კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა ოთარ ჯორჯიკიამ პლასიდო დომინგო და მისი მეუღლე და რა მოანდომა დიდმა მაესტრომ ქართველ ტენორს

27 მაისს თბილისის ოპერის სოლისტი, ტენორი ოთარ ჯორჯიკია პეტერბურგში მარინის თეატრის მაყურებლის წინაშე წარდგა ვერდის ოპერით – „სიმონ ბოკანეგრა“. ქართველმა ტენორმა მსოფლიო ვარსკვლავს, უდიდეს მომღერალს პლასიდო დომინგოს გაუწია პარტნიორობა და მისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.
ოთარ ჯორჯიკია: მარტში მქონდა მარინის თეატრში პირველი ვიზიტი და სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა. შემდეგ უკვე ვიყავი ფესტივალზე „თეთრი ღამეები“, რომლის ფარგლებშიც ჩამოჰყავთ ხოლმე ცნობილი მომღერლები, ვარსკვლავები, შემსრულებლები, ორკესტრები. 26 მაისს გაიხსნა ფესტივალი, 27 მაისს იყო ჩვენი სპექტაკლი, 29 მაისს კი – „ტრავიატა“, რომელსაც თავად პლასიდო დომინგო დირიჟორობდა.  ჩემმა აგენტმა მომწერა, რომ მომიწევდა პლასიდო დომონგოსთან ერთად ერთ სპექტაკლში მონაწილეობა. პლასიდო ყოფილი ტენორია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყოფილი ტენორები არ არსებობენ, მაგრამ ახლა ბარიტონს მღერის და საკმაოდ წარმატებულად. მისი სასცენო წარმოდგენა აბსოლუტურად სხვა კლასის არის და გარწმუნებს იმაში, რასაც გაწვდის. მისი გვერდით დგომა მეც ძალიან მეხმარებოდა. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი მაგალითი მომღერლისთვის, ტენორისთვის სხვადასხვა ასპექტში. ვგულისხმობ სცენაზე გამოსვლას, როლის მორგებას, მუსიკალურ ფრაზირებას, ხმის დამორჩილებას კონკრეტული როლებისადმი. ის ერთ-ერთი უნიკალური მომღერალია, რომელსაც 140-მდე როლი აქვს შესრულებული, ეს ხვედრი არ ჰქონია არცერთ სხვა ლეგენდარულ ტენორს; თან, დღემდე არ ისვენებს, ფანტასტიკურ მდგომარეობაში აქვს ხმა.
– როგორ ემზადებოდი სპექტაკლისთვის?
– მარტში ზუსტად ეს სპექტაკლი ვიმღერე, ოღონდ, სხვა შემადგენლობით. ახლაც, როდესაც სანკტ-პეტერბურგში ჩავედი, გარკვეული მომზადება გავიარე სხვა მომღერლებთან ერთად. პლასიდო დომინგოს სხვა მომღერალი ცვლიდა, რადგან ის ვენაში შტაც-ოპერაში სხვა სპექტაკლებს მღეროდა. 26 მაისს ჩამოვიდა და შევხვდით. ბედნიერებას განიცდი, როცა იცი, რომ ცოტა ხანში ასეთი ადამიანის გვერდით დადგები, ხელს მოჰკიდებ, მოგკიდებს, რაღაც უნდა გითხრას. გაინტერესებს, რა დამოკიდებულება გაუჩნდება შენ მიმართ მისი გამოცდილების, რანგის ადამიანს. ვუთხარი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მასთან ერთად მომიწევდა სიმღერა. მაგრამ, რადგან ცოტა დრო გვქონდა, მალევე დაიწყო რეპეტიცია. მომღერლებს ასეთი ფრაზა გვაქვს: უხმოდ სიმღერა, ანუ ჩუმად სიმღერა – ყველა უხმოდ ვმღეროდით, რომ არ დავღლილიყავით, რადგან მეორე დღეს სპექტაკლი გვქონდა. რაღაც ფრაზები გავიარეთ ჩუმ-ჩუმად, თუმცა ალაგ-ალაგ მუსიკოსს სული წაგძლევს და ფრაზას ხმამაღლა აკეთებ. ჩემი ერთ-ერთი გასვლის დროს ბანთან მქონდა დუეტი, წამძლია სულმა, ვერ მოვითმინე და ლამაზი ფრაზები, რომლებიც მიყვარს, წავიმღერე, შემდეგ კი დავჯექი. სხვები გადიოდნენ რეპეტიციას, მათ შორის პლასიდო დომინგოც. თავი მქონდა დახრილი და ვიგრძენი, რომ ვიღაც მოდიოდა ჩემკენ. გავიხედე და – პლასიდო დომინგო იყო. რომ მომიახლოვდა, ყელზე მოიკიდა ხელი და მითხრა: შენ რა ლამაზი ხმა გაქვს, რა კარგი ტენორი ხარ, საიდან ხარ, რუსი არ უნდა იყოო. დიდი მადლობა ვუთხარი ლამაზი სიტყვებისთვის. შემდეგ მომიახლოვდა, მხარზე ხელი გადამხვია და კიდევ მკითხა – საიდან ხარო. საქართველოდან ვარ-მეთქი და, თან, ჩამოვუთვალე ქართველი საოპერო მომღერლები, ვისთანაც ვმეგობრობ და ისიც იცნობს. რა თქმა უნდა, ყველას ვიცნობ, ძალიან კარგები არიან და, მიხარია, რომ შენც გაგიცანი, ქართველი ტენორიო. ასე შედგა ჩვენი პირველი გაცნობა. ბედნიერი ვიყავი და უდიდესი პატივი იყო, რომ ამხელა პიროვნება საქებარი სიტყვებით მოვიდა და გამამხნევა ახალგაზრდა ტენორი, სხვა სტიმული მომცა. ამის შემდეგ კიდევ შევხვდით ერთმანეთს რეპეტიციაზე, კიდევ უფრო მეტი რამ მოვისმინე მისგან, როცა ერთად გავიარეთ დუეტი. ერთი ეპიზოდი გვაქვს, სადაც მისი მტერი ვარ რეალურად – ხმალს ვაბჯენ მხარზე, ჩახლართული სცენაა, უნდა ვიჩხუბოთ. გავიარეთ ეს სცენა, ორივემ ხმით ვიმღერეთ, რადგან, როცა ამხელა მომღერალი ხმით მღერის, მე ჩუმად ვერ ვიმღერებდი, ასე რომ, მხარი ავუბი და, გარდა ამისა, მომანდომა კიდეც სიმღერა. იმ დღესაც დავიმსახურე მისი მხრიდან შექება, ამჯერად – უფრო პროფესიონალური და საოპერო.
– რას გაუსვა ხაზი შენი შეფასებისას?
– ხაზი გაუსვა ჩემს მაღალ ნოტებს; მითხრა, ისე თავისუფლად მოდის ეს ნოტები, თითქოს პატარა ნოტები გემღეროსო, რასაც დაეთანხმა ამ საქმის ძალიან კარგად მცოდნე მისი მეუღლე: პლასიდო, ის მხოლოდ ლამაზად კი არ იღებს მაღალ ნოტებს, ძალიან ლამაზად მღერის და ლამაზი ხმა აქვსო. სიმართლე გითხრათ, გავწითლდი, რადგან, როდესაც მაქებენ, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, თუმცა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იმ საღამომ კარგად ჩაიარა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წარმატება ვუსურვეთ. რაც შეეხება მეორე დღის სპექტაკლს, მან დიდი წარმატებით ჩაიარა – გადაჭედილი იყო მარინის მეორე, ახალაშენებული თეატრი. იმდენად კარგი გამოვიდა სპექტაკლი, რომ მცირე მუსიკალურ მომენტებსაც არ ჩაუვლია აპლოდისმენტების გარეშე. ყველა ძალიან კარგი და მაღალი დონის მომღერალი იყო: ცნობილი სოპრანო, ბანი და მარინის შესანიშნავი ორკესტრი. როცა სპექტაკლს ვასრულებდი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა – უსიტყვოდ რომ გესმის ადამიანის. პლასიდო დომინგო არაფერს გეუბნება, მაგრამ ყველაფერს გახვედრებს, შენც მიჰყვები კარგად, ბედნიერად და ყველაფერი მარტივად გამოდის. შემოგხედავს, მისი ჟესტი, მიმიკა თუ ხმა ადვილად გასაგებს ხდის ყველაფერს. გარდა ამისა, მეც ჩემი გამოცდილება მქონდა, სოპრანოს – თავისი გამოცდილება, ბანს – თავისი და, როცა სცენაზე პროფესიონალი მომღერლები ხვდებიან, იქ კიდევ უფრო მარტივია ყველაფერი.
– როგორი შეფასება ჰქონდა თქვენს დუეტს?
– ჩვენი დუეტი, როცა ერთმანეთს ვეჩხუბებით, არ ჩერდება, მოჰყვება ტერცეტი და ანსამბლი. სიმართლე რომ გითხრათ, ტერცეტი და ანსამბლი რომ დამთავრდა, მერე მე მქონდა მუსიკის გარეშე შესვლა, ნოტი – მეორე ოქტავის დო უნდა დავიმახსოვრო. იმდენ ხანს გრძელდებოდა აპლოდისმენტები, რომ ჩემთვის ჩუმად ვმღეროდი, რომ არ დამვიწყებოდა, რადგან მერე იმ ნოტზე შედის პლასიდო დომინგო და, მე რომ ამრეოდა, მასაც აერეოდა. საბოლოოდ, სწორი ნოტით მივედით მასთან და ყველაფერი კარგად დამთავრდა. სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა და მივულოცეთ ერთმანეთს. მეორე დღეს თბილისში მოვდიოდი, რადგან „სამოსელ პირველში“ ვმონაწილეობ. პირველივე რეისით გამოვფრინდი, რომ შესანიშნავ დასს შევერთებოდი. თუმცა გამოფრენამდე რეჟისორთან მივედი, საქმე მქონდა. მან მითხრა: ცოტა ხანს დამელოდე, შემოდი დარბაზში, „ტრავიატას“ პლასიდო დომინგო დირიჟორობს, დამთავრდება და მერე ჩვენი საქმეც გავაკეთოთო. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, როგორ დირიჟორობდა მაესტრო სპექტაკლს. ცოტა ხანში დამთავრდა რეპეტიცია. როგორც კი დამინახა მაესტრომ, ჩემი პერსონაჟის სახელით მომმართა: ბრავისიმო, გაბრიელე! გუშინ ძალიან კარგი სპექტაკლი გქონდა, გილოცავ. იცი, შენ ვის მაგონებ? – კარლო ბერგონცის ხმასო. კარლო ბერგონცი არის ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი, აღიარებული „ვერდის ტენორად.” ძალიან გამიხარდა. მერე პატარა პაუზა გააკეთა და მითხრა: მაგრამ, შენ მასზე უკეთესი ხმა გაქვსო. გავწითლდი, სიხარულისგან, არ ვიცოდი, რა მეთქვა; ისე დავიბენი, მადლობა უცნაურად ვუთხარი. მერე პლასიდომ თავის მეუღლეს, მარტას გახედა – გუშინ ამ ტენორმა ხომ კარგად იმღერაო. მარტამაც შემაქო და ორივეს დიდი მადლობა გადავუხადე.
– მანამდე ყოფილა ასეთი შეფასებები ან შედარება?
– მქონია ბედნიერება, რომ ცნობილ მომღერლებს გამოუთქვამთ ჩემ მიმართ დადებითი სიტყვები, მაგრამ ისეთი შეფასება, როგორც ორი დღის განმავლობაში პლასიდო დომინგოსგან მოვისმინე, აქამდე არ ყოფილა.

скачать dle 11.3