კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ არის გულნარა მიქანაძე-სვანიძის ნაქსოვი თოჯინები შეუფასებელი და რას უგზავნის ის ფოსტით იტალიიდან ქართველ „სელებრითებს“

დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანია ემიგრაციაში. ისინი სამშობლოდან შორს ცხოვრობენ, მუშაობენ და თავისი საყვარელი ადამიანების მონატრებას, სოციალური ქსელის საშუალებით იქარვებენ. გულნარა მიქანაძე-სვანიძე, მათ შორის ერთ-ერთია, რომელმაც წლების წინ დატოვა საქართველო, იტალიაში ცხოვრობს და თავისი ნიჭის წყალობით, არაერთ ქართველს ანიჭებს ბედნიერებას. მისი ნაქსოვი პორტრეტები განსაკუთრებული სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა. ამით, ის ოსტატურად ახერხებს, ამ თითქოსდა კარიკატურულ სახეებში, ბუნებრივად ჩააქსოვოს თითოეული  პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები, ხასიათი, განწყობა, მეტყველი შტრიხები.
გულნარა მიქანაძე-სვანიძე: პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ხაზვა-ხატვას ვასწავლიდი ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში. თუმცა, 2003 წელს დავტოვე საქართველო და იტალიაში ჩამოვედი. ვმუშაობ ოჯახებში, მოხუცების მომვლელად. თავისუფალ დროს, მიყვარს თოჯინების კეთება. შემიძლია საათობით ვიჯდე და ძაფით ვქმნიდე ადამიანის „ცოცხალ პორტრეტს“. სოციალურ ქსელში სურათს რომ ვნახავ, ეგრევე ვხვდები, იმ ადამიანის ხასიათს, განწყობას და სურვილებს გადაღების მომენტში. ზუსტად ვიცი, როგორ გავაცოცხლო ის. ერთ ოჯახში ქსოვა ამიკრძალეს და დავიწყე წიგნზე მუშაობა, რომელსაც „ერთი დაუვიწყარი წელიწადი“ დავარქვი. მასში მოთხრობილია 11 წლის გოგონას ამბავი, რომელიც მშობლებმა გურიაში, მამის მშობლებთან დატოვეს, რადგან უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ. ეს გოგონა წერს დედას წერილებს დღიურების სახით. აქ არის: სამზარეულო, ხალხური მედიცინა, შრომის გაკვეთილები, საყვარელი ლექსები, გამოცანები და გაფორმებულია ჩემივე ნამუშევრებით. ახლა ზღაპრების წიგნზე ვმუშაობ და იმედი მაქვს, სულ მალე იხილავს მზის სინათლეს. თოჯინების მოქსოვას დიდ დროს არ ვანდომებ, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილით ვმუშაობ. მაგალითად, თოჯინის თმის  თითოეული ღერი ცალ-ცალკე ამომყავს და ამიტომ, ზოგჯერ ორ დღესაც კი ვუნდები „ნაქსოვი პორტრეტის“ გაკეთებას. ეს ყველაფერი გართობით დაიწყო.  დღეს კი გატაცებაში გადაიზარდა და სერიოზულ საქმედ იქცა. სრულიად გამოუსადეგარი რამ შეიძლება გამოიყენო და მას ახალი სიცოცხლე შთაბერო. სხვათა შორის, ჩემი გახმაურებული თოჯინების ისტორია „ფეისბუქზე” დაიწყო. თოჯინების კეთების სურვილი და იდეა, ჩემი მეგობრის, კობა ჭუმბურიძის საინტერესო ნოველების კითხვისას გამიჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ნოველა ზღვის შესახებ იყო და ერქვა „რუბიკა ზღვაზე“. მეც, ბათუმის ზღვას მონატრებულმა, თოჯინები საზღვაო კოსტიუმებში გამოწყობილი მოვქსოვე. იმდენად მონატრებული მქონდა ზღვა და ბათუმი, მაშინვე წარმოვიდგინე ის რუბიკა და პირველი სახასიათო თოჯინაც ასე მოვქსოვე. ეს 2010 წლის 8 სექტემბერს იყო. ისეთი საინტერესო გამოვიდა, რომ ბევრს სურვილი გაუჩნდა, მათი თოჯინაც მომექსოვა.
– როგორც ვიცი, თქვენი სახასიათო თოჯინების გამოფენა ჯერ საქართველოში მოეწყო, შემდეგ კი – იტალიაშიც.
– დიახ, 2011 წელს გამოფენა ბათუმსა და თბილისში გაიმართა. 2012 წელს – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. 2013 წელს კი, იტალიაში მქონდა. იტალიაში სულ სამი გამოფენა გავაკეთე. იტალიელებს მოეწონათ ჩემი ნახელავი და უკვირთ, ასე პატარა თოჯინებს მხოლოდ ფოტოს საშუალებით როგორ ვამსგავსებ ასე კარგად. ერთი შეხედვით, შეიძლება, ადვილი გგონიათ, მაგრამ საკმაოდ რთულია მცირე, მინიატურული თოჯინა-ორეულების ქსოვა-დამზადება. ჩემს მინიატურულ თოჯინებს ხელოვნური ძაფით ვქსოვ და მათში ხელოვნურ ბამბას ვათავსებ, რადგან ნატურალური უფრო მძიმეა და თანაც, მალე ფუჭდება. ასე რომ, ჩემი თოჯინები მომხიბვლელობას წლობით ინარჩუნებს. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ. თოჯინებადქცეულ ჩემს მეგობრებს კეთილი გულით ვლოცავ. რომ ვამზადებ, ასე ვამბობ ხოლმე: იხარეთ, იმრავლეთ, დაგელოცოთ კერია და ყველა კეთილისმყოფელი. ეს ენერგეტიკა კი, რასაც მათში ვდებ, მგონია, როცა ის ცოცხალი ორეულის გარემოში მოხვდება, ასეთივე, დადებით ენერგეტიკას შეიტანს და წარმატებას მოუტანს მას.  მიხარია, რომ ჩემი თოჯინები ბევრ ადამიანს ანიჭებს სიხარულს. ამის მიზეზი კი ერთია – მე მათ სიყვარულით ვაკეთებ... სადარდებელი და საფიქრალი ბევრი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი სატკივარი სხვას თავს არ მოვახვიო და თოჯინები მშველის ამ საქმეში. 
– როგორც ვიცი, არაერთი ცნობილი ქართველის თოჯინაც შექმენით ქვეყნიდან შორს წასულმა. თუ საიდუმლო არ არის, ვისი „ორეულები“ გააკეთეთ. თუ გაუგზავნეთ მათ და რა რეაქცია ჰქონდათ?
– დიახ, ჩემს კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინაცაა. ესენია: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ლიანა ისაკაძე, ,,ოთხი გია“, ,,ქუჩის მუსიკოსები“, ,,თეთრი ბაირაღების“ მსახიობები, გურამ ჯაში, ნინაკა გელაშვილი, მამუკა ონაშვილი, თემურ ცაგურია, ვლად არამოვი, ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია, ვანო ჯავახიშვილი, ანრი ჯოხაძე, იტალიელი მსახიობები და ასე შემდეგ. ყველას რა ჩამოთვლის (იცინის). ინგა გრიგოლიამ მომწერა, ჩემს საწოლთან დავკიდე და დილით პირველი მაგას ვხედავო. ასევე, გავუგზავნე ეკა ხოფერიას, ლიანა ისაკაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ნიკო ნადირაშვილს. აქვს ლევან ღვინჯილიას, კობა ჭუმბურიძეს, თინა ნაცვლიშვილს, კახი კავსაძეს, გივი ბერიკაშვილს. ხვიჩა მაღლაკელიძეს ედო თავისი „ორეული“ სოციალურ ქსელში და ძალიან მესიამოვნა. თემურ ცაგურიასაც რამდენიმე ვიდეოში უკან თავისი ორეული-თოჯინა უზის გიტარით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსწონთ. შემიძლია, სრულიად უცხო ადამიანის ფოტო ვნახო, დამაინტერესოს და ისიც „გავაცოცხლო“. მერე ვუგზავნი მათ პატრონებს ფოსტით ან ვინმეს ვატან და ეს მიმაჩნია იტალიიდან „სიყვარულის გზავნილად“. ვფიქრობ, ეს შეუფასებელი საჩუქარია და ყველას სიამოვნებს. ჩემი თოჯინები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ, მაგალითად, საქართველოს გარდა, ამერიკაში, ისრაელში, პოლონეთში და ასე შემდეგ. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს თოჯინურ ქსელში რამდენი ადამიანი ეგება-მეთქი (იცინის). კარგად იცით, სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანისთვის ნოსტალგიის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი საშუალება სოციალური ქსელია. ჰოდა, მეც დავინახავ ფოტოს, მომეწონება და ვიწყებ მის რეალობაში გადატანას. ბევრმა, სრულიად უცნობმა ადამიანმა მომწერა და მთხოვა, მათი ორეული თოჯინა მომექსოვა და უარი არავისთვის მითქვამს. თოჯინები, რეალური ადამიანების ორეულებია და მათ როგორც ცოცხალ არსებებს, ისე აღვიქვამ.

скачать dle 11.3