კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოეპარათ ბავშვის დაბადება გოგა ჩანადირსა და მის მეგობარ გოგონას და აპირებენ თუ არა ისინი დაქორწინებას

გოგა ჩანადირი მშვენიერი გოგონას, ანიტას მამა გახდა, რომელიც 19 მაისს მოევლინა ქვეყნიერებას. დაბადებისთანავე პატარა ანიტამ მამიკოს თვალზე ცრემლიც კი მოჰგვარა და ცოტათი გეგმებიც შეუცვალა. ჟურნალი „თბილისელები“ კიდევ ერთხელ ულოცავს გოგა ჩანადირს უსაყვარლესი შვილის დაბადებას და ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს.
გოგა ჩანადირი: ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გავაცნობიერე მამობა. თუმცა, ვგრძნობ, რომ უკვე ძალიან მიყვარს. ძალიან საყვარელია, განსკუთრებით, რომ ვეუბნები: ანიტა, შენი მამიკო მოვიდა, ან გოგას გოგო-მეთქი... ვგრძნობ, ჩემი ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა, პიროვნულად არაფერი შეცვლილა, მე ისევ ისეთი მოქალაქე ვარ, ისეთივე ადამიანი – უფრო მეტი პასუხისმგებლობით, გაათკეცებული ენერგიით, რომ კიდევ უფრო უკეთესი საქართველო ჰქონდეთ ახლადაბადებულებს. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ იმაზე, როგორ გახდეს ის საუკეთესო მოქალაქე, რადგან მშობლები ადამიანის პიროვნებად, მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენენ. შევეცდები, ვასწავლო ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარული – ეს ორი რამ არის, რითაც ადამიანის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ფასდება. რაც შეეხება ღმერთს, მისი არჩევანია: მორწმუნე იქნება თუ არადა, რომელ სარწმუნოებას აირჩევს. მე თვითონ ქრისტიანი ვარ, მორწმუნე და სწორედ მორწმუნე რომ ვარ, იმიტომ ვფიქრობ ასე. ადამიანი თავისუფალი უნდა გაიზარდოს. ინდოელებს აქვთ ასეთი წესი: 5 წლამდე ბავშვებს ყველაფერს უსრულებენ, 11 წლამდე ყველაფერს პატიობენ და 11 წლის შემდეგ, ის ხდება ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ინდოელები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ბავშვი იბადება მაშინ, როდესაც ნაყოფი ჩაისახება და არა სამშობიარო პროცედურების შემდეგ, რომ გააჩენს დედა. მათი წარმოდგენით, ამ დროს ბავშვს ყველაფერი ესმის, ყველაფერზე რეაგირებს.
–  ესაუბრებოდი ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში?
– იშვიათად. ვცდილობდი, სასიამოვნო გარემო ჰქონოდა – სიცილიან-მხიარული. რომ დაიბადა, ერთი გაიღიმა, რაღაც გააკეთა და დაიძინა. შემდეგ ნახევარ საათში გაიღვიძა, ჭამა მოუნდა, კნუტივით დაიკნავლა.
– მშობიარობასაც დაესწარი.
– კი და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არ მიმიღია. რადგან ფიზიოლოგიურად უნდა ემშობიარა, ველოდებოდით. ამიტომ, მომიწია რაღაცეებზე უარის თქმა. არ წავედი ათონის მთაზე, თურქეთში, მოლდოვეთშიც, მაგრამ არ ვნანობ – ეს ხომ ღვთის საჩუქარია. მინდოდა, ეს ყველაფერი თავად განმეცადა და ტელეფონით არ შემეტყო: შვილი დაგებადაო. რომ დაიბადა, ცრემლები წამომივიდა. გულშემატკივრებთან გამოვედი, ვახარე ხალხს: გოგო დაიბადა-მეთქი. ახლაც არ ვიცი, რისი ცრემლები იყო: უცაბედი სიხარულის, ახალი სასწაულის შექმნის, ალბათ, ყველაფრის. ფოტოაპარატებს, ტელეფონებს მიშვერდნენ, ფოტოს გადაღება უნდოდათ და ვემალებოდი, ცრემლები რომ არ დაენახათ. იმ მომენტში ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ღვთის მადლით, ჯანმრთელი ბავშვია. ხელებში აქვს დიდი ძალა – არ ვიცოდი, თუ ჩვილებს ასეთი საოცარი ძალა ჰქონდათ თითებში. ჩვენც, ორივემ მოვირგეთ მშობლის სტატუსი და ნელ-ნელა ვსწავლობთ ყველაფერს. ძუძუს წოვს და მე ჯერ ვერ ვაჭმევ, თუმცა მზად ვარ, საფენებიც გამოვუცვალო, დავბანო. შვილია, შენია და მამობა, შვილზე დაკვირვების პროცესი და სახლში ფულის შეტანა არ არის მხოლოდ. მამობა ნიშნავს, დედასთან ერთად ჩვილის აღზრდაში თანაბარ პასუხისმგებლობას – ეს გაცნობიერებული მაქვს და ვაპირებ, ვიყო კარგი მამა. არ ვიცი, ერთ წელიწადში როგორ იქნება, მაგრამ ახლა სულ სახლში, ანიტასთან მიმიწევს გული. თუმცა, ვაპირებ, რომ პარალელურად, განვაგრძო ჩემი საქმე. არავის უნდა ისეთი მამა, საქმეს რომ არ გააკეთებს და იჯდება სახლში. არც ის მინდა, დედა სახლში იჯდეს – არ ვარ რომელიმეს კარჩაკეტილობის მომხრე. პირიქით, ორივეს გააზრებული გვაქვს, რომ უნდა ვიმუშაოთ და არც ბავშვს მოვაკლოთ ყურადღება.
– როგორ შეურჩიეთ სახელი?
– სამშობიაროში რომ მივედი, მკითხეს: ვინ გინდა იყოს – ბიჭი თუ გოგოო. რა უცნაური კითხვაა, რას ნიშნავს გოგო მინდა თუ ბიჭი, შვილია. ბოლო პერიოდში ბევრი გვეუბნებოდა, დიდი შანსია, ბიჭი იყოს, დედას მუცელი ისე აქვს ჩამოწეულიო. თუმცა, ვიცოდით, რომ გოგოს ველოდებოდით. ბავშვი ჯერ ხომ თავით გამოდის – სქესი არ ვიცოდი და ნათიასთან მივედი გასამხნევებლად. ამ დროს ბებიაქალმა მომაძახა: ჩქარა, რა ჰქვია ბავშვსო. ჯერ სქესი დამანახვეთ-მეთქი. დამანახვეს და ვთქვი: ანიტა... ეს სახელი ადრე მქონდა მოფიქრებული – წმიდა ანას, ღვთისმშობლის დედის პატივსაცემად. შარშან, ათონის მთაზე რომ ვიყავი, იქ მოვილოცე მისი ხატი. მერე ერთმა ბერმა გადამაღებინა მისთვის ფოტოები. რეალურად, ღვთისმშობლის ხატის გარდა, ერთადერთი ქალი წმიდანის ხატი იყო, რომელიც ათონის მთაზე ვნახე, რადგან ხატების უმეტესობა მამაკაც წმიდანებს ეკუთვნის.
– მაშინ ანიტა იყო უკვე გეგმაში? თუ  ჩასახული იყო?
– არა, შარშან აღდგომას ვიყავი, აპრილში და მაშინ არ იყო ჩასახული. არც კი ვფიქრობდი, რომ ამით შემეცვალა იმ მომენტში ჩემი ცხოვრება. თუმცა, უკეთესობისკენ შეიცვალა.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც  გაიგე, მამა გახდებოდი?
– გვიან გავიგეთ და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო. „ფეისბუქზე“ ვაპირებდი დაწერას – ჩემი ცხოვრება 9 თვეში შეიცვლება-მეთქი. 9 თვეს რომ დავწერდი, მიხვდებოდნენ, ამიტომ აღარაფერი დავწერე. ასე რომ, ჩვენი ამბავი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, გარდა ახლობლებისა და მეგობრებისა. ათასში ერთხელ რომ ვნახულობ, იმას ხომ არ ვეტყოდი: ბავშვს ველოდები-მეთქი. ზოგჯერ მავიწყდებოდა თქმა. თან, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი თემაა და ასე ჯობდა.
– როგორ ჩაიარა ამ ცხრა თვემ? ბავშვის დედას ხომ არ შეეცვალა ხასიათი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.
– ეს იყო პერიოდი, როცა ყველა მითი დაიმსხვრა. არ შევწუხებულვარ – არც კიტრის მწნილზე იყო მოთხოვნა და არც შუა ზამთარში მარწყვზე, ან ჯონჯოლზე. ცოტა, ბოლო პერიოდში, ნაყინზე იყო მოთხოვნა გაზრდილი. სხვათა შორის, როცა ნათიას ვკითხე: შეიძლება, შენს მშობირობას დავესწრო-მეთქი, რა ვიციო, – მიპასუხა. მივხვდი, დიდად არ უნდოდა. რომ სდომოდა, აუცილებლად მეტყოდა – კის. ასე რომ, ბავშვის დაბადება შემოგვეპარა. მერე მითხრა: კიდევ კარგი, დაესწარი, თორემ, არ ვიცი, როგორ გადავიტანდიო.
– ვინ არის ნათია – შენი მეგობარი გოგონა და უკვე შენი შვილის დედა, რას საქმიანობს, როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ყველაფერი ერთად არის. 2 წლის ურთიერთობა გვაკავშირებს. ორივეს გავგიმართლა, რომ ანიტას მშობლები ვართ. ნათია მერე თავად მოგიყვებათ ყველაფერს. მთავარმა მედდამ გაგვაფრთხილა: ბავშვის იმუნიტეტი ყველაზე სუსტია, ამიტომ მოერიდეთ სტუმრებს, მკვეთრი შუქი არ მიანათოთ, მზეზე გყავდეთ, რომ გათბესო. ვაპირებ, ღრმად გავერკვე ბავშვის აღზრდის საკითხებში, ბავშვის ფსიქოლოგიაში. ხვალ მერვე დღეა (ინტერვიუ ჩაწერილია 26 მაისს – ავტორი) და ბავშვი მინდა, ეკლესიაში მივიყვანო. მერვე დღეს იკითხება სახელის დარქმევის ლოცვა და ბავშვს სახელს არქმევენ.
– თუ გეგმავთ შენ და ნათია ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას. ვგულისხმობ, ჯვრისწერას, ხელის მოწერას?
– ჩვენი ურთიერთობა, პრაქტიკულად, ოფიციალურია. ეს ყველაფერი საჯაროდ არ მოხდება, თუმცა,  ყველაფერი იქნება.

скачать dle 11.3