კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (83)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როდის გარბის ნინა მამაკაცისგან სამუდამოდ და ვისი ქმარი „ბრალდება“ მას

მას შემდეგ, რაც ნინამ ტელეწამყვანისა და მსახიობის ამპლუა მოირგო, ტელევიზიამ ისე ჩაითრია, მის მთავარ აზარტად იქცა – ახლა, როცა სერიალის  მხიარული პერსონაჟის დოდოშკას სახით, რისკების სამინისტროში ბუმბულებიანი ფეხსაცმლით მოხვდა, გაახსენდა წარსული, როცა თავად იყო სახელმწიფო მოხელე, ამბობს, რომ წარსულში ბევრი რამ დატოვა და უკან არასდროს მიბრუნდება. დღეს, როცა, როგორც თავად გვიმხელს,  მარტოობით ტკბება,  ახალი ბიზნესიც  წამოიწყო, რომლის  წყალობითაც დიდი ხნის ოცნებების ასრულებას გეგმავს.    

 ნინა: ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების აქტიური პერიოდი არ მაქვს, ან სადმე  გავქრი, პირიქით,    გარდა იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვსაქმიანობ ტელესივრცეში,  კარგად მოვირგე მსახიობის როლიც,  სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”. მიყვარს ეს როლი – კეთილ, გამოშტერებულ დოდოშკაზე ძალიან ვხალისობ. ქმარი მყავს სერიალში,  რომელმაც ერთი საყვარელი „მაპატია” და ეგ ამბავი მოვინელეთ.  ახლა რისკების  სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ნეპოტიზმის, დაქალის ყოფილი  ქმრის წყალობით. ძალიან სასაცილო კი ვარ –  პირველ დღეებში ბუმბულებიანი ფეხსაცმლით მივედი სამსახურში.   ვყვებოდი, როცა რეალურ ცხოვრებაში  სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ზუსტად ასე ვიყავი. ტელევიზია აღმოჩნდა ის ადგილი, რომლის გარეშეც ვერასდროს გავძლებ. გადაღებები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ტელევიზიას სხვა აზარტი აქვს. მე გამიმართლა და  მოვხვდი  ყველაზე მაგარ  პროფესიონალებთან, ვინც კი მუშაობს დღეს ტელესივრცეში.  ტელევიზიამ ისე ჩამითრია, გვიანობამდე შემიძლია, ვიჯდე და  ვიმუშაო მონტაჟზე. ვწვალობ, ვცდილობ, ტექნიკური თემებიც ავითვისო.  არ ვიღლები, პირიქით სიამოვნებას ვიღებ. ეს საქმე აღმოჩნდა ჩემი მთავარი „ვნება.”
– შენ რომ ინჟინერიაზე აკეთებდე გადაცემას, ასე არ იქნებოდა. გარდერობი, რასაც შენი გადაცემა ეძღვნება, ის თემაა, ძალიან რომ  გიყვარს რეალურ ცხოვრებაშიც.
– ძონძები?! (იცინის) გეთანხმებით,   ეს ისაა, რაც მომწონს და ტვინმაც დაისვენა ყველაფრისგან.  ახლა ძალიან მშვიდი ცხოვრება მაქვს. საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება – არც პოლიტიკა მაღელვებს, არც არაფერი. მინისტრების  გვარებიც კი არ ვიცი და ეს ძალიან მომწონს. სულ ვამბობ, რომ ის, რასაც უკან არასდროს დავუბრუნდები, სახელმწიფო სამსახურია,  იმის მიუხედავად, რომ მეამაყება ის ხუთი წელი, რაც კულტურის სამინისტროში გავატარე. დღეს იმ საქმიანობას ვეღარ შევძლებდი. იმ წლებმა მომცა გამოცდილება, გავიცანი საინტერესო ადამიანები, მაგრამ ეს არის დაუფასებელი შრომა.  სამსახურში იმდენ ხანს მიწევდა ყოფნა, არაფრისთვის აღარ მრჩებოდა დრო – არც შვილისთვის, არც საკუთარი თავისთვის.  როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ, რაც არ უნდა გააკეთო, ყველას გულს ვერ მოიგებ. მტერი უფრო მეტი გიჩნდება, ვიდრე – მოყვარე. ამიტომ, თუ არის  შანსი, სხვა სფეროში იმუშავო, ამაზე უარი არ უნდა თქვა.
– სკანდალებმა და ხმაურიანმა ისტორიებმა, რაც იმ წლებში სულ იყო შენ ირგვლივ,  ბოლო წლებში თითქოს იკლო.
–  ეს ძალიან სასაცილოა,  მე ასეთი ვარ – ქერა, გრძელი თმით და იმის გამო, რომ ჩემზე ისტორიები არ მოიგონონ, იმიჯს ვერ შევიცვლი.   ხმაური რომ ჩაწყნარებულიყო, თმაც კი გადავიღებე, მაგრამ მივხვდი, ესეც არაფერს შველის. ოთხი მეგობარი თუ შევალთ სადმე, ყავის დასალევად და ერთ-ერთის ქმარი გვახლავს,  მეგობრის ქმარიც კი მე „მბრალდება” (იცინის). როგორც გარედან ჩანს, ყველაფერი ისე არაა.  როცა  სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, ისეთ რეჟიმში მიწევდა ცხოვრება, არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა. მანიკიურის გასაკეთებლადაც კი ვერ ვიცლიდი. ახლა არც არავინ მეპატიჟება არსად, მაგრამ რომც დამპატიჟონ კიდეც,  არანაირი სურვილი არ მაქვს, სახელმწიფო სამსახურში ვიყო.  აგერ,  ბატონო, ვმუშაობ კერძო სექტორში და ძალიანაც  მომწონს. ეს ჩემთვის შემოსავლის წყაროც არის და  სასიამოვნო პროცესიც.  22 წლიდან ვმუშაობ. მირჩევნია, ჩემი ფული მქონდეს და  საკუთარ თავს თვითონ მოვუარო. ფინანსური დამოუკიდებლობა, უპირველესად,  ნიშნავს თავისუფლებას.  მამა, ფული მომეცი და შეიძლება უცხოეთში წავიდე? – პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ უკვე დიდი ხანია, არავის ვუთანხმებ, პარიზში წავალ თუ სტამბულში. ვერავის მივცემ უფლებას, ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს და ჩემ ნაცვლად მიიღოს  გადაწყვეტილებები.   გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ ცოტა დეპრესიული ტიპი ვარ. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ არაფრის გაგონება, არავის დანახვა არ მინდა. გავიღვიძე და ცუდ ხასიათზე ვარ. თუ  მაქვს  საშუალება, ვიღებ თვითმფრინავის ბილეთს და მივდივარ სადმე, მაგალითად, სტამბულში, სადაც  ქუჩაში ფეხით სიარული გაწეწილსაც  თავისუფლად  შემიძლია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. მე ვარ ის ერთადერთი  ადამიანი, ვინც საკუთარ თავს  უწყობს სიურპრიზებს.
– და თაყვანისმცემელი მამაკაცები?
– რატომღაც ყველა მამაკაცს ეგონა, რომ არაფერი მჭირდებოდა. ამ მხრივ განებივრებული არასდროს ვყოფილვარ.  არასდროს გაუკეთებიათ ჩემთვის საჩუქარი და ძალიან მეცინება, როცა ჩემთვის მორთმეულ საოცარ საჩუქრებზე მესმის მითები. საჩუქრები მახსოვს მამაჩემისგან და ერთი მეგობრისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი და ვარ. ჩემი თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან კი მართლა არაფერი მახსოვს. არ  ვიცი, საშინელი ამაყი ვარ თუ დებილი, მაგრამ ეს ასეა.   ფაქტია ისიც, რომ მამაკაცებსაც არ ვარჩევდი „სწორად.”  ყველა მეცოდებოდა და მინდოდა, იქით დავხმარებოდი მათ. კარგი რა, არავინ არაფრის ღირსი არაა. ამას წლებთან ერთად მივხვდი.  ამიტომ,  ბოლო ორი წელია, ეგოისტი  გავხდი. არ იცით, რა კარგად ვარ.  უკვე მივხვდი, რომ ქართველ მამაკაცთან    მე ბედნიერი ვერ ვიქნები, რაც არ უნდა კარგი ტიპი იყოს, უკან მაინც სამი ტონა არაჯანსაღი კომპლექსი მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ  ახლა  ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია –  მარტოობით ვტკბები.
– ფემინისტი გამხდარხარ!    
– არა, სულ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში  ბოლო მამაკაცი იქნება ჩემზე ძლიერი,  ფინანსურად დამოუკიდებელი, ან საერთოდ არ იქნება.   იმდენი იმედგაცრუება და გულისტკივილი მქონდა, რომ ახლა ისე ვარ, მგონია, სიყვარულიც აღარ შემიძლია.  გათხოვება ჩემთვის პანაცეა არაა. ორჯერ მყავდა ქმარი,  ეს გზა ორჯერ გავიარე, ამიტომ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. თუმცა, არ გამოვრიცხავ,  გავგიჟდე და კიდევ გადავდგა ეს ნაბიჯი. მე მაშინ გავრბივარ მამაკაცისგან და უკან არასდროს ვუბრუნდები, როცა სვამს ერთი და იმავე შეკითხვას: ტვინი მიაქვს იმის წუწუნით, რატომ მიყურებენ; ღამის ორ საათზე, სამსახურში თუ შემოვრჩი, მიწყებს რეკვას და ეჭვიანობით გამოკითხვას, სად ვარ.  წუხელ ღამის პირველ  საათზე ვიყავი სტომატოლოგთან კბილების  გასათეთრებლად, რადგან  სხვა დრო ვერ მოვძებნე.  თუ იმის დარწმუნება დამჭირდება, რომ  ნამდვილად სტომატოლოგთან ვარ,  არ მინდა ასეთი პარტნიორი. ახლა მარტო საკუთარ თავთან ვარ ჰარმონიაში. ზუსტად ვიცი, რა მინდა, როგორ მინდა, კვლავ მაქვს ემოციები, სენტიმენტები, თუმცა ვისწავლე მათი მართვა.  ახლა ვიცი, ვისთვის დავზოგო თავი და ემოციები და ვისთვის – არა. სამჯერ ნულიდან დავიწყე ცხოვრება, ისე რომ, არავინ შემიწუხებია. ეს ძალიან აზარტული  დასაწყისია. ახლა ისეთი ეტაპი მაქვს, იმის სურვილიც კი არ მაქვს, 24 საათი მეგობრებთან ერთად ვიარო და ვიჭორაო.  ახლა ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა და კარგად ესმის ჩემი.
–   ამბობენ, რომ კარგი მეგობარი ხარ. მაგალითად, ახლა, შორენა ბეგაშვილისთვის რთულ პერიოდში, მთელ დღეებს მის გვერდით ატარებდი.
– სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. პირველი ხუთი დღე საოცარი განცდები მქონდა. ისეთ დღეში ვიყავი მომხდარის გამო, ვერ გადმოვცემ. ბოლო ერთი კვირაა საავადმყოფოში არ მივდივარ,  ბავშვი რეანიმაციაშია და იქ პოზისთვის ხომ არ ვიდგები. თუ რამე დასჭირდა შორენას, იცის, რომ დამირეკავს და იმწამსვე იქ გავჩნდები. მე   ძალიან მიყვარს შორენა და მისი ლამაზი შვილი. ჩვენ წლებია, ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ შორის არასდროს ყოფილა დაძაბულობა, ან კონკურენცია.  შორენას შეუძლია რჩევა მომცეს და იგივეს ვაკეთებ მეც, რასაც ზოგადად ქალები ერთმანეთთან ერიდებიან.   ჩვენ ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რომ, როცა დაგვჭირდება, ერთმანეთის გვერდით ვიქნებით. მე მას ვენდობი.  ჩვენი ცხოვრება ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. ორივემ რთული გზა გავიარეთ, მაგრამ,  საბედნიეროდ, არცერთი არ გავბოროტებულვართ.  შორენა  კარგი, კეთილი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ეს სიკეთე დაუდგა წინ და ამიტომ გადაარჩინა ღმერთმა მისი შვილი.  განსაცდელის შემდეგ დიდი ბედნიერება მოდის. 2-3 თვეში, ყველაფერი კარგად რომ დამთავრდება,  ასე იქნება შორენასა და ევას ცხოვრებაშიც.
–  წარსულს ბევრი რამ ჩავაბარეო, მითხარი. როგორც ჩანს, სიმღერაც?
– მე და ჩემმა მეგობარმა ნელიკო ნაჭყებიამ დავიწყეთ საერთო ბიზნესი. მალე გაიხსნება პირველი მაღაზია, სადაც ქალისა და მამაკაცის ქართული წარმოების  მაღალი ხარისხის თეთრეული გაიყიდება.   ეს იქნება პროდუქცია, რომლის მსგავსს საქართველოში ვერ იყიდით. ჩემი გამოცდილებით ასეა – თეთრეული ძალიან მიყვარს. დარწმუნებული ვარ, ორ წელიწადში ჩვენი პროდუქცია  ბევრ ქვეყანაში გახდება პოპულარული.  
– ბიზნესის გამოცდილება გაქვს?
–  პატარ-პატარა გამოცდილებები მაქვს, მაგრამ ასეთი სერიოზული მცდელობა ჯერ არ მქონია. მარკეტოლოგია ვისწავლე „ჯიპაში”, თუმცა კურსი ვერ დავასრულე. ახლა პრაქტიკაში გამოვიყენებ იმ გამოცდილებას.  კომპანიას ეყოლება დირექტორი, რომელიც გააკონტროლებს ფინანსებს, რადგან მე საკუთარ თავს ფულს ვერ ვანდობ. ისეთი მხარჯველი ვარ, ფული არასდროს მიჩერდება.  ახლა ბევრი უნდა ვიმუშაო და ჩემი ბიზნესი კარგად  ავაწყო. ეს არის ჩემი შანსი, რომ სიბერეში, მონაკოში ერთი ვილა ვიყიდო. აბა, ჩვენი პენსიის იმედზე ხომ ვერ ვიქნები?!
– ერთი ახალი ჭორი უნდა გითხრა, ნინამ ვალების გამო სახლი გაყიდაო, ამბობენ.
– რა სისულელეა,  ჩემი სახლი გავაქირავე,  კარგად გაქირავდა და უარი რატომ უნდა მეთქვა?  მე დროებით სხვა სახლში ვცხოვრობ. თუმცა, მშენებლობის პროცესშია ჩემი ახალი სახლი.  ესეც,  ისევე როგორც ხმები,  თითქოს  ჩემი გარდერობის შესავსებად კოლოსალურ თანხებს ვხარჯავ, გაზვიადებულია. მე მომწონს, მიყვარს ორიგინალური ნივთები, სამოსი. ჩემთვის მთავარია იდეა, ბრენდი დღეს არავის უკვირს. ყოველთვის ვცდილობ, ვიყიდო კარგი ხარისხის ფეხსაცმელი და ჩანთა, რაშიც ფული არასდროს მენანება. სირცხვილია თქმა, მაგრამ 5 ათასი ევროც გადამიხდია ჩანთაში და ჩემი შეკერილი ჩანთითაც მივლია. მაგალითად,  ეს ჩანთა, რაც ახლა მაქვს  საშა არუთინოვმა მაჩუქა. მისი ღირებულება 3 ათასი ევროა. ერთი ლედი გაგას  აქვს,  მეორე – მე.  დაბადების  დღეებზეც მიმიღია საჩუქრად  „შანელის” ჩანთა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე გადარეული ვარ.  საკონცერტო  ტანსაცმელსაც ხშირად ვიკერავ, რადგან კაბები, რაც მომწონს, კოლოსალური თანხა ღირს. არც მაქვს ის თანხა და არც მიღირს ფულის გადაყრა.  შარვალი, რომელიც ახლა მაცვია, შეკერილია. ასე რომ, ჩემი კარგი მკერავის წყალობით, საკმაოდ ბევრ თანხას ვზოგავ. მე და ჩემი ფანტასტიკური მკერავი სრულ ჰარმონიაში ვართ. მიყვარს „არევაც” – გაგიკვირდებათ, მაგრამ შეიძლება, მეცვას „ვალენტინოს” ფეხსაცმელი და აგერ, „მალსსში,” 20 ლარად ნაყიდი  მაისური. იმდენი ძოძი მაქვს წარსულიდან შემორჩენილი, ყოველდღე რომ  თითო გადავაკეთო, რაც კარგად მეხერხება,  მთელი ცხოვრება მეყოფა (იცინის).

скачать dle 11.3