კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აწარმოებდა საქართველოში არალეგალურად უმაღლესი ხარისხის თამბაქოს

კრიმინალური ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია, რადგან ზოგიერთი მათგანი დღესაც ცოცხალია. ამიტომ მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ხანძარი
1970 წლის 1 აპრილს, თბილისის ერთ-ერთ თამბაქოს ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. დილის 5 საათზე ფაბრიკის საწყობის პირველი სათავსო აალდა, შემდეგ კი ცეცხლი დანარჩენ ხუთ სათავსოსაც მოედო და თვალის დახამხამებაში გავრცელდა უზარმაზარ საამქროებზეც, სადაც, ახლად დამონტაჟებული, იტალიური წარმოების დაზგები იდგა. სასწრაფოდ მობილიზებული სახანძრო სამსახურის თოთხმეტი ბრიგადა სამი საათის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ამაოდ. უზარმაზარი ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიწვა. მეხანძრეებმა მხოლოდ ისღა შეძლეს, რომ ცეცხლი ფაბრიკის გარეთ აღარ გაუშვეს და მოსაზღვრე შენობა-ნაგებობები იხსნეს განადგურებისგან... ფაბრიკის დირექტორი ზვიად მელქაძე თავისი საწარმოს მახლობლად ცხოვრობდა, ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე და ისე განიცადა ხანძარი, რომ გულწასული ძირს დაეცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კარდიოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა მიოკარდის ინფარქტის დიაგნოზით.
ხანძრის შედეგად დაიწვა 100 ტონა თამბაქო, აქედან 40 ტონა უმაღლესი ხარისხის იყო და საექსპორტო სიგარეტებისა და პაპიროსებისთვის იყო განკუთვნილი. ზარალმა 8 მილიონი მანეთი შეადგინა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო იტალიური დაზგების განადგურება (დაიწვა 25 დაზგა),  რომელთა ღირებულება 12 მილიონი მანეთი იყო. ამას მიუმატეს შენობის ღირებულებაც – 5 მილიონი მანეთი და ხანძრისგან მიყენებულმა ზარალმა, საერთო ჯამში, 25 მილიონ მანეთს მიაღწია.
ექსპერტის დასკვნა
25 მილიონი მანეთი 1970 წელს საბჭოთა კავშირში კოლოსალური ზარალი გახლდათ. ინფორმაცია იმავე დღეს მოსკოვში გაიგზავნა. მეორე დღეს კი თბილისში უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა დიდი ჯგუფი ჩამოვიდა მოსკოვიდან. ჯგუფში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები შედიოდნენ. მათ განადგურებული ნედლეულისა და დანადგარების ნიმუშები აიღეს და ორდღიანი სკურპულოზური მუშაობის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნდნენ. ორ კვირაში კი, თბილისში უკვე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცენტრალური აპარატის („კაგებეს“) სპეციალური საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი ჩამოვიდა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი ნოდარ კოტრიკაძე ხელმძღვანელობდა. ქართველი ოფიცერი პირდაპირ ფაბრიკის დირექტორს, ზვიად მელქაძეს ესტუმრა საავადმყოფოში და დაკითხა. საუბრის შინაარსი ძირითადად ფინანსურ-ტექნიკური ხასიათის იყო და კოტრიკაძეს ის ზედნადებები აინტერესებდა, რომლის მეშვეობითაც ნედლეული შემოდიოდა საწარმოში. აგრეთვე, 25 ცალი იტალიური წარმოების დაზგის ამბავიც გამოჰკითხა დირექტორს და ბოლოს უთხრა:
– თქვენთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ცრუობთ.
– ვცრუობ? – გაოცდა მელქაძე და გაფითრებულმა იკითხა, – რას გულისხმობთ?
– საწყობში 100 ტონა ბალახი დაიწვა. ხოლო, ვითომდა 25 ცალი ძვირად ღირებული, იტალიური დაზგა გაქრა და მათ მაგივრად 1928 წელს გამოშვებული გერმანული დაზგები განადგურდა.
– რას ბრძანებთ, ბატონო ნოდარ, – აკანკალებული ხმით თქვა მელქაძემ.
პოდპოლკოვნიკმა ჯერ კიდევ ფაბრიკის მოქმედ დირექტორს ექსპერტიზის დასკვნა დაუდო წინ და უთხრა:
– აი, გაეცანით. ამ დასკვნას წყალი არ გაუვა და მასში ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი. ექსპერტების კვალიფიკაცია და პატიოსნება არანაირ ეჭვს არ იწვევს და იძულებული ვარ, დაგაკავოთ.
– დამაკავოთ? – გაფითრდა მელქაძე.
– დიახ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სამსახურებრივი გულგრილობისთვის. შემდეგ კი ვნახოთ, შესაძლებელია, მუხლი დაგიმძიმდეთ, ან, სულაც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეთ კიდეც, – მიუგო კოტრიკაძემ ზვიად მელქაძეს, რომელიც  ერთი საათის შემდეგ უკვე შევჩენკოს ქუჩაზე, საქართველოს „სუკის“ იზოლატორის ერთადგილიან საკანში მოათავსა.
მოსკოველი ექსპერტების დასკვნაში თეთრზე შავად ეწერა, რომ ვითომდა დამწვარი თამბაქო, თივა და გამხმარი ბალახი იყო, ხოლო 1969 წელს გერმანიაში წარმოებული დაზგები  შეცვლილი იყო. დასკვნაშივე ხაზგასმული გახლდათ, რომ, ვინც ეს დაზგები შეცვალა, აქცენტი დაგზების მსგავსებაზე ჰქონდა გაკეთებული.
ოქროს კონვეირი
ზვიად მელქაძეს მეორედ დაარტყა ინფარქტმა, მაგრამ უკვე „სუკის“ იზოლატორში და ის ღამითვე კარდიოლოგიურ კლინიკაში დააბრუნეს და დაცვა დაუნიშნეს. თუმცა, მელქაძე ძალიან მძიმე მდგომარეობაში უგონოდ იყო და რომც სდომოდა, ვერსად გაიქცეოდა...
ნოდარ კოტრიკაძემ და მისმა საგამოძიებო ჯგუფმა კი ფართო საგამოძიებო საქმიანობა გააჩაღეს, ყველა საბუღალტრო საბუთი გულდასმით შეამოწმეს და მათში ვერანაირი ხინჯი ვერ აღმოაჩინეს.
– ამის დედა ვატირე! – სიბრაზეს ვერ მალავდა გამოცდილი ქართველი გამომძიებელი, – საბუთებში ყველაფერი წესრიგშია. დარწმუნებული რომ არ ვიყო ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში და საკუთარი თვალების რომ არ მჯეროდეს, ვიფიქრებდი, ეს ყველაფერი მეჩვენება-მეთქი...
ნოდარ კოტრიკაძე რის „სუკის“ გამომძიებელი იქნებოდა, რომ გამოძიების ჩარჩოებს არ გასცდენოდა და უფრო ფართოდ და მასშტაბურად არ ემოქმედა. ამიტომ,  თავის ხელქვეითებს დაავალა, რომ თამბაქოს ფაბრიკიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში წასული თანამშრომლების დოსიეები მოეძიებინათ. ასეთი სულ ექვსი ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის იყო 1 თებერვალს, ანუ  ხანძრამდე ორი თვით ადრე, სამსახურიდან ნებაყოფლობით წასული ყოფილი მთავარი ტექნოლოგი ანზორ კიტია, რომელსაც 16 წელი ჰქონდა იქ ნამუშევარი და მოულოდნელად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან. მართალია, მან დაწერა – ჯანმრთელობის გაუარესების გამო მივდივარო, მაგრამ კოტრიკაძე სწორედ ამან დააეჭვა.
– აქ სხვა რაღაცაში უნდა იყოს საქმე. თუ კაცი არ კვდება, ასეთ სამსახურს არ დატოვებს. საიდუმლო არ არის, რომ ტექნოლოგები ფულს აკეთებენ და აბა, ერთი „კუდზე დააჯექით“ „ავადმყოფს“, – უთხრა კოტრიკაძემ თავის ხელქვეითებს.
ყოფილ მთავარ ტექნოლოგზე „სუკის“ ოპერჯგუფმა ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა და ათი დღის შემდეგ მათ გრანდიოზული საქმე გახსნეს... ანზორ კიტიას ოცდაათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომელიც უმაღლესი ხარისხის თამბაქოს პროდუქციის დამზადებით იყო დაკავებული. კიტიას თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში ოთხი იატაკქვეშა თამბაქოს საწარმო ჰქონდა გახსნილი სპეციალურად მოწყობილ სარდაფებში. ეს ჯგუფი, მაღალი ხარისხის პროდუქციას ამზადებდა, „ლევად“ მიჰქონდა რუსეთსა და შავიზღვისპირეთის პორტებში და ბითუმად აბარებდა. რადგან დეფიციტურ თამბაქოზე დიდი მოთხოვნა იყო, საქონელიც მალევე საღდებოდა. სხვადასხვა საწყობში კიტიას 90 ტონა თამბაქოს ნედლეული აღმოუჩინეს.  დამზადებული 10 ტონა თამბაქოს შემოსავალმა კი, 5 მილიონი მანეთი შეადგინა. ყოფილ მთავარ ტექნოლოგს კი კოლოსალური (აფხაზეთში) აგარაკიდან 800 ათასი მანეთი ამოუღეს. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ თბილისის თამბაქოს ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი კიტიას ორგანიზებული იყო. მანამდე კი, მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ერთი კვირის განმავლობაში, თანდათან გაიტანეს ფაბრიკიდან თამბაქო და მის მაგივრად თივა და ხმელი ბალახი შეზიდეს, ხოლო დაზგები, ერთ დღეში შეცვალეს... იმ პერიოდში თამბაქოს ფაბრიკაში მოდერნიზება მიმდინარეობდა, ორი დღით იყო გაჩერებული და ბოროტმოქმედებმა სწორედ ამით ისარგებლეს. ყოფილ მთავარ ტექნოლოგს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ მოქმედი თანამშრომლები – არასაუწყებო დაცვის უფროსის ბიძაშვილი, მუშა კალისტრატე გოგია და მეორე საამქროს უფროსი, ინჟინერი პავლე მიქანაშვილი. „სუკის“ გამომძიებლებმა, ფაქტობრივად, „ოქროს კონვეირი“ აღმოაჩინეს, რომელიც უწყვეტად მუშაობდა და უდიდესი შემოსავალი მოჰქონდა.
ორჯერ ნაინფარქტარი ზვიად მელქაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. კიტიას ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ვადით აღეკვეთათ თავისუფლება. თავად ყოფილ მთავარ ტექნოლოგს კი დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, კიტიამ ერთი წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, შემდეგ კი სასიკვდილო განაჩენი 15 წლით შეუცვალეს. კიტია 1982 წელს გათავისუფლდა ციხიდან. შემდეგ კოოპერატიულ წარმოებას მიჰყო ხელი და დღესაც ცოცხალია, საქართველოში ცხოვრობს.

скачать dle 11.3