კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოახერხა ცისანა ქოთილაიძემ აცრემლებული რომის პაპის აღფრთოვანება და რაზე მიიღო მან კათოლიკოს-პატრიარქისგან კურთხევა

ცოტა ხნის წინ რომში სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გაიხსნა, რომლის გახსნის იდეა ქართველ ემიგრანტს, ცისანა ქოთილაიძეს ეკუთვნის. ეს სახელოსნო, რომლის მიზანია, ევროპაში ქართული თექის პოპულარიზაცია და ემიგრანტი ქართველების დასაქმება, დები ქოთილაძეების მიერ, ჯერ კიდევ 2000 წელს, სოფელ ლალისყურში გახსნილი სახელოსნოს ფილიალია. ქალბატონი ცისანა წლების წინ საქართველოში ძალიან წარმატებული მსახიობი იყო – ლილი იოსელიანის სტუდენტი, თემურ ჩხეიძის რჩეული, „ჯინსების თაობის“ პირველი შემადგენლობის წევრი. თუმცა, ცხოვრების დაწყება მას არაერთხელ მოუწია თავიდან. ის შარშან რომის პაპს შეხვდა და „მწყემსის სახლში“ დამზადებული ქართული ნაბადიც უსახსოვრა. წლების წინ კი, დები ქოთილაიძეების ულამაზესი ნაბადი საქართველოს პატრიარქის კუთვნილება გახდა. ეს ის ნაბადია, რომელიც ინტერენტში გავრცელებულ ძალიან ცნობილ ფოტოზე პატრიარქს აქვს მოხურული და მშვიდად სძინავს.
– იტალიაში ყოფნისას ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა თქვენს ცხოვრებაში. მიამბეთ მათ შესახებ.
– ლექსებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვწერდი. იტალიაში წამოსვლის წინ, ჩემი ნაწერები ამოვბეჭდე – უხეშად რომ ვთქვა, ის ლექსები, რომლებიც მომწონს და დაახლოებით, ათას ორასია. ასევე, მაქვს პიესები, მოთხრობები და ეტიუდები პირველი კურსელებისთვის. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ იტალიაში წელიწად-ნახევრის ჩამოსული ლექსს იტალიურად დავწერდი. თან, იმ დროს, როდესაც იტალიური კი მესმოდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, ლექსი დამეწერა. პირველი ლექსი მაშინ დავწერე, როცა რომის პაპი ფრანცისკ პირველი აირჩიეს. ტელევიზორში ვუყურებდი მის გამოსვლას. ავიღე ფურცელი, პასტა და დავწერე ლექსი. მანამდე კი ასეთი სიზმარი ვნახე: მე და რომის პაპი ერთმანეთის გვერდით ვიდექით ვატიკანში. იქით მიქელანჯელოს ნახატი მოაქვთ, აქეთ – სხვა ნახატები და ამ ყველაფერს მე ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ვიღაცის ფოტო. ვერ ვიცანი და ამ დროს ეს ფოტო თითქოს გაცოცხლდა. მასზე გამოსახულმა პიროვნებამ ხელი გადმოყო, თავზე დამადო და იტალიურად მითხრა: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მეორე დღეს დავიწყე მოძიება, თუ ვინ იყო ამ ფოტოზე გამოსახული. კაფეში ვიჯექი მეგობრებთან ერთად, პატარა ბიჭები დარბოდნენ და ერთ-ერთმა მოგვაწოდა ფოტო – იყიდეთო. ამ ფოტოზე დავინახე ის ადამიანი, რომელიც მესიზმრა. მითხრეს: ეს პადრე პიოაო. იმ საღამოსვე იტალიელებისგან შევიტყვე, ვინ იყო პადრე პიო – ეს არის სასწაულმოქმედი წმიდანი, რომელიც 50 წლის წინ გარდაიცვალა და დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ... ერთ დღესაც აზრად მომივიდა, რომის პაპისთვის მიმეწერა წერილი და მომეყოლა ჩემ შესახებ და ასევე, იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, იტალიური არ ვიცი, იტალიურად ვწერ ლექსებს. რომის პაპი დაინტერესდა და შეხვედრაზე დამიბარა. მომწერეს, რომ უნდა მივსულიყავი იქ, სადაც რომის პაპი ცხოვრობს და სძინავს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც კარდინალი იყო (ის დღესაც იქ ცხოვრობს). იქვე არის პატარა ტაძარი, წმიდა მარტას სახელობის, სადაც დილის ლოცვას ატარებს. მეც მასთან ერთად უნდა დავსწრებოდი დილის ლოცვას, რომელსაც კარდინალები და რამდენიმე სტუმარი ესწრებოდა. დაახლოებით 40 ადამიანამდე ვიყავით, მათგან 30 სასულიერო პირი იყო. თან წავიღე ნაბადი – მინდოდა, რომის პაპისთვის მეჩუქებინა თეთრი ნაბადი, რომელზეც შიგნით მიქელანჯელოს „პიეტა“ იქნებოდა გამოსახული. ჩემმა დამ, გუნამ საქართველოში გააკეთა. ერთი თვე არ მელაპარაკებოდა: რას ბედავ, როგორ მეუბნები, მიქელანჯელო გავაკეთო თექაზეო და თან, რომის პაპისთვისო. ისეთი გამოვიდა, რომის პაპი აღფთოვანებული დარჩა. ლოცვის შემდეგ პირადად შევხვდი რომის პაპს ოთახში, სადაც მხოლოდ დაცვა და ფოტოგრაფები იყვნენ. მისგან იმხელა დადებითი ენერგია მოდიოდა, რომ გაუსაძლისი იყო. ხელი რომ ჩამოვართვი და ვუთხარი: ქართველი ვარ-მეთქი, ემოციები მომაწვა, ცრემლები წამომივიდა. თავადაც მითხრა: ეს უკვე კარგიაო და რომ შევხედე, მასაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ხელები ზემოთ აღაპყრო: რა ლამაზიაო. შემდეგ ავუხსენი, რომ ეს ცხვრის მატყლია და საქართველოში დღემდე იყენებენ მწყემსები. თან, წერილი გადავეცი, სადაც მეხსიერების ბარათი იდო და ყველაფერი იქ ეწერა. მასში ყველაფერი ავუხსენი და ჩემი სამომავლო გეგმებიც გავაცანი, რომ ვაპირებდი იტალიაში „მწყემსის სახლის“ გაკეთებას.
– მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც აჩუქეთ ნაბადი, რომელშიც მას ფოტოც აქვს გადაღებული.
– ეს იტალიაში წასვლამდე მოხდა – 2000 წელს, როდესაც თექის წარმოება ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან ერთად დავიწყეთ. მან ძალიან ბევრი რჩევა მომცა, რასაც დღემდე ვითვალისწინებ. ერთ დღესაც ჩემი ნიმუშებით პატრიარქთან მივედი. ძალიან მოეწონა, აღფრთოვანდა და კურთხევა მოგვცა: აკეთეთ ბევრი, რადგან ძალიან კარგად გამოგდითო. თითქმის ჩვენს ყველა გამოფენაზეა ნამყოფი. ყოველთვის მპატრონობდა, როგორც ერთ-ერთ ქართველს. ჩემი სახელიც კი არასდროს ავიწყდებოდა. პირველად რომ შევხვდი, ვკითხე: რა გაგიკეთოთ-მეთქი და რამე გამიკეთეთ რელიგიურ თემაზე, საწოლთან რომ დავკიდოო. გავაკეთეთ „იოსების სიზმარი“, რომელშიც ერთ-ერთ დედაოს ამოვაქარგინეთ ანგელოზის სიტყვები – უდიდესი მადლი იყო ამ ნამუშევარში. რომის პაპმა ნაბდის დანახვისას ხელები რომ გაშალა და თქვა იტალიურად: რა ლამაზიაო, გამახსენდა ჩვენი პატრიარქის ემოციები. „იოსების სიზმარი“ რომ გავუშალეთ, მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა. რაც შეეხება ნაბადს, ფოტო რომ ვნახე ინტერნეტში, სადაც პატრიარქს მშვიდად სძინავს ჩვენს გაკეთებულ ნაბადში, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ნაბადში შიგნით გამოსახულია გერგეთის სამება. ზოგადად, ნაბადში შიგნიდან რამის გამოსახვა ჩვენი, დების იდეაა. ერთ-ერთმა მამაომ გვთხოვა პატრიარქისთვის ნაბდის გაკეთება. რა თქმა უნდა, გავაკეთეთ და შემდეგ მან აჩუქა. თავისით მოხვდა ის ნაბადი მასთან.
– რომის პაპი არ გინახავთ თქვენს ნაბადში? იმ იდეის განხორციელებაში, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეესხა ხორცი და მანამდე რომის პაპსაც გააცანით, მასაც ხომ არ მიუძღვის წვლილი?
– ჯერჯერობით პაპი ნაბადში არ მინახავს. ჩემი და რომის პაპის შეხვედრის ფოტოს რომ ნახულობენ და იგებენ, მას შევხვდი, ვაჩვენებ ნაბადს, რომელიც მას ვაჩუქე, გიჟდებიან და სხვანაირი განწყობა ეუფლებათ. რომის პაპთან შეხვედრა იტალიაში ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა, რადგან იტალიელებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობა მივიღე იტალიური ლექსების კონკურსში „პოეტი და პოეზია“. მასში ვის აღარ აქვს მონაწილეობა მიღებული. გადავლახე პირველი ეტაპი და გამოვიდა 13-ავტორიანი წიგნი, სადაც 7-7 ლექსი შევიდა. მეორე ეტაპზე გამოვიდა წიგნი, რომელიც 7 პოეტს აერთიანებს და თითოეულის 13 ლექსია შესული. შემდეგ გადავლახე მესამე ეტაპი: შევედი 4-ავტორიან წიგნში, რომელშიც თითოეული პოეტის 23 ლექსია. ამჟამად კი მიმდინარეობს მუშაობა ჩემს კრებულზე, მხოლოდ ჩემი ლექსებით. თავად მიქმნიან იტალიელები კარიერას, როგორც პოეტს. ასევე, უშვებენ ბოთლებს, რომელზეც ჩემი ლექსი ეწერება. გამოდის 12-გვერდიანი კალენდარიც ჩემი ლექსებით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ნაპოლში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე, სადაც საპატიო სტუმრად მიმიწვიეს, საერთაშორისო ლიტერატურული პრემია – „სიტყვები სულიდან“, კატეგორიაში „უცხოენოვანი პოეზია“, გავიმარჯვე მე. რაც ყველაზე მთავარია, რომში გავხსენით თექისა და ნარუქის დამუშავების სახელოსნო. ჩვენს ტექნოლოგიას უფასოდ ვასწავლით ქართველ ემიგრანტებს. ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივიწევთ წინ, რადგან გვინდა, ქართული თექის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ევროპაში.

скачать dle 11.3