კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაემორჩილა საბა იშხნელი ბაგრატ კურაპალატს და როგორ აშენდა იშხანში მეორე ტაძარი

თურქეთში უკვე მთავრდება ქართული ხუროთმოძღვრების დიდებული ძეგლის, იშხნის ტაძრის აღდგენა. იშხანში პირველი ტაძარი აშენდა მეშვიდე საუკუნის შუა წლებში ტაოელი, სომხური (შესაძლოა, ქართული) წარმოშობის ქალკედონიტი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ, რომელიც მართლმადიდებლური რწმენის გამო თავს აფარებდა ტაოს. ის სომეხთა კათალიკოსიც იყო და სომხური ეკლესია ცოტა ხნით მართლმადიდებლობაზეც გადაუყვანია. იმ დროს ტაოში სომხებიც ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად, რადგან არმენები, დამპყრობლების მოძალების ან რელიგიური დევნის გამო, ხშირად იძულებული ხდებოდნენ, თავიანთი სამშობლოდან საქართველოში გადმოხვეწილიყვნენ თავშესაფრის საძიებლად. სომეხთა ერთი, მცირე ნაწილი, ჩვენი წინაპრების მსგავსად და სომხური გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევართაგან განსხვავებით, ქალკედონურ, ანუ მართლმადიდებლურ მრწამსს აღიარებდა. ასეთი იყო წმიდა ნერსესიც. მერვე საუკუნეში არაბებმა ტაძარი დაანგრიეს.
მერვე საუკუნის ბოლოს, ქართლის ერისმთავრის, ნერსე მეორის კარზე გაიზარდა ერისმთავრის მეუღლის ძმისშვილი, საქართელოს ეკლესიის მნათობი – გრიგოლ ხანძთელი. მას ჰყავდა დეიდაშვილი, საბა, რომელიც, ალბათ, ცოტათი უმცროსი იყო გრიგოლზე. დეიდაშვილებს ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ შემონაზვნება.
როცა სრულწლოვანები გახდნენ, გრიგოლი, მამიდისა და ბიძის წინადადებით, მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ერისმთავარმა და დედოფალმა გადაწყვიტეს, მამა გრიგოლი ეპისკოპოსად ეკურთხებინათ.
ეპისკოპოსობა იგივე ბერობაა, მაგრამ, ერთგვარად, ძალაუფლების ქონაცაა – ეპისკოპოსს ემორჩილებიან: ეპარქია, მრევლი, სასულიერო პირები... ეპისკოპოსს უწევს საქვეყნო გამგებლებთან და ხელმწიფეებთან ურთიერთობა საერო საქმეებზე. მამა გრიგოლმა ამაში ხორციელი დიდების საფრთხე დაინახა, ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, წასულიყო სადმე, საითკენაც ღმერთი მოუწოდებდა. მან განზრახვა გაანდო თავის დეიდაშვილს – საბას და თავის ორ მეგობარსა და მოწაფეს – თეოდორესა და ქრისტეფორეს.
ქართლიდან გაემგზავრნენ ზემო ქართლში, კლარჯეთში და მივიდნენ ოპიზაში. იქ იმ დროს უკვე აღდგენილი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო ცხოვრობდა. ორი წელი მძიმედ შრომობდნენ მეგობრები ოპიზაში, როგორი წესიც იყო იმ დროს ბერებისთვის.
ასე დაიწყო მამა გრიგოლისა და მისი მეგობრების ბერული ცხოვრება კლარჯეთში. შემდეგ ხანძთაში გადავიდნენ.
მერვე-მეცხრე საუკუნეების მიჯნაზე კავკასიაში, წინა აზიასა და, საერთოდ, მსოფლიოში ბატონობისთვის, ერთმანეთს ეცილებოდა ორი დიდი სახელმწიფო: ბიზანტიის იმპერია და არაბთა სახალიფო.
ბიზანტია ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ადრე, არაბების იმპერია კი ჯერ კიდევ აღმავლობის ხანაში იმყოფებოდა.
საქართველო არ იყო ერთიანი, თუმცა არსებობდა პატრიოტული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას, არაბთა ბატონობისგან გათავისუფლებას და მთელი ენერგიით ებრძოდნენ სახალიფოს.
ერთ-ერთი ასეთი დიდი პატრიოტი იყო ქართლის ერისმთავარი აშოტ ადარნასეს ძე ბაგრატიონი. აშოტი დაახლოებით 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი, „მეფეთა ტახტზე მჯდომი“. თავიდან წარმატებით ებრძოდა არაბებს, მაგრამ მაჰმადიანები კვლავ დიდი ძალით შემოესივნენ ჩვენს სამშობლოს და შეძლეს ჩვენი წინაპრების დამარცხება. დაახლოებით 813 წელს აშოტ პირველს ქართლის დატოვება და კლარჯეთში გადასვლა მოუწია.
კლარჯეთში აშოტ დიდმა აღადგინა მურვან ყრუს მიერ აოხრებული, ვახტანგ გორგასლისეული ციხე-ქალაქი არტანუჯი და იქ დაიდგა ტახტი. 
არაბების წინააღმდეგ საბრძოლველად აშოტ პირველი დაუკავშირდა ბიზანტიის კეისარ ლეონ მეხუთეს. კეისარს ძალიან სჭირდებოდა მოკავშირეები. იმპერატორმა მოკავშირედ გამოაცხადა აშოტ ბაგრატიონი და საპატიო ტიტული – კურაპალატობა მიანიჭა. აშოტმა თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე გაავრცელა თავისი ძალაუფლება და კავკასიის უძლიერეს ხელმწიფედ იქცა.
გრიგოლ ხანძთელი და მისი საძმო გავლენიანმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, გაბრიელ დაფანჩულმა დააკავშირა ხელმწიფე აშოტს.
აშოტ კურაპალატი ხშირად ეხმარებოდა მამა გრიგოლს მონასტრების მშენებლობასა და სხვა საქმეებში.
ერთხელ გრიგოლ ხანძთელი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, თან წაიყვანა თავისი დეიდაშვილი საბა და ერთი ბერი. შემდეგ მოილოცეს წმიდა მიწა და, როცა ბრუნდებოდნენ, ტაოში შეიტყვეს, რომ აშოტ კურაპალატი მტრებს მოეკლათ. აშოტის მაგიერ მისი ვაჟები, ადარნასე, ბაგრატი და გვარამი განაგებდნენ ქვეყანას.  წმიდა მამებმა იგლოვეს დიდი ხელმწიფე.
როდესაც გამოიარეს იშხნის ახლოს, მისი მონახულება გადაწყვიტეს. იშხანი მდებარეობს მდინარე ოლთისის ხეობაში, უფრო სწორად, მთაზე გაშლილ მშვენიერ ვაკეზე. ტაძარი არაბებს დაენგრიათ. საბა იშხნელს უნდოდა, განეახლებინა იშხნის მონასტერი. წმიდა მამები გამოემართნენ კურაპალატის შვილებისთვის მისასამძიმრებლად, შემდეგ კი აბრუნდნენ ხანძთაში. რამდენიმე დღის მერე მამა საბამ თან წაიყვანა ორი მოწაფე და იშხანში გაემგზავრა.
ქვეყნის მთავარი გახდა აშოტის შუათანა ძე – ბაგრატი და ბერძენთა იმპერატორისგან კურაპალატის წოდება მიიღო. გრიგოლ ხანძთელი მივიდა ბაგრატთან, დალოცა და სთხოვა შატბერდში ადგილი მონასტრის ასაშენებლად. კურაპალატმა დიდი სიხარულით გაიღო ადგილიც, საშენი მასალაც და ყველაფერი, რაც საჭირო იყო მონასტრის ასაშენებლად. ცოტა ხნის შემდეგ ხელმწიფემ იხმო მამა გრიგოლი. ბაგრატიონ ძმებს ძალიან უყვარდათ უდაბნოს ვარსკვლავი და ხშირად იწვევდნენ ხოლმე სტუმრად.
გრიგოლ ხანძთელმა უამბო შატბერდისა და იშხნის ამბავი. კურაპალატი ძალიან დაინტერესდა და მოუნდა წმიდა საბას ნახვა. მან დაწერა წერილი, გაუგზავნა მამა საბას და სთხოვა მასთან მიბრძანება. როცა დაბრუნდნენ შიკრიკები, ხელმწიფეს აუწყეს, რომ ნეტარს არ უნდოდა მასთან მისვლა.
ბრძანა ბაგრატ პირველმა იშხნის გზების გაკეთება, რადგან იქვე ახლოს იმყოფებოდა. მდინარის სანაპიროებიდან, სადაც გზები გადიოდა, იშხნის ტაძრის ნანგრევებამდე გრძელი გზაა, მთაზე ასასვლელი.
ხელმწიფემ უთხრა მამა გრიგოლს: „დაუფიქრებლად მოვიქეცი, რომ შენ არ შემოგთავაზე წერილის დაწერა, ახლა როგორც საჭიროა, მისწერე“. თვითონაც დაწერა მეორე წერილი და მამა გრიგოლის წერილთან ერთად გაუგზავნა ნეტარ საბას. მამა საბა დაემორჩილა კურაპალატის მეორე ბრძანებას, უფრო მეტად კი მამა გრიგოლის მიწერილს და მივიდა მათთან.
კურაპალატი წინ მიეგება და პატივისცემით მოიკითხა. მამა საბამ დალოცა მეფე. რომ დასხდნენ, ხელმწიფემ საყვედური ჰკადრა მამა საბას: „მეფეთა მორჩილება აუცილებელია, რატომ არ მოხვედი პირველივე მოწვევაზე, წმიდა მამაო?“
იშხნის მეორედ აღშენების ინიციატორმა უპასუხა: „დიდებული მეფეო, შენ ამქვეყნის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელებისაც. შენ აქ მოსახლე ხალხის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე კი ყოველი დაბადებულისა. შენ წარმავალ დროში მეფობ, ქრისტე კი საუკუნო მეუფეა. იგი არსობს უცვლელი, უჟამო, დაუსაბამო, დაუსრულებელი, მეუფე ანგელოზთა და ადამიანთა. შენს სიტყვებზე მეტად საჭიროა მისი სიტყვების სმენა, რომელმაც ბრძანა: „არავის შეუძლია ორი ბატონის მსახურება“. ამიტომ, ჩემი ძმისა და მოძღვრის წერილის გამო მოვედი შენ წინაშეო“.
კურაპალატმა უპასუხა: „სამართლიანია შენი სიტყვები, წმიდაო, თუმცა უმჯობესია, მრავალი სული განათლდეს სასანთლეზე შენი, ბრწყინვალე სინათლის ბრწყინვალებით. როგორც უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს: „ვითარცა მხურვალება მზისა გაანათლებს ცის ქვეშ მყოფებს, ასევე ბრწყინავდეს თქვენი ნათელი ადამიანების წინაშე, რათა იხილონ თქვენი კეთილი საქმენი და ადიდებდე თქვენ ზეციურ მამას!“
კურაპალატმა დაათვალიერა იშხანი წმიდა მამებთან – გრიგოლთან და საბასთან ერთად და ძალიან შეუყვარდა ის ადგილი.
ააშენეს ახალი ეკლესია. საბა (საბან) გახდა იშხნის ეპისკოპოსი, რომლის სამწყსოშიც შედიოდა „ისპირი, თორთომი, ბაიბურთი, ტრაპიზონის მთებამდე“...
ასე აღდგა იშხნის ეპარქია საბა იშხნელის, ბაგრატ პირველი კურაპალატის, გრიგოლ ხანძთელისა და სხვა საამაყო ქართველების ღვაწლით. შემდეგში ტაძარი გადააკეთეს.
ღმერთმა ქნას, კვლავ აღესრულებოდეს იშხანში ქართული წირვა-ლოცვა და კვლავ აღდგეს იშხნის საეპისკოპოსო.

скачать dle 11.3