კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთო ნემსაძე: კარგად ვარ შეყვარებული. დამაგდო ეგრევე

ოთო ნემსაძის პირად ცხოვრებაშიც და სამუსიკო კარიერაშიც ბევრი სიახლეა. რაც მთავარია, ოთო თავის საყვარელ საქმეს აკეთებს – ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული მუსიკალური ჯგუფიც ჩამოაყალიბა, ცოტა ხნის წინ ახალი საკმაოდ ლამაზი კლიპიც გადაიღო და სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმაც აქვს.
ოთო ნემსაძე: ამ ეტაპზე ჩემთან სიმშვიდეა – წყნარი პერიოდი მაქვს; სხვანაირი წყნარი პერიოდია, ანუ, შიგნით ხმაურია, მაგრამ გარეთ – სიმშვიდე. ყველაზე კარგად ახლა ვგრძნობ თავს, რადგან ბევრი რამ მხოლოდ მე ვიცი. რაც მთავარია, ჩემს მუსიკას ვაკეთებ – ერთხელ ხომ მაინც უნდა ვცადო. 80 წლის რომ გავხდები, ჩემს თავს ის მაინც ვუთხრა: ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ არ გამომივიდა-მეთქი. სიმღერა ჩემი ცხოვრებაა, ჩემი პროფესიაა. რომ მომიწიოს მთელი ცხოვრება ბარებში, რესტორნებში მუშაობა, ვიმუშავებ. მაგრამ, ძალიან მინდა, აქედან გამოვძვრე და უფრო დიდ ასპარეზზე გავიდე. სამწუხაროდ, საქართველოში მომღერალი დიდი სცენიდან პატარა სცენაზე მიდის – ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ცოტანი ვართ, ბაზარი არ გვაქვს. უბრალოდ, ისე უნდა იწვალო რაღაცეები, რომ ხალხს კარგად დაამახსოვრდე. მე და ჩემმა მეგობრებმა, ცნობილმა მუსიკოსებმა, ახალი ჯგუფი შევქმენით. ჯგუფს ჰქვია „ლიმბო“. ვიღაცეები მწერდნენ, ეს ჯოჯოხეთის კარიბჭეს ნიშნავს და რატომ დაარქვითო. არ ნიშნავს ჯოჯოხეთის კარიბჭეს. არაფერი კავშირი არ მაქვს ბნელ ძალებთან, „ლიმბო“ – ეს არის ადამიანის ყველაზე ღრმა ქვეცნობიერი, სადაც ადამიანი ყველაზე მართალია საკუთარ თავთან. სიზმრის ყველაზე ღრმა ფაზას ეწოდება ლიმბო. ჩვენ მართალი ხალხი ვართ როგორც საკუთარ თავთან, ისევე ერთმანეთთან, სხვებთან და ამიტომაც დავარქვით ასე. „ბრავოს“ ფინალი რომ მოვიგე, ჩემი ძალიან კარგი ძმაკაცი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდაა, მოვიდა ჩემთან სცენაზე და მითხრა: ბიჭო, ჯგუფი ხომ არ გაგვეკეთებინაო. ზურა მოსიავა მედგა იმ დროს გვერდით და  მარტივად ვთქვი: „რატომაც არა, დროა უკვე.” მანამდე ჩემთვის რაღაცეებს ვწერდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ წარმომედგინა, რომ ამ საკითხს ასე სერიოზულად მოვეკიდებოდი. ახლა ვიწყებ ბევრი რაღაცის სწავლას. სწორედ სანდროს მოფიქრებულია ჯგუფის სახელი, მას ეკუთვნის ჩვენი პირველი სიმღერის მუსიკა და ტექსტი. ძალიან კარგად გამოსდის, მეც არ ვიცოდი, ამ კუთხითაც ასეთი ნიჭიერი თუ იყო. ძირითადად ჩემი და სანდროს ტექსტები და სიმღერებია. მიმდინარეობა გვაქვს „პოპ-როკი“ და, გვინდა, საქართველოს ფარგლებს გავცდეთ. მე ვარ ჯგუფში, ზურა მოსიავა, ალექსანდრე – სანდრო ლორთქიფანიძე, დავით თუთარაშვილი, ჯიმი ირევაძე და ძალიან ნიჭიერი ბასისტი –  მარი კუბანსკი. ცნობილი მუსიკოსია, ბევრ კარგ მუსიკოსთან თანამშრომოლობს. გამაკვირვა თავისი ნიჭით, მიზანსწრაფულობით. ჩვენთან რომ მოვიდა, მიხვდა კარგ მუსკოსებთან, კარგ ადამიანებთან მოხვდა და ამიტომაც დარჩა, რისთვისაც დიდი მადლობა მას.
– ჯგუფში, ალბათ, გოგონაც საჭირო იყო.
– კი, საჭირო იყო. ვფიქრობ, ახლა სხვაგვარად წავა ყველაფერი. ბევრ ბასისტ ბიჭს სჯობია, ისეთი კარგი მუსიკოსია. ხელისგულზეც ვატარებთ და, ვფიქრობ, უფრო მეტი წესრიგი იქნება ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა რომ იყოს. რამდენიმე ვიდეორგოლი გადაგვიღო სერგი გვარჯალაძემ, ჩვენც ვაკეთებთ რაღაცეებს. გამოვიყენებ ყველა კონკურსს და ყველა შანსს, რომ ჩემი ჯგუფი წავიყვანო აქედან და არა გასამარჯვებლად. ბევრი კონკურსიდან მაქვს მოწვევა – ცნობილი კონკურსებიდან უცხოეთში. პირველივე ტურში ვიტყვი, რომ პროდიუსერი მჭირდება და მინდა გავიდე სხვა ქვეყანაში.
– შენი ძმა რატომ არ არის შენი ჯგუფის წევრი?
– ჩემი ძმა ცოტა სხვაგან არის. ძალიან კარგ მუსიკას წერს, ახლა ერთ სიმღერას ვაკეთებთ და მისი მუსიკა იქნება. დამოუკიდებელია ჩემი ძმა, ბევრ რამეს სწავლობს, კიდევ უნდა გაიზარდოს, არ არის დაშტამპული მომღერალი და, ალბათ, ან ჯგუფს გააკეთებს, ან სოლო მომღერლად დარჩება. კარგი მუსიკოსია, თავის მუსიკას აკეთებს და ასეთი მუსიკოსები თავს ადვილად იმკვიდრებენ. მე თუ რამეს მოვკიდებ ხელს, თავით გავიტან, მაგრამ, თუ უსამართლობას დავინახავ, წამოვალ; ის კი არ წამოვა, მოუღებს ბოლოს და მიიყვანს ბოლომდე. 27 წლის ვხდები, გავიზარდე და დროის შეგრძნებაც გამეზარდა. 20 წლის ვიყავი, „ჯეოსტარი“ რომ მოვიგე, ამის შემდეგ, ამ 7 წელიწადში, ბევრი რამ მოვასწარი, მაგრამ გული მაინც მეთანაღრება – შეიძლებოდა, იქიდან უფრო მეტი მიმეღო, გამეკეთებინა. ახლაც, დღე თუ ისე გადის, რამე სერიოზულს არ ვაკეთებ, ტანჯვაა ჩემთვის. ამ დროს ფსიქოლოგიურ სტრესში ვარ – 30 წელს რომ გადავცდები, მერე რა უნდა ვქნა? არ მინდა, დრო გამეპაროს.
– რომელია ის თვისებები, რომელიც ხელს გიშლის ბევრი რამის კეთებაში, თუნდაც, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში?
– დღემდე ძალიან მიმნდობი ვარ. ადვილად მიხარია ბევრი რამ და ეს არ არის კარგი. კიდევ, რასაც გავცემ, იმის მცირეოდენიც ხშირად უკან არ მიბრუნდება. ცოტა ხნის წინ ახალი კლიპი გადავიღე და, რომ წააწყდები ვიღაც უნამუსოს კომენტარს: მეგონა, ძაღლი უყვარდაო. რა გინდა, ბიჭო, მოვიდე და თითი მოგატეხო? ვერ გავიგე, რა გვჭირს? ჩემთვის გადავიღე ხარისხიანი კლიპი, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გამიკეთეს, ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ. თუ არ მოგწონს, თქვი, ძაღლი რა შუაშია? ეს ჩემი ერთადერთი ნამღერია, რომელიც მომწონს და ვუსმენ. როცა ვმღერი, ბოლომდეც ვერ ვმღერი კარგად, რადგან ძალიან ემოციურია. ჩემს სხვა სიმღერებს არც ვუსმენ, არ მომწონს, რაღაც შეცდომებს ვპოულობ ხოლმე. ეს სიმღერა ჩემთვისაც და ზვიად ბოლქვაძისთვისაც, რომელმაც არანჟირება გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმა მუსიკაა, სენსიტიური, ძაღლიც უხდება კლიპს და, რაც მთავარია, ბევრი ისეთი რამ არის ჩადებული, რაც მხოლოდ ჩემია.
–  ის გოგო ვინ არის კლიპში?
– ჩემი სოფო, ჩემი გოგო, ჩემი შეყვარებული – სოფო მეძმარიაშვილი, გადასარევი მსახიობი და ადამიანი.
– როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ბათუმში ჩემს კონცერტზე იყო მოსული და მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ძალიან კარგ ადამიანთან, ლამაზ გოგონასთან მქონდა ურთიერთობა, დამაგდო ეგრევე. ნიჭიერი, კარგი ადამიანია, თავისი საქმის პროფესიონალი, ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი საქართველოში. მთავარია, რომ დღეს ერთად ვართ, გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ულამაზესი, ჭკვიანი გოგონა მყავს გვერდით და ამიტომაც კლიპშიც ის ავირჩიე.
– შეყვარებული ხარ ყურებამდე.
– კარგად ვარ შეყვარებული. ჩემთვის სიყვარულს ყოველთვის ფორიაქი მოაქვს და ასეც უნდა იყოს. სიყვარული ბევრ რაღაცას მოიცავს, მთავარია, კომფორტულად იყო, დაცულად, ყველაფერი უნდა გესმოდეთ ერთმანეთის და, კიდევ ერთი მთავარი: დღეს დავთმობ ამას და ხვალ სხვანაირად იქნება – ასე არ არის. ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.
– დაოჯახებასაც ხომ არ აპირებთ?
– ჯერჯერობით არა; როგორც ვართ, ძალიან კარგად ვართ. ახალი სიმღერა, კლიპის იდეაც გაჩნდა და მასში სანდრო და სოფო ითამაშებენ – პატარა კორპორაცია შევქმენით.
– კომენტარები ახსენე. ამას აქცევ ყურადღებას?
– ბოლო დროს ვიღაცეებმა მლანძღეს. არ ვარ სალანძღავი კაცი და, თუ ვინმეს ლანძღვა უნდა, პირადად მოვიდეს. პატარა რომ ვიყავი; მამაჩემმა მითხრა: ბაბუაშენმა ისე იცხოვრა, ვერავინ შემიგინებს მის თავს ვერც მე და ვერც შენო. მეც ისე ვიცხოვრე, რომ ჩემი ცუდი არ დაგხვდება არც შენ და არც ბაბუაშენს; შენც ისე იცხოვრე, რომ  შენი ცუდი არც მე დამხვდეს და არც შენს შვილს, თორემ, მოგკლავო. დღემდე მახსოვს ეს და ასეც ვცხოვრობ. კაცად გავიზარდე და, ნერვები მეშლება, როცა ვიღაც უაზრო შეურაცხყოფას მაყენებ. ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს; თან, საკმაოდ მგრძნობიარე და სენსიტიური ვარ და ზოგჯერ ძალიან მეშლება ნერვები.

скачать dle 11.3