კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუჩინარდა 41 მილიონი მანეთით „კაგებეს“ ძებნილი ქართველი ექიმი

ოფიციალური ვერსიით, ტოტალიზატორები, კაზინოები და საერთოდ, სათამაშო ბიზნესი პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. თუმცა, ეს მცდარი აზრია და იატაკქვეშა სათამაშო ინდუსტრია საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. 70-80-იან წლებში კი საერთოდ, ყვაოდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხოლოდ მისი ლეგალიზაცია მოხდა. ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი და სულის ჩამდგმელი გურამ სოტკილავა გახლდათ, რომელმაც ამ ბიზნესით მილიონები იშოვა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს, ამ არაორდინარული, ნიჭიერი ადამიანის ბიოგრაფიიდან.
აზარტული მოთამაშე
1932 წელს თბილისში, ექიმ-პედიატრის ოჯახში დაბადებული გურამ სოტკილავა, მშობლების მსგავსად, ექიმის პროფესიას დაეუფლა და ქირურგი-კოსმეტოლოგი გახდა. სამედიცინო ინსტიტუტი მან მოსკოვში დაამთავრა. სამუშაოდაც იქვე დარჩა და საუცხოო ექიმად ჩამოყალიბდა. ამის გამო, მას არც პაციენტები აკლდა და არც ფული. თუმცა, გურამი აზარტული მოთამაშე იყო და მთელ თავის შემოსავალს ბანქოს თამაშსა და კამათლების გაგორებაში ხარჯავდა. მეტიც, ამის გამო, მას დიდი ვალებიც ედებოდა, რომელსაც შემდეგ ისტუმრებდა და მათ დასაფარავად არალეგალურ კოსმეტიკურ ოპერაციებს აკეთებდა. გურამ სოტკილავას ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა „მალი არბატზე“, მოსკოვის ცენტრში და პირველ სართულზე ცხოვრობდა. სარდაფში კი ეგრეთ წოდებული „სათამაშო მაგიდა“ ედგა, სადაც აზარტულ თამაშებს აწყობდა. მის სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ჯურის ადამიანები, მათ შორის შულერებიც და სწორედ ისინი „ყვლეფდნენ“ ნიჭიერ ქართველ ქირურგს. გურამი რამდენადაც კარგი ქირურგი იყო, იმდენად – ცუდი მოთამაშე, მაგრამ აზარტს ვერ ერეოდა და ვალებში იხრჩობოდა... ერთხელ კი იმდენი წააგო, რომ საგვარეულო ძვირფასეულობის გაყიდვა მოუწია და ამგვარად დაფარა ვალი... ამ შემთხვევამ 29 წლის სოტკილავას სხვაგვარად დაანახვა ცხოვრება და გადაწყვიტა, სწორედ მისი „მყვლეფავების“ წყალობით ეშოვა ფული, თავად კი თამაშს აღარ გაჰკარებოდა.
იატაკქვეშა სამორინე
თავისი იდეა გურამ სოტკილავამ ორ ცნობილ შულერს – ვადიმ პლისეცკის, მეტსახელად, „კოტ ბაზილიოს“ და ჯანო გურგენიძეს, მეტსახელად, „დუ ბეშას“ გაანდო. ორივე შულერმა სიხარულით აიტაცა ახალგაზრდა ქართველი ქირურგის წინადადება და 1961 წელს, მათ გურამის სარდაფში არალეგალური, იატაკქვეშა სამორინე გახსნეს, სადაც თითქმის 24 საათის განმავლობაში თამაშობდნენ ბანქოს და აგორებდნენ კამათლებს. შემოსავალს კი სამ თანაბარ ნაწილად იყოფდნენ... სოტკილავას მთელი მოსკოვური ბომონდი იცნობდა. მათ შორის მრავალი მდიდარი ადამიანი იყო, რომელთაგან გურამი აზარტულებს არჩევდა და სათამაშოდ „ავერბოვკებდა“. ხოლო, ვინც კი ერთხელ ეწვეოდა სოტკილავას სამორინეს, ის უკვე მისი მუდმივი კლიენტი ხდებოდა და თაღლითებსაც მეტი არ უნდოდათ? სოტკილავას სამორინეს კლიენტებს შორის მრავალი ცნობილი ადამიანი იყო, მათგან ზოგი მსოფლიოში ცნობილიც. ისინი დიდ თანხებს ტოვებდნენ იქ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ თაღლითთა ჯგუფი აბითურებდა... სწორედ ერთ-ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა ხელოვანმა ურჩია გურამს ბიზნესის გაფართოება და უთხრა: მსოფლიო მაქვს შემოვლილი. ლას-ვეგასშიც ვარ ნამყოფი, მონაკოშიც და გარწმუნებ, რომ კაზინოებში ხალხი დიდ ფულს ტოვებს. შენც რომ გაგეხსნა „რულეტკა”, დარწმუნებული ვარ, შემოსავალს გაიათმაგებო... გურამს ჭკუაში დაუჯდა ეს რჩევა და ერთ-ერთ მოსკოვურ ქარხანაში კუსტარულად გააკეთებინა „რულეტკის” მაგიდა. მერე იატაკქვეშა სამორინეში დაამონტაჟებინა და მართლაც, მისმა შემოსავალმა იმ დროისთვის ასტრონომიულ ციფრებს მიაღწია. თუმცა, გურამს მილიციის წილში ჩასმა მოუწია და შემოსავლის მეოთხედს შინაგან საქმეთა სამინისტროში აგზავნიდა, სადაც მას რამდენიმე მაღალჩინოსანი ინაწილებდა. სამაგიეროდ, გურამ სოტკილავას ბიზნესი ხელშეუხებელი იყო და ყვაოდა.
სათამაშო ინდუსტრია
სოტკილავას ბიზნესმა თავის პიკს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მიაღწია. მან, მთელი საბჭოეთის ტერიტორიაზე (რა თქმა უნდა, მილიციის ხელდასხმით) ნამდვილი სათამაშო ინდუსტრია შექმნა და ყველა დიდ ქალაქში იატაკქვეშა სამორინეები გახსნა, რომლებიც ათეული მილიონობით მანეთის შემოსავალს იძლეოდა. გურამი პირადად იცნობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს, ნიკოლაი შჩოლოკოვს. მას სოტკილავა ძვირფას საჩუქარს უძღვნიდა და მის პირად კურიერს, მილიციის პოლკოვნიკს, ივანე კუროჩკინს ყოველთვიურად დიდძალ ქრთამს ატანდა მინისტრთან. სწორედ ამიტომ, ვერავინ ეხებოდა მის ბიზნესს... 1973 წელს სოტკილავას „გაწეწვა“ ქურდებმა სცადეს და მილიონი მანეთის ქურდულ სალაროში შეტანა მოსთხოვეს. თუმცა, ქურდები მილიციამ დააპატიმრა და მერე სოტკილავასთვის აღარ მიუკითხავთ. გურამმა კი თავისი ნაცნობების წყალობით, ქურდები პატიმრობიდან დაიხსნა, პატარა თანხაც აჩუქა და თან უთხრა: „ამას ნებით ვაკეთებ და არ გეგონოთ, რომ „მწეწავთ“. ორჯერ სოტკილავას სამორინეებზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა და ბოროტმოქმედებმა, საერთო ჯამში, 650 ათასი (300 და 350 ათასი) მანეთი გაიტაცეს. მაგრამ, მილიციამ მალევე დააპატიმრა ყაჩაღები და ფული დააბრუნეს... სამორინეების პარალელურად, სოტკილავამ თავის ბიზნესს ტოტალიზატორებიც შემატა, სადაც ფეხბურთებზე „მაზავდნენ“... გურამი ისე იყო გაწაფული ამ საქმეში, რომ საკავშირო საფეხბურთო ჩემპიონატის ცალკეულ თამაშებსაც კი აწყობდა და ამით დიდძალ ფულს შოულობდა... 70-იანი წლების შუა პერიოდში ერთ-ერთი ასეთი „ჩაწყობილი“ თამაშის ამბავი გახმაურდა და დიდი სკანდალი ატყდა. დააკავეს რამდენიმე ცნობილი მწვრთნელი, ფეხბურთელი და მსაჯი. მაგრამ, საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს სკანდალი ჩააცხრო და დაკავებულები გაათავისუფლა. სანაცვლოდ კი 4 მილიონი მანეთი მიიღო.
იდუმალი გაუჩინარება
გურამ სოტკილავას ბიზნესი 80-იანი წლების დასაწყისშიც ყვაოდა და დიდძალი შემოსავალი მოჰქონდა. თუმცა, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალებისა და ნიკოლაი შჩოლოკოვის გადაყენების შემდეგ, სოტკილავას დევნა დაუწყეს და მას „კაგებე“ „კუდზე დააჯდა“. გურამი ორჯერ დაიბარეს უშიშროებაში და ორჯერვე, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, 50 წელს გადაცილებული ქართველი საქმოსანი გრძნობდა, რომ ამ ყოველივეს მალე დაპატიმრებაც მოჰყვებოდა. მას ამის შესახებ მისი გავლენიანი ნაცნობებიც აფრთხილებდნენ. 1983 წლის ნოემბრის მიწურულს სოტკილავა კვლავ ლუბიანკაზე („კაგებეს“ შტაბ-ბინა) დაიბარეს და მთელი თავისი ნაგროვები ქონების ნებაყოფლობით ჩაბარება შესთავაზეს. გურამს გენერალი ფროლოვი ესაუბრა და უთხრა:
– ჩვენი ინფორმაციით, თქვენ 40 მილიონი გაქვთ ნაშოვნი, რომლის უმეტესი ნაწილი, ალბათ, ოქროსა და ძვირფასეულობაში დააბანდეთ და თუ სამ დღეში არ ჩაგვაბარებთ, ციხეში ამოგალპობთ.
გურამ სოტკილავამ გენერალ ფროლოვს ერთკვირიანი ვადა მოსთხოვა და ამ პირობით გამოუშვეს ლუბიანკიდან. თუმცა, ქართველი საქმოსანი გრძნობდა, რომ მას „კაგებე“ უთვალთვალებდა.
1983 წლის 27 ნოემბერს სოტკილავა სახლში დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. ხოლო, როცა ლოდინით დაღლილი უშიშროების ოპერთანამშრომლები მის ბინაში შეიჭრნენ და იქაურობა გაჩხრიკეს, აღმოაჩინეს რომ სარდაფში პატარა ხვრელი იყო, რომელიც მეზობელი ეზოს კანალიზაციას უერთდებოდა და ქართველი საქმოსანი სწორედ იქიდან გაიპარა.
სოტკილავაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ვერსად მიაგნეს. „კაგებემ“ ივარაუდა, რომ ექიმმა-კოსმეტოლოგმა თავისი ერთ-ერთი კოლეგის დახმარებით ისარგებლა, გარეგნობა შეიცვალა და ამგვარად დააღწია თავი უშიშროების კლანჭებს. სხვათა შორის, შჩოლოკოვის სისხლის სამართლის საქმეში სამორინეების ეპიზოდიც იყო ჩართული და მასში გურამ სოტკილავაც ფიგურირებდა, როგორც დიდძალი ქრთამის მიმცემი... სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გურამ სოტკილავამ უკანონოდ მიითვისა 41 მილიონ 365 ათასი მანეთი, მაგრამ სად წაიღო ეს თანხა და სად და როგორ გაუჩინარდა, დღემდე უცნობია.

скачать dle 11.3