კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოიტანა ბერიამ ჩინეთის სახელმწიფო ოქროს მარაგი მოსკოვში

ლავრენტი ბერიას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, თვით დასავლეთელი ისტორიკოს-პუბლიცისტები და ექსპერტებიც კი აღიარებენ ამ ადამიანის დამსახურებას, პირველ ყოვლისა, საბჭოთა სპეცსამსახურების ჩამოყალიბების საქმეში და ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ მრისხანე საბჭოთა „კაგებე“ ბერიას პირმშო იყო. სპეცსამსახურების ექსპერტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა დაზვერვის ვეტერანი, უშიშროების პოლკოვნიკი ანატოლი ტოლსტოპიატოვი წერს: „ამ ბოლო წლებში საიდუმლო არქივებში არსებული დოკუმენტების გულდასმით შესწავლამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ მრისხანე საბჭოთა „კაგებე“, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მსოფლიოს ¹1 სპეცსამსახური იყო გასული საუკუნის მთელი 50 წლის (1940-1990 წლებში) განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ლავრენტი ბერიას პროექტი გახლდათ. სწორედ ბერიას მიერ იყო დამუშავებული საბჭოთა უშიშროების სამსახურის კონცეფციაცა და სტრუქტურებიც და პირადად ლავრენტი პავლოვიჩი არჩევდა და ნიშნავდა კადრებს არა მარტო მაღალ პოსტებზე, არამედ, შედარებით დაბალ თანამდებობებზეც...
საბჭოთა უშიშროების შეფად ლავრენტი ბერია 1938 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა და პირველივე თათბირზე „ენკავედეს“ (ასეთი სახელწოდება ჰქონდა მაშინ საბჭოთა უშიშროებას) სრული საკადრო სქემა და საგარეო დაზვერვის ლეგალურ და არალეგალ თანამშრომელთა სრული სია მოითხოვა. თავის პირველ სხდომაზე ლავრენტი ბერია თანამშრომლებს გაეცნო და მათთან სამსაათიანი შეხვედრის ბოლოს უთხრა, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართებოდა და უკვე მხოლოდ საქმეზე ილაპარაკებდნენ.
ბერიასთან პირველი შეხვედრის მონაწილე, გენერალი პავლე როგოვი შემდგომში წერდა: „მე იმ პერიოდში საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი და ბერიას მიერ ჩატარებული ყველა თათბირის მონაწილეც. პირველ თათბირზე ლავრენტი პავლოვიჩმა საკუთარი თავი გაგვაცნო და ჩვენც გაგვიცნო. სიმართლე გითხრათ, თათბირიდან რომ გამოვედი, ვფიქრობდი – ჩვენი ახალი მეთაური ძალიან რბილი, ლოიალური ადამიანია, აქ მისი ადგილი არაა და საბავშვო ბაღის გამგეობა უფრო მოუხდება-მეთქი... თურმე, ძალიან მწარედ ვცდებოდი.  უკვე შემდგომ სხდომაზე, რომელიც სამი დღის შემდეგ გაიმართა, ბერია უკვე აღარ ჰგავდა „საბავშვო ბაღის აღმზრდელს“. ყველა მოთხოვნილი საბუთი ამ მოკლე დროში მას გულდასმით ჰქონდა შესწავლილი და მრავალი შენიშვნა გამოთქვა. ბერია ჩემი უწყების მუშაობასაც შეეხო და მითხრა:
– ამხანაგო როგოვ, საგარეო დაზვერვა უშიშროების ხერხემალია. ლეგალური მზვერავების ვინაობას ვერც დამალავ, რადგან მტერმა კარგად იცის, რომ, მაგალითად, ელჩი, სამხედრო ატაშე და საელჩოს ყველა თანამშრომელი უშიშროებასთან არიან დაკავშირებულნი. დამალვა არცაა საჭირო და მათ ყველას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. აი, მზვერავი-არალეგალები კი სულ სხვა „ხილია“... ისინი ბევრად უფრო ფასეული ხალხია და ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ დგანან. მათ ღრმა კონსპირაცია სჭირდებათ. თქვენთან კი როგორაა საქმე? ბოდიშს გიხდით, მაგრამ, სრული ბარდაგია... დიახ, დიახ, ბარდაგი... მე გულდასმით შევისწავლე ყველა საბუთი და აღმოვაჩინე, რომ თქვენი არალეგალი აგენტების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ჩავარდნის პირასაა. არანაირი კოდირებული კარტოთეკა არ გაგაჩნიათ. საპაროლო სისტემა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია და, საკმარისია, საშუალო დონის მზვერავმა მოჰკიდოს ხელი საქმეს, რომ მთელ თქვენს უწყებას პარალიზებას გაუკეთებს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთ კვირას გაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისგებაში მიგცემთ!..
„ესეც ბაღის გამგე, – გავიფიქრე გუნებაში, – მაგარი ვინმე ჩანს და არავის არაფერს აპატიებს“. პრინციპში, ბერია მართალი იყო და იმავე დღეს შევუდექი მდგომარეობის გამოსწორებას...“
პავლე როგოვის მოგონების ამ პატარა ფრაგმენტიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბერია ყველა ნიუანსს ღრმად სწვდებოდა და რომ  მცირედ ჩავარდნასაც კი არავის აპატიებდა. პირველი, რაც ბერიამ გააკეთა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ის იყო, რომ მან კიდევ უფრო მეტად გაასაიდუმლოვა „ენკავედეს“ მუშაობა და თითოეული ქვედანაყოფის საქმიანობა იმდენად ავტონომიური გახადა, რომ სხვა განყოფილება, თუნდაც მომიჯნავე, სპეციალური ნებართვის გარეშე ცხვირსაც კი ვერ შეყოფდა იქ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ლავრენტი ბერია საგარეო დაზვერვას პოლიტიკის ხერხემლად, ხოლო არალეგალ მზვერავებს – „მთავარ მოქმედ პირებად“ მიიჩნევდა. ამიტომ, მან  სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში ათასობით ახალი მზვერავ-არალეგალების ქსელები მოჰფინა მსოფლიოში და მათგან უმაღლესი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციებს იღებდა. ბერიას არალეგალ მზვერავთა საგანგებოდ კოდირებული პირადი კარტოთეკა ჰქონდა და მათი ვინაობა თავად ლავრენტი პავლოვიჩის გარდა არავინ იცოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ განსაკუთრებულად ფასეული ინფორმაციის მისაღებად მინისტრი ბერია პირადად შეხვედრია ეგრეთ წოდებულ „მესამე ქვეყანაში“ თავის აგენტ-არალეგალს და პირველი პირიდან შეუტყვია სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია... ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა 1939 წლის დეკემბერში.  „ენკავედეს“ მინისტრი ბერია ინგკოგნიტოდ იმყოფებოდა კორეაში და თავისი ერთ-ერთი აგენტ-არალეგალისგან (ეს იყო მომავალში კორეელი კომუნისტების დიადი ლიდერი კიმ ერ სენი) შეიტყო, რომ ჩინური ოქროს სახელმწიფო მარაგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოტყუებით გადაჰქონდათ. მაშინ, ასევე კორეელი პარტიზანების დახმარებით, „ენკავედემ“ ბერიას მიერ შემუშავებული სპეცოპერაცია ჩაატარა და ჩინური ოქროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვში საიდუმლოდ ჩამოიტანა, რომელიც საბჭოთა კავშირს უკან აღარ დაუბრუნებია...
ბერიასავე დამუშავებული სქემით მოხდა „ენკავედეს“ მოდერნიზება, რომელიც მოგვიანებით „კაგებედ“ გადაკეთდა და სწორედ ლავრენტი ბერიამ ჩართო ძალიან ფართოდ მეცნიერება სპეცსამსახურების საქმიანობაში. ბერიას ძალისხმევით შეიქმნა „ენკავედეს“ სპეცსკოლა, რომელიც შემდგომ გაყვეს და მილიციისა და „კაგებეს“ სკოლები უწოდეს. ასევე, ბერიას სახელს უკავშირდება „ენკავედეში“ ეგრეთ წოდებული „ფალსიფიკატორების კანტორა“, სადაც ყალბ ფულს ჭრიდნენ და სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური დივერსიებისთვის იყენებდნენ. მთელი ეს სისტემა წარმატებითა და მთელი ძალით 1940 წელს ამუშავდა და მისი არაერთი სტრუქტურა დღესაც წარმატებულად ფუნქციონირებს უკვე რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“.

скачать dle 11.3