კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგეგმა 19 წლის გოგონამ 39 წლის ჯარისკაცის მოკვლა

8 მარტს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორში 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლიც საეჭვო ქცევით იქცევდა ყურდღებას. მან პოლიციელების დანახვისთანავე სცადა მიმალვა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ზედაპირული დათვალიერების შედეგად, გოგონას ჯიბეში გასაღები და მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ნაცნობ მამაკაცს, სერჟანტს, 39 წლის რომან ბედიანაშვილს მისსავე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მიმდინარეობს გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.  
რომან ბედიანაშვილი გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან იყო და გორში კომბინატის დასახლებაში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ჰყავდა ცოლი და ხუთი შვილი, ამავდროულად, საცოლე  და მეგობარი  გოგონა. ცოლთან სამი თვის გაშორებული იყო, თუმცა მხოლოდ არაოფიციალურად. „თბილისელები“ მის მეუღლეს, შორენა ბედიანაშვილს დაუკავშირდა.
– შორენა, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი იყო. როგორ აღმოჩნდა საერთო საცხოვრებელში ვიღაც გოგოსთან ერთად, რომელმაც მერე მოკლა?
– ჩემი მეუღლე, როგორც ვიცი, მაგ გოგოს მანამდე არ იცნობდა, მკვლელობამდე სამი საათით ადრე ჰყავდა გაცნობილი, მისი ბიძაშვილის მეგობარი იყო. რომანი საღამოს სამხედრო ნაწილიდან იყო გამოსული – თავის ჯარის ძმაკაცთან იყო საქეიფოდ სადღაც სოფელში, იქ ჩააკითხეს ტაქსით და წამოიყვანეს. ჩვენ, საერთოდ სოფელში ვცხოვრობდით,  ფხვენისში, მერე, ჩემმა დედამთილმა აქ, გორში აიღო ოთახი ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე და, როგორც მრავალშვილიანი, დამტოვეს (ხუთი შვილი გვყავს), არავის გამოვუყვანივარ. ოთხი წელი ვცხოვრობდით საავადმყოფოს შენობაში. სამი თვის წამოსული ვიყავი ოჯახიდან. ჩვენ შორის უსიამოვნება მოხდა და ჩემს დისშვილთან  ვცხოვრობდი თბილისში ბავშვებით.  
– დაშორებულები იყავით?
– დიახ. ვეჭვიანობდი. ჩემმა დედამთილმა იცოდა, სხვადასხვა ქალი რომ ჰყავდა, მაგრამ სულ ამართლებდა მის საქციელს. მამამისიც ასე იყო, ამბობდა, დრო გავა და ჩავარდება ჭკუაშიო. მე ვერ ვითმენდი ამ ყველაფერს. ბოლოს საცოლეც ჰყავდა და ახლა აპირებდა მოყვანას. ბავშვები სოფელში იყვნენ. რომ ჩამოვიდნენ, გაგიჟდნენ – მამას ცოლი მოჰყავსო. მე დავამშვიდე: არა უშავს, შვილო, ოღონდ ბედნიერი იყოს, თქვენ ნუ ინერვიულებთ-მეთქი.  
– როგორ გაიგეთ თქვენი ქმრის გარდაცვალების შესახებ და რა გიამბეს, რა მომხდარა?
– 7 მარტს მოხდა ეს ამბავი და 8-ში დილით ჩემს დისშვილთან  მოვიდნენ ჩემი და და სიძე და მათ წამიყვანეს გორში მანქანით. 
ტაქსის მძღოლი რომანის მეგობარი იყო, მეორე პიროვნება – რომანის ბიძაშვილი, რომლის მეგობარიც იყო ის გოგო. მათ ეს 19 წლის გოგო თან ახლდათ. მძღოლი ამბობს, ვიქეიფეთ და მერე დავიშალეთ, მე ღამის 2 საათზე წავედიო; ბიძაშვილმა – მე გამთენიისას, 4 საათზე წავედი და ესენი სახლში დავტოვეო. 
– რა მიზეზით დარჩა ეს გოგო თქვენს მეუღლესთან?
– დასარჩენი არ ჰქონია და მძღოლს უთქვამს, დღეს აქ დავტოვებ და მერე წავა თავის გზაზეო. ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს,  მათგან სწორ პასუხს არცერთი არ იძლევა ნორმალურად, რომ გაიგო, რა და როგორ მოხდა. სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, მაგრამ ერთი კი ცხადია – მარტო მაგ გოგოს გაკეთებული არაა.  წინდაწინ იყო მიტანილი და გამზადებული აბები და ყველაფერი. მტერი არასდროს ჰყოლია ჩემს ქმარს, კონფლიქტიც არ ჰქონია არავისთან. მე რომანი ვინმესთან ჩხუბში კი არა, ვინმეზე გაბრაზებულიც არ მახსოვს. ცოტა ვალი ჰქონდა იმ მძღოლის. იმასაც ამბობენ, ჯიბეში ოთხი ათასი ლარი ჰქონდაო, მაგრამ გარდაცვლილს იმ მომენტში საფულე არ აღმოაჩნდა თან. ფული, საბუთებიანად, დაკარგულია.  
– არ არის გამორიცხული, მათ იცოდნენ, რომ თქვენს ქმარს ამხელა თანხა ედო ჯიბეში. თქვენ თუ შეხვდით მათ და ელაპარაკეთ?  
– პოლიციაში დაკითხვაზე რომ მოიყვანეს ტაქსის მძღოლი,  ისიც არ ვიცოდი, ჩემს მეუღლესთან ერთად იმ მომენტში ეგეც თუ იყო.    მანამდე არაფერი უთქვამს და მეც არაფერი მითქვამს, მარტო მომისამძიმრა და თავის გზაზე წავიდა, თორემ, რომ მცოდნოდა, რომ ეგეც იყო იმ დღეს რომანთან ერთად აუცილებლად ვკითხავდი ყველაფერს. სულ გათიშული ვიყავი. ჩემი ქმრის ბიძაშვილს კი დაველაპარაკე ორი სიტყვით, მაგრამ იმანაც არაფერი მითხრა მნიშვნელოვანი – მივიყვანეთ სახლში, ვიქეიფეთ და მერე დავტოვეთო. პირადად ჩემთან მაგ გოგოზე არ ულაპარაკია, მაგრამ, როგორც ტელევიზიით გავიგე მერე, თვითონ იმ მძღოლს უთქვამს, უწესო და შეშლილი გოგოაო. თუ სანდო არ იყო, რატომ დატოვა ჩემს ქმართან? ეს არის დღემდე გაურკვეველი ჩემთვის. უბრალოდ რომანი თავის ბიძაშვილს ენდო, თორემ, არ იყო ჩემი მეუღლე ისეთი უპასუხისმგებლო და უტვინო, ვიღაცა მთლად უცხოს ასე მინდობოდა. მერე, სამართალდამცველები რომ მისულან, მეზობელი შესულა და იმას უთქვამს: ჩემი ახლობლისგან ვიცი ამ გოგოზე, რომ ფსიქიკურად მართლა ვერ არის კარგად, წამლებიც აქვს მიღებულიო. ძალიან მინდა, ვნახო და დაველაპარაკო რომანის ბიძაშვილს, თან, გარეთ ვერ გავდივარ, ისეთ მდგომარეობაში ვარ ყველანაირად. იმ გოგოზე მითხრეს, თბილისში მუშაობსო. პოლიციაში თქვეს ფოტო გვაქვსო. მე მივიტანე ეჭვი ერთ გოგოზე და ვუთხარი: იქნებ მე თვითონ გეხმარებით გამოძიებაში, მაჩვენეთ, სახელსა და გვარსაც გეტყვით-მეთქი (ვიცოდი, ვისაც ემესიჯებოდა და ვისთანაც ურთიერთობდა ჩემი ქმარი). მაჩვენეს ამ გოგოს ფოტო, მაგრამ ჩემთვის სრულიად უცხო აღმოჩნდა. პოლიციაში მითხრეს, კვამლით გაიგუდა თქვენი მეუღლეო. ვითომ არ მოუკლავთ. მე ვუთხარი, ჩემზე უკეთ ვინ იცნობს ჩემს მეუღლეს, ისეთი გაწონასწორებული იყო, როგორი მთვრალიც არ უნდა ყოფილიყო, თავის გაკონტროლება შეეძლო. ხანძარი თუ იყო აუცილებლად იგრძნობდა და გაიღვიძებდა-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ დააკავეს გოგო, რომელმაც აღიარა ყველაფერი – მე მოვკალიო.
– რას ამბობს, რატომ და როგორ მოვკალიო? 
– ამბობს, ვითომ იძალადა ჩემმა ქმარმა, მაგრამ მაგას ვერ დავიჯერებ. 17 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემი ქმარი. ერთხელ ჩემზე იძალადა, მაგრამ მაშინ ნასვამი იყო.  მართლა არ ჰქონდა ისეთი გასაჭირი, რომ 19 წლის გოგოზე ეძალადა. ბევრი მეგობარი გოგო ჰყავდა... ტუალეტში რომ გავიდა, მაშინ ჩავუყარე (ყავაში თუ ლუდში) აბებიო. თუ ტუალეტში გავიდა, შეეძლო, ფანჯრიდანაც გადამძვრალიყო და წასულიყო, პირველ სართულზე ვცხოვრობდით, რაღას კლავდა, წასულიყო თავის გზაზე. მაგრამ, ეს იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა – მე ასე ვფიქრობ. ეჭვი მაქვს კიდევ იმაზე, რომ ჩემი მეუღლე კომპიუტერთან დამჯდარია დაძინებული, კლავიატურა დამდნარი და ჩამოღვენთილი იყო შარვალზე და ფეხსაცმელზე. ის გოგო ამბობს, მისი ჩანთა გავხსენი, ამოვყარე ტანსაცმელი, ჩავრთე პლიტა და ზედ დავაყარე, მაგრამ, ხანძარი რომ ვერ გავაჩინე, გავედი, ბენზინი ვიყიდე და ისე წავუკიდე ცეცხლიო. ისიც თქვა: მინდოდა ხანძარი კაბელებიდან მომეხდინა, რომ ეფიქრათ, ვითომ თავისიც გაჩნდა ცეცხლიო. დილით მეზობლები დამწვრის სუნმა რომ შეაწუხა, დარეკეს სამაშველოში, სასწრაფოში, პოლიციაში. რომ მოვიდნენ, სულ რაღაც ათი წუთის დაღუპული არისო. ისიც ითქვა, რომ გვამი გადატანილია. სადაც საწოლი იდგა, ის ადგილი სულ დამწვარია. ამბობენ, სასამართლო ორ თვეში იქნებაო. მეც ველოდები, ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის სასამართლოზე.   
– იქნებ სხვა ვერსიაც არსებობს? ხომ შეიძლება, ნასვამებს ერთმანეთში შეკამათება მოსვლოდათ? როგორი ხასიათის იყო, ფიცხი? 
–  ჩვენ ვერ ვრიგდებოდით ერთმანეთში, თორემ, დამერწმუნეთ, ისე უყვარდა ყველას, ისეთი გაწონასწორებული პიროვნება იყო, ყველანაირად შეგნებული, ვერ წარმოიდგენთ. გამორიცხულია მისგან წამოსულიყო მიზეზი. სულ ის არის ჩემი საფიქრალი – ვისი ხელი ურევია ამ საქმეში და რა არის მიზეზი, თუმცა, მაინც მგონია, რომ გაძარცვის მიზნით არის მოკლული.
– ფიქრობთ, რომ ამხელა ფულს ჯიბით ატარებდა და ბანკში არ შეიტანდა? 
– შეიძლება, იმ მომენტში ჯიბეზე ჰქონდა ეს თანხა და მერე აპირებდა ბანკში შეტანას. საერთოდ, ჩემს მეუღლეს ჯიბით ფულის ტარება არ უყვარდა. თუ ფული ჰქონდა, ყოველთვის ბანკში შეჰქონდა.  ავღანეთიდანაც რომ ჩამოვიდა, მაშინვე შეიტანა.
– წეღან თქვით, პოლიციაში ვუთხარი, მომეცით ფოტო და გეტყვით, ის არის თუ არა, მე ვისზეც მაქვს ეჭვიო. შეიძლება, კიდევ სხვას  ჩაედინა მკვლელობა?   
– ის გოგო, ვისთანაც ურთიერთობდა და მესიჯობდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, მე ვიცნობ მას.
– გავიგე, რომ თქვენს ოჯახში ეს რიგით მეოთხე მკვლელობაა. ჯერ თქვენი მეუღლის პაპა მოასვენეს სახლში მოკლული, რომელიც დარაჯად მუშაობდა და ითქვა, თითქოსდა ელექტროპლიტით მოხდა ხანძარი და ასე დაიღუპა; მერე თქვენი მამამთილი, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, გაუჩინარდა და ცხრა დღის მერე იპოვეს მოკლული; ანალოგიური მოხდა თქვენი მაზლის შემთხვევაშიც – სახლში გარდაცვლილი მოასვენეს, თან, მოკლული იყო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რამე კავშირში იყოს თქვენი მეუღლის მკვლელობა ყველა ამ მკვლელობასთან?
– არ ვიცი. ამდენი წელი ვიყავი ამ ოჯახის რძალი და არავისგან არაფერი გამიგია. ერთადერთი, ჩემი მეუღლის ბებია ეუბნებოდა ხოლმე რომანს: ეს არემარე დაწყევლილია, შვილო და, მე რომ აღარ ვიქნები, აქაურობა გაყიდეთო.

скачать dle 11.3