კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ „დაუხურეს“ საქართველოს კარი ალისა დანელიას

სულ მალე, სოჭში, სტარტს აიღებს კონკურსი „ახალი ტალღა“, სადაც საქართველოს სახელით ორი ქართველი მომღერალი იღებს მონაწილეობას. გიორგი ნადიბაიძეს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებშიც ეჭვი არ ეპარება. რაც შეეხება მეორე კონკურსანტს, ალისა დანელიას, მას ჩვენთან ნაკლებად იცნობენ. ალისას მოსკოვში დავუკავშირდით და მომავალ გეგმებსა და კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრეთ.
ალისა დანელია: გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში და რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, ეს ჩემზეც არ ასახულიყო. ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ და წამიც კი ვერ წარმომიდგენია სიმღერის გარეშე. ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი მოსკოვში ოჯახთან ერთად. თუმცა, შვიდი წელია, რაც საცხოვრებლად გადმოვედი და სწავლაც აქ გავაგრძელე. დავამთავრე მოსკოვის ჯაზისა და ესტრადის კოლეჯი და ისევ გავაგრძელე სწავლა. ახლა, მესამე კურსზე ვარ გნესინის სახელობის აკადემიაში, საესტრადო ფაკულტეტზე. ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. ეს ნიჭი ჩემში ბებიამ აღმოაჩინა და ოთხი წლის ასაკში მიმიყვანა ბათუმის მუსიკალურ სტუდიაში – „ჰანგი“. იქ დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. შემდეგ ამას მოჰყვა მოსკოვში, ცნობილ საესტრადო თეატრ „დომისოლკაში“ გამოსვლები, სადაც ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით. მას მერე, მოსკოვში ვაგრძელებ ჩემს სასიმღერო კარიერას.
– „ახალი ტალღის“ კონკურსზე, რომელიც სოჭში იმართება, შენ საქართველოს წარადგენ. ასევე, ამ კონკურსზე საქართველოს სახელით გამოდის მომღერალი გიორგი ნადიბაიძე, რომელსაც საკმაოდ კარგ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ. ალბათ, ხვდები, რომ ეს კონკურსი შენთვის ერთგვარი რისკია, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ფიქრობ, რომ ეს შანსი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სასიმღერო კარიერაში?
– სამწუხაროდ, გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ნიჭიერი ბიჭია. იმედია, კონკურსზე დავმეგობრდებით. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ნამდვილი ჯენტლმენია და ჩვენ შორის არ იქნება არაჯანსაღი კონკურენცია. პირადად მე, არ მივდივარ „ახალ ტალღაზე” ერთი მიზნით – გავიმარჯვო. ჩემთვის, უმთავრესი, თვით პროცესია და არა ვინმესთვის კონკურენციის გაწევა. გამარჯვებული ხდება ის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს. დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. ყველას თავისი მიზანი აქვს, მეორე საკითხია, როგორ იბრძვის მისთვის. ჩემთვის, ყველაზე მთავარი გამარჯვება მაყურებლის სიყვარული იქნება. ამიტომ, უპირველესად, ვფიქრობ არა ადგილზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიყო პატიოსანი და ნამდვილი საკუთარი თავისა და მაყურებლის წინაშე. ზოგადად, კონკურსი, ერთგვარი რისკიცაა და ამ რისკზე წასვლა ნამდვილად ღირს. რუსულ „X ფაქტორში“ გამოვდიოდი და ამან საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. კონკურსი უდიდესი შანსია, აჩვენო ფართო აუდიტორიას და ცნობილ პროდიუსერებს შენი შესაძლებლობები – გამოაჩინო ნიჭი და იმის უნარი, რომ სცენაზე მყარად დგახარ; არ დაზოგო თავი, იბრძოლო გამარჯვებისთვის. არ დამავიწყდება, ჟიურის წინაშე რომ გამოვედი და სიმღერა დავასრულე, მარტიროსიანმა თქვა, ეგრევე მივხვდი, რომ ქართველი მღეროდაო. ეს, ჩემთვის, როგორც ქართველი მომღერლისა და კონკურსანტისთვის, საამაყო ფაქტია. „ახალი ტალღის“ კონკურსის ჟიური ძალიან აფასებს ქართველ მომღერლებს. მათ ახსოვთ წინა წლების გამოსვლები და შედეგები. ეს ფაქტი ჩემთვის კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო და სტიმულის მომცემია.
– ბევრ კონკურსზე სცადე ბედი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ შენთვის ეს წარმატების მომტანი იყო. ვიცი, ბევრი გულისტკენა გახსოვს, მაგრამ დღეს, საქართველოს სახელით, „ახალი ტალღის“ ქართველი კონკურსანტი ხარ. როგორ გგონია, რა შანსები გაქვს?
– ერთ-ერთ კონკურსზე, მარინა ბერიძემ, რომელიც ჟიურის წევრი იყო, მითხრა, მუსიკა და სიმღერა საერთოდ არ არის შენი სფეროო. თუმცა, დღეს, მე მივდივარ „ახალ ტალღაზე” და სცენაზე გამოვდივარ საქართველოს სახელით. კონკურსები, ქასთინგები და მოსმენები – ეს „რულეტკაა“, ლატარია – ან გაგიმართლებს, ან არა. მუსიკალური ტელეშოუ ყოველთვის ასი პროცენტით არ არის დამიკიდებული მომღერლის შესაძლებლობებზე. კარგად მღეროდე – ეს არაა წარმატების მაჩვენებელი, თუ მას თან არ ახლავს ქარიზმა, ხიბლი, ინდივიდუალური ხასიათი და პლუს, გამართლება. ბედმა მომცა შანსი, გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები და ახლა, უდიდესი მღელვარებით ვდგავარ მოსკოვი-სოჭის თვითმფრინავის ტრაპთან. მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი მუსიკალური კარიერა დიდ შოუ-ბიზნესში ამ კონკურსზე იწყება. იმედია, გამიმართლებს და ყველაფერს შევძლებ. ვერ გეტყვით, ქართული „ჯეოსტარის“ შესარჩევ კონკურსზე რატომ დამიწუნეს, მაგრამ, ხომ იცით, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება. ახლა ის, მეორე კარი გაიხსნა ჩემთვის და ეს შანსი უნდა გამოვიყენო. ფართოდ გახსნილ კარში თამამად უნდა შევაბიჯო. ვერ გეტყვით, ამიხდება თუ არა ჩემი ოცნებების ასი პროცენტი. თუმცა, მათი ახდენა რომ დაიწყო, ფაქტია. ძალიან მიყვარს დიდი ქალაქების სწრაფი რიტმი. აქ ცხოვრებაც სწრაფად ვითარდება და კარიერაში წარმატებების მისაღწევადაც საკმაოდ კარგი შანსებია. თუმცა, ყველაზე მეტად მოსკოვში, ჩემი ლამაზი და პატარა ბათუმი მენატრება. სულ სიზმარში ვხედავ.
– ამბობენ, წელს საკმაოდ მაღალი დონის მომღერლები მონაწილეობენ „ახალ ტალღაზეო“.
– „ახალი ტალღის“ კონკურსის ყველა მონაწილე ნიჭიერია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ამ კონკურსში მონაწილეობაა, დანარჩენს კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს. მე თავს არ ვზოგავ, მაქსიმუმს ვდებ და ვნახოთ, გამიღიმებს თუ არა ბედი. გეშინოდეს კონკურენციის, ეს იგივეა, გეშინოდეს, არ გაცივდეს შენს ჭიქაში ჩაი. ბუნებაში არსებობს შეუქცევადი პროცესები, რის შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება. მეტოქეობა შემოქმედ ადამიანს აძლიერებს, უქმნის პირობას, უფრო მეტი გააკეთოს და სტიმულს აძლევს. ამიტომ, თუ ვინმე ჩემთან კონკურენციას აპირებს, ვაფრთხილებ: ეს რთული იქნება! (იცინის) ხშირად მეკითხებიან, ამ კონკურსზე რომ გაიმარჯვო, რა მოხდება შენს ცხოვრებაშიო. მე ვპასუხობ: რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვიცი, წინ ბევრი ემოცია მელის და ამისთვის მზად ვარ. ის, რომ 16 კონკურსანტს შორის მოვხვდი, ეს უკვე გამარჯვებაა ჩემთვის. მართალია, ჩემზეც ბევრია დამოკიდებული და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
– ისე, როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
– როგორც ყველას, მეც ხან მწყალობს იღბალი და ხან – არა. მაგრამ, გულის სიღრმეში ყოველთვის მჯერა, რომ ის ჩემ მხარესაა და წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ხშირად გამოვდივარ მოსკოვის პოპულარულ კლუბებში და სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში. რაც შეეხება დიდ სცენას, მთავარი ნიჭი და მონდომებაა. თუ შრომა არ გეზარება და მონაცემებიც ხელს გიწყობს, მარტივად მიაღწევ დასახულ მიზანს და ხალხიც შეგიყვარებს. თუ „ახალ ტალღაზე“ გავიმარჯვე, უფრო მეტად გამიცნობს ხალხი. ეს კი ჩემთვის მთავარი ჯილდო, შესანიშნავი პრიზია, იმისთვის, რომ უზარმაზარი გამოცდილება მივიღო და საკუთარი მაყურებელი მყავდეს. რუსეთის შოუ-ბიზნესში, ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი მომღერალია, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ, უყვართ და უსმენენ. ასე რომ, აქაც ვამტკიცებთ, რომ ნიჭიერი ერი ვართ და ამას გვიფასებენ. ვფიქრობ, ხელოვანისთვის ხალხის სიყვარული და დაფასება ყველაზე მთავარი ბედნიერებაა. ბედნიერების ძებნა არ არის საჭირო შორს, ის გვერდითაა და მთავარია, იპოვო შენი თავი, იცოდე, რა გინდა ცხოვრებაში, ირგვლივ კარგად მიმოიხედო. ვიცი, რომ მუსიკის წყალობით, წინ ბევრი საინტერესო დღეები მელის. მის გარეშე, უბრალოდ, სიცოცხლე არ შემიძლია და ამ ბედნიერებაზე უარს ვერ ვიტყვი.

скачать dle 11.3