კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ევროკავშირი განვითარებადი ქვეყნებიდან ნიჭიერი ახალგაზრდების გადაბირებას და დაიწყება თუ არა საქართველოდან ტვინების გადინების მორიგი ტალღა

ევროპარლამენტმა  ევროკავშირში შესვლისა და ბინადრობის ჰარმონიზებული წესები დაამტკიცა (მოტივით, „ეს საშუალებას მისცემს ვეროპას, მათი უნარებისგან სარგებელი მიიღოს), რის მიხედვითაც სტუდენტებსა და მკვლევრებს (მესამე ქვეყნებიდან) შეეძლებათ ევროკავშირში სწავლის ან კვლევის დასრულებიდან სულ მცირე ცხრა თვის განმავლობაში დარჩენა, რომ მოიძიონ სამსახური ან დაიწყონ ბიზნესი. ევროკავშირში ყოფნისას მათ გაუმარტივდებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილება და არ დასჭირდებათ ვიზისთვის ახალი განაცხადის შევსება. მეტიც, მკვლევრებს უფლება მიენიჭებათ, ევროკავშირში მიიწვიონ თავიანთი ოჯახის წევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მუშაობის უფლებით. მუშაობის უფლება სტუდენტებსაც მიეცემათ, კერძოდ, კვირაში, სულ მცირე, 15 საათის განმავლობაში. ახალი რეგულაციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარ  კანონმდებლობებს, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში უნდა დაუახლოონ და, როგორც მოგახსენეთ, მიზანი ევროკავშირში მაღალკვალიფიციური ადამიანების მოზიდვა და მათი გადაბირებაა. სიახლე, უდავოდ, სასიხარულოა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ, შესაძლოა, საქართველოდან უკვე ტვინების გადინებასაც შეუწყოს ხელი. რა საფრთხესა და სიკეთეს შეიცავს ევროკავშირის ახალი რეგულაციები? –  ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ამ ახალი რეგულაციების განმარტებაში აღნიშნულია, რომ მიზანია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ნიჭიერი ადამიანების გადაბირება ევროკავშირის სასარგებლოდ. მიზანი მხოლოდ ესაა, იმიტომ, რომ ინტელექტუალურად გაუჭირდათ, თუ, უბრალოდ, ამ ფორმით ცდილობენ ევროპელები, განათლების შეტანას განვითარებად ქვეყნებში, რომ დაიმსგავსონ ისინი და ამით უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება?
–  მე მგონია, უფრო მეორეა. არ არის ცუდი, რადგან, თუ სადმე ღირს, ევროპაში ღირს წასვლა სასწავლებლად. მარტივ მაგალითს გეტყვით: საბჭოთა კავშირი მოვიშორეთ, მაგრამ, იქიდან გამოყოლილი, რადგან საბჭოეთში ქრისტე არ უნდა ეხსენებინათ, ჩვენი მეცნიერები ამბობენ –  ჩვენი წელთაღრიცხვით და ჩვენს წელთაღრიცხვამდეო, დასავლური ცივილიზაცია კი არის ქრისტემდე და ქრისტეშობიდან. საერთოდაც, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ჰუმანიტარულ დარგებში. ტვინების გადინება მოხდა უკვე, უფრო საბუნებისმეტყველო დარგებში და დიდ გადინებას აღარ ველოდები. ისინი ფიქრობენ, რომ ახლომახლო ხალხი ვართ და ჩვენი ასიმილირების შანსი არის; ასიმილირების და არა –  ნიველირების. მე იმით მომწონს ევროპა, რომ ნიველირებას არ ახდენს, განსხვავებით შეერთებული შტეტებისგან, სადაც ყველა ერთია. ევროპა ნაციონალური ტერიტორიებია, ძველი სახელმწიფოების ერთობა და, ამდენად, ღირს ევროპისკენ სწრაფვა. თუ ყოჩაღი ხარ, შეინარჩუნებ თავისთავადობასაც და დიდ ცივილიზაციურ ერთობაშიც იქნები, სადაც არის ყველაზე მეტი თავისუფლება, კეთილდღეობა და კულტურა. ამიტომ, მგონია, საფრთხეს ეს არ შეიცავს, მაგრამ მათი მხრიდან ეს არის შეძლებისდაგვარად სწრაფი ევროპეიზაცია.
– მაგრამ ეს ყველა ქვეყანას ეხება, ახლო აღმოსავლეთსაც.
– ჯერ რევოლუციებს აწყობდნენ, ხან იარაღითაც შევიდნენ, მაგალითად, ერაყსა და ავღანეთში; ეგვიპტები კი გადატრიალება მოხდა, ვერ ვიტყვი, რომ მათ გააკეთეს, მაგრამ ხელი შეუწყვეს და ეს არც იმალებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას ცივილიზაციური გაგრძელება არ მოჰყვა, რადგან, რომ შეხვალ და გამოხვალ, იქ დემოკრატიას უცბად ვერ აითვისებენ, ამიტომ გრძელვადიანზე წავიდნენ. მოდი, მარტივად თქვათ: მათ მოუვიდათ ერთი ილუზია, საქართველოსა და უკრაინაში გამოვიდა რევოლუციის დადგმა, ოღონდ საფუძველიც არსებობდა, თორემ, ისე ვერავინ ვერაფერს დადგამდა და გაგრძელებაც აქვს: მაინც არის სწრაფვა დემოკრატიისკენ. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც წინასწარვე იყვნენ მზად ამ ფასეულობებისკენ სასიარულოდ, განაგრძობენ იმ პროგრესის გზით სიარულს. მე მაინც  მგონია, რომ პროგრესისკენ მივდივართ, ოღონდ, ნელა და ეს ჩვენი ბრალია. მაგრამ იმ ხალხებთან, რომლებიც ამისთვის მზად არ იყვნენ, არათუ რევოლუციებით, ჯარები შეიყვანეს და მაინც არაფერი გამოვიდა. ჩვენმა ლიბერალებმა რომ დაარქვეს ცივილიზაციური ომები, ვითომ ჰანტინგტონისეული, სინამდვილეში ტოინბისაა. რაც მან იწინასწარმეტყველა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, სწორედ ის მოხდა.
– გავახსენოთ მკითხველს, რა იწინასწარმეტყველა.
– რომ საბჭოეთი ასპროცენტიანი წააგებდა ამერიკასთან. თან, ეს მაშინ თქვა, როდესაც საბჭოთა კავშირი თავის პიკში იყო და კუნთებს ათამაშებდა. ტოინბიმ თქვა, დროში მოუგებს ამერიკა და ომის გარეშეო, როგორც მოხდა კიდეც. მოკლედ, შორს წაგვიყვანს დეტალები. ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად წავალთ ევროპისკენ და ნელ-ნელა ეგუებიან იმას, რომ თაობები დასჭირდება ახლოაღმოსავლელი ხალხების ევროპეიზაციას. მე ვფიქრობ, რუსეთისთვისაც აქვთ რაღაც-რაღაცეები და კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ. ალბათ, მერე ისიც გაახსენდებათ, რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლა-მოშლა დაიწყო ნიქსონისა და ვილი ბრანდტის პოლიტიკით –  დავუახლოვდეთ საბჭოეთსო და ნელ-ნელა ჩაითრიეს. ბრანდტი ფიქრობდა, მე ვერ მოვესწრებიო, მაგრამ მოესწრო გერმანიის გაერთიანებას. ნიქსონიც.
– ამით ხსნით, რომ რუსეთს წამდაუწუმ აქებს აშშ-ის მთავრობა?
– რომ სულ მთლად არ გამხეცდეს. ზოოპარკებიც სხვადასხვანაირია: ჩვენ სივრცე არ გვქონდა და საწყალი ლომები პატარა გალიაში იყვნენ; ზოგან ისე დასეირნობენ, აფრიკაშიც კი არ მოუნდებათ ლომებს.
– მაგრამ ზოგან დამთვალიერებლები სხედან ვოლიერებში.
– ზოგან, ცირკში, მაგალითად, შაქარს აჭმევენ და ათამაშებენ. მე არ მინდა, რომ ცირკში ვიყო, თუმცა ჩვენი ლიბერალები მონდომებულები არიან, რომ ცირკის მაიმუნებივით ჩაგვაცვან პიჯაკი, პაპიროსი მოვწიოთ და გავხდეთ მაიმუნები, რომლებიც ადამიანებს ჰბაძავენ. ევროპა იძლევა იმის საშუალებას, დარჩე იმად, რაც ხარ. სანამ ეს მიდგომა იქნება ძალაში, შედეგიც იქნება და, მე ვფიქრობ, ეს არის შანსი მთელი  კაცობრიობისთვის. კაცობრიობის ცხოვრების მოდელირება ხდება. ამიტომ ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ ამას, ეს არის ჩვენი შანსი, რომ მთელი კაცობრიობა მოეწყოს ისე, როგორც ევროპაა მოწყობილი.
– ეყოფა საამისოდ ძალა ევროპას? ენერგეტიკულ ძალას ვგულისხმობ და არა ფიზიკურს.
– ამის პრობლემა ევროპას აქვს, დაიღალა. ბოლო 15 საუკუნეა, ერთმანეთს ცხვირ-პირს უნაყავდნენ და ტყუილუბრალოდ –  თურმე, ერთიანი ყოფილა ევროპა. განსაკუთრებით სასტიკი იყო ბოლო ორი ომი მეოცე საუკუნეში, სრულიად ველური შუა საუკუნეების ომებზე უარესი. ენერგეტიკის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბჟეზინსკიმ თქვა კარგად, როდესაც ჰკითხეს, რომელმა ხალხმა რა მისცა კაცობრიობასო: ძირითადად, რა თქმა უნდა, ევროპელებმა და აზიელებმა, ამერიკელებმა კი ტექნოლოგია და მასობრივი კულტურაო. მართლაც, მეტი არაფერი, მაგრამ ამ კულტურითაც კი დაშალეს საბჭოთა კავშირი: ჯინსებით, „შესანიშნავი შვიდეულითა“ და პოპმუსიკით. დღესაც არ ვიცი, რატომ გაუშვა საბჭოთა ცენზურამ ეს ფილმი. ჯინსი ეცვა მთელ საბჭოთა ახალგაზრდობას, არადა, საბჭოეთში არ იწარმოებოდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის ჭკუაში უნდა ჩაგახედა –  შენს მოსახლეობას რომ შენი მტრის ტანსაცმელი აცვია, ხომ უნდა მიხვდე, რომ დამთავრებულია შენი საქმე?! და მუსიკასაც მისას ისმენენ?! დეგენერატების გარდა, არავინ უსმენდა საბჭოთა ესტრადას. ჩვენები კიდევ კარგები იყვნენ, ქართულს მღეროდნენ. ამით მოუგეს ამერიკელებმა საბჭოეთს, ანუ, ევროპას თუ გაახსენდება, იარაღი ისეთი აქვთ, რომლის მსგავსი არავის აქვს.
– მაგრამ ევროპას ეს იარაღი გამოადგება ჩვენთან, სომხებთან, ბელორუსებთან, უკრაინელებთან… ახლო აღმოსავლელებთანაც გაჭრის?
– გარბის ეს აღმოსავლეთი ევროპისკენ და იქ უნდათ ცხოვრება. ამათი ამოცანაა, გადაუტანონ აღმოსავლეთში ევროპული ცხოვრების წესი. მოდი, გავიხსენოთ ვუდი ალენის მაგალითი. თავის დროზე ამერიკელები ფრანგებზე იყვნენ გაბოროტებულები, რადგან ერაყის კამპანიას არ დაუჭირეს მხარი. გახსოვთ, მაშინ შირაქი, პუტინი და შროდერი ერთად დადგნენ და უარი თქვეს ერაყში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე და სწორიც აღმოჩნდა. ამიტომ ნიუ-იორკის ქუჩებში ფრანგულ ღვინოებს ტროტუარებზე ღვრიდნენ. მარტო ჩვენ და რუსები კი არ ვგიჟდებით, ისინიც ერეკებიან ხოლმე და ამის დასტურად ტრამპის მაგალითიც კმარა, არადა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკოსების გვიკვირს. ერთი სიტყვით, ვუდი ალენი ჩავიდა კანის კინოფესტივალზე და იქ ჰკითხეს –  თქვენი ქვეყანა საფრანგეთის წინააღმდეგ რომ არისო?! ვუდი ალენმა უპასუხა: მე ფრანგულ კულტურას, პარიზის კაფეში ჯდომასაც კი და ფრანგულ ღვინოს, ვერ გავცვლი თუნდაც 300 მილიონის სისულელეზეო. იმის თქმა მინდა, რომ ასე მარტივად ევროპულ კულტურას ვერავინ წაშლის. ძალიან დიდი ხიბლი და ეშხი აქვს.
– თუმცა, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან მიდიან ემიგრანტები, მათ უნდათ, რომ დაიმსგავსონ ევროპა, შეიტანონ თავიანთი კულტურა და არა პირიქით, ეზიარონ ევროპულ კულტურას. მაგალითად, თურმე, ფრანგი ქალები ძალიან მოკლე კაბებით დადიან და ემიგრანტებს იწვევენ.
– ეს უკვე მეორე ჭიქაა. მოდის მემარჯვენე პოლიტიკოსების ტალღა, რომლებსაც მეც მივეკუთვნები. ისინი მარტივად მსჯელობენ: შეშვება უნდა შეიზღუდოს; ვინც ტერორისტია, ულაპარაკოდ არ უნდა შეუშვან; ვინც დაბოღმილია და იმას ფიქრობს, ბომბი სად ააფეთქოს, უნდა გააბრძანონ იქიდან. ეს უკვე იმ ენერგეტიკის პრობლემაა, თქვენ რომ ამბობთ. ჰიტლერი რომ გიჟი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანელ ქალებს უნდა აუპატიურებდნენ ქმრების თვალწინ და, მამას, რომლის ქალიშვილსაც აუპატიურებენ,  ეუბნებოდეს პოლიციელი –  რასიზმში ჩაგვეთვლება, რამე რომ ვუთხრათო. ეს მეორე უკიდურესობაა, მაგრამ, იმედი მაქვს, გამოვლენ და, თუ ვერ გამოვლენ, ეგენიც დაღუპულან და ჩვენც. ოღონდ, მასე არ მოხდება: ჯანსაღი სხეული რეაგირებს ჯანსაღად, თუნდაც მოდუნდეს; ავადმყოფი სხეული კი, თუ განწირულია, კარგზეც ცუდად ირეაგირებს.
– ამასობაში თურქეთი გარიყა ევროკავშირმა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეუჩერეს.
– თურქეთი თვითონ რიყავს თავის თავს. იმხელა წარმატებები ჰქონდათ, რომ ჩავდიოდი, მიხაროდა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ადგა ევროპეიზაციის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზას და გული მწყდებოდა, ჩვენ რატომ ვტკეპნიდით ერთ ადგილს; მიხაროდა, ახალგაზრდობას რომ ვუყურებდი სტამბოლში –  ჩვეულებრივი ევროპელი გოგო-ბიჭები იყვნენ.
– აპრილში ვიყავი სტამბოლში, ქალებისა და გოგონების 80 პროცენტი თავსაფრითა და გრძელი კაბით დადის.
– აი, მაგას მოგახსენებთ სწორედ: თუ გამოხვალ და იტყვი, ევროპა მინდაო, მაგრამ ამ დროს თავსაფრით დაიწყებ სიარულს და ფუნდამენტალიზმისკენ წახვალ, ესე იგი, თვითონ ირიყავ თავს. არადა, არასდროს ყოფილან ისინი ფუნდამენტალისტები. ათა თურქი მუსლიმანი იყო, მაგრამ თავსაბურავებსაც ებრძოდა და მოლებსაც; მიაჩნდა, რომ ქვეყნის მოდერნიზება იყო საჭირო და გააკეთა კიდეც. თუმცა ახლა მათი მიბრუნება ფუნდამენტალიზმისკენ ჩვენც გვიშავებს იმას, რომ ევროპას ასეთი ორი მეზობლით ვემეზობლებით და ეს პრობლემაა. გადაამლაშეს. ეს იგივეა, ჩვენ რომ დაგვაძალონ, ჩოხითა და ჩიხტიკოპით იარეთო. თუ დააძალებ, არავინ ივლის, როდესაც გეხალისება, მაშინ აქვს ეშხი და ლაზათი.
– ევროპასაც აქვს ეშხი და ლაზათიო და, ევროპას რომ გემოს გაუსინჯავენ, დაბრუნდებიან ჩვენი ახალგაზრდები იქიდან?
– თუ ასე გავაგრძელებთ და არაფერს გავაკეთებთ, ისინი წავლენ კი არა, ჩვენც უნდა ავიყაროთ და წავიდეთ და, მაშინ ტყუილად უომია ჩვენს წინაპარს. მე კი მგონია, რომ აუცილებლად გავალთ ფონს, ისინიც წავლენ და დაბრუნდებიან და კიდევ ბევრი სხვაც დაბრუნდება.

скачать dle 11.3