კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდითაა შესაძლებელი გამდიდრება ნებისმიერი ადამიანისთვის და ქართული ხასიათის რა თვისებები უშლის ხელს ფულის შოვნას

თუმცა ამბობენ, ფული ხელის ჭუჭყიაო, მაგრამ ფაქტია, რომ მეტად აუცილებელი, რადგან, რაც მეტად „ჭუჭყიანი“ ხელები აქვს ადამიანს, მით მარტივია მისი ცხოვრება. შესაბამისად, განსაკუთრებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფულის შოვნა ლამის ნომერ პირველი პრობლემაა. რა ტიპის უნარებია საჭირო გასამდიდრებლად, როგორი ადამიანები შოულობენ დიდ ფულს, ეს თანდაყოლილი მიდრეკილებაა თუ ამ თვისების შეძენა შესაძლებელია; ფული, მართლაც, ფულთან მიდის თუ ხელმოკლესა და უქონელსაც შეუძლია, გახდეს მდიდარი, –  კონკრეტულ რჩევებს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძისგან მოვისმენთ.
–  არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები, რომლებსაც გამოიყენებ და სურვილიც აგისრულდება, თუმცა არსებობს რაღაც წესები, რომელთა დაცვა გვეხმარება მიზნის მიღწევაში. შესაძლებელია, ადამიანი გამდიდრდეს გარკვეული მეთოდის გამოყენებით თუ სიღარიბე მაინც განაჩენია?
–  სიმდიდრე ფარდობითი ცნებაა: ვიღაცისთვის სიმდიდრე შესაძლოა, ერთი მილიარდი ან ერთი მილიონი იყოს, ვიღაცისთვის –  ათასი დოლარი თვეში. მოდი, ასე ვთქვათ, არის თუ არა შესაძლებელი ფინანსური შეძლება და დამოუკიდებლობა, თუ ამას განვსაზღვრავთ შემდეგნაირად. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფინანსები არ გიჭირს, გაქვს უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე სჭირდება შენს ბიოლოგიურ არსებობას, ყველა შენი საბაზისო მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, დაკავშირებული განათლებასთან, დაცულობასთან, დასვენება-მოგზაურობასთან, შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან, შემეცნებითი ინტერესების განვითარებასთან. ამ განმარტებით გასაგები ხდება სიმდიდრის ცნება. სიმდიდრე არ არის მხოლოდ ფული, სიმდიდრე არის ის, რაში ხარჯავ ფულს და რა სიკეთეს იღებ იქიდან.
თუ ასე შევხედავთ საკითხს, მაშინ ყველას, პენსიონერსაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანსაც, შეუძლია, ცხოვრების ისეთ დონეს მიაღწიოს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
– როგორ?
– ოღონდ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ორი რამ: ერთი, თუ ადამიანი ზოგავს. ჩინური ანდაზაა, თქვენ გგონიათ შემოსავლებშია სიმდიდრე? სიმდიდრე მოაქვს დაზოგვას. ესე იგი, პირველი პირობაა დაზოგვა, ანუ ფულის დაგროვება, ხოლო  მეორე პრინციპია დაგროვებულის ინვესტირება, საქმეში ჩადება. თუ ადამიანი ფულს აგროვებს და როდესაც ის ფული სათანადო ზღვარს მიაღწევს, ჩადებს იმ საქმეში, რომელსაც მოაქვს პასიური შემოსავალი, ადამიანი მიდის სიმდიდრისკენ. ამიტომ აგროვებს მთელი ამერიკა თანხას და შემდეგ დებს ფულს ფინანსურ ფონდებში, ანუ აბანდებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ამერიკაში ყოველ ოთხ წუთში ერთი მილიონერი.
– საქართველოშიცაა შესაძლებელი იგივე?
– რა თქმა უნდა, ყოველ ოთხ წუთში არა, მაგრამ აქაცაა შესაძლებელი დაზოგვაც და ინვესტირებაც. ინვესტიციები უნდა გააკეთო, შენი დანაზოგებიდან გამომდინარე.
დაზოგვისას მოქმედებს ჯერ კიდევ მოსესდროინდელი პრინციპი, რომ ყოველი შემოსავლიდან მეათედი უნდა გადაინახო. მართალია, იქ ლაპარაკი იყო შენატანზე სალოცავისთვის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მეათედი აღებულია იმიტომ, რომ ნებისმიერი თანხიდან მეათედის გადადება უმტკივნეულოდაა შესაძლებლი. ათი პროცენტის თეორია ძალიან მდგრადი თეორიაა და საუკუნეების განმავლობაში მუშაობს დაზოგვის სფეროში. ასე რომ, თუ გინდა სიმდიდრისკენ ნაბიჯის გადადგმა, დაზოგე და დანაზოგი შეინახე ისეთ ადგილას, სადაც მას დაემატება თანხა. ასეთი ადგილი ბანკია. მაგრამ გარკვეულ ზღვარს რომ მიაღწევ, უნდა დაიწყო ინვესტირება, ანუ ამ დაზოგილის საქმეში ჩადება. ცხოვრება მრავალფეროვანია და მზა რეცეპტს ვერავის უკარნახებ, მაგრამ ცხოვრება ბევრ შანსს იძლევა და ამას დანახვა უნდა. უნდა მიდგე-მოდგე და დაინახავ.
ინვესტირებასაც აქვს თავისი პრინციპი: თუ თანხის დაზოგვის დროს მუშაობს 10 პროცენტის გადადების პრინციპი, ინვესტირებისას მუშაობს 20-80-ზე პრინციპი. ანუ შენი შემოსავლიდან 20 პროცენტს დებ ინვესტირების ფონდში, დანარჩენ 80 პროცენტს ხარჯავ შენი სურვილისამებრ.
– ფულის ხარჯვას არ აქვს თავისი პრინციპები? როგორც მივხვდი, ხელგაშლილობა არ არის გამდიდრების საშუალება.
– ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ამაზე. ჯამში, გამოდის, რომ ნებისმიერი შემოსავლიდან 30 პროცენტი უნდა გადადო. 10 პროცენტი დაზოგვებსა და 20 პროცენტი –  საინვესტიციო ფონდში, დანარჩენი 70 პროცენტი კი უნდა დახარჯო. ეს არის სიმდიდრისკენ სვლის ძირითადი პრინციპი.
ამას გარდა, არის ფინანსური დამოუკიდებლობის მეორე პრინციპიც: ის ეხება დანახარჯებს. ჩვენ გვაქვს საჭიროებანი და სურვილები. საჭიროებანი არის ის, რაც აუცილებელია არსებობისთვის ფიზიკურად და სოციალურად. მაგალითად, თუ ავად ხარ, უნდა იყიდო წამალი. პრინციპი ასეთია: ფული დახარჯე ჯერ საჭიროებებში და რაც დაგრჩება, დახარჯე სიამოვნებაში. რომ შევაჯამოთ: შემოგივიდა შემოსავალი? იქიდან 10 პროცენტი დახარჯე დაზოგვებში, 20 პროცენტი ინვესტიციაში, დარჩენილი 70 პროცენტიდან, უპირველესად, დახარჯე საჭიროებისთვის და მერე გაიმეტე სურვილებისთვის. პრინციპში, რაც მე ვთქვი, დამახასიათებელია მეწარმის, სამეწარმეოდ განწყობილი ადამიანის აზროვნებისთვის. 20-80-ზე პრინციპს უწოდებენ მილიონერთა აზროვნებას, ასე წერია წიგნებში. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა ადამიანი პოტენციალური მეწარმეა, რადგან ის აწარმოებს თავის თავის ცხოვრებას და ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა მიბაძოს მეწარმეს, რომ დაიწყოს ზრუნვა საკუთარი ცხოვრების აგებაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანთა უმეტესობა ორიენტირებულია, მოეწყოს სამსახურში და ჰქონდეს გარანტირებული ხელფასი.
– რომ შემდეგ გამოიტანოს სესხი და იყიდოს მანქანა ან ბინა.
– ამ დროს სიმდიდრისკენ სავალი გზა არის არა სხვის მიერ დასაქმება, არამედ თვითდასაქმება, რომ შენ თვითონ შექმნა შენი შემოსავლების წყარო და დაგროვების მექანიზმი, რაც შენს ხელშია.
– ჩვენს რეალობაში შესაძლებელია თვითდასაქმებით გამდიდრება?
– რა, არ არსებობენ მილიონრები? საკმაოდ ბევრნი არიან და მათ ეს შეძლეს. ბუნებრივია, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელიც, ჯერ ერთი, ჩამორჩენილია მრავალმხრივ და ამავე დროს კორუფციის დონე მაინც მაღალია, რაც უნდა მოსპონ. ვგულისხმობ არაკანონიერ დაგროვებას...
– მეც ეგ ვთქვი, ჩვენთან გამდიდრებული ადამიანების უმეტესობამ მომენტით ისარგებლა და ისინი არ მიჰყოლიან გამდიდრების იმ სქემას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ.
– მაგრამ მაინც, ვინც არის, ვერ გაექცეოდა იმ კანონებს, რაც მე გითხარით. ვინც კორუფციაშია და ფლანგა, უკვე გაკორტდა, ვინც შემორჩა, მათგან ბევრი წილებს სხვადასხვა ადგილას დებს, საიდანაც შესდით შემოსავლები და მუდმივად ემატება მათ ყულაბას ფული. ჩვენ ამას წილებს ვეძახით, მაგრამ საქმეში ფულის ჩადებაც წილების შექმნაა. არადა მხოლოდ ხელფასზე დამოკიდებული ხალხი ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო. მათ თვიდან თვემდე აზროვნება ახასიათებთ, არაფერს ინახავენ და ეს ძალიან ცუდია. ერთი ძალიან ცნობილი ეკონომისტის თეორიის თანახმად, დაზოგვა იწყება მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე მატულობს. იმიტომ რომ, თუ ცხოვრების დონე იმატებს, ადამიანები ქვეცნობიერად იწყებენ ცხოვრების დონის სამომავლო ამაღლების ერთგვარ დაფინანსებას. ინვესტიციას დებენ უკეთეს ხვალინდელ მომავალში, ხოლო, თუ ცხოვრების დონე იკლებს, ინფლაციის ან სხვა მიზეზით, ადამიანები თავს იკავებენ დაზოგვებისგან, ანუ ისინი ქვეცნობიერად არ აფინანსებენ ცუდად ყოფნას. სინამდვილეში სწორი ნაბიჯი სხვანაირია: ზუსტად მაშინ, როდესაც გიჭირს, უნდა გადაინახო, რომ ხვალინდელი დღის უკეთესი შანსი გააჩინო. შენი გადარჩენისთვის უთავბოლოდ კი არ უნდა ხარჯო, არამედ, პირიქით, გეგმაზომიერად უნდა იყო მომჭირნე და მომჭირნეობა არ ნიშნავს სიძუნწეს. მომჭირნეობა ნიშნავს სწორად ხარჯვას და ზუსტად მაშინ, როდესაც გაჭირვების პერიოდი გაქვს, უნდა გადაინახო ფული მომჭირნეობის ხარჯზე და გადარჩენის უფრო მეტი შანსი გიჩნდება, ვიდრე მაშინ, უთავბოლოდ რომ დაგეხარჯა. ბუნებრივია, ღარიბი ნაკლებს დაზოგავს, მდიდარი –  მეტს, რადგან იმ ათ პროცენტში სხვადასხვა ოდენობის ფული მოხვდება, მაგრამ, რაც მთავარია, ეს მაინც შესაძლებელია. თვით მათხოვარსაც კი, თუ 5 ლარი შემოუვიდა დღეში, შეუძლია, 50 თეთრი შეინახოს: გინდა, ოთხ-ნახევარი დაუხარჯავს, გინდა, 5 ლარი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– მაგრამ ის 50 თეთრი რაში გამოადგება თუ მაინც გამოადგება?
– ის ათ დღეში უკვე ერთი დღის ხუთ ლარს ქმნის, ანუ ერთი დღის მეტი შემოსავალი ექნება: ათი დღის შემოსავლის ნაცვლად 11 დღის შემოსავალს მიიღებს, თუ თვეებზე გადავიტანთ, 12 თვის ნაცვლად 13 თვე გამოუვა.
– ჩვენი ხასიათის თვისებები, მათ შორის, ხელგაშლილობა, არ ეწინააღმდეგება გამდიდრების ფორმულას?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ხასიათის ეს თვისებები ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკასაც, ვგულისხმობ ინდივიდუალურ ქცევას. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვართ, როდესაც შეგვიძლია, დავაგროვოთ, განსხვავებით ფეოდალიზმისა თუ მონათმფლობელობისგან. მეტიც, ჩემი აზრით, მათხოვრობაც ბიზნესია. მათხოვარი ადამიანს ახდევინებს ფულს იმაში, რომ იმ ადამიანმა დაიკმაყოფილოს თავისი სურვილი, იყოს კარგი ადამიანი. ამდენად, მათხოვარი ეხმარება ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ მან სიკეთე გააკეთოს, მათხოვარი კი სარგებელს იღებს და ესეც თავისებური ბიზნესია. მე მათ ვუყურებ, როგორც ბიზნესმენებს. ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მათხოვრობენ, შეიძლება, ძალიან საინტერესო იდეები გაუჩნდეთ და როდესაც გაიზრდებიან, ბიზნესმენებად მოგვევლინონ.
– კიდევ რა უშლის ხელს ადამიანებს ფულის შოვნა-მოპოვებაში?
– ადამიანს ძირითადი მტერი სიმდიდრის წინააღმდეგ საკუთარი თავის შიგნით ჰყავს. ადამიანთა უმეტესობას სიმდიდრე არ უნდა რაღაც სტერეოტიპების გამო, მაგალითად, ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ და მეც ღარიბი უნდა ვიყოო. ასეთი შინაგანი დაშვება, შინაგანი რწმენა მოქმედებს ადამიანზე. თუ ფიქრობ, რომ ფული ხელის ჭუჭყი და სიბინძურეა, ერთი მხრივ, გექნება სწარფვა ფულისკენ, იმიტომ რომ, გჭირდება და, მეორე მხრივ, არ გინდა ფული, იმიტომ რომ, ცუდის სათავეა. ათასნაირი რწმენაა, რომელიც არა მხოლოდ სიტყვებთან, ანუ ენობრივ კლიშეებთანაა დაკავშირებული, არამედ ადამიანებს შინაგანი რწმენების სახით აქვთ. მაგალითად, ეგღა მაკლია, კომერცია დავიწყო, ვაჭარი ხომ არ ვარ. გამდიდრება კი შესაძლებელია მხოლოდ კომერციით, რაღაც უნდა გაყიდო, გაცვალო. თუ იმთავითვე ამბობ, რომ ეს ვაჭრუკანობაა, თავად ბლოკავ შენს თავს, რომ შემოსავლები არ გაგეზარდოს.
მეორე წინააღმდეგობა შეიძლება, იყოს დაშვება, რომ დიდი ფული მოდის მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომითა და ჭაპანწყვეტით და ადამიანმა თუ წელებზე ფეხი არ დაიდგა, ფულს ვერ იშოვის. ადამიანს არ უნდა წელებზე ფეხის დადგმა და ამიტომ ფულს არ შოულობს. სინამდვილეში კი ასე არ არის, ფული ხანდახან კეთდება ძალიან ადვილად. ადამიანებს აზრად არ მოსდით, მაგრამ ინტერნეტი ფულის კეთების საუკეთესო საშუალებაა. ბილ გეითსი სულ ამას ამბობს, მაგრამ არავინ უჯერებს. ერთი სიტყვით, ასეთი დაშვებები: ფული ხელის ჭუჭყია; მხოლოდ კატორღული შრომით შეიძლება, ფულის შოვნა; ფული აქვთ მხოლოდ თაღლითებსა და უწესოებს და ასე შემდეგ, ხელს უშლის ადამიანებს. ამრიგად, ვისაც უნდა მსვლელობა მატერიალური კეთილდღეობისკენ, ნომერი პირველი ნაბიჯია, ამ შემაკავებელი დაშვებების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს ფულად სამყაროში. წარმოიდგინეთ, ბევრს გაცნობიერებული არ აქვს, რას ნიშნავს, როდესაც სამსახურს ვერ პოულობს ადამიანი. არადა, ეს ნიშნავს, რომ შენ არ სჭირდები საზოგადოებას, არ გაქვს ფასი და ამიტომ უნდა დაიწყო ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გაყიდო შენი თავი. ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს უბრალოდ, მოცემულობაა. ჩვენ თავს ვყიდით და იმდენი ვღირვართ, რამდენიც გვაქვს ხელფასი. ამდენად, მუდმივად უნდა სრულყო საკუთარი თავი, რომ უფრო მეტი ღირდე. ხოლო მეტი რომ ღირდე, შინაგანი ბორკილები და მარწუხები, რაც გბლოკავს ფინანსური ურთიერთობის სფეროში, უნდა მოიხსნა. ადამიანი ვერ გამოდის საკუთარი დაშვებებიდან, ამიტომ დაბლოკილია ფინანსური სამყაროსადმი; ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერ ქორწინდება ფინანსურ სამყაროზე. ასე რომ, სიმდიდრის ერთ-ერთი წყაროა შენი შინაგანი ბლოკების, შეზღუდვების მოხსნა და ამის შემდეგ სწორი სტრატეგიით მოქმედება დაზოგვებითა და ინვესტიციებით. ესე იგი, სამი ნაბიჯია: მოხსენი შინაგანი ბლოკი, დაიწყე დაზოგვა და დაიწყე ინვესტიცია. თუმცა ეს ზოგადი პრინციპია, თითოეულს თავისი გზა აქვა, ინდივიდუალობიდან გამომდინარე; მაგრამ ეს უკვე დეტალებია, მე ვილაპარაკე ზოგად პრინციპზე.

скачать dle 11.3