კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქცევდნენ ქართველები მტერს ზურგს

ჩინგიზ ყაენის სიკვდილის მერე, მონღოლთა იმპერიაში ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი სახელმწიფო, რომლებსაც მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან. ჩინგიზ ყაენის მეორე შვილს, ჩაღატას, ერგო შუა აზია; დიდი მონღოლეთის დიდი ყაენი გახდა უგედეი – ჩინგიზ ყაენის მესამე შვილი; ოქროს ურდო, რუსეთსა და ჩრდილო კავკასიაში, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის მემკვიდრეობის საფუძველზე, დააარსა ბათო ჯუჩის ძემ; ხოლო ჩვენს მახლობლად, ირანში და მის გარშემო ტერიტორიებზე ჩინგიზის უმცროსი შვილის, თოლუის ვაჟმა, ჰულაგუმ დააარსა თავისი საილხანო, ანუ სახელმწიფო.
1260-იანი წლებიდან მონღოლთა დიდ იმპერიაში დაიწყო ურთიერთდაპირისპირება. სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში ქართველებიც იხოცებოდნენ.
1265-1266 წლებში ჩაღატას ულუსის ყაენი გახდა ჩაღატას შთამომავალი – ბარახა, რომელმაც ხელისუფლება წაართვა თავის ბიძაშვილს. ბარახა ყაენს მალე გამოუჩნდა კონკურენტი უგედეი ყაენის შვილიშვილის, ქაიდუს (ჰაიდუს) სახით და მათ შორის ბრძოლები გაიმართა. ქაიდუს მხარი დაუჭირა ბათოს შვილმა, ოქროს ურდოს ყაენმა, მენგუ თემურმა. მან თავისი ბიძა, ბერქეჩარი, 50 000-კაციანი არმიით დაახმარა ქაიდუს.
1268-1269 წლებში, ყურულთაიზე (უფლისწულების შეკრებაზე) გადაწყდა, ბარახას მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების ნაწილი გადასცემოდა ქაიდუს, ნაწილი კი – მანგუ-თემურს. ბარახას დაუტოვეს ტერიტორიის ნაწილი, ჩაღატას – სახელმწიფო სამართავად.
ბარახა გაუმეზობლდა საილხანოს, რომელსაც ამ დროს (1262 წლიდან) მართავდა ჰულაგუს შვილი – აბაღა ყაენი.
ბარახამ და ქაიდუმ ელჩი გაგზავნეს აბაღასთან, რათა თავისი წილი ხარაჯისა მიეღოთ. იმ დროს ჯერ კიდევ მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით, ყველა ჩინგიზიდ უფლისწულს, ყოველი დაპყრობილი ტერიტორიებიდან შეეძლო აეღო ხარაჯა, მიუხედავად იმისა, ვინ მართავდა აღნიშნულ ტერიტორიას. ელჩმა კარგად დაზვერა საილხანო და საჭირო ცნობებით დაბრუნდა უკან.
მალე ილხან აბაღას მოუვიდა ცნობა ხორასნიდან, გზის მცველთაგან, რომ თურანის, შუა აზიის, ჩაღატას ულუსიდან დაიძრა ყაენ ბარახას დიდი არმია და უამრავი ლაშქრით გადმოვიდა ჯეონს, მდინარე ამუდარიას. ბარახა გამოსული იყო თავისი ძმასთან, თეგუდართან შეთანხმების შესაბამისად, რომელიც შეფარებული ჰყავდა დავით ნარინს აფხაზეთში, ქუთათისთან ახლოს, მაგრამ, მთვარის კალენდრით ორი კვირით შეცდომა დაუშვეს შეთქმულებმა, ბარახამ დააგვიანა და მას თეგუდარის გარდახვეწა აუწყეს.
აბაღას ძალიან გაუკვირდა – არ მოელოდა ამას. მან ბრძანა ჯარის შეკრება და თავისი ვასალებიც მოიწვია, მათ შორის დავით ულუ. დავით ლაშას ძე გარდაცვლილ შვილს, უფლისწულ გიორგის გლოვობდა, მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა, წავიდა აბაღას მისაშველებლად თავის ჯარით.
გაემგზავრნენ ხორასნისკენ – ესაა ისტორიული ოლქი შუა აღმოსავლეთში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი, თურქმენეთის სამხრეთი, ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთი) და მივიდნენ ჰერს (ქალაქი ჰერათი, ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში). „ამოსის მინდორში“ მიუახლოვდნენ ერთმანეთს თათარ-მონღოლთა ორი სახელმწიფოს არმიები. მეფე დავითი და მისი ჯარი ყაენმა გაგზავნა წინ, რათა მისი ძირითადი ნაწილი ბარახას უეცარი თავდასხმისგან დაეცვა. დავით მეფესთან ერთად სხვა ნოინებიც გაგზავნა აბაღამ და უბრძანა მათ, რომ იხილავთ ბარახას ჯარს, უკან დაიხიეთ და მაცნობეთო. ასეთ წინაგაწყობილ ჯარს მონღოლები „ყარაულს” უწოდებდნენ, თურმე. ეს სახელიც – ყარაული, დარაჯის აღმნიშვნელი, ეტყობა, მონღოლურიდან შემოვიდა ქართულ ენაში.
ლაშას ძე, ქართული ჯარი და აბაღას თათარი ყარაულები ორი დღის განმავლობაში მიდიოდნენ წინ. ერთ დილასაც, 1270 წლის 22 ივლისს, იხილეს, ამოსის დიდ მინდორზე დიდი მტვერი ასულიყო ცაში, ვითარცა ღრუბელი და, მიხვდნენ, ბარახას არმია მოდიოდა.
შეიკაზმნენ მეფე და აბაღას ნოინი სიქადური. სიქადურს, ბარახას მრავალრიცხოვანი ჯარის შიშითა და ყაენ აბაღას ბრძანების შესაბამისად, უკან დახევა და მთავარ ბანაკში დაბრუნება უნდოდა. უთხრა ჩვენს მეფეს: „ჩვენ ყარაულები ვართ, თან – ცოტანი. წავიდეთ ყაენთან და ვაცნობოთ მტრის მოსვლა“.
ქართველთა მეფემ უპასუხა:
„არ არის ქართველთა წესი, დავინახოთ მტერი ჩვენ წინ მომავალი და შეუბმელად ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი გველოდეს!“
გაუკვირდათ ამის მოსმენა თათრებს, თან გაბრაზდნენ, შემოეხვივნენ ჩვენს მეფეს და უთხრეს:
„არ იცი, რას აკეთებ; არ გაქვს ბრძანება აბაღასი, მის გარეშე შეებრძოლო ყაენ ბარახას. თქვენ, ქართველები, უცნობონი ხართ და არ იცით საქმე“. ბევრი ევედრნენ მეფეს, უკან დავიხიოთო, აფრთხილებდნენ, დაგსჯის ამის გამო აბაღა ყაენიო, მაგრამ ვერ დაარწმუნეს.
ვეღარ მიატოვეს ქართველები ვაჟკაცმა მონღოლმა ყარაულებმა, გაგზავნეს მაცნე აბაღა ყაენთან და შეუთვალეს:
„მოვიდა ბარახა ყაენი დიდი ლაშქრით, ჩვენ ვხედავთ მტვერს დიდი ამოსის ველზე, რომელიც სრულიად დააბნელა. შენი ბრძანების შესაბამისად, გვინდა უკან დავიხიოთ და შემოგიერთდეთ, მაგრამ, უგუნური ქართველები, გონება დაკარგულები, არ იხევენ უკან ჩვენთან ერთად. გვეუბნებიან, არ გვაქვს წესად, როცა მტერს ვხედავთ, უკან დავიხიოთო. ახლა შენ, ყაენო, თუ მოხვალ და განაგებ საქმეს, ჩვენ გავწირავთ თავს სასიკვდილოდ. ისწრაფე ჩვენს დასახმარებლად“.
რომ მიიღო აბაღამ ცნობა, გაუკვირდა და სწრაფი მარშით მიადგა საომრად გაწყობილ ქართულ ნაწილებსა და მის მიერ ყარაულად გაგზავნილ დანაყოფებს. გამოიძახა ჩვენი მეფე და უთხრა:
„ვიცი თქვენი სიმხნე ბრძოლაში. თქვენ ქართველები, ურჩები ხართ და შმაგნი. ეს რომ რომელიმე ნოინს ექნა, მოვკლავდი. მაგრამ, ბრალს არ წაგიყენებ, რადგან არ იცით ჩვენი წესები. ახლა დადექი წინა ხაზზე შენი ჯარით.“
ლაშა-გიორგის ძე ჩამოხტა ცხენიდან, თაყვანი სცა ყაენს და უთხრა:
„დიდი ყაენო, არა გვაქვს წესად ქართველებს, მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ. ახლა იხილოს ყაენის ბედნიერმა თვალებმა, როგორ დავდებთ თავს სასიკვდილოდ!“
ქართული ნაწილები დაეწყვნენ წინა ხაზზე, ცენტრში. აბათა ნოინი, მონღოლთა მხედართმთავარი, მარცხენა ფლანგზე დადგა. დიდი სირმონ ნოინიც მარცხენა ფლანგზე განეწყო. სიქადური, ტონღა ბუღა, ჯინილისი, არღუნ აღა და იას ბუღა მარჯვენა ფლანგზე განლაგდნენ. სხვა ნოინები დააყენეს მარჯვნივ და მარცხნივ.
ასევე რაზმ-წყობილი მოადგა ბარახას არმიაც.
მონღოლთა ჯარში გამოჩნდა საოცარი კაცი, სახელით ალიყან, ასისთავი, უბრალო გვარის წარმომადგენელი, ტანით დიდი და ახოვანი, ძალიან ძლიერი და უშიში. მან სთხოვა აბათა ნოინს, წინამბრძოლად გაეშვა. აბათა დათანხმდა.
სასტიკი ომი იყო, ალიყანმა შეუტია ბარახას მოწინავეებს, გააპო რაზმი და გაიარა შუაში „ალა-ალას” ძახილით, მერე უკან წამოვიდა იმგვარადვე. ასე მოიქცა მეორედაც.
ქართველებიც ძლიერად იბრძოდნენ. არ შეირცხვინა თავი გიორგის ძემ, არც მისმა ჯარმა. თვითონ აბაღა ყაენი ხედავდა, რომ თათართა ჯარების წინამბრძოლებზე ადრე ქართველებმა შეუტიეს ბარახას ჯარს და უკან დაახევინეს, გააქციეს.
აბათა ნოინიც გმირულად იბრძოდა. ბრძოლის დროს სრულად შეჭურვილი კაცი აიყვანა უნაგირიდან, დაიწვინა ტახტაზე და შეტაკების დასასრულამდე ასე ჰყავდა, როგორც არწივს კაკაბი.
სირმონ ნოინიც ძლიერად იბრძოდა.
ბარახა ყაენმა შეუტია მარჯვნიდან აბაღას ჯარს, სიქადურს, ტონღა ბუღას, ჯინილისა და არღუნ აღას და უკან დაახევინა. აბაღა მის სხვა რაზმებს დევნიდა ორი დღე. რაზმთა სიგრძის გამო, არ იცოდნენ დაპირისპირებულმა ჩინგიზიდმა ყაენებმა, რა მოხდა მთავარ ბანაკებში. ამასობაში ბარახამ გაიგო მისი სხვა რაზმების დამარცხება და დაბრუნდა უკან. დაბრუნდა უკან აბაღაც თავისი ნაწილებით. გადაჯგუფდნენ და ისევ დაეწყვნენ ერთმანეთის პირისპირ.
აბათა ნოინი გადავიდა შეტევაზე და  მიმართა პირდაპირ ბარახა ყაენისაკენ, მარტომ. აბათა ნოინი ყოფილა ახოვანი, მხარბეჭიანი, განიერმკერდიანი, ლომის მსგავსი, ძლიერი შემმართებელი და კეთილი. მისმა ნაწილებმა გააქციეს და ამოწყვიტეს ურიცხვი მტერი.
ამ ბრძოლაში ცხენიდან გადმოვარდა ბარახა ყაენი, დაიმტვრა და დაკოჭლდა. მას შემდეგ საკაცით დაჰყავდათ.
გამარჯვებული აბაღა დაბრუნდა თავის დედაქალაქში. სხვის ბრძოლაში სახელმოხვეჭილი ჩვენი წინაპრებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

скачать dle 11.3