია და ოცნებებს ემსგავსება, მაგრამ რუსულ და უკრაინულ ფილმებში აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია თამაში, ენის ბარიერი არ მაქვს. მე და კოტე თოლორდავა რუსულ-ქართულად ვთამაშობდით სპექტაკლში, რომელიც პეტერბურგში მთლიანად რუსულად დავდგით და ორი პრიზიც ავიღეთ: „მგზნებარე დუეტისა” და „პიესის ორიგინალური გადაწყვეტისათვის.” ქასთინგებსაც არ ვთაკილობ და პირველკურსელივით ყველგან დავდივარ. პირველ ფილმში რომ ვითამაშე, გაგიჟდნენ, ახალი ვარსკვლავი იბადებაო, მაგრამ მაშინ მოკვდა კინო და განადგურდა ყველაფერი. უცებ აღმოვცენდი, მაგრამ მერე წამოვიდა დაღმართი, რომელიც აღარ დამთავრდა. თუმცა, ფარ-ხმალი არ დამიყრია. პარალელურად, ბევრი კარგი მოხდა, ოთხი შვილი გავაჩინე და ამაზე დიდი ჯილდო და ბედნიერება რა უნდა იყოს?! უბრალოდ, ახლა ცოტა მეტი მინდა, რომ მათ სათანადო განათლება მაინც მივცე. იმედია, საქართველოში დადგება დრო, როცა ხელოვან ადამიანებს დააფასებენ.
– ოცი წლის იყავით, პირველი შვილი რომ გააჩინეთ...
– ოცი წლის დავქორწინდი, პირველი შვილი, ნიკოლოზი, 30 დეკემბერს გავაჩინე და ათ დღეში 21-ის გავხდი. ახლა ისიც 21 წლისაა. თეატრითაა მოწამლული, უნდოდა ჩაბარება, მაგრამ უნარებში ქულა დააკლდა. ჯარი მოიარა და მასაც ძალიან უნდა სამსახური – მნიშვნელობა არ აქვს, სად, მაგრამ ვერ პოულობს. მეორედ ოჯახი 30 წლის ასაკში შევქმენი და კიდევ სამი შვილი მეყოლა. ნიკოლოზი 11 წლით უფროსია მეორე შვილზე. 10 წლის ლუკა უკვე ამ თეატრის ორ სპექტაკლშია დაკავებული. მომდევნო – ანდრია 7-ის ხდება და მეოთხე, გიორგი – 5-ის. ორივეზე ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი სცენიდან რომ ჩამოვედი. მშობლები ნერვიულობდნენ ხოლმე დარბაზში და უკვე უხერხული იყო (იცინის).
– გეგმავდით ბევრ შვილს თუ თავისთავად მოხდა ასე?
– სიმართლე გითხრათ, ორ შვილზე მეტი არ მიფიქრია, ჩემი პროფესია არ მომცემს ამის საშუალებას-მეთქი. მესამე გაუთვალისწინებლად გაჩნდა და მეოთხე ხომ – საერთოდ... მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ამყოლოდა, მაგრამ, რაც არ უნდა დავიცვა თავი, ჩემზე არაფერი ჭრის. წესით, სამედიცინო თვალსაზრისითაც გამორიცხული იყო ჩემთვის მეოთხე შვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, უფლის ნება გახლდათ, რომ ოთხი ბიჭი უნდა მეშვა და ასეც მოხდა.
– ბევრი სირთულის გამოვლა მოგიხდებოდათ. ყველაზე რთულად რა პერიოდები გახსენდებათ?
– რაც გავთხოვდი, სულ ასეა. ძალიან რთული პერიოდები გამოვიარე და დღესაც ასეა. უფალი ძალიან ბევრ განსაცდელს მიგზავნის. მაგრამ, ვუმკლავდები და ჩვენს ოჯახს გაჭირვება ვერ ერევა. რთულია ამხელა ოჯახის რჩენა მარტო ჩემი შემოსავლით. კარგი იქნებოდა, მეუღლეს, რეჟისორ  გიორგი ქაჩიბაიასაც ჰქონდეს შტატიანი სამსახური. ილიაუნისა და ლიტერატურულ თეატრებში დგამს სპექტაკლებს, მაგრამ ეს შტატგარეშე სამსახურია, რომელსაც ერთჯერადი ხასიათი აქვს და შესაბამისად, სტაბილური შემოსავალი, სამწუხაროდ, არ აქვს.  მეორე ბავშვს მესამე და მეოთხე რომ დაემატა, უფრო გაგვიჭირდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, უფლის ნებას ვერ შევეწინააღმდეგებოდი და საკუთარი შვილის მკვლელი ვერ გავხდებოდი. მეოთხე შვილზე რომ დავფეხმძიმდი, ძალიან ბევრი მიჩიჩინებდა, არ გააჩინოო. ვამბობდი: ხალხო, არ გეშინიათ, მკვლელობისკენ რომ მიბიძგებთ, თქვენ უფრო მეცოდებით, რადგან ამხელა ცოდვას იღებთ საკუთარ თავზე. თუ ამ ბავშვის გაჩენა უფლის ნებაა, ის ორ ლუკმას ყოველთვის მომცემს, რომ მშივრები არ ამომიწყდნენ შვილები-მეთქი. ცხოვრებაში თუ რამე სიკეთე დაგითესავს, ოდესმე აუცილებლად აღმოცენდება. ძალიან რომ გავჭედილვარ, ხან რომელი მეგობარი დამხმარებია, ხან რომელი. მათაც არ ულხინთ, მაგრამ, როცა მე მქონდა საშუალება, მეც ვეხმარებოდა და ახლა ისინი მიდგანან გვერდში. მადლობა ღმერთს, ასეთი სამეგობრო მყავს.
– მთავარია, მატერიალური პრობლემების მიუხედავად, ბედნიერი დედა ხართ. ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი, ვისაც 10 და მეტი შვილიც ჰყავთ, საკუთარი სახლ-კარიც არ აქვთ, მაგრამ ცხოვრებას ახერხებენ.
– ჩემი შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ სახლთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, ჩვენც ეგ მომენტი გვაქვს. ადრინდელივით ჩემი სახლი აღარ  მაქვს. როგორც ხდება ხოლმე, ომების დროს რომ გაიჭედები ბანკში, შემდეგ კერძო იპოთეკარებში გადახვალ და საბოლოოდ, სულ რომ არ დაგეკარგოს, ყიდი. დარჩენილი თანხით სოფელში ვიყიდეთ სახლი, ბავშვებს რომ დასასვენებელი ადგილი ჰქონოდათ და პატარა მანქანა. ღმერთს ვთხოვ, ეს ენერგია კიდევ 50 წელი მომცა, მაგრამ საშუალებაც ხომ უნდა მქონდეს, რომ ვაკეთო? მომცენ როლები და მე ხარისხს დავანახვებ. რა ვქნა, მიტმასნები და ხვეწნა-მუდარა მე არ შემიძლია. მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გამომდის. ერთხელ ვთქვი კიდევაც, ჩემს „ვაზელინს“ ინსტრუქცია არ მოჰყოლია-მეთქი (იცინის). „ვაზელინი“ ქართული სიტყვაა და წინსვლას ნიშნავსო, წავიკითხე, მაგრამ რა ვქნა, ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არის. ბევრს უთქვამს: რატომ არ „ტუსოვკობ“? – ეგეთ ხალხში უნდა გაერიო და თვალებში შეეჩხირო, თუ გინდა, რამეს მიაღწიოო. მე ჩემი დრო გადანაწილებული მაქვს შვილებსა და საქმეზე და ეგეც რომ არა, ვიღაცის გამოსაყენებლად და შესატენად, ვერსად წავალ. 
– ბოლოს, თქვენი ოჯახის შესახებაც მითხარით, რომლის ყველა წარმომადგენელი, ასევე, ხელოვანია.
– მამაჩემი – მსახიობი გია ლეჟავა ყველამ იცის. დედა პროფესიით ფილოლოგი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება ქართულ ცეკვებს ემსახურებოდა. თუმცა, ამჟამად აბსოლუტურად უპატრონო და ობოლი ვარ. ორივე მშობელი გარდამეცვალა. ბებია-ბაბუები და მამიდებიც ხელოვანები იყვნენ, თუმცა არ დავდივარ და ჟარგონულად რომ ვთქვა, მათი სახელით არ „ვმარიაჟობ“.  დედის კვალდაკვალ, 12 წელი „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი, მაგრამ ცეკვაც და მსახიობობაც ჯოჯოხეთურ შრომას ითხოვდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა და მსახიობობა ავირჩიე. აქ კიდეც ვიცეკვებ და კიდეც ვიმღერებ-მეთქი, ვფიქრობდი. ასე რომ, ქართულ ცეკვებში პროფესიონალი ვარ, დანარჩენში – თვითნასწავლი.

скачать dle 11.3