კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-12(795)

 ზარი მოულოდნელი იყო.. კახა შეკრთა, ანგარიშმიუცემლად დასწვდა მობილურს და ეკრანისთვის არც დაუხედავს, ისე უპასუხა, მაგრამ მალევე, შემცბარი, უხალისოდ ალაპარაკდა ჩახრინწული ხმით...
– ჰო, ლევან, გიცანი... გაგახსენდი, ბიჭო?! – კახას საბოლოოდ წაუხდა განწყობა. მობილურით ხელში საკუჭნაოში ჩაიკეტა და იქ განაგრძო საუბარი: – გისმენ, ლევან, გისმენ... რას ნიშნავს, ცოტა დაიბენი? ჩამოსვლას აპირებ? ჰო, რა ვიცი... ვიფიქრე, ხელი ჩაიქნია-მეთქი... რა? ვინ ქალი?
– კახა კარტოფილით სავსე ტომარაზე ჩამოჯდა და ოფლიანი შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, – არა, კარგი ქენი, რომ დარეკე...  არა, ბიჭო, რა უნდა მჭირდებოდეს... მე? რა ვიცი, ძველებურად... მიდი, მოყევი... ესე იგი, მანდაც არ იშლი შენსას... არა, რა უფლება მაქვს, რამე გითხრა... შენი საქმის შენ იცი, მაგრამ, მგონი, პრობლემები არ გჭირდება. შენ რომ უკეთ იცი,  მეც იმიტომ გელაპარაკები... არა, ტო... რა პრობლემაა, როცა მოგინდება, მაშინ დარეკე... კი, კი, კარგად ვარ...
კახამ მობილური გათიშა და ამოიოხრა. საკუჭნაოდან გამოსულს ზურამ მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა:
– რა გჭირს, რა ფერი გადევს, ცუდად ხომ არ გახდი?
– ჰო, რა ვიცი... საკუჭნაოში ვიყავი და... უჰაერობაა იქ...
– საკუჭნაოში რა გინდოდა? – არ მოეშვა ზურა.
– მარაგებს გადავხედე, – იცრუა კახამ, მაგრამ ზურასგან თავის დახსნა ასე ადვილი არ იყო – მეგობარს მხარზე მოჰკიდა ხელი და თვალებში ჩახედა:
– რა ხდება, კახა?
– არაფერი... უბრალოდ, ძალიან დავიღალე და...
– არ გინდა. საკუჭნაოში დასასვენებლად რომ არ შეხვდიოდი, ფაქტია. მოყევი, რა გჭირს.
– არაფერი-მეთქი, თავი დამანებე, – ხელი აუქნია გაღიზიანებულმა კახამ.
– შენ, ეტყობა, სარკეში არ ჩაგიხედავს. იცი, რას ჰგავხარ? მითხარი და მოგეშვება.
– კარგი, გეტყვი – ლევანმა დამირეკა.
– ასეც ვიფიქრე. წამოდი ერთი, ოთახში შევიდეთ და იქ დავილაპარაკოთ.
– სალაპარაკო არაფერია... ვერ ვუთხარი.
– რა? ასეთი შანსი მოგეცა და არ უთხარი? – აღშფოთება ვერ დამალა ზურამ.
– ვერ ვუთხარი. ვაპირებდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე... არ შემიძლია... თუმცა თვითონ არც კი უხსენებია თეო, ეტყობა, საერთოდაც აღარ ახსოვს.
– რაო, რა გითხრა?
– რა ვიცი, მაგარი დაგრუზული ვარო... აქ ვიღაც ნაშას გადავეკიდე და ნანამ იეჭვიანაო... ისე არ არის საქმე, როგორც მეგონაო...
ზურას გაეცინა:
– ეგ იქაც არ იშლის თავისას? გაუფრენია... ნანა ბარგივით შეკრავს და ისე გამოისტუმრებს უკან. გასულელებულა. ცოლად რაღასთვის მოჰყავდა...
– მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა კახამ და ზურას ისე შეხედა, თითქოს მისგან ელოდა შველას.
– აუჰ, ეგ თუ მართლა ჩამოვიდა...
– გინდა, ნერვები მომიშალო და ამას იმიტომ მეუბნები? – იფეთქა მოულოდნელად კახამ.
– ნუ ვარდები... დამშვიდდი და ისე დავილაპარაკოთ. მაგალითად, რას გავაკეთებთ, უფრო სწორად, რას გააკეთებ, თუ ლევანი მართლა ჩამოვა.
– ზურა, მე თეონა ცოლად შევირთე. ხვდები, ეს რას ნიშნავს? ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ... ლევანი კი არა, ვინ უნდა ჩამოვიდეს, რომ ჩემს ოჯახზე უარი ვთქვა!
– მესმის. თუ რამე მოხდება, შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს.
– გმადლობ, – ხელი ჩაიქნია კახამ, – ოღონდ, ეგ ჩამომსვლელი არ არის და მართლა სულელია.
– ანუ, ახლა იქ ცოლიც ჰყავს და საყვარელიც?
– ჰო, ეგრე გამოდის, – უხალისოდ დაეთანხმა კახა.
– მაშინ არც ისეთი სულელია, ხომ იცი! – გაიცინა ზურამ და კახას მხარზე თანაგრძნობით წაუტყაპუნა ხელი...
***
ლევანი სააბაზანოდან გამოვიდა წელზე პირსახოცით და ხელში მობილურით. ნანა ცნობისმოყვარედ მიაშტერდა:
– მობილური რისთვის გჭირდებოდა სააბაზანოში?
ლევანი დაიბნა და სცადა, უდარდელი გამომეტყველება მიეღო, მაგრამ არ გამოუვიდა.
– ლევან, ვის ელაპარაკებოდი? იცოდე, არ მომატყუო, აზრი არ აქვს.
– კახას.
– კახა ვინ არის?
– ნანა! კახა თბილისში ჩემი მეგობარია და შენ მას იცნობ, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლევანმა და საწოლის კიდეზე  ჩამოჯდა.
ნანა წამით ჩაფიქრდა:
– ჰო, კახა... გამახსენდა... მერე, კახას ოთახიდან ვერ დაელაპარაკებოდი? სააბაზანოში მობილური რისთვის შეიტანე?
– შენი გაღვიძება არ მინდოდა, საყვარელო, – ლევანმა მობილური იქვე მიაგდო. წელიდან პირსახოცი მოიხსნა და ქალს ლოგინში შეუწვა.
– საზიზღარო, ზუსტად იცი, როგორ უნდა მოიგო ჩემი გული, – გაიცინა ქალმა და კაცს ალერსით შეუცურა თმაში თითები, – ხომ გახსოვს, დღეს დენისთან მივდივართ – ჩვენთვის წვეულებას აწყობს.
– შენ სთხოვე, ხო?
– არა. რატომ გაგიჩნდა ასეთი შეკითხვა. ფიქრობ, არ შეიძლებოდა, დენის თავად გასჩენოდა ამის სურვილი?
– ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, დენის ასე შეწუხება არ ღირდა-მეთქი.
ნანამ ქვემოდან შეჰღიმა კაცს:
 – მე მინდა, ჩემი ორი ყველაზე საყვარელი მამაკაცი ერთმანეთთან მეგობრობდეს.
– ნანა, ჩემი და დენის მეგობრობა უფრო სურვილია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მდგარი შესაძლებლობა.
– მე მინდა... ამიტომ, კეთილი ინებე და შეეცადე. ეს ვუთხარი დენისაც.
ლევანს გაეღიმა:
– აი, ხედავ? მეც ეგ გითხარი – შენი ინიციატივა და სურვილი იყო-მეთქი.
– მოკლედ, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, საღამოს მივდივართ. მანამდე კი შეგვიძლია ჩვენი საყვარელი საქმიანობით დავკავდეთ, – მაცდურად გაუღიმა ნანამ და ლევანი მიხვდა, რომ ამ ქალთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
***
ზურა კონიაკის ბოთლითა და ორი ჭიქით შევიდა ოთახში და კარი მიხურა.
– ყველაფერი წესრიგშია? – ჰკითხა კახამ და მაგიდაზე შეწყობილი ფეხები ჩამოიღო.
– თუ ქორწილს გულისხმობ, ყველაფერი ნორმალურად მიდის – სიმშვიდეა.
 – ძალიან ბევრი ხალხია. დაცვა მაინც გააფრთხილე, ფხიზლად იყვნენ.
– გავაფრთხილე უკვე. ისევ დილანდელზე ფიქრობ?
– ჰო. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. რატომ ვერ ვუთხარი?
ზურამ ბოთლი და ჭიქები მაგიდაზე დააწყო. მერე ბოთლი ხელში აიღო და ჭიქები სანახევროდ შეავსო კონიაკით.
– მოდი, ნელ-ნელა შევუყვეთ... ჰა, ხომ დალევ? მაგარი კონიაკია. ბარიდან კი არ წამოვიღე, განსაკუთრებული სტუმრებისთვის რომ გვაქვს მარაგი, იქიდან ავიღე.
– დავლიოთ, სახლში მაინც გვიან ვაპირებ მისვლას. თეოსაც ვუთხარი, დაიძინე, არ დამელოდო-მეთქი... – კახამ ჭიქა პირთან მიიტანა და ერთი მოსმით გამოცალა.
ზურას გაეღიმა, ჭიქა თვითონაც აიღო და დაბრძენებული კაცის იერით ჩაილაპარაკა:
– მდაა... შენ და თეონა... ვინ იფიქრებდა...
– ზურა, ახლა ისევ ჭკუის დარიგება არ დამიწყო, თორემ, გავაფრენ.
– არა, არც ვაპირებდი. უბრალოდ, ცხოვრების უცნაურობაზე ჩავფიქრდი. ნეტავი მე თუ დამემართება მსგავსი რამ?
– ახლა არ მითხრა, თეო თუ შემიყვარდებაო... – ჩაიცინა კახამ, – ეგ უკვე მეტისმეტია.
– ხუმრობის გუნებაზე რომ ხარ, კარგია... ესე იგი, ლევანმა ამერიკაში ცოლიც შეირთო და ნაშაც გაიჩინა? რას ერჩი, დროს უქმად არ კარგავს. მერე, რა არ მოსწონს?
– ეშინია, ნანამ არ გაუგოს.
– ჰო, აბა რა! ქალმა აქაურ ჭაობს მოაშორა, ამერიკაში წაიყვანა, თავადივით აცხოვრებს, ეგ კი ნაშებს დასდევს იქ. თუ ამ ტემპით გააგრძელებს, ან მესამე ცოლს მოიყვანს, ან აქეთ გამოგვიგზავნიან.
– ზურა, გეყოფა! შენ არ იცი, რა მიქნა მაგ ზარმა – დამანგრია...
– ჰო... და, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ იმ ლოდს არ მოიშორებ, რომელიც გულზე გადევს. გიცნობ და ვხვდები, რაც გჭირს...
– მე ლევანთან მართალი ვარ.
– ჰო, შეიძლება. არგუმენტი გასაგებია – თეონა მიატოვა. ესე იგი, უარი თქვა მასზე, მაგრამ, მაინც ცუდი პონტია.
– აზრია ღარ აქვს ამაზე ლაპარაკს. რაც უკვე მოხდა, იმას ვეღარ შეცვლი და, სიმართლე რომ გითხრა, არც ვნანობ.
– დამცინი?
– სულაც არა. სიყვარულისთვის ასეთი მსხვერპლის გაღება ყველას არ შეუძლია, გულწრფელად გეუბნები ამას.
კახამ კონიაკი დალია და ცარიელ ჭიქას ჩააშტერდა:
– არ მინდა, ლევანი რომ დაბრუნდეს.
– მგონი, არც თავად ლევანს უნდა დაბრუნება. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო... – გაამხნევა ზურამ.
***
ლევანმა ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შემობრუნდა. აუზთან ვიღაც უსაშველოდ მოკლეკაბიანი გოგო იჯდა, კოქტეილს წრუპავდა და შემფასებლურ მზერას არ აშორებდა. ლევანი აწრიალდა – გოგოს სახე ნაცნობად მოეჩვენა, მაგრამ, რამდენიც არ იფიქრა, ვერაფრით გაიხსენა, სად შეიძლებოდა, ენახა... ვერც ის მოახერხა, მისულიყო და გამოლაპარაკებოდა. ნანა ერთი ნაბიჯითაც არ მოსცილებია გვერდიდან. ლევანი ისედაც არ გრძნობდა თავს კომფორტულად და უარესად დაიძაბა. ბოლოს შეეცადა, მისგან მოშორებით ყოფილიყო – ნანას მკლავზე მოჰკიდა ხელი და იქაურობას გაერიდა.
დენი გაცხარებით ელაპარაკებოდა ვიღაც სიმპათიურ ბიჭს, გეგონებოდა, ჭკუას არიგებსო და თან შამპანურს წრუპავდა. ლევანი და ნანაც მიუახლოვდნენ.
– მაქსი, გაიცანი, ეს დედაჩემია... თავისი მეუღლით, – წარუდგინა მეგობარს დედა დენიმ.
– მაქსი? ეს ის მაქსია, რომელზეც ასე ბევრი მსმენია? – გაიპრანჭა ნანა და შვილის მეგობარს გულითადად გაუღიმა.
– არ ვიცი, ჩემზე რა გსმენიათ, მაგრამ მე კი ბევრი ვიცი თქვენ შესახებ და ცოტათი მშურს კიდეც. ასეთი ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი დედა – ნამდვილად გაუმართლა დენის.
– ოო, ასეთი კომპლიმენტი ორმაგად სასიამოვნოა, როცა შვილის მეგობრისგან ისმენ... ეს ჩემი მეუღლეა. უცხოელია და ინგლისური ჯერ კარგად არ იცის...
– მე და მაქსმა გადავწყვიტეთ, ამ სახლში ერთად ვიცხოვროთ.
ლევანმა შეშფოთებით შეხედა ნანას, რომელიც უღიმოდა შვილს და არანაირი რეაქცია არ ჰქონია მის სიტყვებზე.
– ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. სახლი დიდია, ორივე დაეტევით, თან, გადასახადებსაც ერთად გადაიხდით, – მოუწონა ნანამ.
– ჰო, ჩვენც სწორედ ეს ვიფიქრეთ – სახლი მართლაც ძალიან დიდია და ორივე დავეტევით ჩვენი გერლფრენდებიანად, თუმცა, ამ ეტაპზე მაქსი მარტოა...
– მარტოა?! – გაოცებით ასწია ნანამ წარბები, – ალბათ, დროებით. ასეთი ბიჭი გოგოების ყურადღების გარეშე არ დარჩება.
– ჰა, ჰა, ჰა!.. – გაიცინა დენიმ ხმამაღლა და მაქსს გადახედა, – ვთქვა, როგორ მიგატოვა შეყვარებულმა?
– დენი, რა საჭიროა... აჯობებს, დედაშენს ჩვენი სახლი დავათვალიერებინოთ.
– ჰო, მაინტერესებს, – ხალისით დათანხმდა ნანა და ქმარს მკლავზე მოქაჩა, – შენ არ წამოხვალ?
– თუ წინააღმდეგი არ იქნები, ბაღში გავივლი, სუფთა ჰაერზე.
ნანამ მხრები აიჩეჩა:
– როგორც გინდა. წავიდეთ, ბიჭებო...
მარტოდ დარჩენილმა ლევანმა დრო იხელთა და აუზთან შეჯგუფულ ახალგაზრდებში იმ გოგოს დაუწყო ძებნა, რომელმაც აშკარა ინტერესი გამოიჩინა მის მიმართ. შეზლონგზე გოგო აღარ იჯდა, არც ფურშეტის მაგიდასთან ჩანდა. ის იყო, ლევანმა ხელი ჩაიქნია და თავადაც სახლში გადაწყვიტა  შესვლა, რომ ვიღაცამ მსუბუქად დაარტყა ზურგზე ხელი. ლევანი შებრუნდა.
– მე თქვენ სადღაც უკვე გნახეთ, – გოგო ცბიერად თვალმოჭუტული შესცქეროდა და რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
– იმიტომ მიყურებდით ასე? მეგონა, მოგეწონეთ.
– სისულელეა, მე თქვენნაირი ტიპები არ მომწონს... უი, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ფრაზაც გითხარით...
– არ ვიცი, მე პირველად გხედავთ და გთხოვთ, ასე ნუღარ მომაშტერდებით, ეჭვიანი ცოლი მყავს, – ამ სიტყვებით ლევანმა თმაზე გადაისვა ხელი და გოგომაც მსუბუქად შეჰყვირა:
– საათი! თქვენი საათი!.. გამახსენდა: ბარში... მე, გაბი და თქვენ...
ლევანი ცარცივით გათეთრდა – თვითონაც იცნო გაბრიელას მგეობარი გოგო და დაფრთხა. სამანტას მაჯაში სტაცა ხელი და ეზოს სიღრმეში თითქმის  სირბილით გაიყვანა.
– შენ სამანტა ხარ?
– ჰო, თქვენც მიცანით? მე ნივთებს უკეთესად ვიმახსოვრებ, მით უმეტეს – ძვირფას ნივთებს. თქვენი საათი კი მაშინვე მომეწონა. გაბრიელას ისევ ხვდებით?
ლევანი მიხვდა, რომ, თუ გოგოს დროზე არ გააჩუმებდა, ცუდად წაუვიდოდა საქმე.
– სამანტა, მომისმინე. მგონი, ჭკვიანი გოგო ხარ და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მიხვდები, რასაც ახლა გეტყვი: არავინ, გესმის? არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და, საერთოდ, ერთმანეთს რომ შევხვედრივართ.
– რატომ? ჰო, თუმცა, ვხვდები – შენ ცოლი გყავს და, თანაც, ეჭვიანი. წარმომიდგენია, ჩემი დანახვა როგორ გაშინებს. კარგი, არაფერს ვიტყვი, ეს ჩემი საქმე არ არის, – მხრები აიჩეჩა სამანტამ.
– ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ. საერთოდ არ მომაქციო ყურადღება, თითქოს არაფერს წარმოვადგენ, სრულიად  უცხო ვარ შენთვის.
– ესე იგი, გაბისთან მაინც იწექი...
– სამანტა, ეს სიულელე აღარ გაიმეორო! ჩემსა და გაბის შორის არაფერი ხდება. იმ დღის მერე, აღარც კი მინახავს.
– ჰო?! მაგრამ იმ დღეს ხომ მოხდა? ზუსტად ვიცი – ტუალეტში... გაბის უყვარს სექსი ისეთ ადგილებში, როგორიც საზოგადოებრივი ტუალეტია.
– კარგად არ მესმის, რას ლაპარაკობ, მაგრამ, შენი გამომეტყველებით ვხვდები, რომ ჩემი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგე. სამანტა, პრობლემები არაფერში მჭირდება, დენიმაც არაფერი არ უნდა იცოდეს.
– დენი? ჰო, ვიცი – ამ სახლის პატრონი. ის შენი რა არის?
– ჩემი ცოლის შვილია. შენ რა, არ იცნობ დენის? აბა, აქ როგორ მოხვდი? – ლევანმა ბოლოს გაიაზრა გოგოს ნათქვამი.
– მაქსის მეგობარი ვარ და დამპატიჟა... უი, შენ, ალბათ, უნდა იცოდე – მაქსი გაბრიელას ყოფილი საქმროა...
ლევანი გოგოს მიაშტერდა და გუნებაში უშვერად შეიგინა საკუთარი თავის მისამართით.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3