კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

ქრისტიანული ქორწინება
მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ როგორც ინსტინქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთოების ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს „ქორწინებითი კავშირის“ დასამყარებლად ამოძრავებს ზუსტად იგივე მიზნები, რაც ყველა სხვა ადამიანს. ეს მიზნები ეფუძნება მასში არსებული სამი სახის მისწრაფებას, ესენია: ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ცხოვრების თანამგზავრის ყოლის აუცილებლობა და შთამომავლობის დატოვების სურვილი. ეკლესია, თავის მხრივ, ქორწინების საიდუმლოში ლოცავს კავშირს თავისი შვილებისა, რომელთა ბუნების, ინსტინქტებისა თუ ქცევის გამომწვევ ფაქტორებს საერთოდ არ ცვლის, მაგრამ აკურთხებს წყვილს და მოაქცევს მას ქრისტესმიერი ცოლქმრული ცხოვრების ჩარჩოებში. ასეთი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა გადარჩენისა და განწმენდისა. ცხადია, კურთხეული ქორწინება უნდა იყოს სუფთა, თავისუფალი ყოველგვარი მწიკვლისაგან, რამაც, შესაძლებელია, შეაღწიოს ცოლქმრულ ურთიერთობებში საწინააღმდეგოდ ქრისტეს მცნებებისა და, მაშასადამე, საწინააღმდეგოდ ბუნების კანონებისა. დაოჯახებული ადამიანები არც ქორწინებაში ყოფნით და არც სხვა რაიმე მიზეზით არ თავისუფლდებიან თავიანთი მოვალეობისაგან – ეს არის გამუდმებითი სწრაფვა სულისა და სხეულის სისუფთავისკენ, განწმენდისკენ. ბუნებრივია, ამგვარი მისწრაფების მქონე მეუღლეები იდეალურ საფუძველს წარმოადგენენ, რათა ქრისტეს ეკლესიას შეჰმატონ ახალი წევრები – თავიანთი შვილები. მაგრამ ეს არ აკნინებს ქორწინების მაკუთრხებელი ეკლესიის მთავარ მიზანს – მიაღწიონ მეუღლეებმა სიწმიდეს.
არქიმანდრიტი ეპიფანე
თეოდოროპულოსი


სნეულებათა დათმენის შესახებ
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას – ჯადოქარ გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე! იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან, თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას, რამეთუ თუკი ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან – ჯადოქარ-გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა, რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი, მოჩვენებითი განკურნვისაგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს?! ან, რას მოვიგებთ, თუკი აქ, ამქვეყნიერ ცხოვრებაში წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშმაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?! გარნა გაიძახი, ძალზე მტანჯავს სასტიკი სნეულებაო, მაგრამ გაიხსენე იობი! ნუთუ მასზე მეტად იტანჯები? ნუთუ უფრო სასტიკი სნეულებანი გეკვეთა და ნუთუ მასზე მეტი დაკარგე?! ის შვიდი წელიწადი იწვა თავის საშინელ წყლულებაში და ერთხელაც არ უცდია, მოგვობით განეკურნა თავი. ასევე სახარების განრღვეულიც 38 წელიწადი იწვა უძლურებებით ვნებული და გრძნეულებს კი არ მიმართა დახმარებისთვის, არამედ სასოებით მოელოდა შეწევნას ღმერთისაგან, და აკი მიიღო კიდეც! ასევე გლახაკი ლაზარეც, მშიერი და სნეული, თავისი უძლურების მთელი წლების განმავლობაში მდიდრის კართან იწვა, ყველასაგან უგულებელყოფილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ ისე აღესრულა, რომ მოგვებისა და გრძნეულებისათვის არ მიუმართავს... ისინი ესოდენ დიდ სნეულებებს ითმენდნენ, ჩვენ კი ოდნავ თუ მოვუძლურდებით, უმალ მკურნალთ და მოგვებს ვეპატიჟებით სახლში!.. ჰოი, ძმებო, როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით, ასევე ადამიანიც ცოდვებისაგან განიწმინდება სნეულებათა დათმენით. გავიხსენოთ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოწაფენი, რომელთაც უდიდესი სატანჯველნი დაითმინეს, ისინი კი ღმერთის უდიდესი სათნომყოფელნი იყვნენ. ასე რომ, თუკი ვინმე ქვეყნიურ ცხოვრებაში დაითმენს უბედურებებსა და სნეულებებს, იცოდეთ, რომ უდიდეს საზღაურს მიიღებს ამისთვის ცათა სასუფეველში.
წმიდა იოანე ოქროპირი

წმიდა წერილის განმარტება

თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმიდა წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გადადოს მათში გარკვევა.
საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვარ შემთხვევებში მე სწორედ ასე ვიქცეოდი. როდესაც ახალგაზრდობაში სახარებას ვკითხულობდი და რაღაც ადგილი ჩემთვის გაუგებარი იყო, არ ვცდილობდი მის განმარტებას. ვფიქრობდი: „აქ რაღაც ღრმა აზრია დამარხული, მაგრამ მე ის არ მესმის“. შემდეგ კი, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა, განმარტება თავისთავად მოდიოდა, მაგრამ მე მაინც ვამბობდი: „მაინც ვკითხავ ვინმეს, როგორია ამ ადგილის განმარტება“ და აღმოჩნდებოდა, რომ სწორედ ისე გავიგე, როგორც წმიდა მამათა განმარტებებში იყო ნათქვამი, რადგან, თუ ვინმე ცდილობს (თვითნებურად) განმარტოს სახარება და, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ესმის ის, ეს უტიფრობაა. ამიტომ, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა კითხვისას ნუ განმარტავთ წაკითხულს გონების საშუალებით, არამედ კეთილი ზრახვები აამუშავეთ – მანამდე, ვიდრე საღმრთო კურთხევა არ მოვა და მაშინ რთული ადგილი თავისთავად აიხსნება.
მამა პაისი მთაწმინდელი

скачать dle 11.3