კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაათავისუფლეს კახა მიქიაშვილი სამსახურიდან ჯვრისწერის დღეს და რატომ ნახულობს ის შვილს წელიწადში მხოლოდ ერთხელ

„თავისუფალი თეატრის“ მსახიობ კახა მიქიაშვილისთვის, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს, ერთადერთი პროფესია მსახიობობა არ გახლავთ. ამას გარდა, ის უკვე მრავალი წელია, ტელე და სასცენო წამყვანად გვევლინება, ბოლო 5 წელი კი, საპატრიარქოს არხის, „ერთსულოვნების“ დილის გადაცემის წამყვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის თავადაც ძალიან მორწმუნე გახლავთ.
კახა მიქიაშვილი: „თავისუფალი თეატრი“ არასდროს ჩერდება. ამ ეტაპზეც რეპერტუარის ყველა სპექტაკლს ვთამაშობთ და მაყურებლის დასწრების მიხედვით, კვლავ ლიდერები ვართ. ჩვენთან, როგორც წესი, ყოველთვის ბილეთების პრობლემაა. ყოფილა შემთხვევა, მთავრობის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები კიბეებზე მსხდარან. რამდენიმე დღის წინ სტამბულის ფესტივალიდან დავბრუნდით და სამ დღეში ისევ თურქეთში მივდივართ. ასევე იგეგმება მოლდოვა და კიდევ ბევრი გასტროლი.
– გასტროლი გართობასთანაც ასოცირდება. რომელ ქვეყანას გაიხსენებდით ამ მხრივ გამორჩეულად?
– ფესტივალზე ჩვენი მთავარი მიზანი კარგად თამაში და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენაა, მაგრამ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახლავს გართობა. მით უმეტეს, თუ გასტროლზე გოგა ბარბაქაძეც მოდის. ერთხელ თურქეთში გრანდიოზულ სასტუმროში ვიყავით დაბინავებულები. საღამოს შემომივარდა გოგა, საბანი ამაცალა, მოიფარა და გაიქცა. მეც ავდექი და გავეკიდე. წარმოიდგინე: ლიფტი იღება, ვიღაც კოსტიუმიანი ინგლისელი გამოდის და ხედავს – ერთი საბანმოხვეული კაცი გარბის და მეორე უკან მისდევს (იცინის). ჩემი ერთ-ერთი პირველი გასტროლი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. სპექტაკლში მამალი ვიყავი და შესაბამისად, მამლის ხმა და მამლის პოზა მქონდა. მეორე წელს ისევ ჩავედით იგივე ქვეყანაში. სავალუტო ჯიხურთან გავჩერდი ფულის გადასახურდავებლად. გოგო მიცინის და მეუბნება, თქვენ ის მამალი არ ხართო?! ძალიან სასიამოვნო იყო, უცხო ქალაქში ერთი წლის შემდეგ რომ ჩემი ნათამაშები მამალი ახსოვდათ.
– სცენაზე უხერხული შემთხვევა გქონიათ?
– სცენაზე ხშირად იქმნება უხერხული სიტუაციები, მაგრამ ახლა რეკლამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი სახალისო ამბავი. წლების წინ, როცა ვსწავლობდი, ერთ სოციალურ რეკლამაში გადამიღეს. რეკლამის მიხედვით, ამერიკაში ვარ და ოჯახში რომ ვრეკავ, მათ ვეუბნები, რომ ძალიან კარგად ვარ. ამ დროს კი დახეული ტანსაცმელი მაცვია. ანუ, სინამდვილეში ძალიან მიჭირს. ამ რეკლამას „მარიოტთან“ ვიღებდით, რუსთაველზე, რადგან ის ადგილი მაშინ შედარებით უფრო ჰგავდა უცხოეთს. დავამონტაჟეთ ტელეფონის ჯიხური, მოვიძიე დახეული ფეხსაცმელები, ძონძები და ვიწყებთ გადაღებას. ამ დროს ვხედავ, ჩემი მეგობრები მოდიან თეატრალურიდან. დამინახავენ და მეორე მხარეს გადადიან. ვფიქრობ: ნეტავ, რა ვაწყენინე ამ ხალხს-მეთქი?! თურმე, დახეულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში რომ დამინახეს, უფიქრიათ, კახას ძალიან გაუჭირდა, გაგიჟდა ან მათხოვრობსო და უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავეყენებინე, მეორე მხარეს გადადიოდნენ (იცინის). ეს რეკლამა ეკრანებზე რომ გამოვიდა, მამაჩემს ეუბნებოდნენ. ისე როგორ გაგიჭირდა, შვილისთვის ფეხსაცმელი ვერ გიყიდია, ბიჭი დახეული ფეხსაცმელებით დადისო (იცინის). მერე ქუჩაში რომ მხვდებოდნენ, მეფერებოდნენ და მეუბნებოდნენ: შენ შემოგევლე, შვილო, ჩამოხვედი? როგორ გიჭირდა, მოვკვდით შენზე ნერვიულობითო (იცინის). მაშინ ქართული რეკლამა ძალიან ცოტა იყო და ხალხი კი – მიუჩვეველი ამ ყველაფერს, ამიტომ მართალი ეგონათ.
– სამსახურებრივი ტრავმა არ მიგიღიათ გადაღებისას?
– კი, ერთ სპექტაკლში მე ყვავს ვთამაშობდი, ნანუკა ხუსკივაძე – კატას. სპექტაკლისას ავხტი და ისე ცუდად დავეცი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. სპექტაკლის მერე მითხრეს, რა ბუნებრივად დაეცი, მაგარი ქორეოგრაფია გაქვთო. „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერაზე მუცელში დანა გავიყარე. ღილაკიანი დანა მედო ჯიბეში, რეკვიზიტი. წელში მოვიხარე და უცებ დანა გაიხსნა. ვიგრძენი, რომ მუცელში შევიდა. კიდევ კარგი, ვიგრძენი, თორემ უფრო რომ მოვხრილიყავი, ღვიძლამდე ავიდოდა. არაფერი შევიმჩნიე და სპექტაკლი ბოლომდე ასე ვითამაშე. ბოლოს, რომ ვთქვი, ატყდა პანიკა. გამოიძახეს სასწრაფო და მომხედეს. დღემდე მაქვს იმ ჭრილობის იარა. თეატრი ასეთია – თუ მკვდარი არ ხარ, უნდა ითამაშო.
– თეატრის პარალელურად, საპატრიარქოს არხ „ერთსულოვნებაზე“ დილის გადაცემის წამყვანიც ხართ.
– ჯერ კიდევ 2002-2003 წელს ვმუშაობდი დილის გადაცემის წამყვანად „პირველ არხზე“. შემდეგ, 2010 წელს „იმედის დილაში“ ვმუშაობდი და იქაურობა ძალიან მომწონდა. სამწუხაროდ, მერე, როგორც ამ ტელევიზიაში ხშირად ხდება, ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და ჩვენ ხელი დაგვიქნიეს. ზუსტად იმ დღეს ჯვრისწერა მქონდა. რომ დამირეკეს, მეგონა, ბედნიერებას მილოცავდნენ, მაგრამ მითხრეს, ჩვენთან აღარ მუშაობთო. ასე, ძალიან ლამაზად მომილოცა ტელეკომპანია „იმედმა“. რა უნდა მექნა, უმუშევარი დავრჩი. შემდეგ „ერთსულოვნების“ დირექტორმა, მეუფე პეტრემ შემომთავაზა მათთან მუშაობა და სიამოვნებით დავთანხმდი. მეუფის ძალიან მადლობელი ვარ. უკვე მეხუთე წელია, დილის გადაცემა „განთიადის“ ერთ-ერთი წამყვანი ვარ.
– ცნობლია, რომ მორწმუნე ხართ. ეს ამ არხზე მუშაობის გავლენით მოხდა თუ მანამდეც ახლოს იყავით სარწმუნოებასთან?
– არა, მე ეკლესიაში 1999 წლიდან დავდივარ. მოძღვარი მყავს და ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ვცდილობ, იმას არ ვამბობ, ეკლესიურად ვცხოვრობ-მეთქი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრები მარხულობდნენ და უცებ მათ მაგალითზე გადავწყვიტე, მეც მემარხულა. თუმცა, ამ თემაზე საუბარი მერიდება. ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, რომელიც ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს და არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ წმიდანად მომაქვს თავი.
– რამდენადაც ვიცი, რწმენის გამო არასდროს ითამაშებთ პორნოგრაფიულ ფილმში...
– თავისთავად, მაგრამ მარტო რწმენის გამო არა. მორწმუნე სულაც რომ არ ვიყო, პორნოგრაფიაში მაინც არ ვითამაშებ. არავის განვიკითხავ და მათ შორის, არც ჩემს პროფესიაში, უბრალოდ, ჩემი თავი პორნოგრაფიაში ვერ წარმომიდგენია.
– ვიცი, რომ არაერთ დიდებულ ადამიანთან ხართ ახლოს. მაგალთად, პატრიარქთან.
 – პატრიარქი ჩემი მოძღვრის, მამა ელიზბარის წყალობით გავიცანი. მახსოვს ის ბედნიერება, როცა პირველად ვნახე პატრიარქი ქაშუეთში და ზეთი მაცხო. იმ ღამეს დამესიზმრა კიდეც ემოციებისგან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პატრიარქს პირადად გავიცნობდი, დამლოცავდა და სახელით მომმართავდა. ღმერთის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ეს ბედნიერება მომანიჭა და პატრიარქთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს.
– შვილებზეც გკითხავთ. როგორი მამა ხართ?
– ორი გოგო მყავს. უფროსი – ტასო იტალიაში ცხოვრობს დედასთან ერთად. სამწუხაროდ, მასთან მხოლოდ ვირტუალური კონტაქტი მაქვს. ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი იყო. ზრდილობიანი და კარგი ბავშვია. რამდენიმე წელია, წასულია. წელიწადში ერთხელ ჩამოდის და მაშინ ვნახულობ. იმედია, მეც მოვახერხებ იტალიაში წასვლას და მასთან შეხვედრას. მეორე – თინა მალე ოთხი წლის გახდება. ბაღში დადის. ესეც ძალიან განვითარებული ბავშვია, მხიარული და აქტიური. რაც შეეხება მამის როლს, სამწუხაროდ, შვილებს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენიც საჭიროა. ალბათ, არ ვარ მაინცდამაინც კარგი მამა, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ვცდილობ. მათ რამდენად დავამახსოვრდები კარგ მამად, ეს არ ვიცი.

скачать dle 11.3