კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა სამცხის ვეზირის ერთგულება ათაბაგთა ოჯახებისადმი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად

მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ჩვენს მეზობლად გაძლიერება დაიწყო ორმა უდიდესმა იმპერიამ – ოსმალეთის სასულთნომ და სპარსეთის საშაჰომ.
1510 წელს იმერეთის ტახტი დაიკავა ბაგრატ მესამემ. 1518 წელს კახეთში გამეფდა ლევან პირველი. 1527 წელს ქართლის ტახტზე ავიდა ლუარსაბ პირველი. სამივე მეფე ნიჭიერი და კარგი მეომარი იყო. 1514 წლიდან ოსმალეთსა და ირანს შორის დაიწყო ომი, რომლის მოქმედება ჩვენს ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა.
იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე დიდი პიროვნება გახლდათ. ის ებრძოდა ტყვეთა სყიდვას, ცდილობდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას. მას გელათის ფრესკაზე ისეთივე საიმპერატორო გვირგვინი ადგას, როგორიც დავით აღმაშენებლის გელათურ ფრესკაზეა გამოსახული. ალბათ, ეს გვირგვინი იმერეთში ინახებოდა, ან მისმა გამომსახავმა სპეციალურად დახატა ასე, მისი დიდი წინაპრის მსგავსად, რათა ბაგრატ მეფის დიდებულება ეჩვენებინა.
ყვარყვარე მეორემ, უდიდესი ენერგიის მქონე პიროვნებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საათაბაგო გამოეყვანა ერთიანი ქართული სივრციდან არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკლესიურადაც. ეკლესიურად არ გამოუვიდა, მაგრამ პოლიტიკურად ეს შეძლო. სეპარატისტ ყვარყვარე მეორის გარდაცვალების შემდგომ, 1498 წელს, ორიოდე წლით გამთავრდა მისი ვაჟი, ქაიხოსრო პირველი, მერე კი ათაბაგის ტახტისთვის ცილობა ატყდა მის შვილსა და ძმებს შორის.
ათაბაგის ტახტის ფაქტობრივი მფლობელი გახდა ქაიხოსროს ძმა, მზეჭაბუკი, საქართველოს ერთიანობის დიდი მოწინააღმდეგე. შემდეგ ათაბაგობა მიითვისა მისმა ძმამ, მანუჩარ პირველმა, რომელმაც მთავრის ტახტი წაართვა ძმისწულს, ყვარყვარე მესამეს, თუმცა დროებით – ყვარყვარემ სპარსელების მეშვეობით დაიბრუნა სამცხის მთავრობა.
ბაგრატ მეფე არ ურიგდებოდა ჯაყელების სეპარატიზმს და გაილაშქრა ყვარყვარე მესამის წინააღმდეგ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატმა დაამარცხა ყვარყვარე და დაატყვევა; საათაბაგო გააუქმა და იმერეთის სამეფოს შეუერთა; მისი ნაწილი, აღმოსავლეთ ლაზეთი კი თავის მოკავშირე გურიელს დაუთმო, რომელიც მას ბრძოლაში დაეხმარა. ხოლო ჯავახეთში გავლენა გაავრცელა ლუარსაბ ქართლის მეფემ.
ყვარყვარე მესამე ათაბაგის მთავარი ვეზირი იყო ოთარ შალიკაშვილი, ცნობილი მეომარი და პოლიტიკოსი. შალიკაშვილი თავისი მთავრის ერთგული გახლდათ და არა ბაგრატიონების. ყვარყვარეს მოხელე-ქვეშევრდომების დიდი ნაწილიც ასე იყო განწყობილი. ყველა კუთხეს თავისი „სახელმწიფოებრიობა“ უნდოდა.
ყვარყვარეს დაპატიმრების გამო ოთარ შალიკაშვილი და ყვარყვარე ათაბაგის ვაჟი, ქაიხოსრო, ოსმალეთის ხონთქართან გაიქცნენ ჯარის სათხოვნელად, რათა „საკუთარი“ ქვეყანა ოსმალური ძალებით დაებრუნებინათ. ამ დროს ოსმალთა დიდ იმპერიას მართავდა ერთ-ერთი უსაშინლესი დამპყრობელი თურქეთის ისტორიაში, სულეიმან პირველი კანუნი. მის შესახებ ქართველებს სმენიათ თურქული სერიალიდან „დიდებული საუკუნე“. სულეიმან პირველი იყო დაუნდობელი და ვერაგი ადამიანი, მან რამდენიმე საკუთარი შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილებიც კი დაახოცვინა და თვითონ უყურებდა მათ მკვლელობას.
1543 წელს შემოიჭრა ოთარ შალიკაშვილისა და ქაიხოსრო ჯაყელის დასახმარებლად სულთნის მიერ სამცხეში გამოგზავნილი დიდი ჯარი, რომელსაც ხელმღვანელობდა მუსტაფა ფაშა. ჯარი დიდი ზარბაზნებით იყო შეიარაღებული. ოსმალები შემოვიდნენ ზემო ქართლსა და მესხეთში.
ბაგრატ იმერეთის მეფემ დასახმარებლად მოიწვია გურიელი და ისინი ერთად შეებრძოლნენ ოსმალებს. ქარაღაქთან სასტიკად დაამარცხეს ხონთქრის ლაშქარი, ბევრი მოსრეს და გააქციეს. იქვე მოკლეს ოსმალთა სარდალი მუსტაფა ფაშა. ქართველებს ოსმალთა ჯარის ბანაკის აღჭურვილობა და მათი თოფები დარჩათ ალაფად.
ქართველების მიერ დამარცხებულნი, სელჩუკთა მომხრე, სეპარატისტი ქაიხოსრო ჯაყელი და ოთარ შალიკაშვილი, ისევ სულთანთან გაიქცნენ. ძალიან ეწყინა ხონთქარ სულეიმან კანუნს თავისი არმიის დამარცხება, მაგრამ არ შეურიგდა მარცხს, რადგან ამიერკავკასია მისი ინტერესების მნიშვნელოვანი სფერო იყო. ამიტომ, არზრუმისა და დიარბექირის ფაშა შეუსია საქართველოს, ურიცხვი ჯარით.
ეს ინფორმაცია რომ შეიტყო ბაგრატ მესამემ (იმერელმა), დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ პირველს, დადიანსა და გურიელს. ლუარსაბ მეფე, რაც შეეძლო, ყველა ქართველს ეხმარებოდა, რადგან თავი საქართველოსათვის ჰქონდა მიძღვნილი, ვითარცა მამას შვილებისათვისო, – წერს ისტორიკოსი. შეკრიბა ჯარი ლუარსაბ პირველმა და წავიდა ბაგრატ მეფის დასახმარებლად.
დადიანმა არ მიაშველა ჯარი გაერთიანებულ ქართულ არმიას. ბასიანში შემოსულიყო ოსმალთა ჯარი. ქართლელებმა მეწინავეობა ინდომეს, მაგრამ მესხებმა არ დაუთმეს – მუდამ ჩვენ ვიყავით მეწინავეები და ახლაც ჩვენ უნდა ვიყოთო. ამ საკითხზე დიდხანს იკამათეს.
ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან. ქართლელებმა არ ისმინეს მესხების პროტესტი და მეწინავედ გადავიდნენ შეტევაზე. მესხებმა იწყინეს და ბრძოლა მიატოვეს. ამ ბრძოლაში მოკლეს გურიის მთავრის ძე, ქაიხოსრო. დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა, მაგრამ, უკეთ შეიარაღებული, თოფებითა და ზარბაზნებით აღჭურვილი, თანაც გაცილებით მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ ომი ძნელი იყო. დამარცხდა საქართველოს ჯარი. ბაგრატი იმერეთში დაბრუნდა, ლუარსაბი – ქართლში. გურიელი – გურიაში.
იმერეთის სამეფომ დაკარგა მესხეთი. შემოიჭრნენ ოსმალები და ააოხრეს სამცხე. გურიელმა დაკარგა ლაზეთი.
ოთარ შალიკაშვილმა ურჩია ოსმალებს: დაიკავეთ სიმაგრეები და ჩააყენეთ გარნიზონები მთელ სამცხეში და ეს ქვეყანა მკვიდრად თქვენი იქნებაო.
შვილებისა და შვილიშვილების მკვლელი სულეიმან კანუნის თანხმობით, მესხეთის ათაბაგად გამოცხადდა ქაიხოსრო მეორე, ყვარყვარეს ძე.
გავიდა დრო. ქაიხოსრო ათაბაგი დაემძახლა მუხრანის პატრონს, აშოთან მუხრანბატონს. ჯაყელი ათაბაგები ჯერ კიდევ ერთიანი ქართული ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევდნენ თავს და ქართველ მეფე-მთავრებსა თუ დიდებულებს უნათესავდებოდნენ. მაგრამ, იმდენი არ ესმოდათ, რომ სეპარატიზმი და ოსმალებისა თუ ირანელების მომხრეობა „საკუთარი“ სამთავროს დამოუკიდებლობის მისაღწევად, დამღუპველი იქნებოდა ყველასთვის და მათ შორის მათთვისაც.
მალე ქაიხოსრო მეორესა და ოთარ შალიკაშვილს აღარ მოეწონათ ოსმალთა დგომა მესხეთის ციხესიმაგრეებში, მათი ბატონობა და ახალ ხერხს მიმართეს თავიანთი სეპარატისტული მიზნების განსახორიელებლად – ელჩი გაგზავნეს შაჰ-თამაზთან და მისწერეს:
„ძველითაგანვე სამცხის ქვეყანა იყო სპარსეთის მეფეების საბატონო და ახლა, თუ გნებავს, გაქვს უფლება, კვლავ შენი გახდეს. დაგვეხმარე და ნუ აბატონებ ჩვენზე ოსმალებს. თქვენი იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ შენ დაგემორჩილებით, როგორც ადრე“.
ქაიხოსრო ათაბაგს, ასევე, ეწადა ჯავახეთი გამოეტაცებინა ქართლის მეფის ხელიდან.
ყაენი, შაჰ-თამაზ პირველი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და სარდალი იყო, ხონთქარივით საქართველოს დაპყრობის მოსურნე და მტერი. მან ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში და ათასობით ქართველი გადაასახლა ირანში.
შაჰ-თამაზს ძალიან გაუხარდა სამცხის მთავრისგან ასეთი წინადადება და დიდი არმიით მესხეთისკენ დაიძრა. გზად ქართლში ილაშქრა და ააოხრა. მერე ვარძია დაარბია და დაანგრია, ბერები კი დახოცა.
რა თქმა უნდა, არც სულთან სულეიმან პირველს ეძინა და ისიც დიდი არმიით გამოემართა სამცხისკენ.
შაჰ-თამაზმა ბოლო მომენტში ვერ გაბედა სულეიმანის წინააღმდეგ გამოლაშქრება, საბაბად ოთარ შალიკაშვილის ქმედებები გამოიყენა და მისწერა შალიკაშვილს: „იცოდე, შენი საქმეების გამო, მე შენ მოუკლავს არ გაგიშვებო“. ეს წერილი რომ მიიღო ოთარ შალიკაშვილმა, სასწრაფოდ გააანალიზა, რაც ხდებოდა მის თავს და წერილი გადაუგზავნა სულეიმან ხონთქარს: „თქვენც მიწყრებით და უფრო მეტად ირანის ყაენი მიწყრება. რა ვქნა ახლა მე, მოსამართლე ღმერთი იყოს ჩვენსა და თქვენს შორისო“. დამშვიდდა სულთანი, რადგან, გაიგო, რომ შაჰ-თამაზი არ მიემართებოდა სამცხისკენ და თვითონაც უკან დაბრუნდა.
საბოლოო ჯამში, 1555 წელს ოსმალეთმა და სპარსეთმა ამასიაში დადეს ზავი და საქართველო გაიყვეს: სამცხის ნაწილი და ქართლ-კახეთი ირანს ერგო, ხოლო სამცხის მეორე ნაწილი, იმერეთი, გურია, აფხაზეთი, ოდიში და  ლაზეთი – ოსმალეთს.

скачать dle 11.3