კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზანს ისახავდა საიდუმლო სპეცოპერაცია „დიდი მიგრაცია“

საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში (ატომური პროექტი, უძლიერესი სადაზვერვო ქსელი, რაკეტმშენებლობა და ასე შემდეგ) ლავრენტი ბერიას ლომის წილი მიუძღვის და მისი დამსახურებები საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ მის დამსახურებათა ნუსხაშია კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის წარმატებით განხორციელება, რომლის წარმატებასაც საბჭოთა, პოსტსტალინური პერიოდის ისტორიოგრაფია სულ სხვა ადამიანს მიაწერდა და სიმართლე მხოლოდ ამ ბოლო წლებში გაირკვა. ესაა გრანდიოზული მასშტაბების და, ამავდროულად, საიდუმლო სპეცოპერაცია, სახელწოდებით – „დიდი მიგრაცია“, რომელმაც უდიდესი და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ისტორიკოსი ანდრეი პარშევი წერს: „საიდუმლო სპეცოპერაციას, კოდური სახელწოდებით – „დიდი მიგრაცია“,  ანალოგი დღემდე არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში და, იმ პერიოდში გაოცებას იწვევს.
„დიდი მიგრაცია“ იყო საბჭოთა სამხედრო-სამაშველო კომპლექსის (ფაბრიკა-ქარხნები და მომსახურე პერსონალი) ევაკუაცია საბჭოეთის ცენტრალური ნაწილიდან ურალის მთებს მიღმა...
როდესაც ფაშისტური გერმანია ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს, იმ მომენტისთვის საბჭოთა სამხედრო წარმოების 95 პროცენტი ქვეყნის ევროპულ ნაწილში იყო განლაგებული, ამ ნაწილის ნახევარზე მეტი კი – ეგრეთ წოდებულ ფრონტისპირა რაიონებში, სადაც დღე-დღეზე ფაშისტები შევიდოდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ სამხედრო ქარხნებს. „დიდი ომის“ მოლოდინში საბჭოთა მთავრობას შემუშავებული ჰქონდა სამხედრო მრეწველობის ევაკუაციის გეგმა, რომელზეც პასუხისმგებელი იყო ლაზარ კაგანოვიჩი, იმჟამინდელი რკინიგზის სახალხო კომისარი. გეგმას, უბრალოდ, „ქარხნების ევაკუაცია“ ერქვა და მასში ბუნდოვნად ეწერა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ქარხნებისა და მათი მომსახურე პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო 3-დან 6 თვეში დროის მონაკვეთში. ამ გეგმაში თითქმის არაფერი იყო დაკონკრეტებული და, მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო დოკუმენტის გრიფს ატარებდა, თავისი მნიშვნელობით არანაირად არ აღემატებოდა რიგით ბიუროკრატიულ დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ საბჭოთა უწყებაში ინახებოდა...
1941 წლის 22 ნოემბერს, ანუ ომის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე, სტალინის კაბინეტში საგანგებო, გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მთელი მთავრობა და სამხედრო ხელმძღვანელობა ესწრებოდა. სხდომის კულმინაციური მომენტი იყო ლავრენტი ბერიას საათნახევრიანი ანალიტიკური მოხსენება, რომელსაც თვით სტალინიც კი გასუსული უსმენდა და ერთხელაც არ შეუწყვეტინებია მისთვის ლაპარაკი. ბერიამ სხდომის მონაწილეებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ფრონტებსა და ზურგში შექმნილ ვითარებაზე და რეზიუმეს სახით თქვა:
– ამხანაგებო, სასწრაფოდ გასატარებელ ღონისძიებებს შორის, უპირველესად, ჩვენი სამხედრო მრეწველობის ევაკუაციის პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. შედეგი არა თუ საათებსა და წუთებზე, წამებზე არის დამოკიდებული და, თუკი საახალწლოდ მას ვერ გადავწყვეტთ, როგორ საშინლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, ომს წავაგებთ...
მსგავსი ფრაზის სტალინის წინაშე  გაფიქრებაც კი სასიკვდილოდ საშიში იყო ბერიასთვისაც კი, მაგრამ ის არაფერს შეუშინდა და სრულად დახატა ის  კატასტროფული რეალობა, რაც სულ რაღაც ორმოციოდე დღეში იყო მოსალოდნელი. სტალინმა, რომელიც გაცნობილი იყო კაგანოვიჩის „ქარხნების ევაკუაციის“ გეგმას, მკაცრად  გახედა რკინიგზის სახალხო კომისარს, მაგრამ არაფერი უთქვამს მისთვის, ბერიას კი სამხედრო ქარხნებისა და მათი მომსახურე პერსონალის სასწრაფო და ეფექტური ევაკუაციის ნამდვილი (სტალინმა ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვა) გეგმის შედგენა და ოცდაოთხი საათის შემდეგ წარდგენა დაავალა.
– გეგმა უკვე მზად მაქვს, ამხანაგო სტალინ. ანალიტიკურ მოხსენებას რომ ვადგენდით, პარალელურად, საევაკუაციო გეგმაზეც ვმუშაობდით და ახლავე შემიძლია, წარმოგიდგინოთ, – მოახსენა სტალინს ბერიამ.
სტალინმა სხდომის ყველა მონაწილე გაუშვა ბერიას გარდა, მასთან კი დილამდე განიხილავდა ყველა დეტალს. ლავრენტი პავლოვიჩი მხოლოდ 23 ნოემბრის დილის 10 საათზე გამოვიდა უმაღლესი მთავარსარდლის კაბინეტიდან და ლუბიანკაზე („ჩეკას“ შენობა) საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა. იმავე დღეს, ბერიამ, რომელიც 72 საათის უძინარი იყო, უკვე თავის კაბინეტში მოიწვია საგანგებო თათბირი, სადაც თავის თანაშემწეებს „დიდი მიგრაციის“ დაუყოვნებლივ დაწყების ბრძანება მისცა. ბერიამ მზერა მოავლო მრავლისმნახველ გენერლებს და უთხრა:
– ოპერაცია სწრაფად, ხარისხიანად და საიდუმლოდ უნდა ჩატარდეს. არცერთი ჭანჭიკი არ უნდა დაიკარგოს. ადგილზე ჩასვლიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ კი თითოეული ქარხანა უკვე პროდუქციას უნდა უშვებდეს; გარდა ამისა, მტრის არცერთმა აგენტმა არ უნდა შეაღწიოს შიგნით, თუ ვინმე მაინც შეძლებს ამას, ეფექტური, სწრაფი გამოძიება ჩაატარეთ და ადგილზევე დახვრიტეთ. იცოდეთ, დრო არ ითმენს. მე ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის პირადად ამხანაგ სტალინთან ვარ პასუხისმგებელი, თქვენ კი ჩემ წინაშე აგებთ პასუხს.
ბერიას სიტყვა ქვას ხეთქავდა, ბერიას მუქარა კი ქვას აალაპარაკებდა – ეს მშვენივრად იცოდა ყველამ. ამიტომ ჩეკისტები დატრიალდნენ და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული საიდუმლო ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ, რომელსაც დღემდე არ აქვს ანალოგი. სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში, 23 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, „დიდი მიგრაციის“ ფარგლებში საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან ურალის მთებს მიღმა ევაკუირებულ იქნა 516 მსხვილი სამხედრო ქარხანა. გადაიტანეს 2 მილიონი ტონა ტვირთი და გადაიყვანეს 1 მილიონ 56 ათასი ადამიანი. ამ ოპერაციის დროს საჭირო გახდა, გამოეყენებინათ 100 ათასი პლატფორმა და ვაგონი; აღადგინეს და ხელახლა გაიყვანეს 22 ათასი კილომეტრი სიგრძის რკინიგზა. ბერიას ჩეკისტები (სულ 15 ათასი ჩეკისტი მონაწილეობდა „დიდ მიგრაციაში“) საათის სიზუსტით ახორციელებდნენ თითოეულ გადაზიდვას. ყოფილა შემთხვევები, რომ საგანგებო ეშელონები დაბომბვაში მოხვედრილან და ასეთ დროს, სპეციალურად გაწვრთნილი და აღჭურვილ-შეიარაღებული ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ ერთვებოდნენ საქმეში: ერთი ჯგუფი საჰაერო იერიშს იგერიებდა, მეორე კი დაზიანებული რელსების ადღგენით იყო დაკავებული, რაც საჰაერო იერიშის დროს თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა ბერიას შიშით და პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული ადამიანები  უკან არაფერზე იხევდნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ მთელი ეს ოპერაცია საშინელი ყინვისა და თოვლის პირობებში ჩატარდა. „დიდ მიგრაციაში“ მონაწილე 15 ათასი ჩეკისტიდან, 380 მტრის მოგერიების დროს დაიღუპა და ბერიას წარდგენით 27 მათგანი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით. 11 ჩეკისტს კი გმირის ორდენები პირადად ბერიამ გადასცა თავის კაბინეტში. ბერიასავე ბრძანებით დაიხვრიტა 3 ჩეკისტი, რომლებმაც ვერ გაუძლეს დაძაბულობას და გაქცევა სცადეს... „ჩეკას“ შეფი არც სხვებს ზოგავდა და არც საკუთარ თავს. ამ ოპერაციის მსვლელობისას ლავრენტი პავლოვიჩს დღე-ღამეში 3-4 საათი ეძინა, ძირითადად კი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა და ამოწმებდა ოპერაციის მიმდინარეობას. ამ ოპერაციას ერთი ტრაგიკული ისტორიაც ახლდა თან: 24 ნოემბერს ბერიამ ტრაქტორმშენებელი ქარხნის დირექტორს, საველი ნოვიკოვს დაურეკა და უთხრა:
– საველი ანტონოვიჩ, ხვალ თქვენთან ჩემი საგანგებო ჯგუფი მოვა და თქვენი ქარხნის ევაკუაციას განახორციელებს ურალში. სამ დღეში ადგილზე იქნებით. ერთი დღე ქარხნის ახალ ადგილზე მონტაჟისთვის გეძლევათ, კიდევ სამი დღე სატრაქტორო ქარხნის სატანკო ქარხნად გადაწყობისთვის გექნებათ და, რომ გადაეწყობით, შემდგომი ორი დღის განმავლობაში უკვე ტანკების გამოშვება უნდა დაიწყოთ.
ნოვიკოვმა რომ გაიაზრა ბერიას სიტყვები მიუგო:
 – ლავრენტი პავლოვიჩ, ეს შეუძლებელია. ათ დღეში ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებთ, საამისოდ მინიმუმ ორი თვე მაინცაა საჭირო.
– თვლა აგერიათ, ნოვიკოვ! ათში კი არა, ცხრა დღეში. დრო ჩაირთო და იჩქარეთ! – მკაცრად უთხრა ბერიამ ნოვიკოვს და ტელეფონი გაუთიშა.
ბერიასთან საუბრის დასრულების შემდეგ ნოვიკოვმა პისტოლეტით მოიკლა თავი, მის მაგივრად დანიშნულმა ვასილ მაკაროვმა კი უკვე მეცხრე დღეს გამოუშვა პირველი ტანკი...
14 დეკემბერს ბერიამ პირადად უპატაკა სტალინს „დიდი მიგრაციის“ წარმატებით განხორციელების შესახებ და ბელადის მადლობაც დაიმსახურა...“

скачать dle 11.3