კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრილიანტებით „ჩავარდა“

მარკ ლონგი თავისი გარეგნობით, იმიჯითა და ცხოვრების წესით საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს, რომელიც შეიარაღებულ ყაჩაღობაშიც კი იღებდა მონაწილეობას. ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდა ლონდონელი ჯენტლმენისგან: მაღალი, ძალიან სიმპათიური, ყოველთვის გემოვნებით, უზადოდ ჩაცმული... თავისი ნიჭის, დახვეწილი მანერების, მოხერხებულობისა და საჭირო კავშირების წყალობით, ერთხელაც არ ჩავარდნია ხელში სკოტლანდ-იარდს. მარკი ნაქურდალი ძვირფასეულობის საუკეთესო გამსაღებლადაც ითვლებოდა. მასზე მუშაობდა უამრავი წვრილფეხა ქურდი თუ თაღლითი იუველირი. საკმარისი იყო, რომელიმეს მარკისთვის წინააღმდეგობა გაეწია ან გაეპროტესტებინა ის წილი, რომელსაც მარკ ლონგი საქმიდან იღებდა, რომ ისინი „საქმეზე იწვებოდნენ“ და პოლიციას უვარდებოდნენ ხელში.
მარკი იდეალურად გეგმავდა ოპერაციას და შორიდან ხელმძღვანელობდა მას, მერე კი მასთან „სუფთა ფული“ მიდიოდა.
სტენ ემი შურით უყურებდა მარკს და ფიქრობდა, ამ ტიპს როგორ გაუმართლაო. მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას როგორ გაბედავდა. მარკის დონემდე რომ მისულიყო, კიდევ ძალიან ბევრი აკლდა. მარკს ფეშენებელური ბინა ლონდონშიც ჰქონდა. ამჯერად კი სტენს ქალაქგარეთ, ტბის ნაპირზე მდებარე კოტეჯში მასპინძლობდა. თუმცა, „მასპინძლობდა” გადაჭარბებული ნათქვამი იყო – უბრალოდ, საუბრობდნენ და ჯინს ტონიკით წრუპავდნენ.
– სტენ, ყველაფერს გაძლევთ – საჭირო ხელსაწყოების სიას, შენობის გეგმას, დაცვის წერტილების განლაგებას... ნაძარცვს მივიღებ პირადად. ფულს გავიყოფთ მისი რეალიზაციის შემდეგ, ისე, როგორც შევთანხმდით.
სტენი მხოლოდ თავს უქნევდა, მერე კი ჰკითხა:
– შეიძლება, ეს საქმეს არ უკავშირდება, მაგრამ, მაინც უნდა გკითხოთ, – თქვენ მართლა არ მონაწილეობდით ბრილიანტის ბალთის ძარცვაში?
მარკ ლონგი შეიჭმუხნა და სტენი მიხვდა, რომ ის ძალიან გაბრაზდა.
– არა, ამ საქმეში ჩემი ხელი არ ურევია. ამიტომაც ვერსად გამოჩნდა. დაიხსომე, სტენ, მთავარი ბრილიანტების მოპარვა არ არის. ძნელად თუ მოიძებნება მთელ ინგლისში მეორე ჩემნაირი ადამიანი. დიდი ხანია, სკოტლანდ-იარდი ჩასაფრებულია ჩემზე, მაგრამ კიდევ დიდხანს ვერ გამომიჭერენ. გემშვიდობები, საქმეს მიხედეთ...
სტენი ადგა და უკმაყოფილო სახით გავიდა. მესამე დღეს ოთხკაციანი ჯგუფი ძვირფასეულობის ძარცვისას ჩავარდა, მაგრამ მათ შორის სტენი არ ყოფილა. ამან მარკი შეაშფოთა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით ლონდონი დაეტოვებინა, მაგრამ ამის გადადება მოუწია იმ მიზეზით, რომ საღამოს ერთ-ერთ ფეშენებელურ კლუბში, სადაც ხშირად დადიოდა ხოლმე, მშვენიერი გოგონა გაიცნო. სტეფანიას წუნს ვერ დაუდებდი.  ზოგადად, ლამაზი ქალები იყო მარკის სისუსტე, სტეფანიამ კი პირველივე დანახვისას მოხიბლა. მალე ისიც გაიგო, რომ მამამისს ოქროულობის პატარა მაღაზია ჰქონდა. მარკის ინტერესის სფეროში არ შედიოდა ტრადიციული, წვრილმანი საიუველირო ნაკეთობები, მაგრამ ერთბაშად და სრულიად მოულოდნელად, ქალიშვილმა ბრილიანტები ახსენა.
– რომ იცოდეს მამამ, რომ ამაზე თქვენთან ვილაპარაკე, ძალიან გამიბრაზდება, მაგრამ მე ვნერვიულობ იმიტომ, რომ თვითონ მიემგზავრება, ხოლო მე სამი დღით მარტო უნდა დავრჩე სახლში. მაღაზია კი პირდაპირ ჩემი საძინებლის ქვემოთაა.
– რა ბრილიანტებია? – ისე, უგულისყუროდ ჰკითხა მარკმა, თითქოს ეს ამბავი ნაკლებად აინტერესებდა.
– მამა ამბობს, 10 ათასი ფუნტი მაინც ღირსო. ერთი წლის წინ რუსმა გრაფინიამ მიაბარა მამას შესანახად. ეს ქალი მას მერე არავის უნახავს. მამა ამბობს, შეიძლება, საზღვარზე მოკლეს კიდეცო, მაგრამ ბრილიანტებს ხელს არ ჰკიდებს. თავის ცეცხლგამძლე კარადაში აქვს შენახული. წარმოგიდგენიათ? სეიფიც კი არ არის.
– ნუ გეშინიათ, სტეფანია, მამათქვენს ბრილიანტები დაზღვეული ექნება.
– შეიძლება, არ ვიცი... მაგრამ მე მაინც მეშინია...
სტეფანია ისეთი საყვარელი იყო და ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, რომ მარკმა ძლივს გაუძლო ცდუნებას, ხელი არ მოეხვია და გულში არ ჩაეკრა... ზუსტად ასეთივე მაცდუნებელი იყო ბრილიანტების მოპარვის ხიბლიც. ქვეყნიდან გატანა მისთვის პრობლემა არ იქნებოდა – ჰქონდა საიდუმლო არხები.
სტეფანია სახლში გააცილა, მეორე დღესაც შეხვდა და იმდენი მოახერხა, რომ გოგოს ჩაიზე დააპატიჟებინა თავი. გემოვნებით მოწყობილ სასტუმრო ოთახში,   ბუხართან დადგმულ კომფორტულ სავარძელში დაბალი ტანის, მაგრამ ძალიან სიმპათიური მამაკაცი იჯდა. მან თავაზიანად გაუღიმა სტუმარს და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ. მისტერ ედინგი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მარკმა ერთი შეხედვით შეაფასა სიტუაცია. სახლს მაღაზია გვერდიდან „ემეზობლებოდა“. ფაქტობრივად, ეს ერთი შენობა იყო, გამოყოფილი შიდა ეზოთი. ეზოს ქვის კედელი ჰქონდა, რომელსაც ნებისმიერი ყოჩაღი მამაკაცი თავისუფლად დაძლევდა...
– თქვენმა ქალიშვილმა იმ უნიკალური ბრილიანტების შესახებ მითხრა. შეიძლება, დავხედო? ბრილიანტები ჩემი სისუსტეა...
მისტერ ედინგმა უკმაყოფილოდ შეხედა შვილს და სტუმარს თავაზიანად გაუღიმა.
– ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ბრილიანტები დალუქულ ფუთაშია, ვერ გავხსნი.
– არა უშავს, თქვენი ქალიშვილი გაცილებით დიდი და ძვირფასი ბრილიანტია...
საღამომ მშვიდად ჩაიარა და მარკი უკვე ჩამოყალიბებული გეგმით დაბრუნდა სახლში... მეორე დღეს, გამთენიისას ყოველგვარი ზედმეტი წვალების გარეშე შეაღწია მაღაზიაში და ცეცხლგამძლე კარადა საზეინკლო ხელსაწყოებით უხმაუროდ გახსნა. ბრილიანტები მართლაც ლუქით შეკრულ ხავერდის ჩანთაში იყო მოთავსებული. მარკმა ჩანთა ჯიბეში ჩაიდო და ერთ საათში უკვე პორტში იყო. გამცილებელმა მაშინვე იცნო და ქვემოთ მიეგება. ნაძარცვი ბრილიანტები მარკმა შეუმჩნევლად ჩაუცურა ჯიბეში და მშვიდად ავიდა გემზე. ზუსტად გამთენიისას მან საზღვარი გადალახა და საბაჟო კონტროლი გაიარა. მებაჟეებმა მისი ბარგი გულდაგულ გაჩხრიკეს და თავაზიანად ამცნეს, რომ საზღვარი გადალახა და უკვე აღარ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. სანამ გემიდან ჩავიდოდა და ბელგიის მიწაზე დადგამდა ფეხს, რესტორანში გემრიელად ისაუზმა. მშვენიერ გუნებაზე იყო. იცოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში გამცილებელი ბრილიანტებს მის ბარგში ჩადებდა, სანაცვლოდ კი მარკისგან მოგვიანებით სოლიდურ თანხას მიიღებდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამდენიმე წელი მარკს ამ გზით გაჰქონდა და შეჰქონდა ნაძარცვი ინგლისში. სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ბრილიანტებისთვის არ დაუხედავს. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ისინი წვალებად ღირდა. ტაქსიმ ფეშენებელურ სასტუმროში მიიყვანა. ფოიეში მარკი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ორმა მამაკაცმა შეაჩერა. მათ ბელგიის პოლიციის თანამშრომლის დოკუმენტი აჩვენეს და სამგზავრო ჩანთის გახსნა მოსთხოვეს. მარკი გაფითრდა...
– ეჭვი გვაქვს, თქვენს ჩანთაში ბრილიანტის ცნობილი ბალთიდან ამოღებული ძვირფასი ქვებია. სკოტლანდ-იარდმა  თხოვნით მოგვმართა, გაგჩხრიკოთ...
მარკი დაჯდა.  ხავერდის ჩანთას მის თვალწინ მოხსნეს ლუქი და მან საქვეყნოდ ცნობილი ბრილიანტები დაინახა... ასე სულელურად თავი არასოდეს უგრძნია. მიხვდა, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა დასრულდა. უკვე ელოდებოდა, როდის დაადებდნენ ხელებზე ბორკილებს. მოულოდნელად ვიღაცამ ლოყაზე აკოცა – მის წინ სტეფანია იდგა და უღიმოდა... მარკმა გაოცებისგან პირი დააღო:
– შენ აქ რა გინდა?
– მაპატიე, მარკ... სტენმა და მე ეს ბრილიანტები ერთად მოვიპარეთ, მაგრამ, ვიცოდით, რომ შენ გარეშე მათ ქვეყნიდან ვერ გამოვიტანდით. სხვათა შორის, სტენი ჩემი ქმარია. მაპატიე, მარკ, ბრილიანტებიდან წილს ვერ მიიღებ, სამაგიეროდ, თავისუფლებას გჩუქნით...

скачать dle 11.3