კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა ვადის გასვლის შემდეგ ისევ პატიმარი

უკვე მერვე წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, უმძიმესი მდგომარეობით ლოგინსაა მიჯაჭვული და მასზე მხოლოდ ორი ადამიანი – დედა და პენსიონერი ბებია ზრუნავს. მისი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა დიდი ხანია, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და ხარჯის დაფარვა აღარ შეუძლია. ამიტომ, მხოლოდ კეთილი ხალხისა და სახელმწიფოს დახმარების იმედზეღა არიან. 12 მაისს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჯაბას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება და დედას იმედი აქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი შვილის გადარჩენას შეძლებს.
მანანა გვასალია: ჯაბასთვის გამართული საქველმოქმედო კონცერტის იდეა და ორგანიზება რატი რატიანს და ოთიკო ანდრიაძეს ეკუთვნით. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
– ჯაბას ბევრი მეგობარი ჰყავდა შოუ-ბიზნესში. დღესაც თუ გიდგანან ისინი გვერდით?
– როცა ჯაბა საავადმყოფოში იწვა, სანახავად მოდიოდნენ, მაგრამ სახლში გადმოყვანის შემდეგ – აღარ. ერთადერთი, ნინი შერმადინი იყო ჩვენთან მოსული. მადლობა მინდა გადავუხადო ნუკრი კაპანაძეს და ანი სირაძეს, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ. დანარჩენების მესმის და გული ნამდვილად არ მომდის. უკვე მერვე წელია, ჯაბა ამ მდგომარეობაშია და ამდენი ხნის განმავლობაში, შენიანიც კი ვეღარ დაგეხმარება.
– ამ დროის განმავლობაში მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა?
– შეიცვალა ის, რომ ჯაბა ახლა ყველაფერს გრძნობს. ხმაურზე ეღვიძება, სინათლეზე რეაგირებს, ნემსის გაკეთებას გრძნობს. კონტაქტში შემოსვლა არ შეუძლია, თორემ ყველაფერი ესმის. მისი რეაქციებითაც ყველაფერს ვხვდები, რაც სჭირდება. როცა საავადმყოფოში იწვა, ძალიან ცუდად იყო და მამა სოგრატი მოუყვანეს. მამაომ დაახლოებით ორმოცი წუთი დაჰყო რეანიმაციაში. იქიდან გამოსულმა გვითხრა, ჩვენკენ არისო და იმედი მოგვეცა. იმ საღამოს ჯაბას ნათლიდედას დაესიზმრა: თითქოს ჯაბა სახლში იყო და იწვა, ნათლიდედისთვის „შვიდი” უთქვამს და ძილი გაუგრძელებია. ამიტომ ვფიქრობდით, რომ შვიდ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ასე რომ არ მოხდა, შემდეგ შვიდი წლის გასვლას ველოდით. 7 თებერვალს 7 წელიც შესრულდა. მე მჯერა ამ სიზმრის და იმედიანად ვარ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება.  ექიმებს უკვირთ, რომ ჯაბა ამ დრომდე მოვიდა. ყველაფერი უფლის ნებაა.  ძალიან ბევრი სირთულის გამოვლა მოგვიხდა ამ წლების განმავლობაში. დიდი სანათესაო წრე ჩვენ არ გვყავს, რომ დაგვეხმარონ. მე და ჯაბას მამა ამ შემთხვევამდე დავშორდით, თუმცა, ახლა ის გარდაცვლილია. ჯაბაზე მხოლოდ მე და ბებო ვზრუნავთ. მე ვერ ვიმუშავებ, რადგან ჯაბას სულ ვჭირდები. ყოველ 4 საათში ზონდით ვაჭმევ, წამლებს ვასმევ. ახლა ექიმთან ვარ წასასვლელი, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან თუ მასთან არ ვიქნები, წყალიც რომ დასჭირდეს, ვერავინ მიაწვდის. ყელში მილი აქვს და დღეში რამდენიმეჯერ აპარატი სჭირდება, ამიტომ ვერავის გავაკარებ. იმის ფუფუნება არ მაქვს, ექთანი დავიქირავო და მასთან დავტოვო. მე რომ ნერვიულობა დავიწყო და ლოგინში ჩავწვე, მერე ჯაბას ვინ მოუვლის?! უკვე მეც აღარ ვარ კარგად. როგორია, ადამიანს წლები რომ არ გძინავს?! თითქმის მერვე წელია, ჩემთვის დღე და ღამე ერთია, მაგრამ ალბათ, ღმერთმა მომცა საშუალება, რომ მას მოვუარო. ერთი წუთი წამოწოლა არ შემიძლია, ჯაბას ჩემი ხელი რომ არ მოაკლდეს. ბებოს ახლაც უწევს ქუჩაში მოწყალების თხოვნა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, ზოგჯერ ისეც ხდება, არაფერი გვაქვს და სხვა რა გზაა?! მთლიანად სხვაზე ვართ დამოკიდებული. ძირითადად, ემიგრანტები მეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვიცნობ. ძირითადად ისინი არიან, ვისაც ჯაბას სიმღერა უყვარს. ერთმა დამირეკა იტალიიდან – 13 წელია, აქ ვცხოვრობ და არ ვიცოდი, ჯაბა თუ ამ მდგომარეობაში იყო. მისი სიმღერა მიყვარს და სულ ვღიღინებ. ვიკითხე – ბოჯგუამ მეტი სიმღერა არ დაწერა-მეთქი და მითხრეს, რაც დაემართაო. რომ დამირეკა, ტიროდა. მერე ანგარიშზე თანხა ჩამირიცხა. ასეთი შემთხვევა არაერთია. განა მარტო ფულს მიგზავნიან, ვისაც რით შეუძლია, იმით მეხმარება: პამპერსი იქნება, წამალი თუ საჭმელი. სახელმწიფო საჭირო წამლების ნაწილს მაძლევს. მადლობელი ვარ ბატონი დავით ნარმანიასი, რომელიც ჯაბას რამდენიმეჯერ დაეხმარა და საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერიც მერიაა. გლდანის გამგეობაც მეხმარება – ნაწილობრივ ბინის ქირას მიხდიან დანარჩენს კი ჯაბას და ბებოს პენსიიდან ვამატებ. ასე რომ, ჩვენ აღარაფერი გვრჩება და მთლიანად ხალხის იმედად ვართ. ახლა ჩვენს ძველ სამეზობლოში ვცხოვრობთ, თორემ სხვაგან რომ მინდოდეს, არც შემიშვებენ. ეშინიათ, რომ ფულს ვერ გადავიხდით და მერე ასეთი ავადმყოფით სად გაგვიშვებს?! მათიც მესმის, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ასეთი ავადმყოფით ქუჩაში ხომ ვერ გავჩერდებით.
– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ჯაბას ბავშვობიდან მოციმციმე არითმია ჰქონდა. ციხეში მოხვედრამდე ოთხჯერ გაუჩერდა გული. ბოლოს კონცერტზე იყო ასეთი შემთხვევა და ეს ტელევიაზიამაც გადაიღო. ზედმეტი ემოციების: სიხარულის ან წყენის ფონზე ხდებოდა ცუდად. ოპერაცია უნდა გაეკეთებინა თურქეთში, მაგრამ წასვლა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ერთი კვირით ადრე ჯაბა დაიჭირეს. ციხეში, ნერვიულობის ფონზე, მდგომარეობა გაურთულდა. ოთხი თვე იჯდა ციხეში და ამ პერიოდში სულ ცუდად იყო. ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. ჯაბა არ იყო კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული და ძალიან განიცდიდა. ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ და მასზე ამანაც ძალიან მძიმედ იმოქმედა. ცუდად რომ გახდა, გვერდით არ ვყავდით და არც საჭირო წამალი ჰქონდათ ციხეში. შაბათი დღე იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.
– ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ჯაბა ციხეში სცემეს და მისი ავადმყოფობის მიზეზი ეს იყო.
– უკვე მერვე წელია, ვიმეორებ, რომ ასე არ ყოფილა. არავისი მეშინია, ჩემი შვილი სიკვდილის კარსაა და რამე რომ მქონდეს სათქმელი, აუცილებლად ვიტყოდი. მაგრამ ასეთი ავადმყოფის შემხედვარემ კიდევ ცოდვა როგორ დავიდო? ჯაბა არავის უცემია. მას ბოლო წუთამდე ველაპარაკებოდი. ტელეფონი ჰქონდა და კონტაქტი არც ჟურნალისტებთან გაუწყვეტია და არც ამხანაგებთან. რამე რომ მომხდარიყო, ვინმეს ხომ გვეტყოდა?! ადვოკატი მაკა ბერაია ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროდან გვყავდა დაქირავებული. ეკაც დადიოდა მის სანახავად. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, იქ პირველი ეკა ბესელია მივიდა. რამე რომ ყოფილიყო, არა მგონია, დაემალა. არც ექიმს უთქვამს, რომ ჯაბა ნაცემი იყო. ბოლოს წინა ღამით ველაპარაკე. მეძინა და სიზმარმა გამომაღვიძაო, მითხრა. ნაცნობი მიცვალებული დასიზმრებია და ეშინოდა, რადგან ასეთი რამეების სჯეროდა. მაინცდამაინც მიცვალებული რატომ დამესიზმრაო?! განიცდიდა. ბოლოს მითხრა, წავედი, დედა, უნდა დავიძინო, კარგად არ ვარო. ეს შაბათი იყო. კვირა დილით ტანსაცმლის მისატანად მისულს მითხრეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თორემ ციხიდან ამის შესახებ არ უცნობებიათ.
– როგორც ცნობილია, ისევ პატიმარია, არა?
– დიახ. ჯაბა ამ დრომდე პატიმარია, მაგრამ გადავადებული. ორი წელი ციხეში და ოთხი – პირობითი ჰქონდა დარჩენილი. ორივე ვადა ამოიწურა, მაგრამ ჯაბა ისევ პატიმარია. მითხრეს, რომ ვადა კი ამოიწურა, მაგრამ რადგან გადავადებულია, თუ გამოიღვიძებს და მისი მდგომარეობა შესაბამისი იქნება, ციხეში დააბრუნებენო. ეს, უბრალოდ, სირცხვილია. ყველა ხედავს, როგორაა ჩემი შვილი და როგორ არ გამოინახა ვინმე, ვინც შეიწყალებს, როცა კაცის მკვლელებს იწყალებენ. განა მათი მშურს. მე, ვინც ჯაბას ეს ამბავი გაუკეთა და ციხეში ჩასვა, ისიც არ დამიწყევლია და არც დავწყევლი. ღმერთი ყველას თვითონ მიუზღავს ყველაფერს. უბრალოდ, მგონი, ასეთი ავადმყოფი არც ჰყავთ მსჯავრდებულებში და სირცხვილია, ასეთ მდგომარეობაშიც რომ არ იწყალებენ. ეს მათთვისაა მადლი, თორემ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შეიწყალებენ თუ არა, ჩემი შვილი მაინც სამუდამოდ დასჯილია. ბოლოს მინდა ხალხს ვთხოვო, რომ ჯაბას დასახმარებელ კონცერტზე მოვიდნენ. იქნებ რაღაც თანხა შეგროვდეს და რამე გავუკეთო შვილს, რომელსაც უამრავი რამ სჭირდება. უფლის იმედი მაქვს და რწმენას არ ვკარგავ. ყველას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისა და დახმარებისთვის.

скачать dle 11.3