კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-21(804)

 ლევანმა სიჩქარეს უკლო და მაქსს გაოცებით შეხედა.
– სიმართლეს ამბობ?.. უკვე გამოფხიზლდი და რეალურად აზროვნებ?
მაქსმა ირონიულად ჩაიცინა.
– დაუჯერებელი რა ვთქვი?.. თუმცა, მეც ცოტა ძნელად დავიჯერე ის, რომ გაბრიელას მამას მილიონები აქვს. საკმაოდ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა ამის შესახებ. გაბის უნდა იცნობდე...
ლევანმა უნებლიეთ ფეხი მუხრუჭის სატერფულს დაადგა და მაქსიც კინაღამ შუბლით შეასკდა საქარე მინას.
– რას აკეთებ? კინაღამ დავიმტვერი.
– უნებლიეთ დამემართა, მაპატიე, გზას ხომ არ ავცდით?
– არა, მალე ჩავალთ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა მაქსმა და მანქანის ფანჯრიდან გაიხედა, – ჰო, სწრაფად მივდივართ, მაგრამ, იცი, რას ვფიქრობ ახლა?
ლევანმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო... არ იმჩნევდა დაძაბულობას.
– მისმენ? – ჩაეკითხა მაქსი.
– ჰო, რა თქმა უნდა. არა, არ ვიცი, რას ფიქრობ და უნდა მითხრა.
– ვარ მზად ამ შეხვედრისთვის?
– რას გულისხმობ?
– გაბრიელა ძალიან რთული ადამიანია. ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მარტო თვითონ უნდა. ზოგჯერ ისე იქცეოდა, მეგონა, თავდავიწყებით ვუყვარდი. ერთ დღეს კი მიმატოვა... სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
– რა იყო გადაწყვეტილი? მაპატიე, ასეთ უხერხულ შეკითხვებს რომ გისვამ, მაგრამ მე საერთოდ არაფერი ვიცი შენი იმ გოგოსთან ურთიერთობის შესახებ. რადგან გადაწყვიტე, რომ დაგეხმარო, ალბათ, რაღაც ინფორმაციას უნდა ვფლობდე, ასე არ არის?
– აბსოლუტურად გეთანხმები და არც ვბრაზობ. უნდა მკითხო, რაც გაინტერესებს. აბა, რა... მოკლედ, მე მადლობელი ვარ, რომ გამომყევი. ისევ ის კითხვა მაწუხებს – რა უნდა ვქნა, გაბრიელამ ისევ უარი რომ მითხრას?
– ჰო, როგორ ფიქრობ, მაგის ალბათობა რამდენი პროცენტია?
მაქსმა ამოიოხრა.
– არ ვიცი. ალბათ, მაღალი. ზუსტად ვერ გეტყვი.
– რაც მიგატოვა, მას მერე არ გინახავს?
– მხოლოდ ერთხელ. ისიც, ორი წუთით. სალაპარაკოდ არ გამიჩერდა. ორი-სამი ფრაზა მომიგდო და სულ ეგ იყო.
ლევანი ისევ დაიძაბა.
– იცი, მაქს, რაშია საქმე? – მე ინგლისური კარგად არ ვიცი, უფრო სწორად, არც ისე კარგად, რომ ყველაფერი ზუსტად გავიგო.
– რა ვერ გაიგე?
– შენი და იმ გოგოს ურთიერთობა. ერთად თუ კარგად იყავით, რატომ მიგატოვა?
– არ ვიცი... პრობლემაც მაგაშია, რომ ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. შეიძლება, ამიტომაც ვწვალობ.
– წვალობ?
– რა თქმა უნდა. მინდოდა, დამევიწყებინა და არ გამომდის. საშინელებაა, როცა სულ ერთი და იგივეზე ფიქრობ, დაუსრულებლად. ვფიქრობ და ვფიქრობ – ლამის გავგიჟდე...
– თავი დაგანება და არ გითხრა, რატომ?
– არ მითხრა. ალბათ, იმიტომ რომ, გამაწვალოს. იქნებ ფიქრობს, რომ ამით თავს კიდევ უფრო მეტად შემაყვარებს?! მოკლედ, პასუხი უნდა მივიღო.
– გავიგე... ანუ, გირჩევნია, პირდაპირ მოგახალონ, რომ არ უნდიხარ?
მაქსმა თავი დაუქნია. ლევანს გაეღიმა.
– სასაცილოა ეს ამბავი?
ლევანმა წარმოიდგინა, როგორ შეხვდებოდნენ ის და მაქსი გაბრიელას ერთად და გუნება საბოლოოდ მოეშხამა.
– ღირს კი ერთი ქალისთვის ამდენი ნერვიულობა? დაიკიდე რა...
მაქსმა ამოიოხრა.
– შენ არ გინახავს გაბრიელა. თან, მარტო ნახვაშიც არ არის საქმე. იცი, როგორი იყო ლოგინში?.. შეუძლებელია მისი დავიწყება. როცა ვიხსენებ, მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. მენატრება...
ლევანი ცარცივით გათეთრდა. მისდა საბედნიეროდ, მაქსს ეს არც შეუნიშნავს.
– და, რა მოხდება, თუკი გაბრიელა უარს გეტყვის?
– მიზეზი უნდა მითხრას... მიზეზი. არ მოვეშვები, სანამ ამას არ გააკეთებს. პასუხი უნდა მივიღო.
ლევანმა ყველაზე ცუდი ვარიანტი წარმოიდგინა, რაც შეიძლებოდა გაბრიელას, მაქსსა და მას შორის მომხდარიყო.
– მე მიგიყვან, მაგრამ თქვენს საუბარს არ დავესწრები.
– რატომ? – გაუკვირდა მაქსს, – ფიქრობ, რომ ხელს შეგვიშლი?
– შეიძლება...
– არა. მარტო არ დამტოვო. შეიძლება, ვერ გავუძლო და რაღაც წარმოუდგენელი რამ მოვიმოქმედო. პირიქით, საუბრისას ჩემ გვერდით უნდა იყო.
 – მომისმინე, მაქს... ეს ძალიან უხერხული იქნება. თქვენი ურთიერთობა თქვენი ურთიერთობაა, ძალიან პირადულია. აჯობებს, მარტოებმა ილაპარაკოთ და მე საერთოდ არ გამოვჩნდე.
– მარტო მტოვებ?
– არანაირად. შენ გვერდით ვარ, მაგრამ ოდნავ მოშორებით, ხომ არ გეშინია მისი?
– შეიძლება, მუხლებში ჩავუვარდე და ისე შევეხვეწო, რომ დამიბრუნდეს.
ლევანმა გაიფიქრა, რომ თავადაც სიხარულით გააკეთებდა ამას გაბრიელას დასაბრუნებლად. მაქსის მსგავსად, არც მას შეეძლო ქალთან გატარებული ღამეების დავიწყება. გაბისთან სექსის წარმოდგენაზე, მასაც მაქსივით უვლიდა მთელ სხეულში „ცხელი ტალღები“ და მოსვენებას უკარგავდა.
***
ნანამ ოფლით დასველებული თმა შუბლიდან ხელით მოიშორა და ბარის დახლს მიუჯდა.
– რობერტო, „მარტინი“ დამისხი... ლიმონით. ზეთისხილი არ ჩამიგდო, ხომ გახსოვს, არ მიყვარს.
– რა თქმა უნდა, მახსოვს, – მაცდურად გაუღიმა ბარმენმა, – არაჩვეულებრივად გამოიყურები. ასეთი მომწონხარ – ცოტათი აღგზნებული და ენერგიული... ისეთ იმპულსებს გზავნი, შეუძლებელია, შენით არ მოიხიბლოს ადამიანი.
– ბევრს ლაპარაკობ, რობერტო, – წარბი შეიკრა ნანამ, – მორჩი ენის ტლიკინს და „მარტინი“ დამისხი. სამანტასაც მოუმზადე კოქტეილი.
– დედა, რას ერჩი რობერტოს? კომპლიმენტი გითხრა. გაოცებული ღიმილით ჰკითხა დენიმ, – ბარმენმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. საერთოდაც, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს... ჩემი ქმარი სად არის? – ნანამ გარშემო მიმოიხედა და ლევანი რომ ვერსად დაინახა, შვილზე გადაიტანა მზერა.
– დენი, შენ გეკითხები, სად არის ჩემი ქმარი? სახლში წავიდა?
ამასობაში სამანტაც ჩამოჯდა სკამზე. ცეკვისგან გახურებული სახე წითლად ჰქონდა ატკეცილი... თვალები მაცდურად უელავდა. გაიგონა ნანას შეკითხვა და თვითონაც ჩაერთო საუბარში.
– მაქსიც ვერ დავინახე. დენი, რა მოხდა, სანამ ჩვენ ვცეკვავდით?
– არაფერი. რა უნდა მომხდარიყო? ორივე აქ იყო. ეტყობა, გარეთ გავიდნენ, სუფთა ჰაერზე...
ნანა შვილისკენ გადაიხარა და ხმადაბლა გადაულაპარაკა.
– ლევანი დათვრა? დენი, იცოდე, არ მომატყუო.
– რატომ იფიქრე, რომ რამეს მოგატყუებ, – მხრები აიჩეჩა დენიმ, – ამწუთას აქ იყვნენ ეგეც და მაქსიც... ლაპარაკობდნენ. ლევანი მაქსს თავისი ამერიკული შთაბეჭდილებების შესახებ უყვებოდა. ალბათ, გარეთ გავიდნენ... არა, ლევანმა მხოლოდ ლუდი დალია, ისიც ცოტა.
– როგორ მელაპარაკები? – აღშფოთდა ნანა.
– ჩვეულებრივად, დედა. არ გინდა, ნუ ატეხ ქარიშხალს ჭიქაში და ნუ გადააქცევ ბუზს სპილოდ. ჰო, მართლა, მშვენივრად ცეკვავდი.
ნანამ მარტინი მოსვა, შვილს უკმაყოფილოდ შეხედა და გარეთ დააპირა გასვლა.
– სად მიდიხარ? – შეაჩერა დენიმ.
– ლევანი უნდა ვნახო.
– მოეშვი, დაილაპარაკებენ და მოვლენ.
– მე რატომ შევუშლი ხელს ლაპარაკში? ასეთს რას ეუბნება ლევანი? – ეწყინა ნანას.
– რა გემართება?! ტყუილუბრალოდ ნერვიულობ. ნუ გააქცევ ამ კაცს.
– რა? ამას შენ ამბობ? ლევანი ხომ არ მოგწონდა?!
– ეგ რა შუაშია? მთავარია, შენ მოგწონს. მას კი, მგონი, მართლა უყვარხარ.
ნანამ ქვემოდან ახედა ბიჭს. ერთხანს ჩუმად იყო, მაგრამ მერე მაინც წამოხტა და გადაჭრით თქვა:
– უნდა გავიდე და ლევანი ვნახო!
დენიმ ვერაფერი მოიფიქრა მის შესაჩერებლად და ხელი ჩაიქნია.
– რობერტო, ხედავ, რა დღეში ვარ? – მიუბრუნდა ბარმენს.
რობერტომ ხმამაღლა გაიცინა.
– დედათქვენი შეუდარებელი ქალია. თუკი რამეს გადაწყვეტს, ხელს ვეღარავინ შეუშლის, წინ ვერავინ აღუდგება. ქარიშხალ კატრინასავითაა.
– ჰო, ასეა, – უხალისოდ დაეთანხმა დენი და რობერტოს ალმაცერად გახედა. დიდად არ ესიამოვნა ბარმენის კომპლიმენტი ნანაზე. სამანტაც ძალიან ეტმასნებოდა და აღიზიანებდა.
– დენი, ყურადღებას რატომ არ მაქცევ? – გაჭირვეულდა გოგო, – არ მეცეკვე და გაპატიე. ახლა გვერდით გიზივარ და მაინც ვერ მამჩნევ.
– სამანტა, იმაზე მეტადაც გამჩნევ, ვიდრე ამას ვისურვებდი.
– ამით რისი თქმა გინდა? – წყენით გაბუშტა ტუჩები გოგომ, – გავიწყდება, შენი სტუმარი რომ ვარ?!
– სამანტა, ხვალვე წაგიყვან ექსკურსიაზე, – დასცინა დენიმ და გაუღიმა.
– ვგიჟდები, ასეთ დახვეწილ იუმორზე... ისე, ტყუილი საერთოდ არ გეხერხება.
დენი შეცბა და გოგოს დაბნეულმა შეხედა.
– რას გულისხმობ? არაფერი მასმის.
– ჰო, მე კი ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხედავ. დავინახე, შენს მამინაცვალს მანქანის გასაღები როგორ მიეცი...
– მირჩევნია, თქვა, დედაშენის ქმარსო, – უხეშად შეუსწორა დენიმ, – ცეკვასაც ახერხებდი, თან მითვალთვალებდი.
– გიყურებდი და დაგინახე, – თავი ჯიუტად გააქნია სამანტამ, – მითხარი, სად წავიდნენ?
– სამანტა, ვერ გავიგე, რა გინდა, მართლა ვერ გავიგე...
– მინდა, სიმართლე ვიცოდე.
– შენ, რა გგონია, სად შეიძლებოდა წასულიყვნენ?
– მე მხოლოდ ერთი ვერსია მაქვს, მაგრამ მირჩევნია, მისი გახმოვანებისგან თავი შევიკავო.
– შეთქმულების თეორიას ნუ შეთხზავ, საყვარელო... უბრალოდ, გაისეირნებენ და დაბრუნდებიან.
– ჩვენ აქ უნდა ვიყოთ? აქ უნდა დაველოდოთ, როდის დაბრუნდებიან?
– შეგვიძლია, სახლში დავბრუნდეთ და ვივახშმოთ. შემწვარი ბეკონი და ერბოკვერცხი მომინდა.
– დედაშენს რას ეტყვი? – ჩაეცინა სამანტას.
– იმას, რასაც შენ გეუბნები, – შემწვარი ბეკონი და ერბოკვერცხი მინდა. მომყვები ან აქ რჩები – გადაწყვიტე!
– დედაშენი არ გამოგყვება. არ დაიჯერებს, რომ ისინი სასეირნოდ წავიდნენ.
– ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მოკლედ, მე სახლში მივდივარ.
– დენი, დედაშენს არაფერს ვეტყვი, მითხარი, სად წავიდნენ.
– მეყოფა, სახლში წავედი. დილით გნახავ.
– მეც მოვდივარ, – სწრაფად წამოხტა სამანტა და ბიჭს მკლავზე მოებღაუჭა, – უჩემოდ არ წახვიდე, არ გაგიშვებ!
– ნანა?
დენიმ ბარი მოათვალიერა. დედა ვერსად დაინახა და წყნარად ჩაილაპარაკა:
– არა უშავს, არ დაიკარგება...
სამანტა ბიჭს ლამის მიეკრა და ვნებიანი, შემპარავი ხმით წასჩურჩულა.
– ჩვენც ხომ არ დავიკარგოთ სადმე? – დენი, არ გინდა, უფრო ახლოს გამიცნო? უკმაყოფილო არ დარჩები, პირიქით...
ბიჭმა აგდებით შეხედა თვალებანთებულ გოგოს.
– სამანტა, არ მითხრა, რომ შეგიყვარდი. ძალიან სასაცილო იქნება ამ გარემოში სასიყვარულო განცხადებების მოსმენა.
სამანტამ მოშიშვლებული მხრები შეათამაშა და ტუჩები ვნებიანად გამობუსხა.
– იცი, რას გეტყვი? შენ ჩემი გეშინია.
– რა? – გაიცინა დენიმ, – საიდან მოიტანე?
– საიდან მოვიტანე? – იქიდან მოვიტანე, რომ ჩემი ჩამოსვლის დღიდან, გამირბიხარ, – გამოაჯავრა სამანტამ, – არა, თუ არ მოგწონვარ, მითხარი... არ ვჯდები შენს გემოვნებაში?
დენიმ ირონიული ღიმილით შეათვალიერა გოგოს წინ გამოზნექილი მკერდი, მაცდუნებლად რომ მოუჩანდა ღრმა დეკოლტედან. შეიძლება, მართლაც გაუჩნდა იმ მომენტისთვის ქალის სხეულის დაუფლების სურვილი, ან რამდენიმე ჭიქა ვისკიმაც იმოქმედა... მაგრამ, ამაზე ფიქრით თავი დიდად არ შეუწუხებია. სამანტას მაჯაში ჩასჭიდა ხელი და თავისკენ მოქაჩა, – წავიდეთ, ოღონდ, მერე არაფერი დამაბრალო. ეს მთლიანად შენი ინიციატივაა.
სამანტამ  გადაიკისკისა.
***
ნანამ ვერც ქუჩაში დაინახა ლევანი. მაქსიც არსად ჩანდა. მობილური აიღო და რეკვა დაიწყო. ქმარი მობილურს არ პასუხობდა...
ლევანმა აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და ამოიოხრა.
– რა ხდება? – ჰკითხა მაქსმა, – დაიღალე? ბევრი აღარ დაგვრჩა.
– არა, დაღლილობა არაფერ შუაშია. ჩემი ცოლი მირეკავს. მე კი არ ვიცი, რა ვუპასუხო, რა ვუთხრა. ეტყობა, უკვე მეძებს...
– ასეა, ჯერ შენ უნდა სდიო, მერე კი, თავიდან ვეღარ მოიშორებ.
– იმას გულისხმობ, რომ ქალები, როცა ცოლები ხდებიან, იცვლებიან?!.
– მე ჯერ ცოლი არ მყოლია, მაგრამ ვხვდები, როცა გარშემო ვიხედები და ამის მაგალითებს ვხედავ. იქნებ, გაბრიელას უარის მიზეზიც სწორედ ეს იყო...
– რა?
– ის, რომ შეცვლა არ უნდოდა. ჰო, ასეა... ქალები ხომ ჩვენზე გაცილებით შორსმხედველები და გონიერები არიან. კატებივით წინასწარ გრძნობენ, რა შეიძლება მოხდეს. ქალს უწვალებიხარ?
– მე მეკითხები? – ლევანი ნანაზე ფიქრობდა და კარგად ვერ გაიგონა მაქსის ნათქვამი.
– ჰო. სანამ აქ ჩამოხვიდოდი და დენის დედას შეირთავდი, ცოლი გყავდა?
ლევანი მოიღუშა. არ ესიამოვნა, მაქსმა თავისი არცთუ შორეული წარსული რომ გაახსენა. ჰო, თეონას ნამდვილად გამოსდიოდა მისი წვალება, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობის პირველ ეტაპზე... მერე ყველაფერი შეიცვალა.
– იცი, რა მაქს? ვფიქრობ, საყვარელი ქალი ცოლად საერთოდ არ უნდა შეირთო.
– რა?
– რადა, მადლობა უნდა უთხრა გაბრიელას, რომ დაგშორდა.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა მაქსს.
– ენდე ჩემს გამოცდილებას, – სევდიანად ჩაილაპარაკა ლევანმა და თეონასთან გატარებული ბედნიერი დღეები დაუდგა თვალწინ. ახლა უკვე ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი რეალური ცხოვრების პატარა ფრაგმენტი გახლდათ და არა მისი წარმოსახვის ნაყოფი.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3