კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-19(802)

ნანამ სავარცხელი გვერდზე გადადო და ქმარს გამომცდელი მზერა მიაპყრო – ელოდა, როდის მიაქცევდა ყურადღებას ლევანი, რომელიც უინტერესოდ მისჩერებოდა ტელევიზორს.
– გელოდები. მაინტერესებს, რას მეტყვი, – დუმილი დაარღვია მოთმინებადაკარგულმა ქალმა.
ლევანმა განცვიფრებით შეხედა:
– რა უნდა ვთქვა?
– რა ვიცი. დღეს ისე მოიქეცი ბარში... იმედია, იქაურობა არ იწვოდა.
– – ნანა, გულახდილად გითხრა? – ამოიოხრა ლევანმა.
– ჰო, აბა, რა... ვგიჟდები გულახდილობაზე...
– მომბეზრდა იქ ყოფნა და წავედი – რამე სასარგებლოს გაკეთებას ვეცდები-მეთქი და არ ვნანობ.
– კარგია, თუ სასარგებლო გააკეთე რამე, ხვალ ვნახავ ბარში მაგას; მაგრამ, ის არ მომწონს, ასე აშკარად რომ მომახალე – მომწყინდა აქო. დენიმ და მისმა მეგობრებმა დაგღალეს?
– არა. როდემდე უნდა ვმჯდარიყავი აუზთან შეზლონგზე? შენც არ მაქცევდი ყურადღებას... საერთოდ, დავიღალე...
– იმ გოგოს დენი მოსწონს.
– რომელ გოგოს? – ვითომ ვერ მიხვდა ლევანი.
– სამანტას. შენ ვერ შეამჩნიე, როგორ უყურებდა?
– ნანა, როგორ ფიქრობ, იმით უნდა ვიყო დაკავებული, რომ სამანტას ვაკვირდებოდე, ვის როგორ უყურებს?
ნანას გაეღიმა:
– ამ შემთხვევაში, შენი აზრი მაინტერესებს.
– თუ გეტყვი, რომ არანაირი აზრი არ გამაჩნია?
ნანა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:
– ცუდია. ისე, ცუდი გოგო არ ჩანს...
– რა ვიცი, ჩვეულებრივი გოგოა, სტანდარტული. თანაც, ეგ დენის გადასაწყვეტია.
– ჰო, რა თქმა უნდა. თუმცა, მეც მინდა, ვიცოდე, ვისთან ექნება ურთიერთობა ჩემს შვილს.
– ნანა, იცი, როგორ მეძინება? რა დროს სამანტაა, დაწექი, რა, დავიძინოთ. ხვალ ბარში კორპორაციული წვეულებაა და რობერტოს უნდა მივეხმარო – მთხოვა...
ნანა ქმარს მიაშტერდა:
– ოფიციანტობას აპირებ?
– თუ საჭირო იქნება, რატომაც არა?! ნელ-ნელა ბარის მართვასაც შევეჩვევი.
– მე რომ მმართველად არ დამინიშნიხარ?
– ვიცი, – ამოიოხრა ლევანმა და ცოლს ხელი დაუქნია, – მოდი, დავიძინოთ. ხომ იცი, უშენოდ ვერ ვიძინებ...
ნანას გაეღიმა:
– რაღაც ძალიან ცდილობ. რა ხდება?
– დღეს შენმა შვილმა მითხრა, ჭკვიანი ყოფილხარო.
– მერე?
– გამიხარდა. თუმცა, ის კი მეწყინა, მანამდე სულელი რომ ვეგონე.
– მე რატომ მიყურებ? რას ელოდები, გაინტერესებს, რას გეტყვი?
– არ ვიცი, ნანა... მაგრამ, მგონი, შეურაცხმყოფელია, როცა ვიღაცას სულელად მიაჩნიხარ და ის „ვიღაცა“ კი არა, შენი საყვარელი ქალის შვილია.
– რა გინდა, აზრი ხომ შეიცვალა შენზე?!
– უნდა მიხაროდეს?
– ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია. ისე, გირჩევდი, რამე უფრო სერიოზულზე გეფიქრა, მაგალითად, იმაზე, რაც დენიმ მითხრა.
ნანა ლოგინზე წამოწვა, ქმარს თავი კალთაში ჩაუდო და ქვემოდან ახედა.
– რა გითხრა დენიმ? – ლევანი მიხვდა, რომ ქალი მისგან სწორედ ამ კითხვას ელოდა.
– ბიზნესის დაწყება უნდა და ფიქრობს, რომ შენი ჩართულობა ამ ყველაფერში საქმეს მხოლოდ წაადგება.
– რა ბიზნესზეა ლაპარაკი, კიდევ ერთი ბარის გახსნა გადაწყვიტეთ?
– არა, დენის სხვა გეგმები აქვს. ბარი არ აინტერესებს, თანაც, ხომ გითხარი, შენი ჩართულობა იქნება აუცილებელი-მეთქი.
– ვერ წარმოვიდგინე, რა ჩართულობაზე შეიძლება იყოს საუბარი, – მხრები აიჩეჩა ლევანმა და ქალს მოეხვია, – მოდი ჩემთან, აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი. დავიღალე და, მინდა შენთან ერთად მოვიხსნა სტრესი...
ნანა გულაღმა დაწვა და ლევანს საშუალება მისცა, მისი სხეული მკლავებში მოექცია. კაცი მაგრად ჩაებღაუჭა და გახელებით დაუწყო კოცნა. ნანამ ნეტარებით მილულა თვალები – ლევანთან თავს იმ ნორჩი გოგონასავით გრძნობდა, რომელმაც პირველად გასინჯა აკრძალული ხილის გემო...
– ლევან... ლევან... მოიცადე, მათქმევინე, ძალიან საინტერესო წინადადებაა...
– მერე, მერე მითხარი... საოცარი ქალი ხარ... არ მწყინდება შენი ხელახალი აღმოჩენა, მაგიჟებ...
თუმცა ლევანი სულაც არ ფიქრობდა ასე... ქალს ხელისგული ტუჩებზე დააფარა და გახელებით დაუწყო კოცნა. არ უნდოდა მისი ხმა გაეგონა, რადგან თვალწინ გაბრიელა ედგა, იმ წუთებში მასზე ფიქრობდა და არ უნდოდა ნანას ყველაფერი გაეფუჭებინა...
***
მაქსი და დენი გაცხარებით საუბრობდნენ და ვისკის წრუპავდნენ, როცა სამანტამ ცეკვა შეწყვიტა და მათთან მივიდა. უკმაყოფილო სახე ჰქონდა.
– რისთვის წამომიყვანეთ? ვისკის სახლშიც დალევდით და ილაპარაკებდით. ადექით, ცეკვა მინდა!..
– უჩვენოდაც მშვენივრად ცეკვავ, – მიუგო მაქსმა ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს, ის გაცხარებით ცდილობდა დენის რაღაცაში დარწმუნებას.
– ო, მომწყინდა. აქ არავის ვიცნობ. ყურადღება მომაქციეთ, თორემ, მეც დავთვრები და სტრიპტიზს მოვაწყობ...
დენიმ ჩაიცინა. გოგოს მხედველობიდან არ გამოჰპარვია მისი ეს ჟესტი.
 – რატომ იცინი? გგონია, რომ ვერ გავიხდი ან არ გამომივა?
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან კარგად გამოგივა, – სერიოზულად დაუქნია თავი დენიმ, – სამანტა, ცოტა ხანს გვაცალე ლაპარაკი და მერე აუცილებლად ვიცეკვებთ მე და შენ, გპირდები...
– ჰო, თორემ, ძალიან მომწყინდა, – ტუჩები გაბუსხა გოგომ, – რა გამოდის, გასართობად წამომიყვანეთ და ყურადღებას საერთოდ არ მაქცევთ.
ბარში მდგარმა რობერტომ გოგოს შემფასებლური მზერა შეავლო და მოწონებით ჩაუღიმა. დენიმ ირონიულად შეხედა ბარმენს:
– რობერტო, სამანტასთან ცეკვა არ გინდა? კარგი გოგოა... თან, მგონი, შენნაირი ტემპერამენტიანი ბიჭები უნდა მოსწონდეს.
– გეყოფა, დენი, თორემ მართლა გავბრაზდები, – ეწყინა სამანტას. რობერტოს ამრეზით შეხედა და უბრძანა: – მარტინი დამისხი, ლიმონისა და ზეთისხილის ჩადება არ დაგავიწყდეს. შენ კი დენი, მართალია, აქაურობის ბატონ-პატრონი ხარ და ბევრი რამის უფლება გაქვს, მაგრამ ბარმენის დაცინვა და დამცირება მეტისმეტია. რა დაგიშავა?
დენიმ რობერტოს თვალი ჩაუკრა და სამანტას სერიოზულად მიუგო:
– ვინ გითხრა, რომ მის დამცირებას ვცდილობ? ახლავე დავდგები ბარში მის მაგივრად და, შეგიძლია, ეცეკვო – ნახავ, იმედს არ გაგიცრუებს.
სამანტამ ფართოდ გაახილა თავისი ნაცრისფერი თვალები და წყრომით მიაჩერდა დენის:
– მე არ მეკითხები, მინდა თუ არა ბარმენთან ცეკვა? კარგი, ვატყობ, ძალიან გინდა, აქედან წავიდე და შაგისრულებ ნატვრას – მივდივარ... მაქსი, შენ კი აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს დღევანდელი საღამოსთვის
მაქსი უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– სამანტა, ტრაგედიას ნუ ქმნი, მარტინი დალიე და დამშვიდდი. კაცები ვლაპარაკობთ...
– საერთოდ, რატომ ჩამომიყვანეთ? თქვენ სერიოზული საქმეები გქონიათ და მე მხოლოდ ხელის შემშლელი გამოვდივარ. მართლა ავდგები და სტრიპტიზს ვიცეკვებ...
დენიმ ღიმილით აიჩეჩა მხრები:
– მე დიდი ინტერესით გიყურებ. ცეკვა კარგად გამოგდიოდა, ვნახოთ, სტრიპტიზის ილეთებს როგორ შეასრულებ... მგონი, ეფექტს მოახდენ.
სამანტამ დენის მაცდურად გაუღიმა, მისკენ გადაიხარა და მსხვილი, ვნებიანი ტუჩებით ოდნავ შეეხო ყურზე.
– თუ გინდა, მარტო შენთვის ვიცეკვებ, ოღონდ, აქ არა, სადმე უფრო მყუდრო ადგილას. გპირდები, დაუვიწყარ სანახაობას მოგიწყობ.
დენიმ ხმამაღლა გაიცინა, სამანტას ცხვირის წვერზე მიადო საჩვენებელი თითი და მსუბუქად მიაჭირა.
– პრივატული ინტიმ-წვეულებისთვის განწყობა არ მაქვს, საყვარელო. მეტი აღარ დალიო, თორემ, სულელური აზრები მოგდის.
სამანტამ ტუჩები გააწკლაპუნა და წყენით მიუგო:
– დენი, ძვირფასო, ასეთი საჩუქარი არასდროს მიგიღია... არც კი იცი, უარს რაზე ამბობ.
– არ ვამბობ, – ჩურჩულით მიუგო დენიმ, – უბრალოდ, მე გეტყვი, როდის უნდა გააკეთო ეს. ამიტომ, სულ მზადყოფნაში  უნდა იყო... წინასწარ არ ვიცი, როდის მომინდება შენი სტრიპტიზის ნახვა...
– როგორი საზიზღარი ხარ, მაგრამ, რაღაცნაირად საყვარელი... ამიტომაც მზად ვარ, სურვილი ნებისმიერ დროს შეგისრულო.
დენიმ ჩაიცინა და რობერტოს ანიშნა, სამანტას კოქტეილი კიდევ მოუმზადეო.
***
ნანამ სანათი აანთო და საწოლში წამოჯდა. მოოქრული მაჯის საათი ისევ ხელზე ეკეთა... ლევანი თავქვეშ მკლავამოდებული იწვა და ფართოდ გახელილი თვალები ჭერზე ჰქონდა მიშტერებული.
– არ გძინავს? – ჰკითხა ცოლმა.
– არა. რამე მოხდა?
– მგონი, დენი და მისი მეგობრები არ დაბრუნებულან. ბარში ხომ არ წავსულიყავით.
– რისთვის? დენი დიდი ბიჭია, თავს თვითონ მიხედავს, – ჩაიცინა ლევანმა და ცოლს თმაში შეუცურა თითები. ნანამ თავი გააქნია და ქმრის ხელები მოიშორა.
– ადექი!
– რატომ? – გაუკვირდა ლევანს, – შეგვიძლია, გავიმეოროთ.
– არა, ადექი, ბარში მივდივართ.
– რისთვის? შენი შვილი საკმაოდ ჭკვიანი და კარგად აღზრდილია. დარწმუნებული ვარ, იმდენს არ დალევს, რომ დათვრეს და ბარში ჭურჭელი დაამტვრიოს.
– სისულელეების ლაპარაკს მოეშვი და ადექი!
– ანუ, არჩევანი არ მაქვს? უსიტყვოდ უნდა ავდგე და გამოგყვე?
– ლევან, რა გჭირს? თუ წინააღმდეგობის გაწევის განწყობაზე ხარ, შეგიძლია, სახლში დარჩე და იმით დაკავდე, რისი გაკეთებაც მართლა გინდა... მე, უბრალოდ, გთხოვე როგორც ჩემს ქმარს...
– კარგი, რადგან მთხოვ როგორც ქმარს... – ლევანმა კმაყოფილებით ჩაიცინა, – რა თქმა უნდა, გამოგყვები...
– ქართული, მამაპაპური, კაცური ამბიციები... მეცინება, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის... და, კიდევ... – ნანას უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა... გრძელი ფეხები ჯინსის ტოტებში გაუყარა და სწრაფად შეიკრა.
– ჯინსებში იმ მოსწავლე გოგოს ემსგავსები ხოლმე, რომელმაც გაკვეთილზე დააგვიანა, – ლევანმა აღფრთოვანებული მზერა მიაპყრო ცოლის უკანალს.
ნანამ მბრძანებლურად ასწია წარბი:
– სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ „სკოლის დირექტორი“ ვარ და არა მოსწავლე...
***
დენიმ შემოსვლისთანავე დაინახა დედა და მისკენ გაემართა. სამანტამ მომენტით ისარგებლა, მაქსს სახელოზე მოქაჩა და თავისკენ გაახედა.
– ჰო, რამე გინდა?
– ეს შენი მეგობარი ძალიან ჯიუტი ვინმეა, არა?!
– რა გინდა, სამანტა, რას ერჩი დენის? არ გიჟდება შენზე – სულ ეს არის მისი დანაშაული და როგორმე აპატიე. მშვენივრად შეგიძლია, გაერთო.
– აქ გასართობად არ მოვსულვარ. არ ვმალავ, რომ დენის მიმართ სერიოზული გეგმები მაქვს.
მაქსმა ირონიულად გაიცინა:
– ოღონდ, არ მითხრა, რომ დენი შენი ოცნების მამაკაცია.
– რატომაც არა?! თუმცა, გამახსენდა – შენ დიადი და ნათელი სიყვარულის არ გჯერა...
– ჰო, აღარ მჯერა... დაგავიწყდა, რა გააკეთა შენმა დაქალმა?
სამანტამ მხრები აიჩეჩა:
– გაბრიელა კახპაა და, თუ გახსოვს, მე გაფრთხილებდი ამის შესახებ.
– მაფრთხილებდი? – მაქსმა ვისკი მოსვა და შეიჭმუხნა, – ყინული სულ გამდნარა და საზიზღარი გემო აქვს... რას გეუბნებოდი? ა, ჰო, გაბრიელაზე თქვი რაღაცა... ერთხელ, მგონი, გითხარი, აღარ მელაპარაკო ამაზე-მეთქი.
 – შენ თვითონ ახსენე გაბრიელა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ფიქრობ მასზე.
– ეს არ არის შენი საქმე! – წარბი შეიკრა მაქსმა.
– ჰოდა, ნუ ფიქრობ, – სამანტამ ყურადღება არ მიაქცია ბიჭის უკმეხ ტონს, – მოძებნე ვინმე, შენ არ გაგიჭირდება. იპოვი გოგოს, რომელსაც ისეთი ენდომები, როგორიც ხარ...
– სამანტა, მაგით რისი თქმა გინდა – გაბრიელამ იმიტომ მიმატოვა, რომ ცუდი ვარ?
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, გაბრიელას სხვანაირი კაცები მოსწონს, ოღონდ, ეს ისე არ გაიგო, რომ გადავირიე მის არჩევანზე.
მაქსმა ვისკიანი ჭიქა გვერდზე გასწია და გოგოს გამომცდელი მზერა მიაპყრო. სამანტამ იგრძნო, რომ ზედმეტი წამოსცდა და ახლა როგორმე უნდა გამომძვრალიყო უხერხული სიტუაციიდან, მაგრამ მაქსი რაღაცას მიხვდა.
– სამანტა, შენ გაბრიელა ნახე?
– არა, საიდან მოიტანე? – უხერხული, ნაძალადევი სიცილით აიჩეჩა მხრები სამანტამ და, მაქსის ყურადღება რომ გადაეტანა, რობერტოს ხელი დაუქნია, – კიდევ ერთი კოქტეილი დამისხი... ცოტა მალე, მწყურია!
– სამანტა, მოიხედე! გაბრიელა ნახე?
– სად უნდა მენახა? – სამანტამ გაიცინა, – მაქს, რატომ გაგიჩნდა ასეთი ეჭვი?
– არ ვიცი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ნახე გაბი. იცი, წესიერად არც უთქვამს, რატომ მიმატოვა და, შეიძლება, ამიტომ ვარ ასე საზიზღრად. ბეჭედი ისე მომიგდო, თითქოს მისთვის არასდროს არაფერს წარმოვადგენდი.
– ჰო, ეგ ვიცი...
– რატომ არაფერი უთხარი?
– მე? რა უნდა მეთქვა? თუმცა, ვუთხარი, რომ გიყვარს და ასე არ უნდა მოგქცეოდა.
– ეგ როდის უთხარი? – ეჭვით ჰკითხა მაქსმა და სამანტას უნდობლად მიაჩერდა.
– აღარ მახსოვს დღე და საათი, მაგრამ, მართლა ვუთხარი. დაივიწყე გაბრიელა, შენი ღირსი არასდროს ყოფილა...
მაქსმა ისევ მოსვა ვისკი:
– გაბის ვერასდროს იტანდი, არა?
სამანტა გაწითლდა და თავი გააქნია:
– არა, ასე არ არის.
– რომც არ დამეთანხმო... ვერ იტანდი, იმიტომ, რომ ყოველთვის გშურდა მისი. რა სულელი ვიყავი, რომ ვერ ვამჩნევდი ამას.
 – მაქს... – სამანტამ ხელი მხარზე მოჰკიდა ბიჭს, მაგრამ მან უხეშად მოიშორა.
– ჰო, გშურდა. გაბრიელას ხომ ყველაფერი აქვს, რომ კაცებმა მასზე ჭკუა დაკარგონ: ლამაზია, ჰყავს მდიდარი მშობლები და აქვს საოცარი, მომაჯადოებელი შარმი... მისი თავისუფალი ნება კი ისეთი გადამდებია, თითქოს ჯადოს გიკეთებს...
– მაქს, შეწყვიტე! – სამანტას ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა.
– რაო, გულს გტკენ? რას იზამ, საყვარელო, სიმართლე მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული.
– მაქს, იცოდე, წავალ! – წამოხტა სამანტა, მაგრამ მაქსმა მაჯაზე ხელი წაავლო და შეაჩერა.
– რა ხდება, რატომ ჩხუბობთ? – ბართან დენი მივიდა, უკან ნანა და ლევანი მოჰყვებოდნენ და სამივე ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა მოჩხუბარ წყვილს.
სამანტამ ნაძალადევად გაიღიმა და სწრაფად შეიცვალა გამომეტყველება.
– აღარ დალიოო, მთხოვდა... თქვენც მოხვედით, ნანა?! ახლა გავერთობით, თორემ, ამათთან ძალიან მოვიწყინე...
დენიმ ეჭვით შეხედა მაქსს:
– ყველაფერი კარგად არის? მაქს...
მაქსმა თავი დაუქნია.
– ჰო, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, სამანტა რომ სვამს, სენტიმენტალური ხდება და ყველაფერზე ტირის.
სამანტა იძულებული გახდა, მაქსს ღიმილით დასთანხმებოდა...
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3