კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-16(799)

 უკიდურესად დაღლილი რატი სახლში რომ დაბრუნდა, დაწვა და მაშინვე მკვდარივით დაეძინა... კაკუბავამ კი რეზო პროკურატურაში მიიყვანა და, მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, უთხრა:
– ადი და ჩემს კაბინეტში იმუშავე. აი, გასაღები, – ვარლამმა ჩიტოს საკუთარი კაბინეტის გასაღები მისცა და დაამატა: – თუ მიკითხონ, უთხარი, ექიმთანაა-თქო.
– ბატონო ვარლამ, მალე მოხვალთ? – ჰკითხა კაკუბავას რეზომ.
– უჩემოდ ვერ ძლებ? – გაეცინა კაკუბავას.
– ბატონო ვარლამ, მეც წამოვალ. რა იცით, რაში დაგჭირდებით, – თქვა რეზომ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მისი უფროსი ექიმთან კი არა, რაღაც სახიფათო საქმეზე მიდიოდა.
– სად წამოხვალ, ბიჭო, გტკივა რამე? – გაეცინა კაკუბავას.
– არაფერი არ მტკივა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ექიმთან კი არა, რაღაც საშიშ საქმეზე მიდიხართ და თქვენი მარტო გაშვება არ მინდა.
– ნუ სულელობ, ნამდვილად ექიმთან მივდივარ. შენ კი რაც გითხარი, ის გააკეთე. ვეცდები, მალე დავბრუნდე.
– მობილური, ალბათ გამორთული გექნებათ.
– აბა, ჩართული მობილური რაში მჭირდება პროცედურების დროს? აი, გამომართვი, შენ თვითონ ჩართე. თუ დამირეკავენ, უპასუხე და, რაც დაგიბარე, ის უთხარი, – თქვა ვარლამმა და ჩიტოს საკუთარი მობილური ტელეფონი გაუწოდა. რეზომ გამოართვა და ჰკითხა:
– ექიმის მისამართს მაინც არ მეტყვით, ყოველი შემთხვევისთვის?
– გეყოფა, მორჩი ჩემს დაკითხვას. როდესაც რამის თქმა იქნება საჭირო, არ გამოგაპარებ.
– ესე იგი, მართალი ვარ და ექიმთან არ მიდიხართ, – არ ეშვებოდა რეზო.
– აბა, ახლა კრუგომ და ჩემს კაბინეტში ნაბიჯით იარ! საქმეს მიხედე. მე კი წავედი, – უთხრა ვარლამმა ჩიტოს, შემდეგ თვალი ჩაუკრა და შეტრიალდა. მაგრამ, მანქანაში არ ჩამჯდარა. ჩაუარა მას და ფეხით განაგრძო გზა. რეზომ თვალი გააყოლა თავის უფროსს და სანამ მის კაბინეტში ავიდოდა, გაიფიქრა: „ნეტავ, სად წავიდა ვარლამი? რატომ არ წამიყვანა? მართლა რამე არ შეემთხვას“.
ვარლამი ასიოდე მეტრით რომ გასცდა პროკურატურას, შეჩერდა და სიგარეტი გააბოლა, თან მიმოიხედა – ხომ არავინ მითვალთვალებსო. შემდეგ ორიოდე მანევრი გააკეთა და, რომ დარწმუნდა, „კუდი” არ აიკიდა, პატარა ჩიხში ჩაუხვია, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიდა და კერძო კლინიკაში შევიდა, სადაც სამარისებური სიჩუმე და იდეალური სისუფთავე სუფევდა. კაკუბავა რეგისტრატორ გოგონას მიუახლოვდა და სალმის შემდეგ ტანჯული სახით ჰკითხა:
– ბატონი მერაბ გაგნიძე თავისუფალია?
გოგონამ თანაგრძნობით გაუღიმა ახალმოსულს და უთხრა:
– თავისუფალია, ბატონო. მიღებაზე ბრძანდებით?
– დიახ, ამ დროს დამიბარა, – მიუგო ვარლამმა.
– ახლავე დავურეკავ, – თქვა  რეგისტრატორმა. ტელეფონის ყურმილი აიღო და ვარლამს ჰკითხა:
– როგორ მოვახსენო თქვენი ვინაობა?
– უთხარით, მეცხრე მოვიდა-თქო, – თქვა ვარლამმა და, როდესაც გოგონამ კაკუბავას სიტყვები გადასცა გაგნიძეს, ყურმილი დადო და ვარლამს უთხრა:
– შეგიძლიათ, აბრძანდეთ. ბატონი პროფესორი გელოდებათ. მეორე სართულზე, დერეფანში ხელმარცხნივ, მესამე კარია.
პროფესორი მერაბ გაგნიძე მამაკაცური სისუსტეების მკურნალი იყო, საკუთარი კლინიკა ჰქონდა თბილისში და სწორედ იქ მივიდა ვარლამ კაკუბავა. კლინიკის პაციენტთა თითქმის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტიი ანონიმურად დადიოდა და მკურნალობდა იქ. ვარლამიც ანონიმურად იყო კლინიკაში რეგისტრირებული და მისი ნომერი იყო ცხრა...
კაკუბავამ პროფესორის კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო, შევიდა და კარი მიხურა. ორიოდე ნაბიჯი გადადგა, ოთახში შეჩერდა და მიმოიხედა. გაგნიძე შუა ოთახში შეეგება ახალმოსულს და ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი კაბინეტის კარი გადარაზა, ვარლამს ხელით მიუთითა ტყავის რბილი სავარძლისკენ და უთხრა:
– დარდი ნუ გაქვს, ვარლამ. ჩემი კაბინეტი არ ისმინება და, შეგვიძლია, თავისუფლად ვისაუბროთ. დაჯექი.
ვარლამ კაკუბავა ტყავის რბილ სავარძელში ჩაჯდა და კაბინეტის მასპინძელს, რომელიც მის პირდაპირ მოკალათდა, ჰკითხა:
– დარწმუნებული ხარ?
– მილიონი პროცენტით. აბა, მითხარი, რა არის ახალი?
– ძველი რა იცი, რო? – კითხვა შეუბრუნა კაკუბავამ გაგნიძეს.
– რაც პეტრეს გადაეცი, ყველაფერი, – მიუგო მერაბმა.
მერაბ გაგნიძის მიერ ნახსენები პეტრე შანიძე ვარლამ კაკუბავას ძველი ნაცნობი და თანამშრომელი იყო. კაკუბავა და შანიძე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ერთად მუშაობდნენ მოსკოვში, ერთ-ერთ რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლებად და ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე ვარლამი საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოში განაგრძო მუშაობა, შანიძე კი მხოლოდ საბჭოეთის დაშლის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა პროკურატურაში აღარ უმუშავია და ბიზნესი წამოიწყო. ვარლამი თავის ყოფილ კოლეგას რამდენჯერმე შემთხვევით შეხვდა და მათ გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, ერთ ცხელ დღეს, როდესაც დაღლილი და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ძმისშვილზე დარდით განერვიულებული ვარლამი სახლში დაბრუნდა, სადარბაზოსთან პეტრე შანიძე შეხვდა – ის მანქანაში იჯდა და კაკუბავას იქიდან დაუძახა:
– ვარლამ, მოდი, ჩაჯექი.!
– ოჰ, პეტრეს ვახლავარ! აქ რა ქარმა გადმოგაგდო? – თქვა კაკუბავამ, როდესაც შანიძეს მანქანაში ჩაუჯდა და მიესალმა, თუმცა, ინტუიციამ უკარნახა, რომ რაღაცაში იყო საქმე და პეტრე სწორედ მას ელოდა.
– ვარლამ, შენთან უსერიოზულესი საქმე მაქვს. დაღლილი კი ჩანხარ, მაგრამ მოშიებულიც იქნები, ვახშამზე დაგპატიჟებ და სათქმელსაც იქ გეტყვი, – უთხრა შანიძემ კაკუბავას. ვარლამმა კი მიუგო:
– ბარემ აქ ხარ და, არ ჯობია, ჩემთან ავიდეთ? კარგადაც გაგიმასპინძლდები და ყურადღებითაც მოგისმენ.
– არა, ვარლამ. შენთან სხვა დროს ვივახშმოთ. ახლა კი მე მესტუმრე რესტორანში. რესტორნების პატარა ბიზნესი მაქვს და ნახავ კიდეც. ჩემს კაბინეტში სკუჩნად ჩავუსხდეთ და ვილაპარაკოთ.
– კი ბატონო, – დაეთანხმა კაკუბავა და შანიძემ მანქანა ადგილიდან დაძრა. მათ თითქმის მთელი ქალაქი გაიარეს და პეტრე თავის ყოფილ კოლეგას საკუთარ რესტორნებს უჩვენებდა, რომლებიც გზად ხვდებოდა.
– პატარა ბიზნესი კი არა, მთელი ქსელი გქონია, – უთხრა კაკუბავამ შანიძეს.
– ჯერ მხოლოდ თხუთმეტი რესტორანი მაქვს. იმედია, ამ წლის ბოლომდე გავაორმაგებ მათ რიცხვს და ეს უკვე მართლა ქსელი იქნება, – გაუღიმა პეტრემ ვარლამს, მანქანა ცნობილ რესტორანთან გააჩერა და დაამატა: – მოვედით. გადმოდი. მესამე სართულზე კაბინეტი მაქვს და იქ დავსხდეთ.
პეტრე შანიძის კოხტა და გემოვნებით მოწყობილ კაბინეტში ახალგაზრდა გოგონამ პატარა სუფრა გააწყო და წავიდა.
– ჯერ ვივახშმოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მეც ძალიან მშია, – თქვა მასპინძელმა და, როდესაც დანაყრდნენ, პეტრემ მშვიდობის სადღეგრძელო დალია, ვარლამმაც შესვა და მასპინძელმა სტუმარს უთხრა:
– ჩემო ვარლამ, გავიგე, რომ შენი ძმისშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ზვიად კაკუბავა, უგზო-უკვლოდ დაკარგულა ომში.
ვარლამ კაკუბავა მასპინძლის სიტყვებზე მიტკალივით გაფითრდა. პეტრეს შეხედა და ჰკითხა:
– მართალია, მაგრამ, შენ საიდან იცი?
– ვიცი.  ისიც ვიცი, რომ საღ-სალამათია, რომ მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და სანერვიულო არაფერია, – თქვა შანიძემ. სტუმარს გაუღიმა და ჭიქები ღვინით შეავსო.
ვარლამმა ჯერ ალმაცერად შეხედა მასპინძელს, შემდეგ ჩაფიქრდა და შანიძის სიტყვები გაიაზრა. ბოლოს თვალები აენთო და უთხრა:
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი, პეტრე?
– რას გულისხმობ, ვარლამ? – კითხვითვე უპასუხა შანიძემ.
– ეს სუფრა, ზვიადის ამბავი და, საერთოდ, მთელი ეს მასკარადი... ერთი სიტყვით, ახსნას მოვითხოვ, – ხმას აუწია კაკუბავამ, რომელიც იშვიათად გამოდიოდა წყობიდან, მაგრამ, აშკარა იყო, რომ, ცოტაც და, დენთის კასრივით იფეთქებდა...
– მაინც, რა გინდა, რომ აგიხსნა.
– თუნდაც ზვიადის ამბავი. საიდან იცი, რომ ცოცხალი და საღ–სალამათია?
– ჩემმა მეგობრებმა შემატყობინეს, – მშვიდად მიუგო პეტრემ.
– მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. დამიკონკრეტე, სად, ვინ, როდის... ძველი გამომძიებელი ხარ და ჩემგან არ გესწავლება.
– მოდი, ჯერ ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო შევსვათ და დანარჩენსაც შემდეგ გეტყვი, – თქვა შანიძემ და ღვინით სავსე ჭიქისკენ წაიღო ხელი. ვარლამმა კი შეაგება:
– რომელი სამშობლოს, რუსეთის თუ საქართველოსი?
– უბრალოდ, ჩვენი სამშობლოსი.
 ვარლამმა, რომელიც ჯერ კიდევ გაფითრებული იყო, პირველმა ასწია ჭიქა და თქვა:
– საქართველოს გაუმარჯოს! – შემდეგ გამოცალა, დადგა და მასპინძელს მგლური თვალებით მიაჩერდა.
შანიძემაც ასწია ჭიქა და თქვა:
– საქართველოს გაუმარჯოს! – შემდეგ ცარიელი ჭიქა ამოაბრუნა და დაამატა, – ასე მტერი დაგვეცალოს, – ბოლოს კი ჭიქა მაგიდაზე დადგა და ვარლამს უსიტყვოდ გაუღიმა.
წითელმა ღვინომ ვარლამ კაკუბავას სახის ფერი დაუბრუნა, თუმცა, კვლავ აღგზნებული იყო და მასპინძელს კოპებშეკრულმა უთხრა:
– აბა, გისმენ.
– მოკლედ, ასეა, ჩემო კარგო, – დაიწყო შანიძემ, – შენი ძმისშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ზვიად კაკუბავა, თერთმეტ აგვისტოს ჩაუვარდა ხელში ჩეჩნური ბატალიონის სადაზვერვო ოცეულს ცხინვალის ცენტრში, ერთ-ერთ დანგრეულ სახლში. ჩეჩნები ზაჩისტკაზე იყვნენ, ზვიადი კი სარდაფში იმალებოდა. როგორც გაირკვა, ის თავისი დაღუპული მეგობრის ცხედარს მალავდა სარდაფში და სწორედ მის გამო ჩარჩენილა ცხინვალში. ის საცოდავი მძიმედ დაჭრილა, ზვიადს კი არ მიუტოვებია და უვლიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა და თვითონაც ტყვედ ჩავარდა. ჩეჩნებს ჯერ მისი დახვრეტა სდომებიათ, კედელთან მიუყენებიათ და ავტომატები მიუშვერიათ, შემდეგ გადაუფიქრებიათ და კამერის წინ ზვიადის დამცირება მოუნდომებიათ და უთქვამთ: „საქართველოს შეაგინე, ლეკური იცეკვე და არ დაგხვრეტთო“. ზვიადს კი ერთ-ერთი ჩეჩენისთვის სახეში შეუფურთხებია, მისთვის შეუგინებია და, ალბათ, ყელშიც ეცემოდა ხელებით, მაგრამ ხელები გაკოჭილი ჰქონდა... ამის გამო ჩეჩნებს ჯერ მაგრად უცემიათ ზვიადი, შემდეგ კი კედელთან მიუყენებიათ და უნდა დაეხვრიტათ, ზვიადი კი თურმე ქართულად ყვიროდა: „გაუმარჯოს საქართველოს!..” ამ სცენას „გრუს“ პოლკოვნიკი შეესწრო და ზვიადი დახვრეტას გადაარჩინა. ახლა ის ჯავაშია. ტყვეების იზოლატორში ზის და  არაფერი უჭირს. მისი დაღუპული მეგობრის ცხედარი კი, სხვა დაღუპულთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით უკვე გადასცეს ქართულ მხარეს და დაკრძალეს კიდეც. ასე რომ, ჩემო ვარლამ, შენი ძმისშვილი ნამდვილი ვაჟკაცია, გმირი და, შეგიძლია, იამაყო, – თქვა შანიძემ, შემდეგ ჭიქები შეავსო, – ქართველ გმირებს გაუმარჯოსო, – თქვა და დალია. იგივე გაიმეორა ვარლამმაც და, ჭიქა რომ დადგა, მასპინძელს ჰკითხა:
– პეტრე, რუსეთის ჯაშუში ხარ?
– საქართველოს პატრიოტი, – მშვიდად მიუგო შანიძემ.
– თუ ჯაშუში არ ხარ, აბა, საიდან იცი ზვიადის ამბავი, თანაც ასე დაწვრილებით? თან, ჩემთან მოხვედი და მომიყევი. ჩემი დავერბოვკება გინდა?
– ცდები, – გაეცინა შანიძეს.
– აბა, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ვარლამმა.
– რა აზრი და, უბრალოდ, იმის სათქმელად მოგიყვანე აქ, რომ ზვიადი სამ დღეში სახლში დაბრუნდება.
– გამოუშვებენ?
– არა.
– ტყვეებში გაცვლიან?
– გაიქცევა, – თქვა შანიძემ.
– გაიქცევა?
– ჰო. როდესაც ჯავიდან ცხინვალში წაიყვანენ, „გრუ“ ისე მოაწყობს, რომ ზვიადი გაიქცევა და ისინი იზრუნებენ იმაზე, რომ მან მშვიდობიანად ჩამოაღწიოს თბილისში.
– ზვიადი დაავერბოვკეს? – ადრინდელზე უფრო მეტად გაფითრდა ვარლამი.
– რა სისულელეა! ასეთები არც ვერბოვკდებიან და არც არავის უცდია ამის გაკეთება. ზვიადმა არაფერი იცის.
– აბა, რაშია საქმე, რატომ უშვებენ?
– ჩათვალე, რომ ეს კეთილი ნების ჟესტია, – ეშმაკურად ჩაეცინა შანიძეს.
– „გრუს“ კეთილი ნების არ მჯერა, – ირონიით თქვა ვარლამმა და დაამატა: – ბოლომდე გახსენი კარტები და მითხარი, რა მიზნით კეთდება ეს?
– ტყუილად არ გჯერა, ჩემო ვარლამ. მოვა ზვიადი და დაიჯერებ. ხოლო, თუ შენც გამოიჩენ კეთილ ნებას, უფრო სწორად კი, გონიერებასა და პატრიოტიზმს, ხომ კარგი; თუ არა და, არაფრის ვალდებული არ ხარ. მეტიც, შეგიძლია, უშიშროებაში მიხვიდე და ჩემზე თქვა – „გრუს“ აგენტიაო... მოდაშია ახლა ეს და, თუ სიმართლე გაინტერესებს, მართლაც ვმუშაობ „გრუს“ ერთ-ერთ სტრუქტურაში. თუმცა, გარწმუნებ, რომ შპიონი არ ვარ და ქართულ და ზოგადსაკაცობრიო საქმეს ვემსახურები.
კაკუბავას ჩაეცინა. მერე ჩაფიქრდა და შანიძეს უთხრა:
– სიმართლე გითხრა, დავიბენი კაცი. აბა, ერთი მითხარი, რა ქართულ და ზოგადსაკაცობრიო საქმეს ემსახურები?
შანიძესაც ჩაეცინა და ვარლამს მიუგო:
– დღეისთვის კმარა. მოდი, ასე ვქნათ: როგორც კი ზვიადი სახლში დაბრუნდება და დარწმუნდები, რომ არაფერს გატყუებდი, შენ თვითონ დამიკავშირდი. შეხვედრაზე შევთანხმდეთ და დანარჩენსაც მაშინ გეტყვი. აი, ჩემი მობილურის ნომერი – შანიძემ ვარლამს ქაღალდზე დაწერილი მობილურის ნომერი მისცა და დაამატა: – ახლა კი სახლში წაგიყვან.
– ტაქსით წავალ, ასე მირჩევნია, – მიუგო ვარლამმა.
– კეთილი, იყოს ტაქსი. აბა, შეხვედრამდე, – თქვა შანიძემ და კაკუბავა ეზომდე ჩააცილა. ვარლამი კი იქვე მდგარ ტაქსიში ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3