კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამახსოვრდა უროლოგ დავით ქოჩიაშვილს პირველი პაციენტი და რა მიაჩნია მას ექიმის მთავარ ღირსებად

 პროფესორ დავით ქოჩიაშვილს მიაჩნია, რომ პაციენტთან ურთიერთობისას ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ექიმის კეთილსინდისიერებაა. როგორც ჩანს, პაციენტების დიდმა ნაწილმაც შენიშნა მისი გულისხმიერი ხასიათი და მიდგომა. სწორედ ამიტომაც, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, უმრავლესობა მას პროფესიონალ უროლოგად აღიარებს.

 დავით ქოჩიაშვილი – მინი-დოსიე: განათლება:  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1984 წლებში თსსუ-ის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორია. 1985-1988 წლებში გახლდათ თსსუ-ის უროლოგიის კათედრის ასპირანტი. 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2000-2002 წლებში აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის დირექტორის მოადგილეა სამკურნალო დარგში; 1999 წლიდან დღემდე თსსუ-ის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან დღემდე კი – თბილისის მთავარი უროლოგი. 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივნისამდე იყო ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი; 2007-2012 წლებში – აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკის უროლოგიური სამსახურის უფროსი. 2007 წლიდან დღემდე – საქართველოს ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის წევრია; 2009 წლიდან დღემდე კი – საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის” დირექტორი კლინიკურ დარგში. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის სამსახურის უფროსი. არის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი; თბილისის უროლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.  ეს ბატონი დავითის არასრული პროფესიული დოსიეა და მისი ერთ პუბლიკაციაში ამოწურვა რთულია.
– ბატონო დავით, რატომ აირჩიეთ უროლოგობა?
–  ხანგრძლივი ისტორიაა, სპონტანურად არაფერი მომხდარა. ამ გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი მიუძღვის   ცნობილ მორფოლოგს,  აწ გარდაცვლილ აკადემიკოსს, თამარ დეკანოსიძეს.  მივხვდი, რომ მხოლოდ უჯრედულ დონეზე და მიკროსკოპზე მუშაობით ვერ შემოვიფარგლებოდი. უფრო დინამიკური მიმართულება მჭირდებოდა და ერთგვარი შინაგანი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. თუ სადმე მინდოდა, ეს იყო უროლოგია, რომელიც შინაგანად მაინტერესებდა და უდიდეს პატივს ვცდემდი მაშინდელი უროლოგიის კათედრის გამგეს, ბატონ ვასილ ბაბუხადიას. ქალბატონმა თამარ დეკანოსიძემ  დაურეკა ბატონ ვასოს და უთხრა: ერთი დაუმორჩილებელი, ახალგაზრდა მორფოლოგია, უროლოგობა  სურსო და  გამაგზავნა მასთან. ასე დაიწყო გზა უროლოგიაში – გავიარე რეზიდენტურა, შემდეგ ასპირანტურა  და  ასე დაგროვდა  გამოცდილება.
– ბატონო დავით, პირველი ოპერაცია თუ გახსოვთ?
– კი, მახსოვს. პირველ დამოუკიდებელ ოპერაციასთან  ნათელი მოგონებები მაკავშირებს, რომელმაც ერთგვარი პროფესიული მიდგომები და კრედოც კი ჩამომიყალიბა პაციენტთან ურთიერთობისას. მაშინ დამწყები უროლოგი ვიყავი რესპუბლიკის ცენტრალურ საავადმყოფოში და  მახსოვს, ასე, 65 წლის მამაკაცი იქნებოდა უკრაინიდან და სრულიად უპატრონოდ დარჩენილი უცხო ქვეყანაში, მოვიდა უროლოგიის კათედრაზე. საკმაოდ მძიმე უროლოგიური პრობლემები ჰქონდა. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ  მაშინდელმა ყველა ჩინიანმა სპეციალისტმა, ალბათ, ,,დროის უქონლობის” გამო, მე  ,,მომიგდეს” ის პაციენტი. საოპერაციო აღმოჩნდა. ასპირანტიც არ ვიყავი ჯერ, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. შემდეგ დავმეგობრდით კიდეც. კიევშიც რომ ჩავედი, მოვინახულე… უპატრონო კი არა, სერიოზული პატრონები აღმოაჩნდა. ფოტოებიც კი მქონდა გადაღებული მასთან ერთად. მოკლედ, ცნება „უპატრონო” არ არსებობს. აბსოლუტურად ყველა პაციენტი ჩემთვის ერთნაირია და თავიდანვე უნდა იცოდეს ექიმმა, რომ ყველას ჰყავს პატრონი.
– ბატონო დავით, ამ დაძაბული გრაფიკის პირობებში, თქვენი წარმატების მთავარ სტიმულატორებად რა მიგაჩნიათ?
– ერთი, რაც ვიცი, შური ჩემთვის უცხოა და მიუღებელი! მეორე მნიშვნელოვანი სტიმულატორია, რომ არასდროს ვჩერდები და ჩემს ახალგაზრდა კოლეგებსაც მუდმივად ვაიძულებ, წავიდნენ, ისწავლონ, ეზიარონ ამ გამოცდილებას. ირგვლივ მყავს ახალგაზრდა რეზიდენტები, რომელთა პროგრამის დირექტორიც გახლავართ. ისინი გადიან ხუთწლიან პროგრამას და ვალდებული ვარ, მივცე მათ სრულყოფილი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩემი შვილის ფაქტორიცაა – გიორგი  ქოჩიაშვილი, რომელიც დღეს მედიცინის დოქტორი და ლიცენზირებული უროლოგია. მის ირგვლივ თავმოყრილია სწორედ ნიჭიერი მომავალი თაობა. თუმცა, მე არ მაქვს  მორალური  უფლება, უპირატესობა მივანიჭო მას და მხოლოდ მას ვასწავლო ხეზე ასვლა, სხვა უნიჭიერესმა მომავალმა უროლოგებმა კი შორიდან უყურონ. ამან არ უნდა მიიღოს მანკიერი მხარე  და 24 საათი ამ ახალგაზრდებთან ერთად ვარ ფორმაში და მოძრაობაში. სხვა გამოსავალი არც  გვაქვს!
– რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
–  რადგან ახლა  სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპატამენტის ხელმძღვანელი ვარ, ოპერაციებს ვაკეთებთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც, რომელშიც სერიოზული რებრენდინგი განხორციელდა. დღის პირველ ნახევარში ოპერაციებს ვაკეთებ იქ, ხოლო დღის მეორე ნახევარში ვიმყოფები კლინიკა ,,გიდმედში”, რომელიც ასევე მაღალი კლასის კერძო კლინიკაა. ვაკეთებთ ყველა ტიპის ოპერაციას, რაც კი დღეისთვის არსებობს თანამედროვე უროლოგიაში, გარდა რობოტის მიერ მართვადი ოპერაციებისა. ჩვენ ვაკეთებთ ყველა ოპერაციას შარდსასქესო ორგანოებიდან – კენჭებიდან დაწყებული და ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირების ოპერაციით დამთავრებული. ის, რაც 10-15 წლის წინ იძულებულს ხდიდა პაციენტს, წასულიყო უცხოეთში, დღეს უკვე უროლოგიური ოპერაციის ჩასატარებლად, თუ რაიმე ახირება არ  აქვს, ნაკლებად მიემგზავრებიან. ეს ქართული უროლოგიური სკოლის დიდი დამსახურება და მიღწევაა.
– ბატონო დავით, თქვენი  ოჯახის წევრებიც ექიმები არიან?
– ვაჟი – გიორგი, როგორც მოგახსენეთ,  29 წლისაა და უკვე ლიცენზირებული უროლოგია, „გიდმედში” მუშაობს. მეუღლე, სტომატოლოგიურ კლინიკაშია, ქიურგიული სტომატოლოგიის განხრით.   30 წელიწადია,  მე და ბაჩა კეთილაძე ცოლ-ქმარი ვართ. დღეს თუ რაიმეს მივაღწიე და ჩემს სპეციალობაში ამ კონდიციამდე მივედი,  ლომის წილი ამაში ჩემმა მეუღლემ შეიტანა. სხვათა შორის, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პირველად სწორედ  ჩემი დისერტაციის დაცვისას გადავუხადე მადლობა მეუღლეს თანადგომისთვის  საჯაროდ. მერე მომბაძეს კოლეგებმაც და რომ დავაკვირდი, ჩემ შემდგომ, სადისერტაციო ნაშრომების დაცვისას, ბევრი უხდიდა მადლობას მეუღლეს. ახლაც მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მეგობარს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა. თუ ექიმ კაცს სახლში მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე არ ხვდება, გამორიცხულია, თავის საქმეს მობილიზებულად და მშვიდ გარემოში გაართვას თავი.
რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ნინოს,   მან  მედიცინისგან აბსოლუტურად განყენებული პროფესია აირჩია და ამჯერად საკუთარ პატარა ბიზნესს მართავს. იტალიაში დაამთავრა მაგისტრატურის კურსი და სარეკლამო-პიარის სპეციალობით აიღო გეზი. მედიცინა არ ხიბლავს.   ზოგადად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ექიმი  თუ  საკუთარ თავს და ოჯახსაც  არ სცემს პატივს, ის პაციენტის პრობლემასაც ვერ მიუდგება გულისხმიერად.

скачать dle 11.3