კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაიწუნა მარინა დარასელია შეყვარებულის ოჯახმა და რა საყვედურები აქვთ მეგრელებს გრიშა კაკაჩიასთან

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობი მარინა დარასელია მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო გრიშა კაკაჩიას მსახურის – ლამარას როლით. უფროსის უსიტყვოდ მორჩილი და უზომოდ მოყვარული, მკაცრი და ცვალებადი ხასიათის მქონე ტიპური მეგრელი ქალის განსახიერებით მსახიობმა პირველივე სერიებში მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა. ეკრანისგან განსხვავებით, ქალბატონი მარინას მოღვაწეობას თეატრში ძალიან ხანგრძლივი – 34-წლიანი ისტორია აქვს.
მარინა დარასელია: სკოლას რომ ვამთავრებდი, მინდოდა, იურიდიულზე ჩამებარებინა. მამას ჩემი გადაწყვეტილება არ მოსწონდა – ამბობდა, ქალისთვის რთული საქმეაო. ერთხელ ნათესავის ოჯახში ვიყავით შეკრებილები. იქ ჩემი ცეკვით, სიმღერითა და ლექსის კითხვით დამსწრეების ყურადღება მივიქციე. ერთ-ერთმა ნათესავმა ჟურნალისტმა და პოეტმა რამაზ კუპრავამ მითხრა: მარინა, ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და, არ გინდა, მსახიობი გახდეო? მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, ის იმდენს მელაპარაკა ამ პროფესიაზე, რომ ტვინი გადამიტრიალა და საათ-ნახევარში გადამაწყვეტინა სამსახიობოზე ჩაბარება. ერთი-ორი თვე ვმეცადინეობდი და სკოლის დამთავრებისთანავე მოვეწყვე თეატრალურზე. ბაბუა ძველი უშიშროების უფროსი იყო, მამა – პოლკოვნიკი, მილიციის უფროსი. მამა არ იყო მსახიობის პროფესიის წინააღმდეგი, მაგრამ ბაბუას კატეგორიულად არ უნდოდა, ამ გზას გავყოლოდი და მამას და მე გვეწინააღმდეგებოდა. მოკლედ, ოჯახური კონფლიქტი გამოიწვია ჩემმა არჩევანმა (იცინის). 34 წელია, თეატრის სცენაზე ვდგავარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში უამრავ დიდებულ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მათ შორის იყო დოდო ალექსიძე, რომელმაც ჩემი სადიპლომო სპექტაკლი – „კვაჭი კვაჭანტირაძე“ დადგა. კვაჭის როლს ჩემი თანაკურსელი კახა თავართქილაძე (ნინო ზაუტაშვილის მეუღლე) თამაშობდა. მე ჭიპი ჭიპინტირაძის როლს ვასრულებდი. ყოველთვის ხულიგანი გოგო ვიყავი და ბიჭებთან ვძმაკაცობდი. ეტყობა, ბატონმა დოდომ ეს შენიშნა და კაცის როლი ამიტომ მანდო. ბიჭები გაუნაწყენდნენ: ამდენი ვართ და ჭიპის როლი მარინას რატომ მიეცითო? დოდომ უპასუხა – ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იქნებაო. როლს ბრწყინვალედ გავართვი თავი, მაგრამ, გარკვეული მსხვერპლის ფასად: გენერალური რეპეტიცია ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაინიშნა, სადაც ჩემი ოჯახის წევრებიც მოვიწვიე. მანამდე, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, რეჟისორმა გამაფრთხილა: ფინალში, როცა კვაჭის ხელში აჰყავს ჭიპი და ახრჩობს, ფრთხილად იყავი. არ დაგავიწყდეს, კახა მაღალია და, როცა „მოკვდები“, ეცადე, საჯდომით დაეცეო. გენერალურ რეპეტიციაზე, როცა სიკვდილის სცენა, ანუ ფინალი უნდა გვეთამაშა, ისე ვიყავი როლში შეჭრილი, რომ რეჟისორის დარიგება დამავიწყდა და პირდაპირ თავით წამოვედი. ჰოდა, სცენაზე წაქცეულმა და ტკივილისგან შეწუხებულმა, იმის ნაცვლად, რომ „ვაი, დედა“ მაინც მეთქვა, მეგრულად ვიყვირე – „ვავა, დედა!“ (იცინის). მერე ფარდა დაეშვა და „გამასვენეს“. ჩემი მამიკო სცენაზე ამოხტა – ჩემს შვილს რა დაემართაო? მინდოდა, მისთვის რაიმე მეთქვა, მაგრამ განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ – ტვინის შერყევა არ მიიღოსო. ცხონებული დოდო მოვიდა – ნუ გეშინია, შვილო, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. მსხვერპლი კი არა-მეთქი და, გამწარებულმა, გულიანად შევიგინე მეგრულად (იღიმის). ალექსიძე იმდენად დიდი პიროვნება იყო, მიხვდა, რომ ეს ბავშვური ხასიათის ბრალი იყო და არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეღიმა. პატარა ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მამამ გამზარდა და, თოჯინებით თამაშის ნაცვლად ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ხიფათშიც ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ამის გამო.
– როგორც ვიცი, შეძლებული ოჯახის შვილი იყავით.
– დიახ, ნამდვილად შეძლებული ოჯახი გვქონდა. მამაჩემის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა და მეც იქ გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობისას თბილისში, დედის ოჯახში, ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი სოლოლაკში. ვინაიდან მამა მილიციის უფროსი იყო და საშუალებაც ჰქონდა, თვეში 100 მანეთს მაინც მიგზავნიდა, რაც იმ დროში დიდი ფული იყო, ჰოდა, ხშირად ვაძლევდი თავს უფლებას, ჯგუფელები საქეიფოდ რესტორანში დამეპატიჟებინა.
– თქვენი და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
– ბატონ გიორგი ლიფონავასთან პირველად 2012 წელს ვიმუშავე კლიპის – „მე მიყვარს სვანეთის“ გადაღებაზე. ამ კლიპში სოფიკო ნიჟარაძის დედის როლს ვთამაშობდი. ეკრანზეც მაშინ გამოვჩნდი პირველად. სერიალში ლამარას როლი რომ შემომთავაზეს და მუშაობა დავიწყეთ, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალე ავუღე ალღო. სცენარისტი ქეთი დევდარიანი არაჩვეულებრივად წერს, მაგრამ ლამარას მეც ბევრი მეგრული იმპროვიზაცია დავუმატე. გიორგი ლიფონავას ვეკითხებოდი, ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი, მაგრამ, მითხრა – არა, პირიქით, მიდი, მიაწექიო (იცინის). ლამარა ხასიათით ახლოს არის ჩემთან. ის ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ მერე უცებ რბილდება. მეც ცვალებადი ხასიათი მაქვს – შეიძლება, წამიერად შემეცვალოს განწყობა. მიხრა-მოხრასა და უფროსი ადამიანებისადმი დამოკიდებულებაშიც ვგავართ ერთმანეთს. ჩემი პერსონაჟი ხომ ძალიან მიყვარს, მაგრამ გრიშა კაკაჩიაზე ვგიჟდები. ეს ადამიანი საოცრად თამაშობს მეგრელ კაცს. თუმცა, მეგრელებს გული სწყდებათ – ნამეტანს ხომ არ შვრებით, ძალიან ხომ არ გვაშაყირებთო (იცინის).
– როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ.
– ერთხელ თბილისში ექიმთან მივედი. შვილებზე მკითხა და ვუთხარი, გაუთხოვარი ვარ-მეთქი. მაშინ 48 წლის ვიყავი, (დაახლოებით 8 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით). რა პროფესიის ბრძანდებითო, მკითხა. მსახიობი-მეთქი, რომ ვუთხარი, – არ გრცხვენია? მსახიობები ხუთჯერ თხოვდებიან და შენ ერთხელ როგორ ვერ გათხოვდიო, – მითხრა (იცინის). რა ვქნა, დასავლეთში ასე არაა და, თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მეც რამდენჯერმე გავთხოვილიყავი (იცინის). ზუგდიდი პატარა ქალაქია, იქ ყველას ვიცნობ: ზოგი ჩემი უბნელია, ძმაა, კლასელია, ჯგუფელია და როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანს ცოლად გავყვე? ისინი ჩემთვის ძმებივით არიან. თუ ვინმე მომეწონა, სულ ვცდილობ, გავიგო, ვისი შვილია. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ძალიან მომეწონა ერთი ბიჭი, მასაც მოვეწონე, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი გვარის დედები გვყავდა – დადიანის ქალები იყვნენ  და ჩვენი ურთიერთობაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
– ისეთი სერიოზული ურთიერთობა არცერთხელ არ გქონიათ, ოჯახის შექმნაზე რომ გეფიქრათ?
– როგორ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ბედი არ იყო. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ერთი ექიმი ბიჭი მომწონდა, მის ოჯახსაც ძალიან მოსწონდა ჩემი წრე, მაგრამ, რომ გაიგეს, მსახიობი ვიყავი, თავი გაიგიჟეს – მსახიობს რძლად როგორ შემოვიყვანთო. ადრე მსახიობობას ცუდი თვალით უყურებდნენ; ახლა რომ პატივისცემით ეპყრობიან, მაშინ ასე არ იყო. ახლა უკვე 55 წლის ვარ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეს ვინმე და მასაც ვუყვარდე, რომ მითხრან, ცოლად გაჰყევიო, ამას ვერ გავაკეთებ – უკვე უხერხულია ჩემი გათხოვება.  უფრო შემოქმედებაზე ვარ გადართული. მსახიობობის პარალელურად, უკვე 20 წელია, ვჯამბაზობ: გასართობ ცენტრებში დაბადების დღეებზე მიმყავს პროგრამები და პატარებს ვართობ – ესეც შემოსავლის წყაროა.
– ბიჭური თვისებები თუ შემოგრჩათ?
– ასაკის მატებასთან ერთად, ქალური გავხდი, თუმცა, მიყვარს ვაჟკაცი ქალები და ჩემში დღემდეა ბიჭური თვისებები. ჩემი ოჯახის ბურჯი მე ვარ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში მხოლოდ ქალები დავრჩით და სრული მატრიარქატი გვაქვს: მე, ჩემი დისშვილი (რომელიც, სამწუხაროდ, ქმარსაა გაშორებული), დისშვილიშვილი გოგონა და მამაჩემის მეორე მეუღლე, ჩემი მეორე დედიკო, ერთად ვცხოვრობთ. მე მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ. რაც კი შემოსატანია, მე ვკისრულობ, საჭმლის მომზადება კი უკვე მათზეა. მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ მე ოჯახში მამაკაცის ფუნქცია მაკისრია.

скачать dle 11.3