კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნათია ჩიქოვანმა შეყვარებულს ხელი სთხოვა

ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში ერთი, ქართული რეალობისთვის (თუმცა, არა მხოლოდ ქართულის) ცოტა უცნაური ამბავი გავრცელდა. ამბავი ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას – გოგონამ ბიჭს ხელი სთხოვა და, რასაკვირველია, თანხმობაც მიიღო. გოგონა „ჯეო მოდელსის” მოდელი ნათია ჩიქოვანია, რომელიც ახლა GPA-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სწავლის პარალელურად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. ბიჭი კი, ლუკა ჭოჭუა, პროფესიით იურისტია, თუმცა ახლა „პირველ არხზე“ სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს.
ნათია: ჩვენთვის მთავარი ღირებულება, რომელზეც ჩვენი ურთიერთობაა დამყარებული, გენდერული თანასწორობაა. ლუკასთვის ხელის თხოვნით კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ გოგო და ბიჭი თანაბარუფლებიანები არიან. არაერთხელ გამიგია, რომ წყვილს დაქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი და გოგო ელოდა, როდის სთხოვდა ბიჭი ხელს, რადგან მათ ურთიერთობაში ბიჭია ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები, შესაბამისად, ინიციატივა აუცილებლად მისგან უნდა წამოვიდეს და გოგონა მხოლოდ „დიახის“ თქმას ელოდა. ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს და წარმოუდგენელია მისი მიღება საყვარელი ადამიანისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთზე დაქორწინება გვინდოდა და ხელის თხოვნის ჟესტი, უბრალოდ, გენდერული თანასწორობის ხაზგასასმელად გამოვიყენე. ეს დაახლოებით სამი თვის წინ მოვიფიქრე და ჩვენი ბეჭდების დამზადებას ველოდი.
– ლუკა, როგორი იყო შენი რეაქცია?
ლუკა: მსგავს სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა. ულამაზესი და სიმბოლური ჟესტი იყო. მე და ნათიას გადაწყვეტილი გვქონდა, საღამოს მეგობართან გავსულიყავით კაფეში. ერთად მივედით, ნათია მეორე სართულზე იყო, მე – პირველზე. დამიძახა, ამოდიო და, რომ ავედი, რომანტიკული გარემო, ჩამქრალი შუქი, სანთლები და დაჩოქილი ნათია დამხვდა (იცინის). მეგობრებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არ „ჩაუშვეს“. რომ გამეგო, მე დავასწრებდი (იცინის). ქორწილამდე ორთვე-ნახევარია დარჩენილი და მე ხელის თხოვნას დიდად არ ვჩქარობდი. ვფიქრობდი, რომ ორი კვირით ადრე გავაკეთებდი ამას, მაგრამ ნათიამ დამასწრო (იცინის).
ნათია: მისი ყველა მეგობარი გაფრთხილებული მყავდა, თუ ხელის თხოვნასთან დაკავშირებით რამე გეგმას გაგიზიარებთ, მაშინვე მითხარით, რომ მე დავასწო-მეთქი (იცინის).
– თქვენი ამბავი როგორ დაიწყო?
– ერთმანეთი მეგობრების წრეში გავიცანით. მის შესახებ მანამდეც ვიცოდი, რადგან ბავშვობიდან საერთო სამეგობრო გვყავს, მაგრამ მანამდე არასდროს გადავკვეთილვართ. პირველი ორი წელი ვმეგობრობდით, ორივეს შეყვარებულები გვყავდა და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით. მერე „ფეისბუქის“ საშუალებით უფრო აქტიური ურთიერთობა დავიწყეთ და რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ოთხი წელია, ერთად ვართ და ორი წლის წინ ერთად გადავედით საცხოვრებლად.
– ოჯახურ როლებს როგორ იყოფთ, მაგალითად, დალაგებას რაც შეეხება, აქ ვინ უფრო ძლიერია?
– დაგვას რაც შეეხება, მაგაში მე უფრო ძლიერი ვარ. ჭურჭელს ლუკა ისე სწრაფად რეცხავს, რომ ვერც შევეჯიბრები.
ლუკა: ტანსაცმლის კარადები ორივეს ჩვენ-ჩვენი გვაქვს და დიდად არცერთი არ ვალაგებთ. ორ კვირაში ერთხელ, ორივე ჩვენ-ჩვენსას ვაწესრიგებთ. ლოგინს რაც შეეხება, რომელიც უფრო გვიან გადის სახლიდან ის ალაგებს.
– შვილი რომ გეყოლებათ, მერე რა გეგმები გაქვთ?
ნათია: ვფიქრობ, რომ ჯერ ბავშვისთვის არ გვცალია და ხუთი წელი ეს გეგმაში არ გვაქვს. ახლა კარიერული და ფინანსური წინსვლა გვჭირდება. სანამ ჯერ კიდევ საღამოს გართობაზე და კლუბში წასვლაზე ვფიქრობთ, ბავშვის ყოლა რთულია. დღისით ვმუშაობთ, ღამით გასართობად მივდივართ და, 24 საათი ძიძასთან ხომ არ იქნება ბავშვი?! შვილს მაშინ ვიყოლიებთ, როცა ამ ეტაპს გადავლახავთ – ყველაფერს თავის დრო აქვს.
– ქორწინების გარეშე თქვენს ერთობლივ ცხოვრებას როგორ შეხვდა ხალხი?
– ჩვენი მშობლები ქორწინებამდე ჩვენს ერთად ცხოვრებას სკეპტიკურად უყურებდნენ. მაგრამ მე ბავშვობიდან იმდენად პრინციპული ადამიანი ვარ, რომ ბოლომდე ჩემი გავიტანე. ჩემსა და ლუკას მშობლებს ავუხსენით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეცედენტის შექმნა, რომ ადამიანებმა ქორწინებამდე უნდა გაიცნონ ერთმანეთი ერთ ჭერქვეშ ცხოვრებით. ამის არარსებობის გამოა, რომ არასწრულწლოვანი ბავშვები ქორწინდებიან და ძალიან მალე შორდებიან ერთმანეთს. ქორწინება იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ მის მიღებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ყველა გვერდში დაგვიდგა.
ლუკა: თან, როცა ერთმანეთის მშობლები გავიცანით, მათ ჩვენ მიმართ დადებითი მოლოდინები და პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდათ და წინააღმდეგობამ იკლო. ნათიას მშობლებს რომ დარჩენოდათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორი თვე ერთად ვიცხოვრებდით და მერე სადღაც გავიქცეოდი, მაშინ პირიქით, უფრო მეტად გაუმძაფრდებოდათ წინააღმდეგობის გრძნობა.
ნათია: ყველა დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობას ქორწინებით დავასრულებდით და ჩვენი მოლოდინიც ეს იყო. ხელის თხოვნას რაც შეეხება, ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა. მაგრამ, როგორც ვნახე, ადამიანებს ძირითადად დადებითი რეაქციები ჰქონდათ და აღნიშნავდნენ, რომ როლები ძალიან კარგად გვქონდა გადანაწილებული და გვილოცავენ. მხოლოდ რამდენიმე სოციალურ საიტზე წავიკითხე უარყოფითი კომენტარები, ძირითადად წერდნენ, რომ ქალი ქალს აღარ ჰგავს, კაცი – კაცს და, რომ, ტრადიციების მიხედვით, დომინანტი კაცია და ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. მე ეს პიროვნულად არ მიმიღია, მაგრამ მეშინია, რომ ეს ადამიანები ასეთი აზროვნებით ზრდიან შვილებს, თუმცა ბევრმა დადებითმა გამოხმაურებამ ეს შიში დააბალანსა.

скачать dle 11.3