კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი და ღამეული ინფორმაციით წინასწარმეტყველება

ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება და აღგზნება განაპირობებს. პარაფსიქოლოგების აზრით კი, სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რისი განწყობილებაც გვაქვს. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკი, ბატონი ვაჟა ამბობს, სიზმარს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ხშირად ის ჩვენს მომავალს წინასწარმეტყველებს.

 ვაჟა: ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის, რომლის მიმდინარეობისასაც ეღვიძება და შესაძლებელია, რამდენიმე წუთში ისიც აღარ ახსოვდეს.  ფსიქოლოგ და სიზმრების მკვლევარ ზიგმუნდ ფროიდს, მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი. ამიტომ, სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები. სიზმრები გვისრულებს იმ დაფარულ, გაუცნობიერებელ, ხორციელ თუ სულიერ სურვილებს, რაც გონებაში ღრმად გვაქვს ჩაჭედილი და ხშირად საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით ამაში. გარდა ამისა, სიზმრები ადამიანის გონებას ავარჯიშებს. ხშირად შეიძლება, სიზმარში ისეთი რაღაც ამოვხსნათ, მოვიფიქროთ ან გადავჭრათ, რაც ცხადში ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია. მთავარი კი ისაა, თუ რა განწყობა გრჩება სიზმრის შემდეგ და როგორ აისახება ის შენზე.
– არის თუ არა შესაძლებელი სიზმრების კონტროლი?
– გააზრებულია ის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია, გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინოს საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. არის რამდენიმე ვარჯიში, როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე. ასევეა, ყურადღების ვარჯიში, ანუ ჩაძინების მომენტში არ უნდა გამოგეპაროს, და ძილის წინ გონებაში გააცნობიერო ის, რომ იძინებ და რაც შემდგომ შეიძლება მოხდეს, იხილო ის წინასწარ. ზოგს მიაჩნია, რომ სიზმრები ეშმაკისეულია, ზოგი კი პირიქით, ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს. სიზმარი ხშირად გვიწინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდება. ხანდახან პირიქითაც ხდება, სიზმარში იმას ხედავ, რაც უკვე იყო. ანუ, როგორც ამბობენ, „გულში ჩაგყვაო”. საქმე ისაა, რომ ხშირად ისე ვართ დამოკიდებული და გვჯერა მისი, რომ  სიზმრის გავლენით მომდევნო დღეს გაუცნობიერებლად ვაკეთებთ იმას, რაც სიზმარში ვნახეთ. ანუ, მოსახდენს თვითონვე ვახორციელებთ და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს წინაწარმეტყველები ვართ და წინასწარ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. არაერთ გამოჩენილ ადამიანს – ფილოსოფოსს, მეცნიერსა თუ კომპოზიტორს შთაგონება სწორედ სიზმრიდან მიუღია. მათ შორისაა ცნობილი რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა მან სიზმარში ნახა. გასულ საუკუნეში იყო მცდელობა, შეეგროვებინათ ის სიზმრები, ამა თუ იმ მოვლენას რომ წინასწარმეტყველებდა. ამისთვის ნიუ-იორკში სპეციალური ბიუროც კი გაიხსნა. ყოველდღიურად იწერდნენ ასობით სიზმარს, რაც ადამიანებს მომავალ კატასტროფებსა და ხელისუფლების ცვლილებებს აუწყებდა. ათწლიანი მუშაობის შემდეგ ჩაატარეს სტატისტიკური ანალიზი და შედეგად, გაირკვა, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები გლობალურ ცვლილებებსა და ადამიანთა პირად ცხოვრებზე, ხშირ შემთხვევაში, მართლდებოდა. სიზმარი ეს არის, დღის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ნაზავი, ეშმაკეული, უბრალო ფანტაზიის ნაყოფი ან წინასწარმეტყველური.  თუ გავიხსენებთ, ყველას გვინახავს ერთი წინასწარმეტყველური სიზმარი მაინც – ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ახლობლის გარდაცვალება თუ სხვა რამ. მაგრამ, როგორც წესი, ამას მალევე ვივიწყებთ და სიზმრის სამყაროს ისევ მისტიკურ, შავ ფარდას ვაფარებთ.
– თუ ფიზიკურ სამყაროში რაღაც მოვლენა არ მომხდარა, მაგრამ მას სიზმარში ვნახავთ, ხომ არ ნიშნავს, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი?
– ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა, სამყარო წარმოვიდგინოთ როგორც საერთო ენერგოინფორმაციული სივრცე. სანამ რაიმე მოვლენა ჩვენს სამყაროში მატერიალიზდება, ის მზა სახით წარმოიქნება ასტრალურ სამყაროში, რომელსაც პირობითად შეიძლება, „სიზმრების სამყარო” ვუწოდოთ. ჩვენი ყოველი აზრი, სურვილი, მისწრაფება, ასტრალურ სამყაროში წარმოქმნის მოვლენების განვითარების ამა თუ იმ კონკრეტულ სცენარს და იზრდება ალბათობა იმისა, ფიზიკურ სამყაროში მატერიალიზდეს. აქედან გამომდინარე, სიზმარში პირდაპირ ვუკავშირდებით ამ საერთო ენერგოინფორმაციულ სივრცეს და ვნახულობთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს, საიდანაც ზოგი რამ ზუსტად ახდება და ზოგიც ძალიან რომ ველი, შეიძლება არც კი ახდეს, რადგან მას მატერიალურ სამყაროში შემდგომი ქმედებებით თავადვე შევუშალეთ ხელი. სიზმრის სამყარო მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეცნობიერებასთან. მაგალითად, თუ გონებით, ლოგიკური აზროვნებით, გვიჭირს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ჩვენმა ქვეცნობიერებამ იცის გამოსავლის საუკეთესო გზა. პასუხს სიზმრიდან მივიღებთ, თუ დღის განმავლობაში ჩვენს ქვეცნობიერს ამას ვთხოვთ. გაღვიძებულს პასუხი გვეცოდინება, რაც შეიძლება, გონებას არარეალურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ გზამ მართლაც სამშვიდობოს გაგვიყვანა.  გაცნობიერებული სიზმარი – ეს არის მოვლენა, როდესაც სიზმარში „ვიღვიძებთ”. ანუ, როდესაც ვხვდებით, გვძინავს და ვაცნობიერებთ, რომ განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით. ეს არის სამყაროს უცნობი ნაწილის შეცნობის საშუალება. გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრილი ადამიანი ხვდება, რომ სიზმარი სულაც არ არის ის უმნიშვნელო ფენომენი, რაც ბავშვობაში ჩააგონეს. გაცნობიერებულ სიზმარში შესვლის საუკეთესო დროა დილის პერიოდი. ღამით, ძილის პირველ ნახევარში, სხეულს დასვენება სჭირდება და მისი მთელი ენერგია ამაზე იხარჯება. დაახლოებით დილის 5-6 საათზე ადამიანმა უნდა გაიღვიძოს და მტკიცე განზრახვით, რომ შევა გაცნობიერებულ სიზმარში, ისევ დაიძინოს. ამ დროს ცნობიერება ძილ-ღვიძილის საზღვარზეა და ადვილად შეუძლია, სიზმარში ლოგიკური აზროვნება დაიბრუნოს. დაიწყეთ სიზმრების ჩაწერა და ნახავთ, თუ რამდენი წინასწარმეტყველური ინფორმაცია მიიღეთ, რასაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიყენებთ. შესაძლოა, ადამიანმა ნახოს საშინელი, შიშის მომგვრელი სიზმარი და დღე იმის ფიქრში გაატაროს, თუ რა უსიამოვნებას უნდა ელოდოს. ეს შიში ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ხშირად ასეთ სიზმარს არაფერი მოჰყვება. ამგვარი სიზმრისეული ჩვენება შესაძლოა, ადამიანის გადაღლის ან ჯანმრთელობის გაუარესების შედეგიც იყოს, რაც გამოძახილს ძილში პოულობს. მშფოთვარე ჩვენებები, ადამიანის ემოციების, ნერვიულობის, გაღიზიანების, უსიამოვნო შთაბეჭდილებების შედეგიცაა. ზოგჯერ რასაც ცხადში არ სჩადის, ერიდება, რითაც არ სცოდავს, იმას ადამიანი სიზმარში ახორციელებს. ძილში ის უფრო მიმღები, მგრძნობიარე ხდება იმქვეყნიური გამოძახილის მიმართ. როცა სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებთ ფიქრს და შიში გიპყრობთ, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას იზიდავთ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. წინასწარმეტყველურ სიზმრებს ადამიანი თითქმის ყოველთვის იმახსოვრებს. ამისთვის კი მთავარია, ყურადღება არ მოადუნოს. ალბათ, თქვენც გაგიგიათ ახლობლებისგან: სიზმარში მრავალი წლის უნახავი მეგობარი ვნახე და ის მართლაც შემხვდა ქუჩაშიო. რაც ღამით ვნახე, დღის განმავლობაში ზედმიწევნით ახდაო; გარდაცვლილი მოვიდა სიზმრად, ახლობელს მოჰკიდა ხელი, წაიყვანა და ცოტა ხანში ის ადამიანი მართლაც გარდაიცვალაო. ასეთი უამრავი ფაქტია. სიზმარში ნანახმა წამალმა, ბევრი მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანი განკურნა და უდროოდ სიკვდილს გადაარჩინა. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, სიზმარს ყური ვუგდოთ, გავიაზროთ და მის მინიშნებას მივყვეთ.

скачать dle 11.3