კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-12(795)

 ***
თურქეთის ევრაზიული ქალაქიდან რატი ზუსტად სამოცდათორმეტი საათის შემდეგ დაბრუნდა საქართველოს დედაქალაქში. სტამბულის აეროპორტიდან ის ალი აგაჯანმა გამოაცილა, მაგრამ თბილისში აღარ გამოჰყოლია და გამომშვიდობებისას უთხრა:
– ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მისტერ ლომიძე. ბოდიშს გიხდით, თუკი ღირსეული მასპინძლობა ვერ გაგიწიეთ.
– რას ბრძანებთ, მისტერ აგაჯან. პირიქით, ბრწყინვალე მასპინძელი იყავით. ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას გიხდით, – მიუგო რატიმ.
– მოხარული ვარ, რომ კმაყოფილი დარჩით სტამბულში სტუმრობით. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის, – უთხრა თურქმა რატის და მაგრად ჩამოართვა ხელი, რაზეც რატიმ გაიფიქრა: „არა, რა, ეს აგაჯანი სპეცს უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატს. ეტყობა, რომ „ნაკაჩავებია“. ძლიერი ხელი აქვს და, ვინ იცის, ვინ არის“.
ამჯერად რატიმ უკვე ეკონომკლასით იფრინა თბილისამდე, თუმცა, საერთო რეგისტრაცია არც სტამბოლში გაუვლია და აგაჯანმა ის მანქანით მიიყვანა თვითმფრინავამდე. „ბოინგის“ სალონში კი რატის გვერდით ვიღაც ათლეტი მამაკაცი მგზავრობდა და პეტრიაშვილმა ის მის ფარულ გამყოლად ჩათვალა, რომელსაც „ობიექტი“ (რატი) თბილისამდე უნდა ჩაეცილებინა და მგზავრობის პერიოდში დაჰკვირვებოდა მას. ათლეტს მთელი ფრენის განმავლობაში რატისთან კონტაქტის დამყარება არც უცდია, თუმცა რატი სხეულით გრძნობდა, რომ მისი მეზობელი მას თვალს არ აშორებდა და გაიფიქრა: „ეს მასტი ნაღდად ჩემზეა მოჩენილი, ალბათ, იმიტომ, რომ დამაკვირდეს... მაგრამ, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ვინმესთან კონტაქტი არ დავამყარო?.. მაგრამ, ვისთან უნდა დავამყარო კონტაქტი ჰაერში, ათი ათას მეტრ სიმაღლეზე? – რატის გუნებაში გაეცინა და გაიფიქრა: – არც არავისთან... მაგრამ, ვინც ეს შპიკი მომიჩინა, ალბათ, ცდილობს, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხოს და ამიტომაც დამასვა „კუდი“. მოდი, ერთი შევამოწმო...“ ეჭვის შესამოწმებლად შუა ფრენის დროს რატი სავარძლიდან წამოდგა და ტუალეტში შევიდა, იქ ორიოდე წუთი შეყოვნდა, შემდეგ კი უცბად გამოაღო კარი და თავისი მეზობელი შერჩა ხელში, რომელიც მკვეთრად გაიწია უკან. რთული მისახვედრი არ იყო, რომ „შპიკს“ ყური ჰქონდა მიდებული ტუალეტის კარზე. რატიმ არაფერი შეიმჩნია, მშვიდად გამოვიდა ტუალეტიდან და თავის სავარძელს დაუბრუნდა. მალევე დაბრუნდა რატის მეზობელიც და თავის ადგილზე დაჯდა.
აეროპორტში რატის ისევ ის მძღოლი დახვდა იმავე „მერსედესით“ და იმავე ადგილზე; პეტრიაშვილს მიესალმა, მერე საბაჟოს გვერდის ავლით აეროპორტის ტერიტორია დატოვა და იმავე კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა, სადაც მას ძველი მასპინძელი დახვდა. რატიმ სამოსი გამოიცვალა, პარიკი და ბაკენბარდები ბინაში დატოვა. მოწესრიგდა, თავისი გარეგნობა დაიბრუნა და წამოსვლის წინ მასპინძელმა მას უთხრა:
– თქვენი „ბეემვე“ ქუჩაში დგას. აი, გასაღები. სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან გადით და ავტომობილს ორმოცდაათიოდე მეტრში აღმოაჩენთ. სამსახურში გელოდებიან, ალბათ, იცით, ვინც.
რატიმ უხმოდ დაუკრა თავი მასპინძელს და გამოუმშვიდობებლად დატოვა კონსპირაციული ბინა. მუქი სათვალე და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კიბეებს ჩაუყვა. ქუჩაში რომ გავიდა, საათის ისრები საღამოს შვიდის ნახევარს უჩვენებდა. მან ფეხით გაიარა ორმოცდაათიოდე მეტრი, „ბეემვეში“ ჩაჯდა და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან, თან აინტერესებდა, კვლავ აჯდა თუ არა ვინმე „კუდზე”. ორმოცდაათიოდე მეტრი რომ გაიარა, რატიმ შენიშნა, რომ მას „ჰონდა“ „აძოვებდა“, რომელმაც „მოდულის“ შენობამდე მიაცილა და მხოლოდ მას მერე წავიდა, როდესაც რატი უშიშროების შენობის ეზოში შევიდა. პეტრიაშვილმა კიბეები აიარა, ორიოდე წუთის შემდეგ არნოლდ ნიუმანის კაბინეტთან აღმოჩნდა და ამერიკელის კარზე დააკაკუნა. შეყოვნდა. მძიმე კარს მიაწვა და ოთახში შევიდა. ნიუმანი მას შუა კაბინეტში შეეგება და სავარძელზე მიანიშნა, დაჯექიო, შემდეგ კი თავის ადგილს დაუბრუნდა. რატის პასპორტი, სათვალე და ტელეფონი გამოართვა, უჯრაში შეინახა და ღიმილით უთხრა.
– ყოჩაღ, მისტერ რატი. თქვენ ბრწყინვალედ შეასრულეთ თქვენი დავალება. ისეთ მშვენიერ კადრებს გვაწვდიდით სტამბულიდან, რომ, თუკი ვინმე ბოროტმოქმედმა გაიჭაჭანა თქვენ წინ, ყველა დაფიქსირდა და ვერსად გაგვექცევიან.
– გმადლობთ, მისტერ ნიუმან, – ღიმილით მიუგო რატიმ. ამერიკელმა კი ჰკითხა:
– კმაყოფილი ხართ სტამბულში სტუმრობით? მოგეწონათ იქაურობა?
– თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მშვენიერი მასპინძლობა გამიწია. მთელი ქალაქი მომატარეს და კუთხე-კუნჭული არ დამიტოვებია დაუთვალიერებელი, – მიუგო რატიმ.
– ძალიან კარგი. დაიღალეთ, ალბათ.
– სიმართლე გითხრათ, ცოტა მართლაც დავიღალე.
– კეთილი. შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ, ხვალ დილით კი ჩვეულებრივად გამოხვალთ სამსახურში, – ნიუმანმა რატის მობილური და სამსახურის მოწმობა დაუბრუნა და უთხრა: – მისტერ რატი, ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ თქვენი ვოიაჟი და თბილისის ერთ-ერთ ბინაში ვიზიტი საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
– რა თქმა უნდა, მისტერ ნიუმან, – მიუგო რატიმ და დაამატა: – უკაცრავად, ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენთ.
– ეს არც ბატონმა სოსომ არ უნდა იცოდეს?
– მისტერ ჯაფარიძე ყველაფრის საქმის კურსშია. ის და ზურაბ გეგეშიძე ახლა შტატებში იმყოფებიან და, რომ დაბრუნდებიან, პოლკოვნიკს ერთად ჩავაბარებთ ანგარიშს.
რატი ნიუმანს დაემშვიდობა და „მოდულიდან“ წამოვიდა. მას ერთი სული ჰქონდა, კაკუბავა ენახა და მისთვის მოეყოლა ყველაფერი. მაგრამ, კარგად იცოდა, რომ ფრთხილად უნდა ემოქმედა, რადგან ორჯერ შეამჩნია თვალთვალი და არ უნდოდა, რომ უცხო თვალს მისი კაკუბავასთან შეხვედრის მომენტი დაეფიქსირებინა. პეტრიაშვილს არც თავისი მობილური ტელეფონი ჩაურთავს, რომ ვარლამს ან ჩიტოს არ დაერეკათ მისთვის.  არ უნდოდა თავისი ტელეფონიდან მათთან ლაპარაკი. რატი იმასაც ეჭვობდა, რომ მოსასმენი ჩიპი შესაძლოა, მის ტელეფონშიც კი ჩაემონტაჟებინათ ნიუმანის ბრძანებით და მისი მოსმენა-გადაადგილების დაფიქსირება ელემენტამოცლილი ტელეფონითაც კი იყო შესაძლებელი. ამიტომ, რატიმ ტელეფონის სახლში დატოვება გადაწყვიტა და ვარლამ კაკუბავასთან კონსპირაციულად აპირებდა შეხვედრას. მაგრამ, ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ თვალთვალისა და მოსმენის საშუალება ასი პროცენტით მოესპო მათთვის, თუკი ამას ვინმე ახორციელებდა. პეტრიაშვილს თავისი სამოსიც აეჭვებდა, რომელიც სამი დღე კონსპირაციულ ბინაში ინახებოდა და გამორიცხული არ იყო, მასშიც ყოფილიყო ჩამონტაჟებული მოსასმენი და სანავიგაციო მიკრომოწყობილობები... რატი ამ ფიქრებით გამოვიდა „მოდულის“ ეზოდან, თან ყურადღებით ათვალიერებდა ქუჩაში მოძრავ მანქანებს, რომ მოთვალთვალე არ გამოპარვოდა. მან რამდენიმე მანევრი გააკეთა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, სახლისკენ აიღო გეზი. თან, იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ემოქმედა შემდგომში. პეტრიაშვილმა რომ სახლში შედგა ფეხი, საღამოს რვა საათი სრულდებოდა და უკვე იცოდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ახალმოსულს დედამ გაუღო კარი,  შვილს ჩაეხუტა და უსაყვედურა:
– სად დაგვეკარგე, შვილო. სამი დღეა არ ჩანხარ. რა არ ვიფიქრეთ მე და მამაშენმა. ვის არ დავურეკეთ, მაგრამ არავინ არაფერი იცის. ბატონმა ვარლამმა მითხრა, საქმეზე იქნება და ნუ ღელავთო. ჩიტომ კი მილიონჯერ დარეკა, ალბათ და გკითხულობდა – ხომ არ გამოჩნდაო. ასე უნდა?
– ვარლამი და ჩიტო რა შუაში არიან, დედი. ერთად აღარ ვმუშაობთ და, აბა, საიდან უნდა იცოდნენ, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი?
– სად იყავი მაინც?
– სასწრაფოდ მიმავლინეს რაიონში ერთ მნიშვნელოვან საქმეზე. კარგი რა, დედი, ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი სამსახურის საქმეებზე არაფერს მკითხავთ. უშიშროებაში ვმუშაობ, საბავშვო ბაღში ხომ არა?
– მერჩივნა, რომ საბავშვო ბაღში გემუშავა.
– მამა სადაა?
– ბიძაშენთან. იქ დარჩება ამაღამ. ბიცოლაშენის დაბადების დღეა და თამადაა, – მიუგო რატის დედამ და დასძინა, – მშიერი იქნები და ვახშამს გაგიწყობ.
რაც შემდეგ რატიმ გააკეთა, დედამისის უკიდურესი გაოცება გამოიწვია. ბიჭმა დედას მიუგო:
– არ მშია, დედი. ერთი სული მაქვს, ბალიშზე თავი დავდო და გამოვიძინო. შხაპს მივიღებ მხოლოდ და დავიძინებ.
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, რატიმ ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო და დედას ანიშნა, წამომყევიო. შემდეგ თავის ოთახში შეიყვანა. მარკერი აიღო და დაფაზე დაწერა:
– რასაც დაგიწერ, ზუსტად ისე მოიქეცი. ზედმეტი არაფერი წამოგცდეს და ჩვეულებრივად მელაპარაკე. შეიძლება, გვისმენენ და ამიტომ. მე ახლა ტანსაცმელს გავიხდი და ერთად დავაწყობ. შიგნით დევს ჩემი გამორთული ტელეფონი და საფულე. შემდეგ გამოვიცვლი და ჩუმად გავალ სახლიდან. გასაღებს წავიღებ და ჩუმადვე შემოვალ. დავბრუნდები, ემოციები არ გამოხატო. არ უნდა გამჟღავნდეს, სახლში რომ არ ვიყავი. ვითომ მაგრად მეძინა. გასაგებია?
დედამ რომ რატის ნაწერი წაიკითხა, მარკერი გამოართვა შვილს და დაფაზე დაწერა:
– გასაგებია. ზუსტად მასე მოვიქცევი. რა ხდება, შვილო, რა ტრიალებს ჩვენს თავს?
რატიმ მიაწერა:
– ნუ გეშინია. ახლა მთავარი: ჩემი ტანსაცმელი ტელეფონიანად და საფულიანად ჩაალბე წყალში ორიოდე საათით. შემდეგ სარეცხ მანქანაში ჩაყარე და ორჯერ გარეცხე. წყალს რომ გაუშვებ და „ბარაბანი“ დატრიალდება, იქვე იჯექი. მე სანამ წავალ და გავაფუჭებ სარეცხ მანქანას, ისე ვიზამ,  რომ მოკლე ჩართვა მოხდეს, მას ცეცხლი წაეკიდოს და ტანსაცმელი და საფულე დაიწვას. უნდა გავითამაშოთ, რომ შენ ვითომ ჩაგეძინა და ყურადღება ვერ მიაქციე. ამ დროისთვის მე უკვე სახლში დაბრუნებული ვიქნები და გავლება სწორედ მაშინ დაიწყე. შემდეგ, ვითომ გაგეღვიძება და მეც გამაღვიძებ. ცეცხლს ჩავაქრობთ. დანახშირებულ ტანსაცმელს არ გადავყრით. გასაგებია?
– კი. რა ხდება, შვილო. ლამის შევიშალო, – დაწერა დედამ დაფაზე. რატიმ კი უპასუხა:
– ნურაფრის გეშინია. ასეა საჭირო. თუ ვინმემ დარეკა და მიკითხა, უთხარი, რომ მძინავს და ვერ გამაღვიძებ. აბა, შენ იცი, დედი, მაგრად იყავი. არაფერი აგერიოს. მე წავედი.
რატიმ დაფაზე დაწერილი წაშალა. ის უკვე სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი და დედას უთხრა:
– დავწექი, დედი. ძალიან დავიღალე და მეძინება. ღამე მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა, შვილო, – მიუგო დედამ. რატი კი ფეხაკრეფით გავიდა ბინიდან და კარი ფრთხილად გაიხურა. შემდეგ სახურავით გადავიდა პირველ სადარბაზოში. კიბეებზე ფეხით დაეშვა. უკანა გასასვლელით ისარგებლა და კაპიუშონწამოფარებული ძუნძულით გაუყვა ქუჩას, ვითომ ვარჯიშობდა.
რატი პეტრიაშვილმა ორასიოდე მეტრი გაირბინა. პატარა ჩიხში შეუხვია. პარალელურ ქუჩაზე გავიდა და სატელეფონო ჯიხურიდან კაკუბავას დაურეკა კაბინეტში. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. რატი ქუჩაში გამოვიდა. ორმოცდაათიოდე მეტი გაიარა და ქუჩაში მჯდომ, წვრილმანი სუვენირებითა და ქუდებით მოვაჭრე ჩინელ გოგონას ჰკითხა:
– ქართული იცი?
– ვისი ვისი (ვიციო), – ღიმილით მიუგო ჩინელმა გამყიდველმა გოგონამ.
– ეს ქუდი რა ღირს? – რატიმ სპორტული ქუდი აიღო და გამყიდველს უჩვენა.
– ხუთი, ხუთი... – თქვა გოგონამ.
– სამ ცალს ათად მომცემ?
– თორმეტად, – თქვა მოღიმარმა ჩინელმა და რატის თითებით თორმეტი უჩვენა.
– მაწყობს, მაგრამ უნდა დამარეკინო. მობილური სახლში დამრჩა და ჩემს ცოლს უნდა შევუთანხმდე ფერებზე.
– დარეკე, – გამყიდველმა რატის თავისი მობილური გაუწოდა.
პეტრიაშვილმა კაკუბავას დაურეკა და ქალის ნაზი ხმით უთხრა:
– ნონა კაშია ვარ, თქვენი ხელქვეითის მეგობარი.
კაკუბავა მაშინვე მიხვდა, თუ ვინ ურეკავდა, რადგან, ნონა კაშია ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა, რომელსაც ადრე პროკურატურა იძიებდა. ვარლამი კი მას რატის მეგობარს ეძახდა ხუმრობით, რომ ხელქვეითი (რატი) გაებრაზებინა. ისიც ებუტებოდა ხოლმე უფროსს.
– გისმენ, ნონა. ხომ მშვიდობაა? – მიუგო კაკუბავამ.
– თქვენთან პირადი საქმე მაქვს და გცალიათ?
– შენთვის მცალია. სად ხარ?
– ის ადგილი გახსოვთ, ნამცხვარზე რომ დამპატიჟეთ? – „ნაზად“ ჰკითხა რატიმ, რომელმაც რუსთაველზე მდებარე „ანტრე“ იგულისხმა.
– ორ წუთში მოვალ.
– მეც. ნახვამდის... – „წაიკეკლუცა“ რატიმ. ტელეფონი გათიშა. კაკუბავას ნომერი წაშალა. პირდაღებულ ჩინელ გოგონას ხუთლარიანი ჩაუდო და უთხრა:
– წავალ. ჩემს ცოლს მოვიყვან და ქუდებს მოვაზომებ. ეს ქუდი არ გაყიდო. ნაწილ ფულს წინასწარ გიტოვებ. ნახვამდის.
გოგონამ ხელი დაუქნია რატის და ფული ჩანთაში შეინახა. „მოწონებული“ ქუდი კი ცალკე გადადო და ცხვირი მოიფხანა.
რატიმ ძუნძულით გადაჭრა ჩიხი. მეორე ქუჩაზე კერძო მანქანა გააჩერა და რუსთაველის გამზირისკენ აიღო გეზი. მანქანა ოფიცერთა სახლთან გააჩერებინა. „ანტრესთან “ ფეხით მივიდა და კაფეში შევიდა, სადაც ჩვეულ ადგილზე, კედლის კუთხეში მდგომ მაგიდასთან მას ვარლამ კაკუბავა ელოდებოდა.
 – აბა, ნონაჩკა, მითხარი, სად იყავი დაკარგული ეს სამი დღე. ყველას რომ გულები გაგვიხეთქე და შენი კვალი ვერსად აღმოვაჩინეთ, – უთხრა ვარლამმა რატის. გააბოლა და ყავა მოსვა.
– თურქეთში, – მოკლედ მოუჭრა რატიმ ყოფილ უფროსს.
– თურქეთში? – გაოცდა ვარლამი.
რატი კაკუბავას ყველაფერი დაწვრილებით უამბო. გააბოლა და ცივი ყავა არაყივით გადაჰკრა... კოპებშეკრული ვარლამი ჩაფიქრდა და კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. აშკარა იყო, რომ ყოფილი ხელქვეითის მონაყოლს აანალიზებდა. ბოლოს თქვა:
– რაცხა არ მომწონს აი ამბავი. კარგად გასაანალიზებელია ყველაფერი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3