კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღიარებს თუ არა ქმრის მკვლელობას ვანში დაღუპული 25 წლის გიორგი თვალაბეიშვილის ცოლი, რომელსაც პოლიციელი საყვარლობას სთავაზობდა

2014  წლის 4 ივნისს ზემო ვანში უბედური  შემთხვევა მოხდა: ვანის მკვიდრი, 25 წლის გიორგი თვალაბეიშვილი, საკუთარ ეზოში მანქანის    საბუარვების დაბერვის დროს აფეთქდა.  დაღუპულის დის, მარიამ თვალაბეიშვილის თქმით, მისი ძმის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს, კორნელი (კობა) როხვაძეს უკავშირდება. როგორც მარიამ თვალაბეიშვილმა განაცხადა, ეს აფეთქება სწორედ მისმა რძალმა (გიორგი თვალაბეიშვილის ცოლმა), მაგდა ჭაფოძემ და კობა როხვაძემ დაგეგმეს, რომელიც მაგდა ჭაფოძეს ჯერ საყვარლობას სთავაზობდა, შემდეგ კი გახდა კიდეც საყვარელი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პოლიციელი როხვაძე, ამა წლის მარტში, გავრცელებული ინფორმაციით, ღორის გრიპის შედეგად, მოულოდნელად გარდაიცვალა, რაც თვალაბეიშვილების ოჯახში დიდ ეჭვს იწვევს. ჩვენ დავუკავშირდით მარიამს, რომელმაც ექსკლუზიურ ინტერვიუში ძალიან საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
– მაგდა ჩვენი რძალი რომ გახდა, არასრულწლოვანი იყო, 16 წლის; ფაქტობრივად, ჩვენთან გაიზარდა. რაღაც პრობლემები შეექმნა მაშინ ჩემს ძმას და მოიტაცა. მის მშობლებს არ უნდოდათ, მაგრამ გოგო მაინც დარჩა. სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა და დავამთავრებინეთ, მერე ბავშვი გაჩნდა. ვიფიქრე, ცოდოა, სახლში არ ჩაჯდეს-მეთქი; ჩემი დაქალის დედას ჰქონდა აფთიაქი, ვთხოვე და მუშაობა დავაწყებინეთ. ადვილად შეისწავლა საქმე, ყველა იცნობდა, პატივს სცემდნენ. ამ აფთიაქის გვერდით იყო პოლიციის შენობა. ერთ დღესაც, ატირებული მოვიდა სახლში – მთვრალი პოლიციელი შემოვიდა, რაღაც წამლები იყიდა და შეურაცხყოფა მომაყენა: ჯერ მკითხა, ბიჭი გყავს შვილი თუ გოგოო; მერე მითხრა, შენი ქმარი თუ ვერ გიკეთებს, მე გაგიკეთებო. გაგიჟებული იყო – ეგ როგორ მითხრაო. ჩვენ დავურეკეთ მაგდას მშობლებს და საქმის კურსში ჩავაყენეთ, მოვიდნენ. ჩემი მეუღლე და ისინი ერთად წავიდნენ როხვაძესთან შესახვედრად. გვითხრა – ბოდიშს გიხდით, მთვრალი ვიყავი და გავეღადავე, აწი მაგ აფთიაქში აღარ შევალო. მაგრამ ამის მერე ხშირად გვესმოდა ჭორი, რომ ერთმანეთს ხვდებიან, საყვარლები არიან. თურმე, მართლა ჰქონიათ ურთიერთობა და ჩვენ არაფერი ვიცოდით. ასეთ ჭორს რომ გაიგებდა ჩემი რძალი, ტიროდა, სახლში იკეტებოდა, გარეთ აღარ გადიოდა; აფთიაქში მუშაობასაც თავი დაანება.  გავიდა დრო. აღარ დამთავრდა ეს თემა, ისევ იკეტებოდა სახლში და  ამბობდა: თავს მოვიკლავ, ამნაირი ცხოვრება რად მინდაო; ლანძღავდა როხვაძეს – როგორ გამიტეხა სახელი, ჩემგან რა უნდაო. თურმე, ეს ხდებოდა ჩვენი თვალის ასახვევად, რომ დაგვეჯერებინა, ვითომ ეზიზღებოდა. მსხვერპლად მოჰქონდა თავი და ჩვენც გვეცოდებოდა. რამდენჯერმე შევუცვალეთ მობილურის ნომერი – არ შეგაწუხოსო. მერე მე მისი ჩანაწერების რვეული ვნახე – ჩვენი ოჯახიდან რომ წავიდა, გიორგის  გარდაცვალების შემდეგ. თავისი ნივთები მოითხოვა, გამომიგზავნეთო  და, რომ ვარჩევდი, მაშინ ვიპოვე.
– რას წერს დღიურში?
– შეცდომა დავუშვი, თავის მოკვლა მინდა, ეს რა ჩავიდინე, მენატრები, მელანდებიო. ბევრი ჩანაწერი აქვს გაკეთებული თარიღებით. ქმარი გვერდით ჰყავდა და ვინ ენატრებოდა და ელანდებოდა?! კიდევ, უწერია, როდის ვნახავ კედლებზე გასხმულ სისხლსო. ჩემი ძმის სისხლი მართლაც ავტოფარეხის კედლებზე იყო მისხმული. პროკურატურაში რომ მივიტანე ეს ჩანაწერი და ვკითხე, რატომ ფიქრობს ეს გოგო სისხლზე, რა  უცნაურია, ჩემი ძმა ზუსტად ასეა გარდაცვლილი და ეს არაფერს ნიშნავს-მეთქი? არაფერსო და უკან გამომატანეს.    
– კობა როხვაძე თქვენს სახლთან თუ შეგინიშნავთ? 
– მას ჩვენი უბანი არ ეკუთვნოდა (გამომძიებელი იყო), მაგრამ ამოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ მთვრალი, ჩვენს ჭიშკართან ამუხრუჭებდა და „ბომბაჩკებს“ ყრიდა. ახალი წლის წინა ღამეს ჩემმა ძმამ თავის ცოლს უთხრა: ჩაალაგე შენი ნივთები და წადი. მომწყინდა ეს სიტუაცია, არ მინდა, ცუდი რამე მოხდეს და, ჯობია, წახვიდეო. მერე მისკენ გაიწია და ტელეფონი დაუმტვრია, ძლივს დაუკავებიათ.  მე იმ მომენტში იქ არ ვიყავი. როხვაძეს მესიჯი გამოუგზავნია – ახალ წელს ულოცავდა. მაგდას ტირილი დაუწყია – სად უნდა წავიდე, მე ვინ წამიყვანს აწი, რანაირი ცხოვრება მექნებაო და მუხლებში ჩავარდნია ქმარს. მერე ბიცოლაჩემს უთქვამს, მოვიდნენ შენი მშობლები და დავილაპარკოთ, ოდესღაც ხომ უნდა გაირკვას ყველაფერიო. მეორე დღეს ჩემი ძმა და რძალი  ერთმანეთს ეფერებოდნენ და წინა დღის ამბავს სიცილით იხსენებდნენ.  მე მეორე დღეს ჩავედი. მაგდა ჩემი ძმის მანქანით დადიოდა  სამსახურში – დილით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, მასაც ჰქონდა მართვის მოწმობა. რაღაცეებს ვაბარებდით ხოლმე ოჯახში, თუ რამე გვჭირდებოდა.  ტელეფონი რომ აღარ ჰქონდა, ჩემსას ვატანდი. რომ მოდიოდა სახლში და ტელეფონს მაძლევდა, ვხედავდი, რომ არსად არ ჰქონდა დანარეკი – ნომრებს შლიდა. ვკითხე, არსად არ რეკავ-მეთქი? კი, დისტრიბუტორებთან ვრეკავ და მერე ვშლი, შენ რად გინდაო. გავიდა დრო, აღარ დავკვირვებივარ მობილურს. მერე, როცა დაგვჭირდა და ამოვიღეთ ნომრები, აღმოჩნდა, რომ 2 იანვრიდან 7 იანვრამდე, სანამ მე იქ ვიყავი, დანარეკებია როხვაძის ნომერზე, მიწერ-მოწერაც აქვს. მინდა გითხრათ, რომ მე და დედაჩემი არ გვცნეს დაზარალებულებად, მაგრამ მერე შევედი მთავარ პროკურორთან – მაინტერესებდა, რა დაწერა ჩვენებაში მაგდამ. ბევრი ხვეწნის მერე მომცეს უფლება, წამეკითხა. უწერია: „მე ვცხოვრობდი კორნელი როხვაძესთანაც და ქმართანაც. არანაირი პრობლემა არ მქონია, როხვაძესთან არაფერი დამალული არ მქონდა, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ჩემს ოჯახში ხდებოდა – ჩემი ქმარი სად მიდიოდა, რას აკეთებდა – ყველა თემაზე ვსაუბრობდით... თქვენ იცით ეს ამბავი? – სამი თვით ადრე ჯვარი დაიწერა... ბავშვი რომ მოვნათლეთ, მაშინ. ისე გადარეული ყოფილა როხვაძე, თურმე, ცოლობის პირობა მიუცია. ეს ჩვენებაშიც უწერია: მე ვუთხარი,  ჯვარი რომ დავიწერე ეს არაფერს არ ნიშნავსო.
–  თქვენ როგორ ამოიღეთ ამონაწერი შემოსულ და გამავალ ზარებზე, ამის უფლება მოგცეს?                
– ჩემი რძალი დაკითხვაზე რომ დაიბარეს, მეც იქ  ვიყავი და, მთხოვეს, ჩემი ტელეფონიდან ამოეღოთ დანარეკები.  ხელწერილი დავწერე, რომ უფლებას ვაძლევ, ამოიღონ  გასული და შემოსული ზარები ჩემი მობილური ტელეფონიდან და, მეც მქონდა უფლება, მენახა ეს ამონაწერი. ვნახეთ უცხო ნომერი, რომელზეც ხაზი ჰქონდათ გასმული. მკითხეს რა ურთიერთობა გაქვთ კორნელი როხვაძესთანო. გამიკვირდა – არაფერი-მეთქი. როგორ არა, ამ დღეებში გაქვთ დარეკილიო. იქიდან გამწარებული გამოვედი. მინდოდა, დედაჩემისთვის და ბებიაჩემისთვის მეთქვა ამის შესახებ და მასაც დავუძახე – როგორ გაბედე ჩემი ტელეფონიდან იმასთან დარეკვა-მეთქი. მიპასუხა: შენ რა გაქვს სათქმელი, ბედნიერი ხარ – ერთი ძმა გყავდა, მოგიკვდა და მთელი ქონება ახლა შენიაო.  ეს რომ მითხრა, არ მახსოვს, რა ვქენი, თურმე ამიღია სკამი და მისთვის თავზე გადამიმტვრევია. ყელში რომ ვწვდი, ეს მახსოვს. ვუყვიროდი, რატომ გაგვიკეთე ეს, რატომ მომიკალი ძმა, ყველაფერი შენი  ბრალია-მეთქი. ჩემი ბრალია ყველაფერი და მომკალი,  მოსაკლავი ვარო, აღიარა, – კიდევ იტყოდა რაღაცას, მაგრამ ამ დროს მისი მშობლები მოვიდნენ და წაიყვანეს. ჩემი ძმა საერთოდ არ უტირია. პანაშვიდების დროს რამდენჯერმე გამოვიყვანე და ვუთხარი: შენ თუ რამეში ხარ დამნაშავე, ჯობია, ახლავე ადგე და თავი მოიკლა-მეთქი. მერე თქვა: ერთხელ მოვიდა კობა როხვაძე, იარაღი მომცა და მითხრა, მოკალიო... საერთოდ, მგონია, რომ ეს ნივთი მან მოიტანა ჩვენს სახლში.
– რა ნივთი? თქვენ უკვე გიორგის აფეთქების დღეზე და ამ ტრაგედიის წინა დღეებზე ყვებით?
– დიახ. მაგდა უნივერსიტეტში აბარებდა სამედიცინოზე და სამტრედიაში იყო მშობლებთან, იქ ემზადებოდა – აქ ჭორაობენ და იქით წავალო. წინა დღით ჩამოსულა და მეორე დღეს წასულა. მისი წასვლის მეორე დღეს ნახა ბებიამ ეზოში ეს ნივთი – ელექტრონასოსი, რითაც აფეთქდა მერე ჩემი ძმა. რომ მოვიდა, ხელში რაღაც ჩანთები ეჭირა და, ვიფიქრე, ალბათ, ტანსაცმელია-მეთქი, – ყვებოდა ბებია. დედაჩემი თურქეთში იყო. მხოლოდ ჩემი ძმა, ბებია და ბაბუა იყვნენ ვანში. მე ზესტაფონში ვიყავი, ჩემი ქმრის სოფელში. წვიმას აპირებდა და სახლში შეუტანია – არ დასველდეს, ალბათ, გიორგისიაო. გიორგი რომ მოსულა და უთხრა ბებიამ, უპასუხია: ეს ელექტრონასოსი, ალბათ, ვინმემ დადო ჩვენს ჭიშკართან და წაიღებსო. ბებიას მაინც ეჭვი შეჰპარვია და უთქვამს – მოდი, განვაცხადოთ პოლიციაში, რამე ასაფეთქებელი არ იყოსო. გიორგიმ კი, თურმე,  დასცინა: ვინ აგაფეთქებს, ბებია; ერთი  მე ვერ ვიყიდე, თორემ, მაგი ყველას აქვსო. სამი დღე გავიდა და არავინ არ გამოუჩნდა პატრონი.  გიორგის მანქანით მარტო მაგდა სარგებლობდა, სხვა არავინ. ჩემი ძმის მანქანას საბურავები ხშირად ეშვებოდა და ქვემო ვანში ჩაჰყავდა დასაბერად, ხან მეზობლისგან თხოულობდა. 4 ივნისი იყო. სამტრედიაში უნდა წასულიყო, ცოლ-შვილი მომენატრაო, – უთქვამს. მაშინ ნახა, რომ საბურავი იყო დაშვებული და, რადგან სახლში ჰქონდა ელექტრონასოსი, უფიქრია: მოდი, ამას გამოვიყენებო და აუღია. წინ მეზობელი ცხოვრობს, აივანზე მჯდარა და მას დაუნახავს ეს ყველაფერი. გიორგი ეზოს მეორე მხარეს, ავტოფარეხში გავიდა, სადაც მანქანა ეყენა. საერთოდ, ეს ნასოსი ყოფილა ორნაირი: ერთი „ზაჟიგანიეზე“ ერთდება, მეორე – აკუმულატორზე. გიორგის „ზაჟიგანიე” ჰქონდა გაფუჭებული – ეს კარგად იცოდა მაგდამ და სპეციალურად იყო გადაკეთებული ნასოსი, რომ აკუმულატროზე შეეერთებინა (მოტორი იყო ამოღებული და მის ადგილას ასი გრამი ტროტილი იდო). როგორც კი დენის წყაროს მიაერთა, ეგრევე ამოქმედდა.  თურმე, ისეთი აფეთქება იყო, მთელი რაიონი შეძრა. მაგდა ორსულად იყო, მაგრამ მუცელი მოიშალა – არ უნდოდა გაჩენა. მე ვურჩევდი, გაეჩინა – ვიფიქრე, სახლში დაჯდება, ბავშვს მოუვლის და ამ ჭორებსაც ბოლო მოეღება-მეთქი – მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ინტიმური კავშირი თუ ჰქონდა როხვაძესთან და მისი შვილი თუ იყო. მოკლედ, ვფიქრობდი, ამ ოჯახს ბავშვი გადაარჩენს, თუ მარტო ჭორის დონეზეა ყველაფერი-მეთქი. ჩვენებაში უწერია, ქმართან ურთიერთობა არ მაქვსო. ორსულად რომ  დავრჩი, როხვაძემ მკითხა, როგორ დარჩი ორსულად, ურთიერთობა თუ არ გქონიაო. მე ვუთხარი, რომ ძალით გამაუპატიურა ჩემმა ქმარმა. იქვე წერს – როხვაძე მოვატყუეო. მე ვფიქრობ, როცა მიხვდა, რომ მაგრად შეტოპა, მერე ამ კაცის თავიდან მოშორება მოინდომა, მაგრამ, ვეღარ იშორებდა, რადგან სიმართლეს იტყოდა. მაგდამ და ჩემმა ძმამ ჯვარი რომ დაიწერეს, მირეკავს ვიღაც კაცი და მეუბნება: შემხვდი, თუ არ შემხვდები, მერე შენს თავს დააბრალეო. ვუპასუხე: ვინ ხარ, ჩემთან რა საქმე გაქვს, ჩემს ქმარს შეხვდი-მეთქი და გამითიშა ტელეფონი. იმის მერე არც დაურეკავს. ეს ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა კობა როხვაძის – თურმე, სიმართლის თქმა უნდოდა. რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შევხვდებოდი და სიმართლეს გავიგებდი.
– მაინც, რატომ ფიქრობთ, რომ ეს აფეთქება კობა როხვაძეს უკავშირდება და მართლა უბედური შემთხვევა არ იყო? თან, ერთია, რას ფიქრობ და, მეორეა, მტკიცებულებები, რომლებიც არ ჩანს. 
–  ასი გრამი ტროტილი, თავისით ხომ არ მოფრინდებოდა? დამიჯერეთ, ეს იყო საგანგებოდ კუსტარულად დამზადებული ნივთი. მათ იცოდნენ, რომ ხშირად სჭირდებოდა გიორგის და, სახლში რომ ექნებოდა, რაღაზე გავიდოდა მეზობელთან?! გამოძიება ამბობს, შეიძლება, თვითონ მაგდა არ იყოს უშუალოდ ამ ნივთის მომტანი, მაგრამ, ყველაფერი იცისო. უნდოდათ, ისე გაეკეთებინათ,  ვითომ ჩემი ძმა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. მეზობელმა რომ დაურეკა მაგდას, გიორგი აღარ არისო, უკითხავს, რას ამბობენ, პოლიცია რა ვერსიაზე მუშაობსო. მტკიცებულება რომ არსებობდეს, მაშინ დაიჭერდნენ  მაგდას. არსებობს მხოლოდ ის მტკიცებულება, რომ მათ  სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ვინ მოვა და იტყვის, მე მოვკალიო?! ორი-სამი დღე იყო დაკავებული როხვაძე. მერე  ისეთი საბუთი გაუკეთეს, ცხოვრებაში ვეღარსად დაიწყებდა მუშაობას ამ სტრუქტურაში.

скачать dle 11.3