კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვთ თანამედროვე ადამიანებს მიცვალებულთა მოხსენიებასთან არასწორი დამოკიდებულება და როგორ გრძნობენ და ხედავენ გარდაცვლილები ცოცხალ ახლობლებს

დიდმარხვაში ზედიზედ 3 შაბათს მიცვალებულთა მოსახსენიებლად პანაშვიდები იხდება, წირვა ტარდება. თუმცა, ყოველი შაბათი ეკლესიაში მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ არის დაწესებული. ამიტომაც, ადამიანი მარხვას იწყებს იმის გააზრებითა და გაცნობიერებით, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულზე იზრუნებს, არამედ თავის მიცვალებულებზეც. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 – მამაო, დიდმარხვაში ზედიზედ სამი შაბათი მიცვალებულების დღეა. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მიცვალებულების მოხსენიებას, რით ვეხმარებით მათ გარდაცვლილ სულებს?
– მიცვალებულების მოხსენიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი მიიცვალნენ, ამ ქვეყანაზე აღარ არიან, მაგრამ, სულიერად მაინც განაგრძობენ არსებობას. შესაბამისად‚ ჩვენსა და მათ შორის კავშირი ყოველთვის უწყვეტია. ეს კი გამოიხატება ქრისტიანულ სწავლებაში, ანუ ლოცვით მდგომარეობაში. ჩვენი სარწმუნოება, კარგი საქმეები, პირდაპირპროპორციულია ჩვენი მიცვალებულების სულებთან ანუ, ის თუ როგორ ვცხოვრობთ  აქ და როგორი ქრისტიანები ვართ. ადამიანმა‚ შეიძლება‚ მიცვალებულისთვის ბევრი რამ გააკეთოს, საკურთხი მიიტანოს ეკლესიაში, სასულიერო პირს გადაახდევინოს პანაშვიდი. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულ მდგომარეობად დარჩება‚ თუ მასში ადამიანი სარწმუნოებით არ მონაწილეობს. ადამიანი მარხვას იწყებს იმის გააზრებით და გაცნობიერებით, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულზე იზრუნებს, არამედ თავის მიცვალებულებზეც. მარხვა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ცოდვების შეგნება, გაცნობიერება, გამოსწორება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. იმავდროულად, ჩვენს მიცვალებულებთან გაძლიერებული სულიერი კავშირით ვიწყებთ მარხვას, რადგან ამქვეყნად დარჩენილ და იმქვეყნად გადასულ ადამიანებს შორის კავშირი უწყვეტია და ყოველთვის არსებობდა. ყველა ქრისტიანი კარგად აცნობიერებს, რომ როგორც არ უნდა ცხოვრობდეს და რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს ამქვეყანად, ადრე თუ გვიან, ის მაინც იმ სამყაროში გადავა, სადაც გარდაცვლილები ცხოვრობენ: ეს იქნება ან ღვთის წიაღი, სრული ნეტარება; ან სატანჯველი, გამომდინარე იქიდან, ამქვეყნად როგორ ცხოვრობდა. ამიტომ, მიცვალებულებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ აქტი კი არ არის, არამედ ჩვენი კეთილი ნება, ზრუნვა, რომელსაც მათი სულების საოხად აღვასრულებთ. ეს ადამიანს კიდევ ერთხელ დააფიქრებს თავის ცხოვრებაზე, აწმყოზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლისთვის მკვდარი არავინაა, უფლის წინაშე  ყველა ცოცხალია. უბრალოდ, ერთნი აქ ვართ და მეორენი წუთისოფლიდან არიან გასულები და სულიერად აგრძელებენ ცხოვრებას. ასე რომ, ის კავშირი, რომელიც ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის არსებობს, მეორედ მოსვლამდე, საყოველთაო განსჯამდე შენარჩუნდება. ამიტომ, სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, გარდაცვლილებზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. მათ სახელზე უნდა ვილოცოთ, აღვასრულოთ ქველი საქმეები. მოვიხსენიოთ, მათ სახელზე აღვასრულოთ წირვები, პანაშვიდები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, არამედ მათზეც. დედაეკლესია არ შედგება მხოლოდ ცოცხალი ადამიანებისგან, ის შედგება გარდაცვლილებისგანაც და ჩვენ, ყველანი ერთმანეთზე ვზრუნავთ: ცოცხლები – მიცვალებულებზე, ხოლო მიცვალებულები – ცოცხლებზე.
– ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რამდენ საკვებს მოამზადებენ მიცვალებულის ქელეხში, ან მის მოსახსენიებელ დღეებში. დიდმარხვაში მიცვალებულის დღეებშიც მიაქვთ ეკლესიაში სხვადასხვა სახის საკვები. ეს თუ არის სწორი, ან როგორ უნდა მოექცეს ადამიანი ამ საკვებს, ანუ საკურთხს, როგორც მას ვეძახით?
– გარდაცვლილებს არ აქვთ მატერიალური მოთხოვნილებები, არ სჭირდებათ საკვები. უბრალოდ, ამ ყველაფერს მოწყალების სახე აქვს და ეს აღესრულება ჩვენი მიცვალებულების სულების საოხად, მოსახსენებლად. ის ტრაპეზი, რომელიც ეკლესიაში მსახურებაზე მიგვაქვს, მოხმარდება მღვდელს, ასევე, შეჭირვებულ, უსახსრო ადამიანებს. ეკლესიის წიაღში ეს ყველაფერი იმიტომ არსებობს, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი ზრუნავს მიცვალებულზე და შემდეგ, საკუთარი მიცვალებულების პატივისცემით, ეხმარება სხვებსაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიცვალებულთა მოხსენიების მიმართ არასწორი მიდგომა გვაქვს. არ ვიცით, მათ როგორ შევეწიოთ, როგორ ვილოცოთ მათთვის. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები მისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რაც, ძირითადად, მატერიალური შეწევნით გამოიხატება. უკეთებენ დიდ სუფრას, ძვირფას საფლავს, ყველაფერი პომპეზურია. რაც შეეხება მის სულზე ზრუნვას, ეს, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი ხდება.  ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მთელი ცხოვრება თუ არა, 40 დღის განმავლობაში მაინც ახლობლისთვის მხოლოდ პანაშვიდები კი არ უნდა გადავიხადოთ, მოსახსენებლები კი არ უნდა დავაგზავნოთ საკურთხეველში, თავადაც უნდა ვლოცულობდეთ მისთვის. ხშირად ისე ხდება, რომ პანაშვიდზე არ მოდიან ეკლესიაში, მოსახსენებელში ჩამოწერენ გარდაცვლილების სახელებს და მეზობლებს ატანენ: მამაო მოიხსენიებსო. მამაომ შეიძლება, ის მოიხსენიოს, ან არც მოიხსენიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ, თუ შენ გინდა, ამ ადამიანს დაეხმარო, ეს თავად უნდა აღასრულო, თავად უნდა ილოცო მისთვის, რადგან ღმერთი ჩვენგან ელოდება სიყვარულს, გვერდში დგომის მაგალითს. ადამიანი, ამქვეყნიდან გადის, ის ინდივიდი იყო და იმქვეყნადაც ინდივიდად რჩება. მას ხუთივე გრძნობა, რომელიც დედამიწაზე ადამიანად აქცევს, გარდაცვალების შემდეგაც, არა მხოლოდ უნარჩუნდება, არამედ უათმაგდება კიდეც. უფრო უკეთესად ხედავენ ყველაფერს, შეიგრძნობენ. ისინი ისევ ცოცხლები არიან და ყველას ხედავენ. ნათესავებსაც გრძნობენ, შვილებსაც – ყველას, უბრალოდ, ფიზიკური მოთხოვნილებები არ აქვთ. თუ ჩვენ მათზე ისე არ ვზრუნავთ, როგორც საჭიროა, ისინი ამას გრძნობენ, ხედავენ. ამიტომაც მათ სახელზე გაცემული მოწყალება, აღსრულებული ლოცვა პირდაპირ მოქმედებს მათ სულებზე. რაც შეეხება დიდმარხვის შაბათებს, როდესაც მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია, ამ დროს ადამიანი მხოლოდ მარხვით არ უნდა შემოიფარგლოს. მან უნდა იფიქროს ცოდვებზე, გააცნობიეროს, დაამარცხოს საკუთარ თავში არსებული პატარა დემონები ცოდვების სახით. ის, იმავდროულად, დაფიქრდება თავის გარდაცვლილ ახლობლებზე და უფრო გულით ილოცებს მათთვის, რადგანაც მათაც იგივე პრობლემები ჰქონდათ და ბევრი იმქვეყნად ცოდვებით დამძიმებული წავიდა. ყოველი შაბათი მიცვალებულების დღეა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ადამიანს სურს, სხვა დღეს გადაუხადოს თავის მიცვალებულს პანაშვიდი, ეს არ უნდა გააკეთოს. როცა ადამიანს ნათესავი, მეუღლე, შვილი გარდაეცვლება, რომელიც უყვარდა, ცდილობს‚ სიყვარულის ის მჭიდრო კავშირი, რომელიც მის მიმართ ცხოვრებაში ჰქონდა, არ დაკარგოს. სულიერი კავშირი მართლაც აშკარაა და ყოველთვის ვგრძნობთ მიცვალებულების მხრიდან და ისინი – ჩვენი მხრიდან. შესაბამისად‚ ეს კავშირი არ უნდა დაიკარგოს და თუ ადამიანი მოახერხებს, რომ გარდაცვალების შემდეგაც თავისი მიცვალებულის მიმართ იგივე ზრუნვა, სიყვარული გამოამჟღავნოს, ამას რა ჯობია.

скачать dle 11.3