კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის იძულებული რუსეთის ეკლესია, ანგარიში გაუწიოს ქართულ ეკლესიას და იყენებს თუ არა მსოფლიო პატრიარქს თავისი ინტერესების გასატარებლად

15 მაისს ახალი ათონის მონასტერში საეკლესიო-სახალხო თავყრილობა გაიმართა, რომელზეც ამ ჩვენმა სეპარატისტებმა (ამჯერად სასულიერო პირებმა) მიმართეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს თხოვნით, განსაზღვროს აფხაზეთის მართლმადიდებელი ერთობის სტატუსი.
აქვე გეტყვით, რომ, საეკლესიო კანონებით, თითოეული ეკლესიის იურისდიქცია განსაზღვრულია და დადგენილია მისი საზღვრები. შესაბამისად, აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა და არც ერთ სხვა ეკლესიას, გარდა საქართველოს ეკლესიისა, არ აქვს უფლება, აკურთხოს სასულიერო პირი აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინოს წირვა-ლოცვა. 
მე არ მოვიტან 15 მაისის მიმართვის სრულ ტექსტს, რომელიც გაჯერებულია საქართველოსა და ქართული ეკლესიისაადმი უარყოფითი დამოკიდებულებით, თუმცა გეტყვით, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სთხოვენ, გადახედონ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების გადასინჯვასა და აფხაზეთის საეკლესიო თემის სტატუსის განსაზღვრას, იმ იმედით, რომ „აფხაზეთის ეკლესია“ მოიპოვებს ავტოკეფალიას, როგორც სამოციქულო.
მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ ინტრიგის წინაპირობებსა და იმის ალბათობაზე, თუ რას მოიმოქმედებს მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი; რატომ დუმს რუსეთის პატრიარქი (რომელსაც, ასევე, ჰყავს დასაყრდენი აფხაზეთში) და რატომ ეჩხირება ყველას ყელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად მისი არცთუ მრავალრიცხოვნობისა.
– ეს ახალი პროცესი არ არის, თავის დროზე აფხაზი სასულიერო პირები მიმართავდნენ მოსკოვის საპატრიარქოს, ახლა მსოფლიო პატრიარქს მიმართეს. რატომ გააქტიურდა ეს პროცესი ისევ?
– მსოფლიო პატრიარქისთვის პირველად არ მიუმართავთ ამგვარი მოთხოვნით. 2012 წელს მსოფლიო პატრიარქთან ჩასული იყო დოროთე დბარის ხელმძღვანელობით აფხაზთა დელეგაცია. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ აფხაზეთის სასულიერო პირები გაყოფილი არიან ორად. ერთია ახალი ათონის სამონასტრო გუნდი, რომელიც თავის თავს უწოდებს აფხაზეთის მიტროპოლიას და რომლის ხელმძღვანელიცაა დოროთე დბარი, მათთანაა დავით სარსანია, რომელიც 2005 წელს საქართველოს ეკლესიის მიერაა ნაკურთხი მღვდელმსახურად; და, არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც მეთაურობს ბესარიონ აპლია, რომელიც, ასევე, ქართველი სასულიერო პირების მიერაა ნაკურთხი დიაკვნად.
– საეკლესიო წესების მიხედვით, აფხაზეთში სასულიერო პირს საქართველოს ეკლესიის გარდა ვერავინ აკურთხებს, იმიტომ, რომ აფხაზეთის ეპარქია ჩვენი ეკლესიის ნაწილია. დბარი ვინ აკურთხა?
– დბარი აკურთხა ერთ-ერთი ბერძნული ეკლესიის ხელმძღვანელმა. მოგეხსენებათ, საბერძნეთის ეკლესია გაყოფილია 12 თუ 13 ნაწილად, ყველას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აკურთხა დოროთე დბარი. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ „ეკლესიის“ ხელმძღვანელი აკურთხა განკვეთილმა ბერძენმა საეკლესიო პირმა. თუმცა დბარის მაკურთხებელი არ არის განკვეთილი, მაგრამ კანონიკური ფორმაც არ აქვს ამ კურთხევას. საქმე ის არის, რომ არ შეიძლება, ეკლესია იყოს ავტონომიური, თუ არ ჰყავს ეპისკოპოსი, ეპისკოპოსის რანგი კი არავის აქვს აფხაზეთში. ამიტომაც ეწოდება მიტროპოლია დოროთე დბარის გუნდს. ისინი, როგორც გითხარით, მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ 2012 წელს და მაშინ მოსთხოვეს აფხაზეთის „ეკლესიის“ სტატუსის განსაზღვრა. მსოფლიო საპატრიარქომ, რასაკვირველია, იცოდა, რა ხდება და ისიც, რომ რუსეთის საპატრიარქოც არ ცნობს აფხაზეთს კანონიკურ ფარგლებს მიღმა, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ეპარქია არის ქართული ეკლესიის ნაწილი და, აქედან გამომდინარე, ბართლომე იძულებული იყო, მანევრული პროცესი წამოეწყო.
– მანევრულში რას გულისხმობთ?
– ბართლომესთვის მომხიბვლელია აფხაზეთი, რადგან მსუყე ნაჭერია; მიუხედავად იმისა, რომ ბართლომე პირველი მსოფლიო პატრიარქია, მისი გავლენის ქვეშ არცერთი ტერიტორიული სივრცე არ არის. მართალია, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ჰქვია, მაგრამ კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი 3  000 თუ იქნება, ოპტიმისტური ანგარიშით. ამას გარდა, ზოგიერთი კუნძულიც ექვემდებარება ეგეოსის ზღვაში მის გავლენას და სწორედ ერთ-ერთ მათგანზე იმართება ივნისში მსოფლიო საეკლესიო კრება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვერ დაარღვევდა კანონიკას, მას მაინც შეეძლო, აფხაზეთის ეკლესია აეყვანა დაქვემდებარებაში რაღაც ფორმით და, როგორც ჩანს, ამის სურვილი აქვს. ამიტომ ასეთი რამ გააკეთა: დოროთე დბარის დელეგაციას მოსთხოვა, რომ შეეტანათ წერილი მსოფლიო საპატრიარქოში, რომელშიც, ჯერ ერთი, იქნებოდა რაც შეიძლება მეტი მრევლის ხელმოწერა აფხაზეთიდან, მოთხოვნით, რომ გადაიხედოს სტატუსი; მეორე – აფხაზეთში მყოფ რაც შეიძლება მეტ საეკლესიო პირსაც უნდა მოეწერა ხელი ამ თხოვნაზე და, მესამე –  უნდა ყოფილიყო აფხაზეთის ოფიციალური ხელმძღვანელის მიმართვაც. ამ ოთხი წლის განმავლობაში აფხაზეთის მიტროპოლია დბარის მეთაურობით ამ საკითხებს აგვარებდა. მათ ადგილობრივი მოსახლეობის 70 000-ანი ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა სად იპოვეს ეს 70 000 მართლმადიდებელი აფხაზეთში, არ ვიცი, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზება მოახდინეს და სომეხ მოსახლეობასაც მოაწერინეს ხელი; მეორე პუნქტის შესრულებაში ხელი ეშლებოდათ ბესარიონ აპლიას პოზიციის გამო, რომელიც უფრო რუსეთისკენ იხრება. მაგრამ ეს ორი ფრთა ხაჯიმბას კაბინეტში შეხვდა ერთმანეთს და ეს ორი პუნქტი როგორღაც მოაგვარეს.
– ხაჯიმბაც დააფასებს თავისი მიმართვით?
– საქმეც ესაა, ღიად რჩება მესამე პუნქტი: ხაჯიმბა არ აწერს ხელს. ახლა გადავიდეთ საკითხზე –  რატომ მაინცდმაინც ახლა? იმიტომ, რომ 19-დან 26 ივნისამდე დაგეგმილია მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც აფხაზებს ამ სამი წერილით უნდათ, რომ მიმართონ არა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს, არამედ მსოფლიო საეკლესიო კრებასაც.
– და დართო ამის ნება მათ ბართლომე პირველმა?
– ეტყობა, დართო ნება, იმიტომ, რომ აფხაზებმა ახლა დაასრულეს დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, თუმცა ხაჯიმბას ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია და, მისი ხელმოწერა, სავარაუდოდ, ვაჭრობის საგანი გახდება ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ეკლესია დღის წესრიგის იმ ვარიანტს არ დათანხმდა, როგორიცაა მიღებული ამ საეკლესიო კრებისთვის, შეიძლება, აფხაზების მიმართვაზე ხაჯიმბას ხელმოწერა გაჩნდეს.
– მსოფლიო პატრიარქს რუსული მოდელი აურჩევია, რუსებიც იმას ამბობენ, ქართველებისგან დაცლილ აფხაზეთში რეფერნდუმი ჩატარდა და ამიტომ მათი დამოუკიდებლობა ლეგიტიმურიაო. მაგრამ რუსეთის ეკლესიას რა, თუ აფხაზეთი გადავა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ან, სულაც, დამოუკიდებელი გახდება?
– რუსეთს აფხაზეთის საეკლესიო გუნდი არ აინტერესებს, ამიტომაც მიმართავენ ისინი მსოფლიო პატრიარქს. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ, თუ ისინი მხარს დაუჭერენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოს ეკლესიისგან, მაშინ საქართველოს ეკლესია ხელს შეუწყობს უკრაინის ეკლესიის გამოყოფას მოსკოვის საპატრიარქოსგან. უკრაინის ეპარქიის წიაღში 10 მილიონი ადამიანია, აფხაზეთის ეპარქიაში კი –  რამდენიმე ათასი.
– ბესლან კობახიამ გამოაქვეყნა ამას წინათ მასალა, რომ თითქოს აფხაზები იბერიელები არიან. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ახლა გასაგებია, რა პროპაგანდისტული სვლაა: სამოციქულოს სტატუსს ეჭიდებიან… კონსტანტინოპოლის პატრიარქი რატომ მიდის ასეთ გამწვავებაზე, ეს ხომ არეულობას გამოიწვევს მართლმადიდებელ სამყაროში, რომელიც ისედაც დასუსტებულია?
– საქართველოსა და, სხვათა შორის, რუსეთის ეკლესიამ თავი დაიზღვიეს და ნებისმიერი მსოფლიო საეკლესიო კრების დღის წესრიგიდან  ამოიღეს ვინმეს ავტოკეფალიის განსაზღვრა. რუსებს ეშინოდათ, რომ ამ საკითხს დააყენებდნენ უკრაინელები; ქართველებს ეშინოდათ, რომ ამ საკითხს დააყენებდნენ აფხაზები. ამის გამო ეს წერილი დღეს, შეიძლება, განხილვის საგანი გახდეს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მაგრამ იქ არ იქნება ლაპარაკი ავტოკეფალიაზე. ამდენად, ამის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს, თუმცა ავტონომიურობაზე შეიძლება იმსჯელონ.
– რას ნიშნავს ავტონომიურობა საეკლესიო ენაზე?
– ეს არ ნიშნავს დამოუკიდებლობას, მაგრამ გარკვეული აქტივობის უფლება მიენიჭებათ სხვა ეკლესიის წიაღში. წესით, ავტონომიურობის საკითხის დაყენება აფხაზებისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი, რადგან, თუ მაინცდამაინც, ავტონომიურობა საქართველოს ეკლესიის წიაღში უნდა მოითხოვონ.
– კონსტანტინოპოლის პატრიარქს, უკაცრავად პასუხია და, აია სოფიასთვის ვერ მოუვლია, რომელსაც ხუთი ნახევარმთვარე ამშვენებს. ბიზანტიურ ეკლესიებში ფუნქციონირებს მეჩეთები, რაც, ბუნებრივია, რაკი ოსმალეთმა დაიპყრო ბიზანტია თავის დროზე და ამ ფონზე ბართლომე პირველი კიდევ უფრო ასუსტებს მართლმადიდებლობას, მსოფლიო პატრიარქისგან ასეთი არაშორსმჭვრეტელური ქმედება ცოტა უხერხული არ არის?
– კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გამოირჩევა ავანტიურული ქმედებით და, ზოგადად, ბერძნები მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში გამოირჩევიან სხვისი ქონების მითვისებისადმი ლტოლვით. გავიხსენოთ იერუსალიმის მონასტრების ამბავი, როგორ მიითვისეს და, ისიც არის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება იმართება, დავა კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს შორის ვერა და ვერ დამთავრდა. არაფრით არ უნდა ბართლომეს ანტიოქიასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუმცა ორივეგან ბერძნები არიან. საერთოდ, ბერძნული ეკლესიის წიაღი დაქუცმაცებულია და ერთმანეთს ებრძვიან; სწორედ ამის მაჩვენებელია ის, რომ დღეს საბერძნეთში ეკლესია დაყოფილია. ამდენად, რაც ხდება, არის ბრძოლა გავლენისთვის. ბართლომეს უნდა, რომ იყოს პირველი არა მხოლოდ წოდების, არამედ, გავლენის თვალსაზრისითაც და, უნდა, რომ ექვემდებარებოდეს სხვა საპატრიარქოებიც, მაგალითად, ანტიოქიის...
– აფხაზეთის ეპარქიაც კი. მოხდა პრეცედენტი და ტაო-კლარჯეთში წირვა-ლოცვა აღევლინა, თუმცა ქართულად, მაგრამ, მთავარია, მართლმადიდებლური. ამას რატომ უნდა შეუშალოს ხელი მსოფლიო პატრიარქმა, თუნდაც ირიბად?
– ივნისში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა მსოფლიო საეკლესიო კრების სახით. იქ მთავარი საეკლესიო დავების გადაჭრა, ანუ მართლმადიდებლებს შორის დავების მოგვარება კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკური გავლენების მოპოვება და გავლენის სფეროების განაწილება. დღეს რუსეთის საპატრიარქო ცდილობს, ჩააჩოჩოს ყველა დანარჩენი და მსოფლიო მართლმადიდებელ სივრცეში დაიკავოს მეორე ადგილი ბუტაფორიული მსოფლიო საპატრიარქოს შემდეგ.
– ამ კონტექსტს უკავშირდება სირთულეები, რაც მსოფლიო საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოსთან აქვს?
– რა თქმა უნდა. საქართველოს ეკლესია არის უნიკალური მოვლენა მართლმადიდებლურ სივრცეში როგორც ასაკისა და ისტორიის, ისე წესების მიხედვითაც. რუსეთის ეკლესია იძულებულია, ანგარიში გაუწიოს რაოდენობრივად მცირე ეკლესიას, რომელიც ნელ-ნელა გადის დასავლურ სივრცეში. იცით, რომ ქართულ ეკლესიას ჰყავს თავისი წარმომადგენლობები ევროპასა და ამერიკაში. ლონდონში აქვთ უზარმაზარი ტაძარი. ქართული ეკლესიის გავლენა მატულობს მსოფლიოში, რაც რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც თავად კარგავს უკრაინის ამხელა ეპარქიას და სხვათა შორის, იგივე პროცესები მიდის ბელორუსიაშიც. ამდენად, რუსეთის ეკლესიას აღიზიანებს ქართული ეკლესიის მოქმედება, მით უფრო, რომ თავის თავს მიიჩნევს ბიზანტიის სამართალმემკვიდრედ, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომ ქართულ ეკლესიას შეუძლია, შეცვალოს სურათი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში.

скачать dle 11.3