კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-19(802)

 ვარლამმა პაუზა გააკეთა და გაგნიძეს უთხრა:
– მე მაინც ძალიან მაღელვებს რატის ბედი.
– დამშვიდდი. ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა კი წადი და დაისვენე.
ვარლამ კაკუბავა გაგნიძეს გამოემშვიდობა და წავიდა. პროფესორმა კი სტუმარი კარამდე რომ მიაცილა, შემდეგ ისევ საწერ მაგიდას დაუბრუნდა. პისტოლეტი ამოიღო და ქამარში გაირჭო. თხუთმეტიოდე წუთი მოიცადა, კაბინეტიდან გამოვიდა. კარი ჩაკეტა და კიბეებზე დაეშვა. მთვლემარე რეგისტრატორს რომ ჩაუარა, შეჩერდა და უთხრა:
– სახლში მივდივარ. არ მგონია, პაციენტები მოვიდნენ, მაგრამ, თუ ვინმემ მომაკითხა ან დამირეკა, უთხარი, რომ ხვალ შუადღისთვის ვიქნები. აბა, ხვალამდე.
– ნახვამდის, ბატონო მერაბ, – გოგონამ პროფესორს გაუღიმა და თვალი გააყოლა.
მერაბ გაგნიძე კლინიკის ეზოში ჩავიდა, თავის მანქანაში ჩაჯდა და ნელი სვლით გავიდა ქუჩაში. თან, ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, რომ „კუდი“ არ გამოჰპარვოდა. შემდეგ ორიოდე მანევრი გააკეთა და როდესაც დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, სვლას უმატა და საბურთალოს ერთ-ერთი ახლად აშენებული კორპუსისკენ აიღო გეზი. მანქანა მან საცხოვრებელი კორპუსის დაცულ ავტოფარეხში გააჩერა, რომლის კარიც დისტანციური პულტით გააღო და ლიფტით მეექვსე სართულზე ავიდა. ერთ-ერთ კართან შეჩერდა და ზარი დარეკა. ნახევარიოდე წუთში კი უკვე ბინაში იყო და შინაურულად გამოწყობილი, შუა ხნის მამაკაცის წინ სავარძელში მოკალათებული, სიგარეტს აბოლებდა.
– აბა, რას იტყვი, მერაბ, როგორ მიმდინარეობს ოპერაცია? – ჰკითხა მასპინძელმა ახალმოსულს.
– გეგმის მიხედვით, ვასო, მაგრამ ვარლამ კაკუბავა ცოტა ნერვიულობს და მეშინია, რამე ისეთი არ მოიმოქმედოს, ყველაფერი ჩაგვიშალოს, – მიუგო გაგნიძემ მასპინძელს და ვარლამის მასთან ვიზიტის შესახებ უამბო, – ისე გამოვედი წყობიდან, კინაღამ ვესროლე, მაგრამ დროზე მოვედი აზრზე.
– წყობიდან გამოსვლა ჩვენს საქმეს არ წაადგება, – მშვიდად უთხრა ვასომ და დააყოლა, – რად გინდა, პისტოლეტით რომ დადიხარ. ეგ შენი საქმე არაა და გირჩევ, შორს მოისროლო ეგ იარაღი, – მასპინძელმა პაუზა გააკეთა და მერაბს ჰკითხა:
– კაკუბავამ ჩემს შესახებ თუ იცის?
– არა, რას ამბობ, ვასო! რა საჭიროა.
– რა, არ ენდობი ვარლამს?
– რომ არ ვენდობოდე, აქამდე ცოცხალი არ იქნებოდა, მაგრამ, რა საჭიროა, შენზე იცოდეს? მით უმეტეს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის პირობა არ აქვს გაფორმებული და ეგრეთ წოდებული, თავისუფალი სტატუსით სარგებლობს.
– თავისუფალი სტატუსი დაზვერვაში – სასაცილოა, – გაეღიმა ვასოს და გააბოლა, – კარგი, საქმეზე გადავიდეთ. რას აკეთებენ ჩვენი ჯგუფები?
– „ა“ ჯგუფი ახლა ისვენებს და მას „ბ“ ჯგუფი ცვლის. ისინი რატი პეტრიაშვილის სახლთან მორიგეობენ. „გ“ ჯგუფი კი ჯემალ ბარამიძეს „აძოვებს.“ ალბათ, წუთი წუთზე აადგებიან და დაკითხავენ.
– ბოლოს კი, ალბათ, „გაარასხოდებენ“, – თქვა ვასომ.
– აბა, მისი გაშვება როგორ შეიძლება. ყველაფერს ჩაგვიშლის. თანაც, ძალიან საშიში ვინმეა და თავისნაირები ჰყავს შემოკრებილი ირგვლივ, – მიუგო მასპინძელს გაგნიძემ და საათს დახედა, – ალბათ, სულ მალე შემატყობინებენ მის ამბავს.
ვასომ ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ გაგნიძის წინ შეჩერდა და უთხრა:
– ესე იგი, დარწმუნებული ხარ, რომ ბომჟები, ანზორ ამირიძე და ზუხრა ჯემალ ბარამიძის ჯგუფის მიერაა ლიკვიდირებული და შეცდომა გამორიცხულია?
– კი. მასეა. ეგ ზუსტად დავადგინეთ. მათ კი ამაზე „დაბრო“ დონალდ ონილმა მისცა.
– ეგ გასაგებია, მაგრამ აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობაა კვლავ იდუმალებით მოცული და ნეტავ, ვინ და რატომ მოკლა ის?
– ის რომ არ მოეკლათ, ამერიკელებს უკვე შესრულებული ექნებოდათ თავიანთი მისია და კიდევ კარგი, რომ მოკლეს. სწორედ მისმა მკვლელობამ აურია მათ გეგმები, ჩვენ კი დრო და საშუალება მოგვეცა სამოქმედოდ.
– გვაქვს კი დრო, რომ?
– რას გულისხმობ? – კითხვითვე მიუგო გაგნიძემ.
– რას და, ამერიკელებმა სატყუარა ხომ არ შემოგვიგდეს და ცრუ კვალზე გაგვიშვეს, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეს ხომ არ აპირებენ?
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა გაგნიძემ.
– მოდი, თავიდან დავიწყოთ. ამერიკელებს თბილისში ჩამოჰყავთ და მალავენ საერთაშორისო ძებნილ ტერორისტს, რომელსაც შემდეგ ვიღაც ჩეხავს და ამით მათ რაღაც მნიშვნელოვანი გეგმა უვარდებათ. არ გეჩვენება შენ ეს საეჭვოდ?
– ჩვენს საქმეში ყველაფერზე შეიძლება, დაეჭვდეს კაცი, მაგრამ შემთხვევითობისგანაც ხომ არ ვართ დაზღვეულები. ვფიქრობ, ეს სწორედ  შემთხვევითობაა.
– კარგი. დავუშვათ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა, თუმცა, მე შემთხვევითობების არ მჯერა ჩვენს საქმეში, მაგრამ სათადარიგო ვარიანტი? შენ რა, ეჭვი გეპარება, რომ როდესაც რაღაც გრანდიოზული ოპერაცია იგეგმება, მას ყოველთვის სათადარიგო ვარიანტიც თან ახლავს, რომელსაც დაუყოვნებლივ აამოქმედებენ ხოლმე?! აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობიდან კი, თითქმის სამი კვირა გავიდა და ამერიკელებს არანაირი სათადარიგო გეგმა არ აუმოქმედებიათ, რაც დიდ ეჭვს იწვევს. მე ვფიქრობ, აქ სხვა რაღაცაშია საქმე და გვაბითურებენ.
– გვაბითურებენ?
– კი.
– მაინც, რას ფიქრობ?
– ვფიქრობ, აგვამოქმედეს და „გვაძოვებენ“. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად აქვთ ყველაფერი დაგეგმილი.
– „გვაძოვებენ“? – გაიმეორა გაგნიძემ, – ვერაფერს ვხვდები. კი მაგრამ, როგორ?
 – როგორ, როგორ... ეგ რომ ვიცოდე, რა  გვიჭირს. ამერიკელები შენ „შკოლნიკები“ ხომ არ გგონია?
– არ მგონია, მაგრამ თუკი „გვაძოვებენ“, ესე იგი, გვაკონტროლებენ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენში მოღალატეა, რომელიც ამერიკელებზე მუშაობს და ინფორმაციებს აწვდის ჩვენზე, – გაგნიძემ პაუზა გააკეთა. მხრები აიჩეჩა და დაამატა, – სიმართლე გითხრა, მასეთი ჩვენში არავინ მეგულება, კაკუბავაც კი.
– კაკუბავა გამორიცხე. ჩვენში მოღალატე კარგა ხანია, ბუდობს. ამ დილით ცენტრიდან მოვიდა „ქსივა“ ამის შესახებ. ანალიტიკური სამსახური ინტენსიურად მუშაობს ამაზე და ალბათ, გაშიფრავენ კიდეც, მაგრამ, სანამ ეს მოხდება, რა იცი, რას დაგვატეხს თავზე? – ვასომ პაუზა გააკეთა და ისევ განაგრძო, – „კროტის“ (თხუნელა, ჩანერგილი აგენტი) ფსევდონიმია „ლაზი“.
– ლაზი? – გაიმეორა გაგნიძემ.
– ჰო, ლაზი. ლენგლიდან („ცეერუს“ შტაბ-ბინა) მოსულა ეს „ქსივა“.
მერაბ გაგნიძეს სახე დაეჯღანა და მასპინძელს უთხრა:
– ბოდიში, ვასო, მაგრამ ტუალეტში უნდა შევიდე, თორემ მუცელში გვრემა მაქვს.
– მერე, რას უყურებ, შედი, – გაეცინა მასპინძელს.
– უხერხული ხომ არაა? – ჩურჩულზე გადავიდა გაგნიძე, – ვინმე ხომ არაა კიდევ შენ გარდა აქ?
– მარტო ვარ. შედი.
– გაგნიძე ტუალეტში შევიდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი უკან რომ დაბრუნდა, მასპინძელმა ღიმილით ჰკითხა:
– მოგეშვა?
გაგნიძემ უცნაურად გაუღიმა ვასოს. შემდეგ ქამრიდან მაყუჩმორგებული პისტოლეტი ამოაცურა, ვასოს მიუშვირა და უთხრა:
– გიკვირს?
– შენ ხარ ლაზი? – ჰკითხა გაგნიძეს გაოგნებულმა მასპინძელმა.
– მიხვდი, როგორც იქნა, – ირონიით ჩაეცინა გაგნიძეს.
– აქამდე როგორ ვერ მივხვდი, – სინანულით თქვა ვასომ და თავი გააქნია.
– ჯობდა, არ გაგემხილა ეს ინფორმაცია ჩემთვის. „იაღლიში“ მოგივიდა, ვასო, რაც შენი კლასის მზვერავისთვის მიუტევებელია.
– შენ უფრო მიუტევებელ შეცდომას სჩადიხარ.
– მართლა? – ჩაეცინა გაგნიძეს.
– სამშობლოს ღალატობ და ამერიკელებს ემსახურები.
– ეგ გემოვნების საკითხია.
– გემოვნების თუ ფულის? რამდენს გიხდიან?
– მეტი  უკეთესი იქნებოდა.
– შე დამპალო! შენი აღსასრულის დროც მოვა...
– ახლა შენი აღსასრულის დროა, – ჩაეცინა გაგნიძეს და სასხლეტს ორჯერ გამოჰკრა თითი. ვასოს თავში ორი ტყვია ესროლა და ადგილზევე მოკლა. შემდეგ ფრთხილად გამოვიდა ბინიდან და ლიფტით ნულ სართულზე დაეშვა, სადაც ავტოფარეხი მდებარეობდა.
გაგნიძე რომ ლიფტით დაეშვა ქვევით, იქვე, ბოძს ამოფარებულმა ვარლამ კაკუბავამ სწრაფად დარეკა მობილურზე და რეზოს უთხრა:
– ყურადღებით იყავი. ქვევით დაეშვა. ტელეფონი უხმოზე დააყენე და თუკი შენთან დაკავშირება დამჭირდება, შეტყობინებას გამოგიგზავნი. ყურადღებით და ფრთხილად. აბა, შენ იცი! – კაკუბავამ ტელეფონი გათიშა. ვასოს ბინის კართან მივიდა და ზარი დარეკა. ერთხანს მოიცადა და ისევ დარეკა. ბოლოს კი „ატმიჩკა“ ამოიღო, ხელებზე რეზინის ხელთათმანები მოირგო, კარი გააღო და ბინაში შევიდა. მოკლული დაინახა, ყურადღებით შეავლო თვალი და სასწრაფოდ უკან გამოვიდა. კარი გამოიხურა და რეზოს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „მაყუჩიანი იარაღითაა შეიარაღებული და ფრთხილად იყავი. პირველივე ხელსაყრელ მომენტში, განაიარაღე, გაკოჭე და დამირეკე“.
ვარლამ კაკუბავა ლიფტით დაეშვა ქვევით, ორმოცდაათიოდე მეტრი ფეხით გაიარა და კუთხეში მდგომ თავის მანქანაში ჩაჯდა, თუმცა ძრავა არ ჩაურთავს. ხუთიოდე წუთის შემდეგ მას რეზომ დაურეკა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. „მეშოკში“ მყავს.
– ყოჩაღ! იარაღი ჰქონდა?
– „გლუშიტელიანი“.
– სად ხართ?
– „აბრეზას“ სახლი გახსოვთ?
– კი.
– ჰოდა, სწორედ „აბრეზას“ სახლის უკან რომ მშენებლობაა, იქ მყავს მოყუჩებული. მოდით, გელოდებით.
– ახლავე მანდ გავჩნდები. იცოდე, არ გაგექცეს, ბიჭო, – უთხრა ვარლამმა ჩიტოს. შემდეგ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და სპორტის სასახლის მიმართულებით გააქანა. ძალიან მალე მივიდა და შავი „ემელის ჯიპისკენ“ აიღო გეზი, რომელიც გაგნიძეს ეკუთვნოდა და ბნელ ადგილზე იყო გაჩერებული.
ჩიტოს მერაბ გაგნიძისთვის ზურგსუკან დაუდია ხელბორკილები და არმატურაზე მიუბამს. კაკუბავა სწრაფად მიუახლოვდა მათ და რეზოს ჰკითხა:
– რას ამბობს?
– ახლა არაფერს. დუმს. მანამდე კი მილიონებს მპირდებოდა, ოღონდ გამიშვიო.
– მერე, მილიონს თუ მოგცემდა, ვერ გაუშვი, ბიჭო? – გაეცინა კაკუბავას და გაგნიძეს ირონიით უთხრა:
– გარანტირებულ „ლიმონს“ (მილიონს) იძლევი, თუ „პონტს აგდებ“?
გაკოჭილს ხმა არ ამოუღია. კაკუბავამ კი რეზოს უთხრა:
– ამის აქ გაჩერება არ შეიძლება. „სკუჩნი“ ადგილი არსად გეგულება? მე მგონი, ეს დამპალი ხმის ამოღებას არ აპირებს. არა და, აუცილებლად უნდა ავალაპარაკოთ და მისი ღრიალი რომ არავინ გაიგოს, სადმე საიმედოდ უნდა მოვყუჩდეთ.
– არის აქ ერთი საიმედო სარდაფი. ბომბი რომ ააფეთქო, არც არავინ გაიგებს და არც არავინ მოგაკითხავს, – მიუგო ჩიტომ.
– მერე, რას უყურებ, წავათრიოთ იქ და ჩვენებურად დავამუშაოთ. სადაცაა, გათენდება, ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები, – უთხრა ვარლამმა ჩიტოს.
გაკოჭილი მერაბ გაგნიძე შეშინებული სახით უსმენდა კაკუბავას და გულის სიღრმეში ნანობდა, რომ ეს „გნიდა“ თავის კაბინეტში არ ჩააძაღლა. გაგნიძე ფიქრობდა: „სწორად ვერ შევაფასე ამ დამპლის ჭკუა. უნდა ჩამეძაღლებინა და ონილისთვის მეთქვა, ამერიკელები კი მის გვამს ააორთქლებდნენ. ნეტავ, რას მიპირებენ ახლა ესენი? ყველაზე ცუდი ვარიანტია, რომ რუსებს გადამცენ. მაშინ ვერ გადავრჩები და გამანადგურებენ. ხოლო, თუ ოფიციალურად აღმიძრეს საქმე, ალბათ, ამერიკელები დამიხსნიან. თუმცა, კაკუბავა სულელი არაა და კარგად იცის, რომ საქმის ოფიციალური მსვლელობა მას არ აწყობს და კანონით მასაც მოსთხოვენ პასუხს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობისთვის. გამოდის, რომ მომკლავენ?“
სიკვდილზე ფიქრმა გაგნიძე ისე შეაშინა, რომ მიტკალივით გაფითრდა და ვარლამმა მას უთხრა:
– დამანდრაჟდი, პროფესორო?
– მოკვლას მიპირებთ? – ხმის კანკალით თქვა გაგნიძემ. ვარლამმა კი მიუგო:
– გააჩნია, როგორ მოიქცევი.
– მაინც, რას ითხოვთ ჩემგან?
– აბსოლუტურ სიმართლეს.
– სიმართლე ისაა, რომ ახლა ჩიტივით მახეში გყავართ გაბმული.
– ცდები. ჩიტს ფრენა შეუძლია და შანსი აქვს, რომ მახეს თავი დააღწიოს, შენ კი ვერსად გაგვიფრინდები, – ირონიით უპასუხა კაკუბავამ გაგნიძეს.
სწორედ ვარლამ კაკუბავას პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა პროფესორის მოხელთება. როდესაც ვარლამი კლინიკიდან წამოვიდა, ის მოხერხებულ ადგილზე მოეწყო და გაგნიძის გამოსვლას დაელოდა, რადგან იგრძნო, რომ პროფესორი ორმაგ თამაშს თამაშობდა და მისი მხილება გადაწყვიტა. შემდეგ, კლინიკიდან მალევე გამოსულ გაგნიძეს ოსტატურად „დააჯდა კუდზე“ და ამგვარად დაადგინა, თუ ვის ესტუმრა ასე გვიან პროფესორი. ხოლო, სანამ გაგნიძე ვასოს ბინაში იმყოფებოდა, კაკუბავამ რეზოს დაურეკა და ვასოს საცხოვრებელ კორპუსთან სასწრაფოდ და შეუმჩნევლად მისვლა მოსთხოვა, თან პროფესორის მანქანის ნომერი შეატყობინა და დაავალა, რომ ჩიტოს გაგნიძის მანქანა უხმაუროდ გაეხსნა, უკანა სავარძლებში დამალულიყო და მის შემდგომ მითითებებს დალოდებოდა; შემდეგ კი პროფესორის განიარაღება და გაკოჭვა უბრძანა. ჩიტოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა, ამიტომ რეზო ჩიტაძე ყურადღებით უსმენდა თავისი უფროსის ლაპარაკს და ცდილობდა, სწორად ჩასწვდომოდა მის არსს. ვარლამმა ზუსტად ამოიცნო ჩიტოს ფიქრები და უთხრა:
– გაინტერესებს, ხომ, რა ხდება? ყველაფერს მალე შეიტყობ, მაგრამ, ნურაფერი გაგიკვირდება და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან. ახლა მთავარია, ეს ნაძირალა ავალაპარაკოთ (ვარლამ კაკუბავამ მერაბ გაგნიძეზე მიანიშნა რეზოს), რომ დიდი უბედურება ავიცილოთ თავიდან.
– ავალაპარაკოთ, ბატონო ვარლამ, – მიუგო რეზომ.
– მაშინ, წავიდეთ „პრეს-ხატაში“. მე დავკითხავ, შენ კი ყურადღებით იყავი, რომ რამე „ჩეპე“ არ მოხდეს.
კაკუბავამ და ჩიტომ პროფესორი სარდაფში ჩაიყვანეს, რკინის ძელზე ხელბორკილებით მიამაგრეს და ვარლამმა გაგნიძეს უთხრა:
– თუ გინდა, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე. ტყუილს ნუ მეტყვი, თორემ, იცოდე, მიწიერ ჯოჯოხეთს მოგიწყობ.
– მაწამებთ? – აკანკალებული ხმით იკითხა პროფესორმა, ვარლამმა კი სერიოზული სახით მიუგო:
– უარესს გიზამ – რუსებს გადაგცემ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3