კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაიგდეს ტყვედ სპარსელებმა ლუარსაბ პირველის დედა და რატომ მოიწამლა თავი დედა-დედოფალმა

ლუარსაბ პირველმა ისარგებლა შაჰ-თამაზის საქართველოდან გასვლით და ნელ-ნელა შეუდგა ქართლის გათავისუფლებას. ტფილისიც აიღო და განდევნა ქართლის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონები, ვინც ცოცხალი გადაურჩა, გაიქცა.
1552 წელს დაბრუნდა თავის სატახტოში ლუარსაბ მეფე, კვლავ აკურთხებინა სიონის ტაძარი და შეუდგა ქალაქის აღდგენას.
გამწარებული შაჰ-თამაზი ისევ პირადად გამოემართა ქართლისკენ. შაჰი ამ დროს ჩაბმული იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მამამისი, ისმაილ პირველი, სეფიანთა იმპერიის ფუძემდებელი, და თვითონ შაჰ-თამაზი რამდენჯერმე დაამარცხეს ოსმალებმა და ერაყიც წაართვეს, მაგრამ, ოსმალებთან ომი არ შეუწყვეტია შაჰ-თამაზს. მათ შორის განსაკუთრებული შუღლი იყო და არამარტო გეოპოლიტიკური. არც მხოლოდ ტერიტორიებისათვის იბრძოდნენ და არც მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისათვის. ერთმანეთი, განსაკუთრებით, რელიგიურად სძულდათ ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის აღმსარებელ შაჰ-თამაზს და მის მძვინვარე მეტოქეს, ოსმალთა სულთანს, სულეიმან პირველ კანუნის. თამაზი შიიტი მაჰმადიანი იყო და ხოცავდა სუნიტებს, როგორც ურწმუნოებს, სულეიმანი სუნიტი მუსლიმანი გახლდათ და ჟლეტდა შიიტებს, როგორც ურჯულოებს. ანადგურებდნენ ერთმანეთის სიწმინდეებს... ხომ წარმოგვიდგენია, რა დამოკიდებულება ექნებოდათ მათ ქართველი, დაუმორჩილებელი ქრიტიანებისადმი, როგორიც იყო ლუარსაბ მეფე.
შაჰ-თამაზი, 1524 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, 10 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, რომ წამოიზარდა, დახოცა თავისი გამზრდელი დიდებულები, რომლებიც ერთპიროვნულ მმართველობაში უშლიდნენ ხელს, გაანადგურა ერთ-ერთი ყიზილბაშური ტომი მთლიანად და ერთპიროვნულად შეუდგა მართვას. ასეთი იყო თამაზ შაჰი. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთითაც იბრძოდა ხორასნელ ხანებთან, მაინც, ერთ-ერთ უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს მთლიანად დაპყრობას. სურდა ლუარსაბ მეფის დამორჩილება ან მოკვლა და არ ზოგავდა ძალებს ამის მისაღწევად.
ამ დროს ქართველები ორი მხრივ იქნევდნენ ხმალს, დასავლეთიდან შემოსეულ ოსმალებს ებრძოდნენ, აღმოსავლეთიდან კი – სპარსეთის იმპერიას. ქვეყანა დაშლილი იყო ნაწილებად. ყველა კუთხეს თუ სამეფოს საკუთარი თავი გასჭირვებოდა. სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველოს სამხედრო რესურსი ვერ უმკლავდებოდა, მით უმეტეს, ცალ-ცალკე, ორივე მტერს. თან, მოღალატე პოლიტიკოსები, განსაკუთრებით სამცხის მთავრები, ხან ერთი, ხან მეორე დამპყრობლის ხელით ცდილობდნენ საკუთარი „სახელმწიფოს“ შენარჩუნებას, ბაგრატიონთა მეფობისგან დამოუკიდებლად.
მეფე ლუარსაბ პირველს ასეთი ჩვეულება ჰქონია – თუ ჯარი ჰყავდა შეყრილი, არაფრით დაერიდებოდა და პირდაპირ შეებრძოლებოდა ხოლმე მტერს, რაოდენ მრავალრიცხოვანიც არ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მუდმივი ჯარის ყოლას ვერ ახერხებდა ქართლი, თანაც საკმაო რაოდენობისას. არც ქართლს, და არც სხვა სამეფოებს არ შეეძლოთ რეგულარული არმიის ყოლა. ამისთვის ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ. დაშლილ ქვეყანაში ეკონომიკაც მოშლილი იყო. ხოლო, მეფეს თუ ჯარი არ ჰყავდა შეყრილი, იცდიდა, მისდევდა უჩუმრად მტერს, უთვალთვალებდა. როცა სათარეშოდ გავიდოდა დამპყრობთა მცირე ნაწილი, ან მოდუნდებოდნენ მტრები, დაესხმებოდა მათ თავს და ამოწყვეტდა სწრაფი მანევრით თავის ნაწილებზე მრავალრიცხოვან ჯარს. ასე, პარტიზანული ბრძოლით დიდ ზიანს აყენებდა დამპყრობლებს.
შაჰ-თამაზი მეოთხედ შემოიჭრა საქართველოში. ჯერ ქვემო ქართლი დალაშქრა. ქართველ მეფეს მოსახლეობა ციხესიმაგრეებსა და მთებში ჰყავდათ გახიზნული. ყოველ ციხესთან გააფთრებულ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ ყიზილბაშები. მეფე პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდა და ზიანს აყენებდა მტერს. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაიკავა ქვემო ქართლი შაჰ-თამაზმა, შემდეგ ტფილისი, მცხეთა და გორისკენ გაეშურა.
შიდა ქართლში შევიდა და აიღო გორის ციხე, მერე წედისის ციხე, ვერეს ციხე, და გზა გაეხსნა ატენის ციხისკენ. 1554 წლის ზაფხული იყო. მიადგა თამაზ შაჰი ატენის ციხეს.
ატენის ციხეში, რომელიც მდებარეობს მაღალ კლდოვან გორაკზე, ერთი მხრიდან რომ ჩამოუდის საცივისხევი, ხოლო მეორე მხრიდან აბანოსხევი, - გამაგრებული ყოფილან ლუარსაბ მეფის დედა, დედოფალი ნესტან-დარეჯანი და მეფის და, სხვა ქართველ ქალბატონებთან, თავადების ოჯახიშვილებთან და მცირერიცხოვან ციხიონთან ერთად.
ატენის ციხე მაღალ კლდეზეა აგებული – კარგად იყო გამაგრებული და მომზადებული ალყისთვის. წყლით სავსე დიდი საცავები იყო მოწყობილი. საკვების მარაგით შევსებული ჰქონდათ სათავსოები. დამატებით საიდუმლოდ, თიხის ვიწრო მილებით წყალი იყო გამოყვანილი ხეობიდან.
ციხე კლდოვან მაღლობზე დგას, სანგრევი მანქანები ვერ მიუყენეს ყიზილბაშებმა. ვერც კედლები დაანგრიეს და თოფებითაც ზიანი ვერ მიაყენეს. მაგრამ, თამაზ შაჰის ხალხმა მოახერხა და დაიჭირა დედა-დედოფლის ფარეში, წარმოშობით კავთისხეველი. აწამეს დედოფლის მსახური. ვერ გაუძლო ფარეშმა წამებას და გათქვა საიდუმლო: ჭის წყალი დალევიათ და მომცრო წყალი ჩამოუდით. იმ წყაროს საიდუმლო სათავე აქვს. იმას გასწავლით, გადაუკეტეთ და დაგნებდებიანო, – უთქვამს სიკვდილის შიშით საცოდავ მსახურს.
წყალი გადაუკეტეს ყიზილბაშებმა ატენის ციხეში გამაგრებულ ქართველებს. კარგა ხანს უძლებდნენ უწყლობას დედოფალი და სხვა მანდილოსნები, მაგრამ ბავშვებისთვის აღმოჩნდა ყველაზე აუტანელი უწყლობა. წვიმაც არ მოვიდა ჯინაზე. დაეცა აუღებელი ციხე. შაჰ-თამაზმა ქართლის დედა-დედოფალი ჩაიგდო ხელში, თავისი დაუძინებელი მტრის დედა. იფიქრა, მისი მეშვეობით დავიმორჩილებო ქართლის ხელმწიფეს და წავიდა.
ლუარსაბ მეფემ რომ შეიტყო დედამისის, დისა და თავადთა ოჯახების დატყვევების ამბავი, სწრაფად გამოედევნა მტერს და თავს დაესხა. დიდი ზიანი მიაყენა ყიზილბაშთა არიერგარდს. ხელში ჩაიგდო სპარსელთა ჯარის ბარგი, მაგრამ დედა და და ვერ გაათავისუფლა. იცოდა შაჰ-თამაზმა, შეაკვდებოდა ლუარსაბი და დედას არ გაატანდა, ამიტომ დედა-დედოფალი და ბატონიშვილი სწრაფი სვლით, საიდუმლოდ მიჰყავდათ წინ.
ბამბაკის ქედს გადასცდნენ დამპყრობლები, ძვირფას ტყვეებთან ერთად. ბამბაკის მთები საქართველოსა და სომხეთს შორის აღმართულიყო ბუნებრივ ზღუდედ და საზღვრად. მის ჩრდილოეთით იყო ლორეს მიწა – ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი. ისტორიულად ბამბაკის ქედზე გადიოდა საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვარი და იწყებოდა სომხეთი სამხრეთიდან. მაშინ, რა თქმა უნდა, სომხეთის სახელმწიფო არ არსებობდა. სომხეთში არც მეფე ჰყავდათ თავისი და არც მთავრები. დასავლეთ სომხეთზე დიდი ხანი იყო, ოსმალები ბატონობდნენ, აღმოსავლეთ სომხეთი კი სპარსეთის საკუთრება გახლდათ. კარგა ხანი იყო გასული, რაც სომხებს დაკარგული ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა. აღარც საქართველოს სახელმწიფოში შემოდიოდა სომხური მიწები, როგორ დავით აღმაშენებლის დროიდან საუკუნეების განმავლობაში. დღეისთვის ბამბაკის მთები და ლორე არმენების სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან კომუნისტებმა გადასცეს.
ერევანში მივიდნენ. დედა-დედოფალმა იცოდა, მისი ტყვეობა ლუარსაბისთვის  დამაბრკოლებელი იქნებოდა ბრძოლაში. თვითონ, კი უპატიო მოპყრობა ელოდა. არ მისცა ზეიმისა და მისით მანიპულირების საშუალება შაჰ-თამაზს, შესვა საწამლავი და გამოესალმა სიცოცხლეს მოხუცი დედოფალი.
როგორც ამბობენ, თუ ქალს უპატიოება ელის ურჯულოებისგან, ასეთ შემთხვევაში, მისი მხრიდან სიცოცხლეზე უარის თქმა, თვითმკვლელობად არ შეიძლება, ჩაითვალოს.
არსებობს სხვა ვერსიაც, მოკლეს ან ვერ გაუძლო ტყვეობის შეურაცხყოფას და გარდაიცვალაო დედა-დედოფალი.
შეატყობინეს დედოფლის გარდაცვალება მის შეუპვარ ვაჟს. დედის სიკვდილით, დის ტყვეობითა და სამეფოს აოხრებით დამწუხრებული გამობრუნდა უკან ქართლის დაუდეგარი ხელმწიფე. იმ ლაშქრობისას 30 000 ტყვე წაიყვანა საქართველოდან თამაზ შაჰმა.
სად ჰქონდა გლოვის დრო გაპარტახებული და დაპყრობილი ქართლის ჭირისუფალს. კვლავ შეუდგა ციხეების გათავისუფლებას შაჰ-თამაზის გარნიზონებისგან.

скачать dle 11.3