კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან ქართველი მასონები და მართლა აქვს თუ არა კავშირი რუსთაველის თეატრის ქვეშ არსებულ გვირაბს მასონებთან

მოგეხსენებათ, მასონთა ხსენება ბევრ ადამიანს შიშს ჰგვრის... უამრავი ჭორ-მართალი არსებობს მათზე. ამბობენ, რომ მსოფლიოს მასონები მართავენ. ყველა მსოფლიო მმართველი მასონი იყო, მათ სატანისტებთანაც კი აიგივებენ და მათ სახელს ათასგვარ საშიშ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას უკავშირებენ. ვინ არიან სინამდვილეში მასონები, რა მიზანი აქვთ, რა აკავშირებთ სატანისტებთან, რელიგიასთან, პოლიტიკასთან, რა რიტუალებს ასრულებენ და ვინ იყვნენ ქართველი მასონები ამის გასარკვევად  ჩვენ მათ დავუკავშირდით და გთავაზობთ ინტერვიუს მასონთა ორდენის – „საქართველოს დიადი ლოჟის“ ოფიცერთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან.
–  თქვენს სახელს ბევრ საიდუმლოებასთან აკავშირებენ, თქვენი წევრობაც და შეხვედრებიც გასაიდუმლოებულია. რატომ?
– მასონობა საიდუმლო ორგანიზაცია არ არის. ეს არის ორდენი, რომელსაც გააჩნია საკუთარი საიდუმლოებანი, გარკვეული საკითხები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ ამ საზოგადოების წევრისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ჩვენში არსებული შეხედულებებისა, დღევანდელ რეალობაში მასონები არ იმალებიან. მათი შეხვედრის ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქების ცენტრშია განთავსებული, ყოველგვარი, ეგრეთ წოდებული, კონსპირაციის გარეშე.  საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ვინაობა და შეკრების ადგილი გასაიდუმლოებულია. პირდაპირ ვიტყვი – ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ისეთი გაუნათლებელი ადამიანები, თავისუფლად რომ შეუძლიათ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
– ამბობენ, რომ მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, შენობები მასონთა სიმბოლოს – პენტაგრამის, განლაგებაზეა აშენებული და თბილისში არსებობს საიდუმლო დარბაზები შენობების ქვეშ, მათ შორის, რუსთველის თეატრის ქვეშაც, სადაც მასონები მაგიურ რიტუალებს ასრულებენ?
– პეტერბურგი, ვაშინგტონი და ბევრი სხვა ქალაქი აშენებეულია მასონური გეომეტრიისა და სიმბოლიკის დაცვით. სამწუხაროდ, თბილისი არ არის ასე აშენებული. თბილისში რომ ყოფილიყვნენ მასონი ინჟინრები, სულ სხვა იერი ექნებოდა ქალაქს. მაგიურ რიტუალებს საერთოდ არ ვასრულებთ.
– რა დამოკიდებულება გაქვთ მასონებს რელიგიასთან, პოლიტიკასთან?
 – მასონობა არ არის რელიგია. ყველაზე ხშირად ეს თეორია ისმის მასონობასთან კავშირში. ერთადერთი, რასაც ვითვალისწინებთ, არის შემქმნელის, ღმერთისა და სულის უკვდავების რწმენა. პოლიტიკა და რელიგია ჩვენი, როგორც მასონების სფერო არ არის. შეიძლება რიგი ძმები – მასონები, იყვნენ პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ისევე, როგორც სხვა პროფესიების წარმომადგენლები. მაგრამ ჩვენ, როგორც ერთიანი საძმო-ორდენი, არ ვერევით არც პოლიტიკაში და არც რელიგიაში. ამისთვის არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო სულის ცხონებას და საზოგადოების სულიერ და რელიგიურ განვითარებაზე ზრუნავს სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტი. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი რწმენა, აღმსარებლობა, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებები, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ხედვა, მაგრამ, ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ ლოჟაში და არც ლოჟის სახელით ვახორციელებთ რაიმე საქმიანობას ზემოხსენებული მიმართულებით.
– რას ნიშნავს ტერმინები, რომლებიც ხშირად ესმის ხალხს – „ქვისმთლელთა საძმო“, „მასონური საიდუმლო“, „მასონთა ლოჟა“, „ლოჟის ოფიცერი“, „ოსტატი“?
– „მასონი” ფრანგული სიტყვაა და „ქვის მთლელს“ ნიშნავს. საიდუმლო კი მხოლოდ ის არის, რომ არაფერია საიდუმლო. ჩვენ არ ვართ საიდუმლო ორგანიზაცია, მხოლოდ ჩვენი, შიდა ორგანიზაციული საკითხები გვაქვს. მასონთა ლოჟა, ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს მასონებს. ჩვენ სწორედ ლოჟებში ვიკრიბებით. სწორედ ასეთმა სამმა ლოჟამ – „წმიდა თამარ მეფის“, „მეფე დავით აღმაშენებლისა“ და „გიორგი მეხუთე  ბრწყინვალის,“  2015 წლის 14 მარტს დააფუძნა ერთადერთი კანონიერი, ეროვნული და ლეგიტიმური საქართველოს დიადი ლოჟა. ყოველ ლოჟას ჰყავს ოფიცერთა შემადგენლობა, ასე ვთქვათ, გამგეობა, ისევე, როგორც დიად ლოჟას. ლოჟას ღირსეული ოსტატი, ხოლო დიად ლოჟას, დიადი ოსტატი ხელმძღვანელობს.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ გაწევრიანების მსურველებს?
– მასონური ორდენის კანდიდატის მიმართ უმთავრესი მოთხოვნა შემქმნელის – ღმერთის და სულის უკვდავების რწმენაა. ჩვენი ორდენის კარი ღიაა მათთვის, ვინც ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია, სამშობლოს პატრიოტია, მზად არის საზოგადოებრივი და სახელმწიფო პროგრესისთვის იღვაწოს, სრულად ესმის ორდენის არსი, თუ სად მოდის და რა საინტერესო და პატივსაცემ პასუხისმგებლობას იღებს. უნდა იყოს მამაკაცი 21 წლის ზემოთ. არ უნდა იყოს ნასამართლევი. მოსწავლე მასონისთვის მთავარი კრიტერიუმებია სათნოება, ღირსება, უღალატობა ქვეყნისა, ოჯახისა და საკუთარი პრინციპებისა, განათლება-ინტელექტი, სინდისიერება, შრომის სიყვარული და სურვილი საკუთარი, საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა.
– ფუნქციონირებდა თუ არა საქართველოში რვა საიდუმლო მასონური საზოგადოება, რომლებიც ეგრეთ წოდებული ინტელიგენციისგან შედგებოდა?
–  „საქართველოს დიადი ლოჟის“ დაფუძნება ნამდვილი ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე მასონობა საქართველოში არ იყო დამოუკიდებელი და სუვერენული. 2016 წლის მარტში ვიზეიმეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერად დაფუძნებული, ლეგიტიმური, ეროვნული და ჭეშმარიტი რეგულარული მასონური ორდენის ერთი წლის იუბილე. ერთი წლის განმავლობაში დაფუძნებელი სამი ლოჟის გარდა, შეიქმნა კიდევ სამი ღირსეული ლოჟა. „საქართველოს დიადი ლოჟა“ აერთიანებს 50-ზე მეტ წევრს, სხვადასხვა პროფესიის, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა. დიადი ლოჟა საქართველოს ისტორიაში არც არასოდეს ყოფილა 2015 წლის 14 მარტამდე, როდესაც დაფუძნდა სუვერენული, დამოუკიდებელი, ეროვნული, კანონიერი და რეგულარული „საქართველოს დიადი ლოჟა“, რომელიც დღეს 6 ღირსეულ ლოჟას და 50-ზე მეტ ძმა - მასონს აერთიანებს.
–  ვინ არიან ცნობილი ქართველი მასონები?
– ქართველებიდან გამოვყოფდი ქართველ ბატონიშვილს, გრიგოლ იოანეს ძეს, მეფე გიორგი მეთორმეტის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოდ, 1816 წლამდე იქნა ინიცირებული პეტერბურგში.  ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი პეტერბურგში გაწევრიანდა ლოჟა „გაერთიანებულ მეგობრებში“, სადაც ის ოსტატის ხარისხში იქნა აყვანილი. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფამდე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, გავიხსენებდი ისეთ ქართველ მასონებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ბარათაშვილი, ალექსანდრე ამილახვარი, კიტა აბაშიძე, გიორგი ჟდანოვი, ევგენი გეგეჭკორი, კარლო ჩხეიძე, ნოე ჟორდანია, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, სპირიდონ კედია და სხვა მრავალი გამორჩეული და გამოჩენილი ქართველი. პარიზში გადასახლებული ქართველი ემიგრანტები ლოჟა „ოქროს საწმისში“ ერთიანდებიან, მუსლიმებთან, მთიელ კავკასიელებთან, რუსებთან (სლავებთან), სომხებთან ერთად. ლოჟის დაფუძნება დათარიღებულია 1924 წლის 12 ნოემბერით. ლოჟა შევიდა საფრანგეთის დიდი ლოჟის იურისდიქციაში და მიენიჭა ნომერი 536. მუშაობა ტარდებოდა მასონურ ტაძარში რუე პიუტოზე. მალე ლოჟა „ოქროს საწმისი“ დაიშალა, გადაერქვა სახელი და შეიქმნა ლოჟა „იუპიტერი“, სადაც დარჩნენ სომხები და სლავები, ხოლო 1926 წელს დაფუძნდა ლოჟა „პრომეთე“, რომელშიც მუსლიმები, მთიელი კავკასიელები და ქართველები შევიდნენ. მას მიენიჭა ნომერი 558. ეს ლოჟა მოგვიანებით დაიხურა. საფრანგეთის ლოჟების არქივებში შემონახულია ჩვენი თანამემამულეების ინიცირების (ლოჟაში მიღების) ყველა დოკუმენტი.

скачать dle 11.3