კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დანაპირები შეუსრულა დაკრძალვის დღეს ნენსი რეიგანს ნინო სანიკიძემ და რა ურთიერთობა აქვს მას პლასიდო დომინგოსთან

პიანისტი ნინო სანიკიძე უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და უცხოური პრესა აქტიურად წერს მისი არაერთი წარმატების შესახებ. ბოლო პერიოდში კი ის ისევ მოხვდა ტელევიზიის ეკრანებსა და პრესის ფურცლებზე – ქართველი პიანისტი ოფიციალურად იყო მიწვეული ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეუღლის დაკრძალვის ცერემონიალზე და მისი შესრულებული „ავე მარიასა“ და „რეკვიემის“ ჰანგების ფონზე ჩატარდა ყოფილი პირველი ლედის დაკრძალვის ცერემონიალი. ნინო თბილი, თავმდაბალი და გულღია ადამიანია, არ უყვარს, როცა მის პროფესიონალიზმს უსვამენ ხაზს და უხარია, როცა შორეულ ამერიკაში მისი სამშობლოთი ინტერესდებიან.

 ნინო სანიკიძე: ამერიკაში 1999 წლის აგვისტოში ჩამოვედი სასწავლებლად და დღემდე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. აიოვას შტატში მაგისტრის ხარისხი დავიცავი, შემდეგ კი მერილენდის უნივერსიტეტში – სადოქტორო ხარისხი. ვაშინგტონის ოპერაში სტაჟირების დროს გავიცანი პლასიდო დომინგო, რომელიც ამ ოპერის გენერალური დირექტორი იყო. სწორედ მან მომიწვია ლოს-ანჯელესის ოპერაში ახალგაზრდა არტისტთა სტუდიის ხელმძღვანელად და დღემდე ამ სტუდიას ვხელმძღვანელობ.
– როგორც ვიცი, პლასიდო დომინგოს ერთ-ერთი საყვარელი პიანისტი ხართ და ხშირად გიწევთ მასთან მუშაობა. ის საქართველოშიც ნამყოფია. თუ ინტერესდება ჩვენი ტრადიციებით და გეკითხებათ ხოლმე რამეს თქვენს ქვეყანაზე?
– არ მიყვარს საკუთრ თავზე საუბარი და ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად საყვარელი პიანისტი ვარ მისთვის, მაგრამ, ხშირად მიწევს მასთან მუშაობა და ეს ჩემთვისაც და, თუ არ ვცდები, მისთვისაც სასიამოვნო პროცესია. ბევრი რამ იცის პლასიდო დომინგომ საქართველოს შესახებ და ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა. ბათუმში რომ ჰქონდა გამოსვლა და ამერიკაში დაბრუნდა, მახსოვს, შთბეჭდილებების ქვეშ იყო. ბევრს მეკითხება საქართველოზე, ჩვენს კერძებზე, ტრადიციებსა და მუსიკაზე. სიამოვნებით მოვასმენინებდი „დაისს“ ან „აბესალომ და ეთერის“, რაც ჩვენი კლასიკური სიამაყეა, თუმცა, ჯერ ამის საშუალება არ მომეცა, მაგრამ, იმედია, მომავალში ამას შევძლებ. მჯერა, ძალიან მოეწონება და აღფრთოვანებას ვერ დამალავს. სხვათა შორის, მაესტრო დომინგოს ბევრ ქართველ მომღერალთან აქვს პროფესიული ურთიერთობა. ხშირად არის სცენაზე ჩვენს საამაყო ვარსკვლავებთან: ნინო მაჩაიძესთან, ქეთი ქემოკლიძესთან, ნინო სურგულაძესთან, პაატა ბურჭულაძესთან, გია გაგნიძესთან, ლადო ათანელთან ერთად. მისი დედა ბასკი გახლდათ და ხშირად ვატარებთ ხოლმე ქართულ და ბასკურ გამოკითხვებს, რომ ძველი იბერიული კავშირები ვიპოვოთ.
– ამერიკის ელიტარულ წრეებში საკმაოდ მიღებული პერსონა ხართ. როგორც ვიცი, ბევრ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან გაქვთ ურთიერთობა, თუ მეგობრობთ მათთან?
– ამერიკაში კლასიკური მუსიკა ყველა სფეროს წარმომადგენლებს უყვართ, ხშირად დადიან კონცერტებზე და, შესაბამისად, მუსიკოსებსაც სცემენ პატივს. ხშირად კულისებში პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები მოდიან და მადლობას მეუბნებიან. მე ჩემი ვიწრო სამეგობრო წრე მყავს და არ მიმაჩნია მეგობრად ის ადამიანი, ვისაც ერთხელ შევხვდი და ვესაუბრე. ჩემს დას, თამარს, ვაშინტონში, თეთრ სახლში ჰქონდა კონცერტი. მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახალი დაბრუნებული იყო საქართველოდან და, რომ გაიგო, თამარი ქართველი იყო, უდიდესი სითბო გამოხატა მის მიმართ – თავად დაათვალიერებინა თეთრი სახლი, როგორც საპატიო სტუმარს. ლორა ბუშიც საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენს მოსასმენად. არნოლდ შვარცენეგერი რომ გახლდათ გუბერნატორი, კონცერტზე მე ვუკრავდი. მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა – ეს ჩვეულებრივი ეტიკეტია და, არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებული გააკეთა. ცნობილი  სპორტსმენი პაო გასოლიც მეგობრობს პლასიდო დომინგოსთან. ის ხშირად მოდიოდა ჩვენთან და, ამიტომ, საკმაოდ კარგად გავიცანი. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სელფების გადაღება ცნობილ მსახიობებთან თუ პოლიტიკოსებთან. მირჩევნია, მე ჩემი საქმე ვაკეთო, მათ მოისმინონ და ამით მიიღონ სიამოვნება.
– ყოფილი პირველი ლედის, ნენსი რეიგანის გასვენებაში თქვენ ასრულებდით „ავე მარიას“ – ეს კადრები მსოფლიოს ყველა ტელევიზიამ გააშუქა, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ მუსიკას, ქართველი ნინო სანიკიძე უკრავდა. იქ როგორ აღმოჩნდით? პირადად თუ იცნობდით ნენსი რეიგანს?
– ქალბატონ ნენსის, სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და, სანამ გარდაიცვლებოდა, ანდერძი დატოვა – სად დაეკრძალათ (ანუ, თავისი ქმრის გვერდით), როგორი ყვავილები მიეტანათ, რა მუსიკა უნდა დაეკრათ დაკრძალვის დროს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელიც მას სურდა, რომ მის გასვენებაში დაეკრათ, იყო „ავე მარია“. მისი დაკრძალვის ორგანიზატორებმა ცნობილ საოპერო  მომღერალს, ანა-მარია მარტინესს სთხოვეს, შეესრულებინა ეს ნაწარმოები. მე მას კარგად ვიცნობ, ხშირად გვიმუშავია ერთად და მან მე მთხოვა, აკომპანემენტი გამეწია. გამოვიდა, რომ მე ქალბატონი ნენსის ანდერძის ერთ-ერთი მოთხოვნა ავასრულე. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან მთელი სამთავრობო, სატელევიზიო და ჰოლივუდის ელიტა შეიკრიბა ყოფილი პირველი ლედის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად. როცა ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებ,  რთულია, თავი შეიკავო და არ ატირდე „ავე მარიას“ გაჟღერებისას. როცა ვუკრავდი, ეს ვერ დავაფიქსირე, მაგრამ შემდეგ კადრებს რომ ვუყურე, ვნახე, აცრემლებულები იდგნენ ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში, ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა,  პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი – ეს კადრები საკმაოდ ამაღელვებელი სანახავი იყო.
– წლების წინ, როცა საქართველოში იწყებდით კარიერას, წარმოიდგენდით, რომ ერთ დღესაც ასეთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანების გვერდით აღმოჩნდებოდით და ისინი თქვენი მოსმენისას ცრემლს ვერ შეიკავებდნენ?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მე პატარა ქვეყნიდან მოვხვდი უზარმაზარ ამერიკაში და, მიმაჩნია, რომ ბედმა გამიღიმა, მენდნენ და არ მაქვს უფლება, ის რაც მეც სიამოვნებას მანიჭებს, სხვასაც არ გავუზიარო. ქართული ტემპერამენტი და გენეტიკა ძალიან მშველის უცხო მხარეში. ჩვენ ცოტა ემოციური და ფეთქებადი ერი ვართ, თუმცა ძალიან ნიჭიერი. ჩვენი უძველესი კულტურა და ენა აქ ყველას აინტერესებს და დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ქართული რუსულის დიალექტია. ვცდილობ ჩემი ხელოვნებით და ურთიერთობით, ყველას ვაჩვენი ამერიკაში, როგორები ვართ ქართველები, საიდან მოვდივართ და რა კულტურული მემკვიდრეობა გაგვაჩნია. ბევრი დაუვიწყარი და ბედნიერი დღე მქონდა ჩემს ცხოვრებაში და ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. არასდროს არ დამავიწყდება დღე, როცა გავიცანი პლასიდო დომინდო, ნენსი რეიგანის გასვენებაში დავუკარი „ავე მარია“, უამრავი კონცერტი, პრეზენტაცია, პრემიერა და ასე შემდეგ – ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეებია. 17 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, ბევრი რამ ვისწავლე, გამიმართლა, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე გავხდი. თუ ადამიანს შრომა არ ეზარება, ამერიკულ ოცნებას ნამდვილად აიხდენს. აქ არც ნაცნობობა ჭრის და არც მეგობრული ურთიერთობები. თუ ნიჭიერი ხარ, ყველა გაფასებს. როგორც გითხარით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რანგის მომღერლებთან, დირიჟორებთან და რეჟისორებთან ვიმუშავებდი. ეს ჩემი ოცნების ნაწილი იყო, რომელიც ახდა. მართლია, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვახერხებ და ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ, ვივსებ ამ მონატრებას, ვივსები დადებითი ენერგეტიკით და ეს ძალიან მეხმარება ჩემს საქმეში. მე ჩემი წარმომავლობით ვამაყობ და მიხარია უცხოეთში ყველა ქართველის წარმატება.

скачать dle 11.3