კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეუქმნის ანაკლიის პორტის აშენება პრობლემებს უკვე არსებულ ქართულ პორტებს და მოითხოვს თუ არა ირანი აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი, ევროპისთვის განკუთვნილი ტვირთების სქემაში რუსეთის ჩართვას

როგორც გაირკვა, საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმებულან, რომ ირანიდან ტვირთებს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გადაზიდავენ, რაც ორმაგად სასიხარულოა, რადგან იმასაც ნიშნავს, რომ, რაკი აზერბაიჯანმა და ირანმა საერთო ენა გამონახეს, არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ევროპისკენ ირანული ენერგომატარებლების გატარების შესაძლებლობა მოგვეცეს. თუმცა არც იმის დავიწყება ღირს, რომ რუსეთი ამ სამეულის იდილიით დიდად კმაყოფილი ვერ იქნება; მეტიც, უდიდესი ალბათობით, შეეცდება, ხელიც შეუშალოს ან თავად ჩაერთოს პროექტში. რა სიკეთეებს მოუტანს საქართველოს ამ ახალი დერეფნის ამოქმედება და, იმავდროულად, რა საფრთხეს შეიცავს ეს პერსპექტივა, –  ამ საკითხს გია ხუხაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ეს შეთანხმება მოთელვითი წინაპირობაა საიმისოდ, რომ მომავალში იმავე მიმართულებით გაიაროს ირანულმა ენერგომატარებლებმა?
– თუ ეს გზა გაიჭრა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ, ირანის მდგომარეობა სპეციფიკური იყო დიდი ხნის განმავლობაში და დღეს მისი იზოლაციის ხარისხი შემცირდა, რაც მას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ამასთან, ირანს სჭირდება არა მხოლოდ ექსპორტი, მომარაგებაც და ეს მოძრაობა იქნება ორმხრივი. ანუ საქართველო შეიძლება გახდეს ირანიდან როგორც ექსპორტის, ასევე ირანული იმპორტის  გამტარი, რაც შეიძლება, არანაკლები რაოდენობის იყოს და უფრო სერიოზული ნაკადები მივიღოთ არა ირანიდან, არამედ ირანისკენ. ეს ქვეყნის ინტეგრაციულ პროცესს კიდევ უფრო გაზრდის და ეკონომიკურ ფუნქციასაც გააძლიერებს. ეკონომიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ძირძველ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე, დღევანდელ სამყაროში ეს ირაციონალური ფაქტორები არ ჭრის. ერთადერთი რაციონალური არგუმენტი კი, რომ გლობალიზაციის ეტაპზე დავიმკვიდროთ ადგილი სამყაროში, არის დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი კვანძის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ფუნქციონირება. მე არ ვიტყოდი, რომ ეს ეკონომიკურად კოლოსალურ შემოსავლებს მოიტანს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპონენტია, თუ მეტად არა.
– გულისხმობთ უსაფრთხოებას, რაც მეტი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ჩვენი უსაფრთხოებით, მით მეტად მაღალი იქნება ის.
– ბუნებრივია, თუ დღეს ჩვენი უსაფრთხოებით დაინტერესებულია დასავლეთი, იმავე ენეგრომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტრების კუთხით, ჩათვალეთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ირანის, როგორც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშის, ინტერესიც იქნება საქართველოს სტაბილურობა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ასევე, დასავლეთშიც გაძლიერდება ჩვენი პოზიციები, რადგან ირანი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია დასავლეთისთვის და დასავლეთის ინტერესიცაა, ახალი გზები გაჭრას ირანზე საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე ირანული ენერგომატარებლების დასავლეთის ბაზარზე კიდევ ერთი არხის გაჭრის მხრივ.
– თურქეთთან უკვე აქვს ამ ტიპის ურთიერთობა ირანს, ირანული ტვირთები ტრანსპორტირდება თურქეთის გავლით და საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონაცაა. აზერბაიჯანი არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც თურქეთის ინტერესს დააზარალებდა. ეს თურქეთის პარალელური გზა გამოდის.
–  შეიძლება, იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ირან-თურქეთის ურთიერთობა არ არის მარტივი, შესაბამისად, შესაძლებელია, თურქეთს ჰქონდა ამ პროექტებში ჩართვის სურვილი, რომ დაგრძელებულიყო ეს სქემა და მეოთხე კომპონენტი გაჩენილიყო თურქეთის სახით, ანუ ტვირთები არა საქართველოს, არამედ თურქეთის პორტებით გასულიყო ევროპისკენ. ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, თურქეთისთვის ლობირება გაეწია აზერბაიჯანს. მაგრამ ნებისმიერ პოლიტიკურ გზავნილში უნდა იყოს გარკვეული ეკონომიკური ლოგიკა, დაგრძელებულ სქემას არ ექნებოდა ეკონომიკური ლოგიკა და კარგია, რომ სამმხრივი დარჩა. სადაც საჭირო იქნება თურქეთის ჩართვა, ის უნდა ჩაერთოს, რადგან ჩვენი პარტნიორია, მაგრამ აქ ამის ეკონომიკური საჭიროება არ არის. ეს, სხვათა შორის, გააძლიერებს ჩვენს პორტებსაც.
– აქვს ამდენი ტვირთის გატარების პოტენციალი საქართველოს პორტებს?
– არა მარტო ამის, სამწუხაროდ, ჩვენი არსებული პორტები ბოლომდე არ არის დატვირთული და შეუძლიათ ბევრად მეტი ტვირთის გადამუშავება, ვიდრე დღეს ატარებენ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით საკმაოდ სუსტები არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანაკლიის პორტიც აშენდება და ეს კიდევ უფრო გვიძლიერებს პორტების პოტენციალს და ჩათვალეთ, რომ არა მხოლოდ ირანული, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ტვირთების გადამუშავების საშუალება გვექნება. პირიქით, ჩვენ გვაქვს პორტების დატვირთვის პრობლემა: თუ დღევანელ დონეზე დარჩა ტვირთების ტვირთბრუნვა, შეიძლება, სამი მეტ-ნაკლებად ფუნქციონალური პორტის მაგივრად მივიღოთ ოთხი არარენტაბელური პორტი. თუ ერთ ტორტს შეუძლია სამი ადამიანის დაპურება და მეოთხეც დაემატა, შესაძლოა, ოთხივე მშიერი დარჩეს.
– ჩინური ტვირთებიც მიუერთდება იმავე მარშრუტსო.
– ახლა სხვა თემაზე გადავედით, მაგრამ გეტყვით, რომ რისკები საკმაოდ მაღალია და ანაკლიის პორტის მშენებლობა გაუაზრებელი პროექტია, ძალიან მაღალი რისკის შემცველი საქართველოსთვის.
– რისკი რა არის?
– ჩემი პროგნოზით, უახლოესი 15 წლის განმავლობაში ვერ მოვახერხებთ არსებული საპორტო ინფრასტრუქტურის დატვირთვასაც კი. დღესაც კი არ გვაქვს სრულად დატვირთული. ამდენად, ახალი პორტიც რომ შეგვემატება, შეიძლება, შეგვექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები და ეკონომიკურად საკმაოდ გაუაზრებელი იყო ანაკლიის პორტის პროექტის ინიცირება თავის დროზე. სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ ტიპის რისკებს არ ითვლიან და რისკი გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული ტვირთების ზრდა და ეს შეიძლება, უსასრულოდ მოხდეს. ჩვენ რომც მოვახერხოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იმდენად, რომ ტვირთბრუნვის გაზრდის რესურსი გაგვიჩნდეს, ჩვენამდე ეს ტვირთები უნდა მოვიდეს აზერბაიჯანის,  კასპიის ზღვის, ყაზახეთის გავლით და იქაური ინფრასტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას. ტვირთგამტარიანობა შეზღუდულია. თუ ჩევნ დღეს ვატარებთ 20 მილიონ ტონას, არსებული პორტების რესურსია 35-40 ტონა, ჩვენს რკინიგზას კი არ შეუძლია 30 მილიონ ტონაზე მეტის გატარება. ვთქვათ, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეკონსტრუქცია და ავწიეთ ეს მაჩვენებელი უფრო მაღლა, 40 მილიონამდე, მაგრამ რაში გვჭირდება მეოთხე პორტი?! ამის რა აუცილებლობაა?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ციფრებსაც ვერ მივაღწევთ, იმიტომ რომ, აზერბაიჯანის რკინიგზას არ შეუძლია ამდენის გატარება. რკინიგზასაც რომ თავი დავანებოთ, კასპიის ზღვაში არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, მხედველობაში მაქვს საბორნე გადასასვლელები და გემები; და კასპიის ზღვის იქით კიდევ რა ტრიალებს, ღმერთმა უწყის. ასე რომ, როდესაც რაღაცას იწყებ, არ უნდა ამოხვიდე თეორიიდან, მხოლოდ შენი შიგა პრობლემატიკიდან და რესურსებიდან, უფრო ფართოდ უნდა შეხედო ამ ყველაფერს. შესაბამისად, ანაკლიის პორტის მშენებლობის ინიცირება შესაძლებელი იყო საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის პარალელურად, რომელიც იზრუნებდა, მათ შორის, ამ დერეფანში მთლიანი ინფრასტრუქტურის განახლებაზე. ამის გარეშე ასეთი პროექტების ჩაშვება და ლოკალურ კონტექსტში განხილვა, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციებია და ეკონომიკურად ძალიან სუსტად, არადამაჯერებლადაა დასაბუთებული.
– მაგრამ გვაქვს ავტომაგისტრალებიც, ჩვენი გზები თუ არის ჯეროვნად მომზადებული ტვირთბრუნვის გაზრდისთვის?
– საგზაო მაგისტრალები პრობლემა არ არის, გზების დაგება ყოველთვის შეიძლება. მაგრამ საავტომობილო გადაზიდვა არის ზღვაში წვეთი, ძირითადი გადამზიდავია რკინიგზა, თუ აბსოლუტურ გადაზიდვებზე ვლაპარკობთ. საავტომობილო გადაზიდვა უსასრულო არ არის, მაქსიმუმ, მილიონი ტონა გადაიტანო, რაც უნდა ყურებზე გაიარო, შესაბამისად, საგზაო გადაზიდვა არ შეიძლება პრიორიტეტად განხილულიყო. ამას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებს.
– ეს შეიძლება, გახდეს წინაპირობა იმისა, რომ მომავალში აზერბაიჯანი ირანულ ნავთობპროდუქტებს გაატარებს თავის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ, თავად ვერ აავსებს 16-მილიარდიან მილს?
– ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ეკონომიკა, ეს არის პოლიტიკა. ჩვენ ვიცით, როგორ ყალიბდება ურთიერთობები დღევანდელ სამყაროში. ვიცით, როგორია ირანისა და რუსეთის ურთიერთობა და ბუნებრივია, ამ ტიპის პროექტები რუსეთისთვის არ იქნება, მაინცდამაინც, მისაღები. რუსეთი თავის როლს შეასრულებს ამ ეკონომიკურ ომებში, რაც გადაბმულია პოლიტიკასთან. ჩვენ ვიცით, რა სირთულეებია თურქეთსა და ირანს შორის, ამდენად, ამ პროექტის განხორციელება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები, რომ რეალურად განხორციელდეს.
– მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა ჩვენთან, რომ თითქოს რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ირანისთვის ემბრაგოს მოხსნას, თუმცა კერიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს ირანისთვის ემბარგოს მოხსნაში დახმარებისთვის, ანუ რუსეთი და ირანი საკმაოდ კარგად უგებენ კვლავ ერთმანეთს. ეს რა საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის?
– რუსეთი და ირანი ყოველთვის იყვნენ მოკავშირეები. რუსეთი რაც არის, ვიცით, მაგრამ ირანთან მიმართებაში ის პარტნიორულად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის ემბარგოს მოხსნა ნავთობის ფასის ვარდნას გამოიწვევდა, რაც რუსეთისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა და პრობლემად რჩება. სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რუსეთმა არათუ ხელი არ შეუშალა, პირიქით, ხელს უწყობდა ყველანაირად, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ აკეთებდა ირანის ლამაზი თვალების გამო. რუსეთი არის ქვეყანა, რომლისთვისაც კეთილდღეობა არ არის მიზანი. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ატარებს ველიკოდერჟავულ პოლიტიკას და ჩათვალეს, რომ ირანისთვის იზოლაციის მოხსნა პოლიტიკურად მათთვის იყო მეტი სარგებლის მომტანი, ვიდრე ის ზარალი, რასაც რუსეთი მიიღებდა ნავთობზე ფასების ვარდნით.
– რუსეთი ვითომ არ შეუშლის ხელს ირანიდან, რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას ევროპისკენ?
– რა თქმა უნდა, შეუშლის და იმავე ირანს აქვს თავისი ვალდებულებები რუსეთის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკე და მე ვფიქრობ, რომ ირანი გაითვალისწინებს რუსულ ინტერესებსაც. საბოლოოდ, ჩვენ, ნაცვლად ამ მიმართულებისა, შეიძლება, მივიღოთ სულ სხვა მიმართულებები, რომლებშიც შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს.
– მაგრამ ტვირთები მაინც ევროპისკენ გავიდეს რუსეთის გავლით?
– რა თქმა უნდა. მაგისტრალური გაზსადენით შეიძლება, წავიდეს რევერსულად. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესო იქნება პოლიტიკურად, მაგრამ ეკონომიკურად არ იქნება უინტერესო. ასეც რომ დალაგდეს სქემა საბოლოოდ, ანუ ირანმა რომ ენერგეტიკულ პროექტებში რუსეთის მონაწილეობა პრინციპულად მოითხოვოს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად ხელსაყრელი არ არის, მაგრამ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
– პოლიტიკურად რატომ არ არის ხელსაყრელი? თუ რუსეთის გავლითაც გავა მილსადენი ევროპისკენ და პირდაპირ დასავლეთისკენ, ეს უფრო არ გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების ხარისხს?
– უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია მარტო ის კი არ არის, რომ გამტარი ვართ, არამედ გარე სამყაროს ჩვენ მიმართ ინტერესი აქვს ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მონოპოლიის მოხსნისთვის.
– გასაგებია, რადგან ევროპისთვის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული გზა ვართ.
– დიახ. და თუ ამ პროექტებში რუსეთიც ჩაერთვება, ეს გამოიწვევს ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციის გარკვეულწილად შემცირებას, თუმცა უსაფრთხოება შეიძლება, გაძლიერდეს და რუსეთის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა შემცირდა. ასე რომ, ეს რთული საკითხებია, აქ არ არსებობს შავი და თეთრი. აქ ყველა გადაწყვეტილება გრამებში იწონება: ძალიან ბევრი პოზიტიური და ნეგატიური არგუმენტი იდება სასწორზე და აქ არის ზუსტად საჭირო ჯანსაღი და ბრძენი ხელისუფლება, რომ ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში შეცდომა არ დაუშვას.

скачать dle 11.3