კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-15(798)

 ლევანმა ორივე ხელი მოხვია ქალის შიშველ სხეულს, სახე მის მკერდში ჩამალა და ამოიოხრა:
– როცა გავიფიქრე, რომ ვეღარ გნახავდი, ისე შემეშინდა, ლამის გული გამიჩერდა.
გაბრიელამ გადაიკისკისა, ორივე ხელი თმაში შეუცურა და მსუბუქად შეანჯღრია:
– სულელი ხარ... გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა? იმედი მაქვს, გესმის.
– ჰო, მაგდენი ინგლისური ვისწავლე უკვე... ძალიან მენატრებოდი...
გაბიმ ისევ გაიცინა.
– შენ რა, დამცინი? გაბრიელა... მე ვნერვიულობ, განვიცდი და შენ ამ ჩემს უბედურებაზე იცინი?
– კარგი, რა, ძალიან ამძიმებ შენს მდგომარეობას. ზუსტად ისე ცხოვრობ, როგორც გსურს და წუწუნებ იმიტომ, რომ, გინდა, თავი შემაცოდო.
ლევანმა მაგრად მიიკრა ქალი და დაფიქრდა. მას ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა გაბისთვის სამანტასა და მაქსის ამბავი თუ არა... როგორც კი სახლში დაბრუნდნენ, მაშინვე დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ როგორმე გაბრიელასთან შეხვედრა მოეხერხებინა. ჯერ უნდა დაერეკა, რადგან იმედი არ ჰქონდა, რომ გოგო ისევ იმ კოტეჯში დახვდებოდა. ნანა პირველ დღეებში დაძაბული იყო და ქმრის ყოველ ნაბიჯს ჩასაფრებულივით აკვირდებოდა. რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც, რატომ ამაჩქარე, შვილთან მოსიყვარულება ვერ მოვასწარიო.
– დღესაც ვერ ვხვდები, რატომ გადაირიე წამოსვლაზე... – უთხრა საყვედურით და შიშველი ფეხები კალთაში ჩაუწყო – ფეხისგულებზე მასაჟი გამიკეთე, ძალიან დავიღალე...
– გითხარი, წამოვალ და მოგეხმარები-მეთქი, – ლევანი ცოლს მიეფერა, – შენ კიდევ არ მენდობი.
– ნდობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში უნდა მომეხმარო...
– რაშიც დაგჭირდები... მაგალითად, დისტრიბუციას მივხედავ... ბარს გავაკონტროლებ...
– როგორ გააკონტროლებ, როცა ამ საქმის არაფერი იცი? ადვილი გგონია?
– ადვილი არ მგონია, მაგრამ სულელიც არა ვარ. ბარი რესტორნისგან დიდად არ განსხვავდება, მოვახერხებ რაღაცას.
– მოახერხებს რაღაცას... აი, ეგ არ მინდა სწორედ, – ნანამ უკმაყოფილოდ შეხედა ქმარს, – იქნებ დენისთვის დაგვეჯერებინა და გესწავლა რამე.
– ანუ, გავხდე სტუდენტი და ისევ შენს კისერზე ვიყო? ვერ ხვდები, რომ მაწუხებს ჩემი ასეთი მდგომარეობა? დიდხანს ვეღარ ვიქნები შენს კისერზე.
– მაგრამ, ბარიც ხომ ჩემი საკუთრებაა.
– სასარგებლო მაინც ვიქნები... თუ ვისწავლი, მთლიანად შენზე ვიქნები დამოკიდებული.
– ცოტა ხანს იქნება ასე. მერე, როცა სწავლას დაასრულებ, ყველაფერში უკეთ გაერკვევი. გადაწყვიტე, რისი სწავლა გინდა. აქ არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა, თუკი ეს მართლა უნდა, რაღაც ახალი ისწავლოს. ცუდი არ იქნება, თუ განვითარდები.
– ჩემი გრცხვენია? – ლევანმა ცოლის ფეხისგულების მასაჟი შეწყვიტა და წყრომით შეხედა.
ნანას გაეღიმა:
– უნდა გიპასუხო?
– აუცილებლად. ეს ეჭვი შენს შვილთან სტუმრობისას გამიჩნდა. იქ ისე იქცეოდი, რომ...
– როგორ ვიქცეოდი... მითხარი, როგორ ვიქცეოდი? შენ თვითონ დათვერი და თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენე...
– ერთხელ ხომ აგიხსენი – ვერ წარმოვიდგინე, რომ ის კოქტეილი ამას მიზამდა. კიდევ რამდენ ხანს უნდა მსაყვედურობდე? – ლევანმა ვეღარ მოითმინა, სავარძლიდან წამოხტა და აივანზე გავარდა. „მორჩა, ცოტა მაგრად თუ არ დავუდექი ამას და ზოგჯერ ცოტა სუსხი თუ არ ვაჩვენე, ზედმეტი მოსდის, – ფიქრობდა გაბრაზებული, – ჩემი ბრალიც არის. ამდენი ხანია, აქ ვარ და საერთოდ ვერაფერი გავაკეთე. საკუთარი ფული არ მაქვს, ჰოდა, ესეც სარგებლობს. იცის, რომ მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. რეალურადაც ხომ ასეა... “
ნანამ ადროვა ქმარს, მაშინვე არ გასულა მასთან. სავარძელზე მიწოლილი, მინის კედლიდან გაჰყურებდა ლევანს, რომელიც აივანზე მდგარ სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. კაცს მისკენ არ გამოუხედავს. ნანამ ჩაიცინა. წამოდგა და ფეხშიშველი გავიდა აივანზე.
– ნუ იბუტები. ლევან, შენ გელაპარაკები... რა გინდა, შეგეხვეწო და შოკოლადი გიყიდო?
– შენი ირონია კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ სათამაშო გგონივარ, თანაც სათამაშო შენს ხელში.
– საყვარელი სათამაშო თუ იქნები, ამაში ცუდს რას ხედავ?
– ისევ დამცინი, თანაც უკვე ზედმეტი მოგდის... ის, რომ შენ გარეშე ცხოვრება გამიჭირდება, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავმოყვარეობაზე უარს მათქმევინებ. იცი, აქ რატომ ვარ და ისევ ვითმენ შენს უსამართლო საქციელს? მიყვარხარ, თორემ, აუცილებლად წავიდოდი... მშიერიც რომ მოვმკვდარიყავი, მაშინაც კი...
– კარგი, გავიგე, რომ თავმოყვარეობა გაქვს. კარგია... – ნანა მის წინ გაჩერდა და თვალმოჭუტული მიაჩერდა.
– ჩემი ნათქვამიდან მარტო ეს გაიგე?
– ისიც გავიგე, რომ გიყვარვარ...
– მერე? – ლევანმა ქალს შეხედა და პასუხის მოლოდინში სიგარეტი საფერფლეს დაასრისა.
– ლევან, მეც მინდა, რომ გვერდით სრულფასოვანი პარტნიორი  მყავდეს, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ. გიფრთხილდები...
– მადლობელი ვარ, მაგრამ, იქნებ მე გადავწყვიტო, რისთვის ვარ მზად? – უკმაყოფილოდ მიუგო ლევანმა.
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– როგორც გინდა. მაშინ ხვალ ბარში წახვალ და მიხედავ საქმეს. რობერტოს დაადგები  თავზე და ყურადღებას მიაქცევ. თუ რამე გამოილევა, მოიტან. რობერტო გეტყვის, ბარი საიდან მარაგდება...
ლევანმა ცოლს უნდობლად შეხედა:
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რაც გითხარი... ხომ ასე გინდოდა? ჰოდა, მიხედე საქმეს! მანქანა გყავს, მისამართებს რობერტო მოგცემს... ჰო, სალაროც უნდა ჩაიბარო.
– არ იქნება პრობლემა!
ლევანს აშკარად გაუხარდა, ნანას ხელი მოჰკიდა და მუხლებზე დაისვა...
***
გაბრიელამ ცხვირზე წაარტყა თითი და ფიქრებიდან გამოარკვია.
– გაბრიელა, მენატრებოდი...
– ეგ უკვე მითხარი... ახლა შენ ისევ ცოლზე ფიქრობდი? ოღონდ, არ მომატყუო.
– ჰო, ნანაზე ვფიქრობდი. მგონი, ისიც მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, გამიჭირდება მის გარეშე.
– იცი, რომ არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ ცოლზე? რადგან მოხვედი და აქ ხარ, მარტო ჩემზე უნდა იფიქრო და ილაპარაკო... ისე კი, ლაპარაკს მირჩევნია, მომეფერო.
– იმიტომ, რომ ეს საქმე კარგად გამომდის?
– მეტ-ნაკლებად, ძალიანაც ნუ გაამაყდები და ნუ გეგონება, რომ მსგავსი არაფერი მინახავს.
– ვხვდები, რომ გინახავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
– რა უნდა შეცვალოს? ვერ მივხვდი...
– გაბი, შენ რომ ვეღარ გნახო, გავგიჟდები.
– არ გაგიჟდები, – მშვიდად მიუგო გოგომ. ხელი ჰკრა, საწოლზე გულაღმა გადააგდო და ზემოდან გადააჯდა მხედარივით, – ძალიან სუსტი ხარ... მე არ მომწონს სუსტი კაცები, თუმცა შენ მამხიარულებ და ამიტომაც ჯერ კიდევ გიღებ კარს.
– ანუ, ერთ დღეს აღარ გამიღებ? – შეშფოთებით ჰკითხა ლევანმა.
– ჰა, ჰა, ჰა!.. როგორი შეშინებული მიყურებ... ხომ არ დაგავიწყდა, რომ ეს არ არის ჩემი სახლი?
– ისიც ვიცი, რომ ოდესმე მოგწყინდები და მეც მიმატოვებ მაქსივით...
 გაბრიელას გამომეტყველება შეეცვალა. ლევანს მოსცილდა, საწოლზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
– მაქსი რატომ გაგახსენდა? არ მითხრა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. მაქსი მხოლოდ ერთხელ ვახსენე შენთან, უფრო სწორად, სამანტამ ახსენა და, წესით, არ უნდა დაგმახსოვრებოდა.
– შენ რაც გეხება, ყველაფერი მახსოვს, – სიტუაციის გამოსწორება სცადა ლევანმა, რომელმაც ვერაფრით გადაწყვიტა, ეთქვა გაბისთვის, რაც სამანტასთან დაკავშირებით მოხდა, როგორ გაიცნო მაქსი თუ საერთოდ გაჩუმებულიყო... გაბრიელა გამომცდელ მზერას არ აშორებდა.
– კარგი, დაივიწყე... შევცდი, რომ მაქსი ვახსენე...
– ადექი და წადი...
– რატომ? – გაიოცა ლევანმა, რომელიც მიხვდა, რომ გაბრიელამ არ დაუჯერა.
– ვერ ვიტან, როცა მატყუებენ.
– არ გატყუებ, საყვარელო...
– არა, უნდა წახვიდე, იმიტომ, რომ ყველაფერი გააფუჭე. მე შენი აღარ მჯერა.
– გაბი, აქამდე გჯეროდა?
გოგომ დამცინავი ღიმილით შეხედა:
– ჰო, მჯეროდა. სულელი იყავი, მაგრამ გულწრფელი. ახლა კი მატყუებ... რაღაც მოხდა და, თუ არ მეტყვი, წახვალ; ისე წახვალ, რომ უკან აღარასდროს მობრუნდები... ტყუილუბრალოდ მიყურებ მორჩილი ძაღლივით. აი, ეგეთ მზერას საერთოდ ვერ ვიტან.
– კარგი, გეტყვი... ვერ გადავიტან, თუ გამაგდებ.
– რა მოხდა?
– მაქსი და სამანტა ვნახე.
– მართლა? საინტერესოა... ქუჩაში მიდიოდნენ, დაინახე და ორივე იცანი?
– არა, ასე არ ყოფილა, – თავი გააქნია ლევანმა და საათზე დაიხედა, – გაბი, ძალიან ცოტა დრო დამრჩა. არ მინდა, ეს ძვირფასი წუთები ჩხუბსა და კამათში გავატაროთ.
– მე არც გეჩხუბები და არც გეკამათები, – წყნარად უთხრა გოგომ, ადგა და ჩაცმა დაიწყო, – აქაც ნუღარ მოხვალ. მაინც ვეღარ მნახავ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ უკვე გითხარი – ეს არ არის ჩემი სახლი.
– ეგ ვიცი. შენი სახლი სად არის?
გაბის გაეცინა:
– მაგას არ გეტყვი. მორჩა, დამემშვიდობე და წადი.
– არა, გაბრიელა, არა! ნუ დავამთავრებთ ყველაფერს.
– უცნაურია. რა უნდა დაამთავრო, რაც არ დაწყებულა?
– გაბი, სამანტა ჩემი ცოლის შვილის სახლში ვნახე, მაქსიც. სამანტამ მიცნო... არ გატყუებ... მე თავადაც მძიმე მდგომარეობაში ვარ ამის გამო. როცა სამანტამ მიცნო, პირველივე წუთიდან შენზე ვიფიქრე და შემეშინდა.
– მართლა? რისი შეგეშინდა, რომ სამანტა რამეს იტყოდა ჩვენზე? მითხარი, ხომ ეს იყო შენი შიშის მიზეზი?
– ჰო. იმიტომ, რომ ჩემი ცოლიც იქ იყო.
– გავიგე. არ იფიქრო, შენს განცდებს ვერ ვხვდებოდე, მაგრამ მე არ მინდა ასეთი ურთიერთობა.
– სამანტამ ჩემი დაშანტაჟება სცადა.
გაბიმ მხრები აიჩეჩა:
– ეს ჩემი პრობლემა არ არის.
– ვიცი. შემეშინდა, რომ შენ ვეღარ გნახავდი.
– არა. შენ იმის შეგეშინდა, რომ არჩევნის წინაშე დადგებოდი. აი, ეს ნამდვილად არ შეგიძლია.
– გაბი, არ გამაგდო... – ლევანი წამოხტა და ქალს მოეხვია, – გთხოვ, არ გამაგდო.
– ვერ ხვდები, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება? თანაც, მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე.
– რატომ?
გაბრიელამ გაიცინა:
– იმიტომ, რომ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები... იმიტომ, რომ რაღაც ახალი მინდა... იმიტომ, რომ ზოგჯერ სახლი მეც მენატრება. შენ კი მშვიდად იცხოვრებ და აღარც სამანტასი შეგეშინდება. თუმცა, ვერ ვხვდები, რას შეიძლება ითხოვდეს შენგან სამანტა შანტაჟის სანაცვლოდ – მის გემოვნებაში საერთოდ არ ჯდები.
– ჩემი ცოლის შვილი „ჩაჯდა“ მის გემოვნებაში... გაბი, რაზე ვლაპარაკობთ?! ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდი... არ წახვიდე... ან, წადი და დამპირდი, რომ დაბრუნდები...
– მე დაპირებებს არ ვიძლევი, – მოუჭრა გაბრიელამ და ლევანის მკლავებისგან თავის დახსნა სცადა... კარი ისე გაიღო, არც გაბრიელას და არც ლევანს არ დაუნახავთ ოთახში შემოსული ადამიანი. მხოლოდ მაშინ შენიშნეს ოთახის შუაგულში აღმართული სამანტა, როცა გულზე ხელებდაკრეფილმა გოგომ ხმამაღლა წარმოთქვა:
– ზუსტად ვიცოდი, რომ აქ გნახავდი, გაბი – ყოველთვის მოგწონდა ასეთი ადგილები, მიუხედავად შენი ოჯახის შესაძლებლობებისა. რატომ უმართლებთ ასე ზოგიერთებს? თქვენს ნახვას კი მაინც არ ველოდი, ლევან... თუმცა, ერთი სიტყვაც არ დამიჯერებია, რაც მაშინ მითხარით. არა, მაინც, როგორ გამიმართლა?! ვნანობ, რომ სურათი მანამდე არ გადაგიღეთ, სანამ შემნიშნავდით.
ლევანი ტანსაცმელს ეცა. გაბიმ კაცს სიბრალულით შეხედა და მეგობარს მიუბრუნდა:
– რა გინდა, სამანტა? ყველაფერი გაგიკეთე, რაც შემეძლო... მაქსიც კი დაგითმე, შენ კი  მაინც ჩემი გშურს...
– ჰო, მშურს... იმიტომ, რომ შენ ყველაფერი გაქვს და ეს არ დაგიმსახურებია... შენს ახალ სიყვარულს უთხარი, ვინ ხარ?
– სამანტა, გაჩუმდი! – თვალები აუელვარდა გაბრიელას.
– აჰა, ესე იგი, არ გითქვამს. ასეც ვიცოდი... თქვენმა ცოლმა იცის, სად ხართ და ვისთან? – ახლა ლევანს მიუბრუნდა სამანტა. რომელმაც მოასწრო ტანსაცმლის ჩაცმა და ახლა გაოგნებული იდგა – არ იცოდა, რა გაეკეთებინა.
– სამანტა, გიყურებ და ვფიქრობ: ყოველთვის ასეთი საშინელება იყავი თუ მერე გაბოროტდი?
სამანტამ თვალები მოჭუტა:
– იცი, მე შემიძლია, მაქსს ვუთხრა, სად ხარ...
– დაგითმე, სამანტა, მაქსი... დაგითმე! მე თავი დამანებე და მისთვის იბრძოლე, გამოგივა...
– მაქსს ისევ შენ უყვარხარ და მე ის აღარ მჭირდება. ახალი გატაცება მაქვს და ორივე უნდა დამეხმაროთ ჩემი გეგმის განხორციელებაში...
ლევანმა ამოიოხრა:
– ვიცი, ეს დენია – ჩემი ცოლის შვილი.
გაბრიელამ წარბი ასწია:
– ვერ გავიგე, მე რა კავშირი მაქვს ამ ყველაფერთან?
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3