კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეალურად რის გამო გამოუშვეს შალვა რამიშვილი „იმედიდან“ და რა მოყვა მან თიკა კანდელაკის სექსუალურ შევიწროებაზე

ორი თვის წინ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ გამოუშვეს. მალევე ამის მიზეზად შალვას მიერ მისივე თანამშრომელ თათია სამხარაძეზე (იგივე ტასო ბარნოვაზე) განხორციელებული სექსუალური შევიწროება დასახელდა. დასახელდა მტკიცებულებაც – სამხარაძის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის შინაარსი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, შალვა რამიშვილის თქმით, მასში არანაირი სექსუალური შევიწროება არ დასტურდება. ტელეწამყვანი წაყენებულ ბრალდებას, პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე, უარყოფს და უკვირს, ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ, მაშინ, როცა ჩანაწერის ავთენტურობაც დადგენილია, „მსხვერპლიც“ სახეზეა და „დამნაშავეც“, რატომ არ შეაქვს დაზარალებულ მხარეს სარჩელი სასამართლოში.
– ბატონო შალვა, თითქმის ორი თვე გავიდა თქვენი ტელეკომპანია „იმედიდან“ გამოშვებისა და თათია სამხარაძესთან დაპირისპირებიდან. წერდით, რომ თქვენ წინააღმდეგ სარჩელი კიდევ არ შეუტანიათ სასამართლოში.
– მე გთხოვდით, რომ თათია სამხარაძეს და ბაია პატარაიას ჰკითხოთ: რა ხდება? ერთი თვის წინ დაამტკიცეს, რომ იმ ჩანაწერში მე ვარ. სარჩელის დაწერას ერთი კვირა უნდა და სად არის? ბაია პატარაიამ კი თქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ სარჩელის შესატანად სამი თვე აქვთ და ამას გარდა, სხვა საქმეებზეც მუშაობენ, თუმცა, ერთი წუთით არ დაუყოვნებიათ და ბრალდებების წარსადგენად მაშინვე პრესკონფერენცია გამართეს. მაქვს ინფორმაცია, რომ თვითონ თათია სამხარაძეს არ უნდოდა ამ ეგრეთ წოდებული „ზეწოლა-შევიწროების” ფაქტის გამოაშკარავება. თათია სამხარაძე არის ჭანჭიკი იმ თამაშში, რომელსაც „მედიის დაპატრონება“ ჰქვია. მედიას კი რუხაძე ეპატრონება. ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, ის, რაც ახლა ტელეკომპანია „მაესტროში“ ხდება, სწორედ რუხაძის შემოქმედების ნაყოფია. მე პროვოკაციის და შანტაჟის შედეგად გამომიშვეს „იმედიდან“. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული დირექტორი – ბახტაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მოსმენილი აქვს და ხელთ აქვს აუდიოჩანაწერი, რომელიც თათია სამხარაძემ გააკეთა და ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მე სამხარაძეზე სექსუალურად ვიძალადე. მე მას ვუთხარი, რომ პროკურატურაში უნდა წავიდე და ეს ამბავი საჯაროდ გავარჩიოთ. მეორე დღეს კი მან კონტრაქტები გაუწყვიტა იმ შპს-ს, რომელშიც ვმუშაობდი. ისე გამომიშვეს, საერთოდ არ განგვიხილავს, იმ ჩანაწერში რა იყო. არც თავი მამართლებინეს შიდა წრეში. ასეთ ჩანაწერზეა საუბარი და არც უთქვამთ, ეს რატომ ვთქვი? ნამდვლად მე ვარ თუ არა? ჩემს გათავისუფლებასთან ერთად, უამრავი ადამიანი დატოვა ქუჩაში. ეს არის შანტაჟის კლასიკური მაგალითი. რუხაძეს ეგონა, რომ მე არ მომინდებოდა ჩემი რეპუტაციის შელახვა, ამიტომ სექსუალური ძალადობის თემის საჯაროდ გამოტანას შევუშინდებოდი და ჩუმად, წყნარად წავიდოდი. როცა ეს არ გამოუვიდათ, უკვე სხვა გზა არ ჰქონდათ და ფემინისტური მოძრაობის წევრების მეშვეობით, თათია სამხარაძემ რაღაც აბსურდული პრესკონფერენცია გამართა. ერთი თვე ჩანაწერის ავთენტურობას ამტკიცებდნენ და მე არც გამიპროტესტებია მისი ავთენტურობა. არც ვიცოდი, რა იყო იმ ჩანაწერში, თუმცა ახლა უკვე ვიცი რაცაა, რადგან ჩანაწერი მოსმენილი მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩემი განცხადების საფუძველზე, ამ განცხადების ფარგლებში ჩანაწერიც მოვისმინე, მაგრამ მის შინაარსზე საუბრის უფლება ჯერჯერობით არ მაქვს. ველოდები, როდის შეიტანენ სარჩელს, თუმცა ზუსტად თვითონაც არ იციან, რა კანონით უნდა მიჩივლონ. ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა სასამართლოზე, თუ, რა თქმა უნდა, სარჩელს შეიტანენ. ჩანაწერში არანაირ სექსუალურ შევიწროებაზე არ არის საუბარი და ადრე თუ გვიან, მას დღის სინათლეზე ვიხილავთ.
– თქვით, სამხარაძეს თვითონ არ უნდოდა ამ ამბის აფიშირებაო. მაშინ, რა უნდოდა თათია სამხარაძეს?
– თათია სამხარაძის და „იმედის“ ხელმძღვანელობის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. თათია ჩემზე იყო გაბრაზებული, იმიტომ რომ, განსაკუთრებულ პირობებში არ ჩავაყენე. უამრავი ადამიანი დამიდასტურებს, რომ პროდიუსერები, რეჟისორები თუ სხვა თანამშრომლები უკმაყოფილოები იყვნენ თათია სამხარაძის მუშაობით. შესაბამისად, როდესაც მე მას ვუთხარი, ერთი პროექტიდან დროებით ჩამოგაშორებ, ხოლო მეორე პროექტს მიხედე-მეთქი, მან თქვა: საერთოდ მივდივარო. სამხარაძეს ჩემთვის მოწერილი აქვს შეტყობინებები, რომელშიც მეუბნება, რომ ერთ-ერთ თანამშრომელთან კონფლიქტი მოუვიდა. მე, რა თქმა უნდა, არ დავიჭირე მისი მხარე. ის პირდაპირ საყვედურიანი ტონით მწერს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მის მხარეს არ დავიჭერდი. ის გაბრაზდა, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ჩავაყენე და სანაცვლოდ, ეს მოიფიქრა.
– თავიდანვე ითქვა, რომ ამ ჩანაწერში შეიძლებოდა, რამე ხუმრობის ფორმით ყოფილიყო ნათქვამი. რა სახის ხუმრობა და ურთიერთობა გქონდათ მანამდე სამხარაძესთან?
– თათია სამხარაძე არის ჩემი შექმნილი გმირი. ტელევიზიაში მოვიყვანე მე და მსურდა, ტელევარსკვლავი ყოფილიყო. ეს ჩემთვისაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან მე ვიყავი პროდიუსერი იმ პროექტებისა, რომელშიც ის იყო დაკავებული. შესაბამისად, მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა.
– არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ბრალდებას. მოდელმა ემილია სისაურმაც განაცხადა, რომ თქვენ სექსუალურ თამაშებში აყოლა შესთავაზეთ.
– ეგ გოგონა ჩემთან იყო მოსული, როგორც მახსოვს, სტრიპტიზ-კლუბის მოცეკვავე და ეროტიკული მოდელია. ეს ხომ აბსურდია?! ასე, ენას ძვალი არ აქვს და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის.
– თიკა კანდელაკთან მიმართებითაც გახმაურდა იგივე შინაარსის განცხადებები.
– ახალგაზრდობაში, ბავშვობაში მე თინა კანდელაკთან მქონდა რომანი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ თიკამ თქვა. ახლა, როგორც ვხედავ, ყველაფერი მე მომეწერება, რაც ამ ქვეყანაში ხდება. რა სისულელეა, არაფერი ყოფილა. იყო მხოლოდ თიკას დაბადების დღე და მილიონ ადამიანთან ერთად ვიქეიფე მაშინ მთაწმინდის რესტორანში. საინტერესოა, სად უნდა შემევიწროვებინა?!
– თუ დავუშვებთ, რომ თათია ტელევიზიაში შეავიწროვეთ...
– ტელევიზიაში უფრო ჭკვიანურია, რომ ოთახში საუბრისას შეავიწროვო ადამიანი (იცინის). ამდენ ხალხში ერთი დღით ჩამოსულ კანდელაკს როგორ ან რატომ შევავიწროვებდი?! აბსურდული ჭორებია. რაღაც თემა რომ აგორდება, მერე უზარმაზარ კუდებს აბამენ.
– სამხარაძეს დავუბრუნდეთ. მესმის მისი და „იმედის“ ინტერესთა თანხვედრა, მაგრამ ფემინისტები როგორღა ჩაერთნენ ამ საქმეში?
– მგონი, თვითონ მივიდნენ სამხარაძესთან. ფემინისტებს სჭირდებოდათ უფროსისგან  სექსუალურად შევიწროებული ქალის ქეისი, რომელიც შექმნეს კიდევაც თათია სამხარაძისგან. რომც ვერაფერი დაამტკიცონ, იტყვიან, რომ, აი, საქართველოში საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია და კანონის შეცვლა. მათთვის სალაპარაკო და სამოქმედო საბაბი და ხეირია ეს.
– კი მაგრამ, შალვა რამიშვილი ხომ არაა „ვიღაც ხელწამოსაკრავი“, ასეთი საქმე რომ „შეუკერონ“?
– და რა პრობლემაა? იტყვიან, არ გამოვიდაო და დაანებებენ თავს. დარწმუნებული ვარ, თათია სამხარაძეზე ნამდვილად არ შესტკივათ გული. თათია სამხარაძე არის თამაშის ნაწილი. მთავარი კი, ერთი მხრივ, რუხაძე და ბახტაძეა „იმედიდან“ და მეორე მხრივ, ფემინისტები. აღმოჩნდა, რომ თათია სამხარაძემ, უბრალოდ, თავის თავს „გაუჩალიჩა“. მე არ ვიცი, როგორ იცხოვრებს ეს გოგო მომავალში, რას გააკეთებს ან სადმე როგორ იმუშავებს. ადამიანს, რომელმაც მხოლოდ კარგი გაგიკეთა, ჩუმად წერ და ასეთ რამეს აკეთებ... რამდენად კარგია ეს მისი კარიერისთვის, მომავალი გვიჩვენებს.
– კარგი, „იმედის“ ინტერესებს დავუბრუნდეთ.
– „იმედში“ მთავარი არის რუხაძე. მას უნდა მედიაიმპერიის შექმნა. ირაკლი რუხაძე არის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების ერთ-ერთი განმკარგველი. მას საინვესტიციო სურვილები აქვს საქართველოში. დიდი ქონების პატრონია და პლუს უნდა, პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოს. ახლა მედიასაშუალებებს: „იმედს“ და „მაესტროს“ აკონტროლებს. მაგრამ მან არ იცის, როგორ უნდა მართოს ტელევიზია. დანიშნული ჰყავს მენეჯერები, რომლებიც ასევე, ტელევიზიის აზრზე არ არიან და ისე ხსნიან სატელევიზიო სამყაროს ვარსკვლავებს, როგორც არაფერი – იმ ვარსკვლავებს, ვინც არიან. რა სამყაროცაა, ის ვარსკვლავები ვართ ახლა. რას ვიზამთ, მეტი უკეთესი არ გვყავს. შესაბამისად, დაღუპვისკენ მიჰყავს, როგორც „მაესტრო“, ისე „იმედი“, მაგრამ ამას ვერ აანალიზებს. გარდა იმისა, რომ არაწესიერი ხალხია, უვიცებიც არიან. ეს ორი ერთად, სამწუხარო ეფექტს მოგვცემს და პატარკაციშვილების დროინდელი „იმედი“ დაიღუპება, თუ უკვე დაღუპული არ არის. დასანანია, რომ მათ ოჯახს ეს სულაც არ აინეტერსებს და რუხაძეს გადაულოცეს ტელევიზია. რუხაძეს სურდა, როგორმე დავეთანხმებინე, რომ მისი შეკვეთით პოლიტიკური პიარი მეწარმოებინა. სწორედ ამის მანიშნებელია მურუსიძის თემა... ის დაბეჯითებით მოითხოვდა ჩემგან.
– რუხაძე გთხოვდათ თუ ბახტაძე?
– ბახტაძე მთხოვდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ ეს რუხაძის დავალებააო. თვითონ ბახტაძე კი ამტკიცებდა, ეს ჩვეულებრივი კომუნიკაციააო, მაგრამ ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებმა პირიქით, თქვეს, ეს არის ჟურნალისტზე ზეწოლაო. ჩვენს საუბარში ჩანს, რომ მე ამის გაკეთება არ მინდა. განვუცხადე, რომ ამ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებდი.
– ანუ, თქვენი „იმედიდან“ გამოშვების მიზეზი რუხაძისთვის პიარზე უარის თქმა გახდა?
– რა თქმა უნდა. არ დავემორჩილე მის სურვილს, მეკეთებინა პიარი და ამიტომ მომიწყვეს ბინძური პროვოკაცია. მათი აზრით, მე საჯაროდ ამხელა ამბავს არ მოვაწყობდი, რადგან ამით ჩემი ოჯახის: მეუღლისა და შვილების პრესტიჟს შევლახავდი. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩემს მეუღლეს და ახლობლებს, რომ გამიგეს. მთავარი სამსახურის დაკარგვა კი არა, ის დარტყმაა, რომელიც მე მომაყენეს. როგორ გააკეთეს, იცით? მცირეწლოვანი გარეწარი ქურდები კარის ზღურბლთან რომ მოგისაქმებენ, მერე ზარს დარეკავენ და თვითონ გაიქცევიან, დაახლოებით ეგრე გამოუვიდათ. არ მომერიდება ამ სიტყვის გამოყენება, მოისაქმეს და გაიქცნენ და თვითონ არ ჩანან. არც სარჩელი ჩანს და არც არაფერი. არადა, მათ ინტერესებში ხომაა, რომ დავისაჯო, როგორც მოძალადე?!
– ვინ დგას რუხაძის უკან?
– არა მგონია, რომ რუხაძის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ეს საქმე ძალიან უხეში და ნაჯახისებრი მეთოდითაა გაკეთებული, რაც თვითონ რუხაძის სტილია. მან საერთოდ არ იცის, რა არის პოლიტიკა, მედია და ადამიანებთან ურთიერთობა.
– მის სახელს ერთი პერიოდი ნაციონალებსაც უკავშირებდნენ, მის უგულავასთან კავშირსაც უსვამდნენ ხაზს. 
– თავის დროზე, როცა ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ – კი. მისთვის არ არსებობს პოლიტიკური პრეფერენციები, მისთვის მთავარია, ვის აქვს ძალაუფლება. ხვალ რომ ნაციონალები დაბრუნდნენ, მათი გოშია იქნება. მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ლიდერის თვისებები. უნდა, რომ რომელიღაც პოლიტიკური ძალის ქვეშ იყოს და პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს.
– ოჯახი ახსენეთ, უმძიმესი დღეები გამოვიარეთო. თუმცა, როგორც ვიცი, მეუღლე გვერდით გედგათ.
– მეუღლე უკიდურესად შეურაცხყოფილია და ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, მაგრამ, მაინც გვერდში მიდგას და მისთვის მადლობის გარდა, არაფერი მეთქმის.
– ყოფილმა მეუღლემაც თანადგომა გამოგიცხადათ.
– ბუნებრივია. პირდაპირ გეტყვით, იმდენად აბსურდულია ჩემთვის მოძალადის იმიჯის მოკერება, რომ ვინც კარგად მიცნობს, ამას არ დაიჯერებს. მე ბევრი ცოდვა მაქვს. უფრთო ანგელოზი არ ვარ, მაგრამ სექსუალური მანიაკი ნამდვილად არ ვარ. არ შეიძლება, ასეთი საშინელი შეურაცხყოფა მომაყენონ. ეს იმდენად შორსაა რეალობისგან, რომ წარმოუდგენელია, მგონი, არც ხალხს სჯერა.
– ახლა სად არის შალვა რამიშვილი და რას აპირებს?
– რაღაცეებს ვაპირებ, სასამართლო კუთხით ვემზადები. იცით, რომ პროკურატურაში ვიჩივლე ბახტაძის, როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დამნაშავის წინააღმდეგ. პლუს, არის რაღაც პროექტები, რომლის განხორციელებაც მინდა, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ.
– თუ თქვენ მათი სურვილის წინააღმდეგ მიდიოდით, არ ელოდით ასეთ რეაქციას?
– მერე გავააანალიზე და მივხვდი, რომ ასეთი სიბინძურე რუხაძის ქმედებების სტილია.
– იმ 50 კაციდან, რომელიც თქვენთან ერთად გამოუშვეს, ზოგი დღესაც ისევ იქ მუშაობს.
– თავიდან ყველა დაითხოვეს. მერე მივიდა დათო გოგიჩაიშვილი. მას სთხოვეს ამის გაკეთება, მაგრამ დათო გოგიჩაიშვილი ძალიან ჭკვიანი პროდიუსერია და მიხვდა, ამ შოუს გაკეთება არაფერს შემატებდა და ისევ იგივე ხალხის ნაწილს სთხოვეს შოუზე მუშაობა. ფორჩხიძე, ზვიო და ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი იქ აღარაა.
– თათიასთან თუ გქონდათ კონტაქტი ამ ამბების შემდეგ.
– არანაირი. არ მაქვს სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ჩამწეროს. თათიასთან, ზოგადად, ფრთხილად უნდა იყოს ყველა მამაკაცი, რადგან ჩაწერა უყვარს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და მამაკაცური სოლიდარობიდან გამომდინარე, ყველა კაცს ვაფრთხილებ, მასთან ბევრი არ ილაპარაკონ.

скачать dle 11.3